სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

მოსწავლეების დახატული პოსტერი სასწავლო რესურსად

თემატური პოსტერების დახატვის იდეა ლიტერატურული კაფეების გარემოზე ზრუნვის დროს მომაფიქრდა. ლიტერატურული კაფეებისთვის შექმნილი პოსტერების უმთავრესი მიზანი ბავშვებში წიგნის კითხვის პოპულარიზაციაა. პოსტერის ნახატის მიზანი ფიქრის აღძვრა და დადებითი მუხტის გავრცელებაა.

Pinterest.com შესანიშნავი პლატფორმაა ილუსტრაციების მოსაძებნად. საძიებო ველში წერ reading illustrations და იწყება შერჩევის საინტერესო პროცესი. ზღვა მასალიდან რამდენიმე ფოტოს ვტვირთავ და შემდეგ მოსწავლეებთან ერთად ვარჩევ.

სულ პირველ პოსტერზე, რომელიც ჩემს კოლეგასთან, თამუნა მასწავლებელთან ერთად უწერის სკოლის მედიათეკის ოთახში მოვხატე, მოკლეთმიანი გოგოა გამოსახული, ცხელი ფინჯნით ხელში ღია კაფეში ზის. მას ბავშვები ვარცხნილობის გამო ანე ფრანკს ამსგავსებდნენ.

რა არის საჭირო პოსტერის დასახატად:

  • შპალერის ქვეშ გასაკრავი ქაღალდი;
  • თემატური ფოტოს მოძიება;
  • საღებავები;
  • პოსტერზე მუშაობისას როლების სწორად გადანაწილება;
  • მასწავლებლის ან უფროსკლასელის პირადი მაგალითი.

მეშვიდეკლასელმა გოგომ ლიტერატურული კაფესთვის დახატა პოსტერი, რომელზეც სამი სხვადასხვა ნახატია:

  1. გულში მოწყობილი ბიბლიოთეკა – თაროები წიგნებით, პატარა თაგვი კი წიგნებს შორის დაძვრება;

  1. ირემი ზის და ფინჯან ჩაისთან ერთად წიგნს კითხულობს, რქებზე კი წიგნები შემოუწყვია;

  1. ქუჩის ლამპიონს ნათურის ნაცვლად დამაგრებული აქვს წიგნი, რომელიც ქუჩას სინათლეს აფრქვევს.

ნინი რომ თავისი კლასელებისთვის საინტერესო აქტივობებს იგონებს, მაფინებს აცხობს და დროდადრო გაკვეთილის დათმობას მთხოვს, ერთ-ერთ სტატიაში უკვე მოგიყევით. ამჯერად ჩემი სადამრიგებლო კლასისთვის შეარჩია საინტერესო აქტივობები, კერძოდ, თანაკლასელ მარიამთან ერთად თავისივე დახატული პოსტერის ირგვლივ წერითი დავალებების ინსტრუქციები მოიფიქრა, პატარა ბარათებზე გადაიტანა და კოლოფში მოათავსა. მეორე ყუთში კი კანფეტები ჩაყარა და ინსტრუქციებთან ერთად დაურიგა ბავშვებს.

გაკვეთილის მსვლელობა ამგვარი იყო:

ნინი და მარიამი რომ რესურსებით ხელში საკლასო ოთახში შემოვიდნენ, მეხუთეკლასელების ცნობისმოყვარეობა მყისვე გაორმაგდა. დაფაზე გააკრეს პოსტერი და ბავშვებს კითხვები დაუსვეს. ამგვარად მათ პოსტერის შინაარსის დანიშნულება გამოკვეთეს და ცოდნა გაააქტიურეს. შემდეგ ინსტრუქციები დაარიგეს და მითითებები მისცეს. 10 წუთის შემდეგ კლასის ყველა მოსწავლემ კუთვნილ დავალებას თავი გაართვა. წერდნენ და მუშაობდნენ დიდი ხალისითა და გულმოდგინებით. რამდენიმემ საკუთარი ნაშრომის წარდგენაც მოასწრო. ნინი და მარიამი ხმამაღლა ამბობდნენ – ისეთი საინტერესო პასუხები აქვთ, ჩვენ გაგვიჭირდებოდა მოფიქრებაო. გაკვეთილის ბოლოს თითოეული მეხუთეკლასელის ნამუშევარი საკლასო ოთახში გამოვფინეთ.

მეშვიდეკლასელი გოგოების მიერ მოფიქრებული დავალებების ინსტრუქციები ამგვარი იყო:

 

  1. შენი აზრით, რას გვეუბნება პოსტერის ნახატები?
  2. დაწერე ლამპიონის ერთი დღე:

სად დგას?

რომელ წიგნს ანათებს?

რას ხედავს?

რა ესმის?

რას გრძნობს?

  1. დაწერე ირმის დღიურში მისი ერთი დღის შესახებ.
  2. დაწერე სამი რამ, რაც ამ პოსტერში ყველაზე მეტად მოგწონს და ახსენი – რატომ.
  3. პოსტერის სამი ნახატიდან რომელი მოგეწონა?
  4. გამოთქვი აზრი პოსტერის შესახებ:

მოგწონს თუ არა?

შენ როგორ პოსტერს დახატავდი?

დაურთე ილუსტრაცია.

  1. რომელ წიგნს დადებდი ირმის რქებში და რატომ?
  2. რომელ წიგნს წააკითხებდი ირემს და რატომ?
  3. ვენის დიაგრამით შეადარე ერთმანეთს პოსტერზე დახატული რომელიმე ორი ნახატი.
  4. მისწერე თაგვს წერილი და ურჩიე, რომელი წიგნი წაიკითხოს და რატომ?
  5. აალაპარაკე ირემი.
  6. დაუსვი 5 კითხვა ირემს.
  7. აალაპარაკე შპალერის ქაღალდი და მოაყოლე, როგორ იხატებოდა მასზე ნახატები.
  8. რას დაალევინებდი ირემს და რატომ?
  9. მისწერე წერილი ირემს.
  10. გააკეთე მოკლე ჩანაწერი.
  11. დახატე ერთი ისეთი ნახატი, როგორიც პოსტერზე ხატია.
  12. პოსტერის რომელიმე ნახატი ხომ არ გახსენებს მულტფილმს, წიგნს, ფილმს? თუ გახსენებს – რომელს?
  13. მოიფიქრე სამი კითხვა, რასაც ლამპიონს დაუსვამდი.
  14. დაწერე ამ სამი ნახატიდან ყველაზე მეტად რომელი მოგწონს და რატომ?
  15. დამისვი სამი შეკითხვა ამ პოსტერთან დაკავშირებით.
  16. ალაპარაკე თაგვი და ლამპიონი.
  17. რომელ წიგნს უჭირავს შენს გულში ყველაზე დიდი ადგილი?
  18. გულის თაროს ნაცვლად სად აცხოვრებდი თაგვს და რატომ?
  19. რომელ წიგნს გაანათებდი ლამპიონიდან, ანუ რომელია შენთვის ისეთი წიგნი, რომელიც შენს გულს ყველაზე მეტად ანათებს?

მეხუთეკლასელების ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ჩემს ბლოგზე.

მეც შემხვდა ერთი დავალების ინსტრუქცია:

დაამეგობრე ირემი და თაგვი და დაწერე მათი ერთი დღის შესახებ:

  • რას აკეთებდნენ ერთად?
  • რატომ მოსწონთ ერთმანეთთან მეგობრობა?
  • ურჩიონ ერთმანეთს, რა წიგნებს წააკითხებდნენ.

როგორც ხედავთ, წერითი დავალებების ინსტრუქციებში არეკლილია ქართულის გაკვეთილებზე დაგროვილი ცოდნა და ნათლად ჩანს, როგორი წერითი დავალებები მოსწონთ ბავშვებს. ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო იმის აღმოჩენა, რომ მეხუთე კლასიც ისევე კარგად იცნობდა დავალებების ინსტრუქციებს, როგორც მეშვიდე. წერითი დავალებების ინსტრუქციებმა შეიძლება სხვადასხვა ასაკის მოსწავლე გააერთიანოს.

პოსტერი მრავალფუნქციურია, შეგვიძლია:

  • საკლასო ოთახში გამოვაკრათ და განსხვავებული ატმოსფერო შევქმნათ;
  • სხვადასხვა კლასში გამოვიყენოთ, როგორც სასწავლო რესურსი;
  • პოსტერზე დატანილი ნახატების მთავარი გზავნილების ირგვლივ გავმართოთ დისკუსია;
  • მოვიფიქროთ წერითი დავალებები;
  • შევთავაზოთ მსგავსი თემატური ნახატის შექმნა.

ხშირად ვფიქრობ, ნინისა და მარიამის მსგავსად, როგორ დავალებებს მოვიფიქრებდი. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ უფროსკლასელების მიერ უმცროსკლასელებისთვის ჩატარებული გაკვეთილი მრავალ სიკეთედ გამოავლენს თავს.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი