შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

მხედველობის საკითხები – რა უნდა გავითვალისწინოთ სწავლა-სწავლებისას

ცოტაოდ ხნის წინ საქართველოს ყრუ-უსინათლო პირთა კავშირის ეგიდით და ქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით ქუთაისის საჯარო სკოლების საზოგადოებისთვის მხედველობის უფასო კვლევა წარიმართა. საბოლოო სურათმა აჩვენა, რომ მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა. მოზარდებს და არა მხოლოდ მათ გამოუვლინდათ მხედველობის დარღვევების მაღალი მაჩვენებელი. ბევრი მათგანს დაენიშნა სათვალე მინუსით და ეს – გენეტიკური ფაქტორების არარსებობის პირობებში. მხედველობის შესახებ არსებულმა მდგომარეობამ შთაგვაგონა ამ შეგრძნებისადმი წერილის მომზადება[1].

სენსორულ სისტემებს შორის დომინანტური ადგილი მხედველობის სისტემას უკავია. ინფორმაციის დაახლოებით 80% სწორედ მხედველობის საშუალებით შემოდის ჩვენს ტვინში. მხედველობის სისტემის მნიშვნელობა იმითაც გამოიხატება, რომ თავის ტვინის ქერქის ზედაპირის დაახლოებით 30% მხედველობითი ინფორმაციის მიღება-დამუშავებას ემსახურება. მხედველობის სისტემა წარმოადგენს თვითორგანიზებად, თვითდასწავლად სისტემას, რომელიც მუდმივად აწარმოებს პერცეპტუალური გამოცდილების დაგროვებას. მხედველობითი ინფორმაცია გროვდება მხედველობით გრძელვადიან მეხსიერებაში, იქმნება რეალური ობიექტებისადმი მეტ-ნაკლებად მიმსგავსებული სუბიექტური წარმოდგენები, რომლებიც გამოიყენება შემდგომი მოქმედებისა და აზროვნების საფუძვლად. გარემოდან მიღებული მხედველობითი ინფორმაციით იქმნება ადამიანების ცოდნისა და გამოცდილების დიდი ნაწილი. სწორედ ამიტომაა, რომ დღემდე ერთ-ერთ აქტუალურ ამოცანად ითვლება იმ მექანიზმების შესწავლა, რომლებიც საფუძვლად უდევს მხედველობითი აღქმის პროცესებს.

მხედველობის ძირითადი დანიშნულებაა ორგანიზმის უზრუნველყოფა იმ ინფორმაციით, რომელზე დაყრდნობითაც წარმოიქმნება პერცეპტუალური წარმოდგენა გარე სამყაროში არსებული ობიექტებისა და მოვლენების შესახებ. მხედველობა რთულად ორგანიზებული მრავალსაფხურიანი პროცესია, რომელიც იწყება მხედველობითი სისტემის პერიფერიულ ნაწილში – თვალში სინათლის მოხვედრისთანავე და მთავრდება რთული პერცეპტუალური ხატების წარმოქმნით ქერქის უმაღლეს დონეებზე. ერთი შეხედვით, მხედველობა თითქოს მარტივი პროცესია, ის არ მოითხოვს რაიმე მნიშვნელოვან ძალისხმევას. საკუთარი გამოცდილებიდანაც ვიცით, რომ ადამიანი თვალის უბრალო გადავლებით მყისიერად და ყოველგვარი ძალდატანების გარეშე აღიქვამს გარე სამყაროს მთელი თავისი სილამაზითა და სიმდიდრით. როგორც წესი, ჩვენ ძალზე მარტივად და სწრაფად ამოვიცნობთ ხოლმე გარშემო მყოფ საგნებსა და მოვლენებს. გარემოდან შემოსული ინფორმაციიდან ტვინი საკმაოდ სწრაფად ახდენს აღქმული აზრის მქონე ხატის შექმნას, რაც საშუალებას გვაძლევს ადეკვატურად ვიმოქმედოთ გარემოში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ. მხედველობის ველში არსებული ობიექტების გამოსახულება ბადურაზე გადაადგილდება თვალების, თავის ან მთლიანად სხეულის მოძრაობის გამო. შედეგად, წარმოქმნილი ბადურული გამოსახულება „იდღაბნება” და ბუნდოვანი ხდება. ამგვარი ბადურული გამოსახულებები საშინელ დისკომფორტს გამოიწვევდა, მაგრამ, როგორც წესი, სისტემა რაღაცნაირად ასწორებს ამ „შეცდომას“ და მხედველობითი აქტი ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს. ბადურული გამოსახულება განუწყვეტლივ იცვლება, თუმცა ჩვენ მაინც ვახერხებთ ამ ცვალებადი, ზოგჯერ კი არასრული ბადურული გამოსახულებიდან შევქმნათ სტაბილური პერცეპტუალური ხატი. ამიტომ, შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ „ხედვასთან” დაკავშირებული ოპერაციები საკმაოდ მარტივია, მაგრამ სინამდვილეში მხედველობა მეტად რთული პროცესია. იგი მოითხოვს მრავალრიცხოვანი ნეირონული ქსელებისა და სპეციალიზებული ბადურული რეცეპტორების შეთანხმებულ მუშაობას.

მხედველობითი ინფორმაციის გადამუშავების პირველ საფეხურზე ბადურის რეცეპტორები (ფოტორეცეპტორები) გააქტიურდება სინათლის ენერგიით. შედეგად წარმოიქმნება ნერვული იმპულსები, რომლებიც მხედველობის ნერვის საშუალებით გადაეცემა თავის ტვინის მხედველობით ცენტრებს. აქ კი ნერვული იმპულსები გარდაიქმნება მხედველობით ინფორმაციად და იქმნება მხედველობითი ხატი. ცნობილია, რომ ობიექტის ფერის, ფორმის, ორიენტაციის, სივრცითი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულების თუ სხვა მრავალი მახასიათებლის აღქმაზე პასუხისმგებელი ტვინის სხვადასხვა მხედველობითი უბანია.

ცივილიზაციის განვითარების პარალელურად მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს ადამიანის მიერ მხედველობითი შესავლიდან მიღებული ინფორმაციის ხვედრითი წილის მუდმივი ზრდა. თანამედროვე ადამიანის როგორც პროფესიული, ისე ყოველდღიური ყოფითი საქმიანობა მუდმივი ინფორმაციული გადატვირთვის პირობებში მიმდინარეობს. მხედველობითი ინფორმაციის დიდი მასივების შეზღუდულ დროში გადამუშავების აუცილებლობამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც მხედველობის აპარატის გადაღლა, ასევე ნერვული სისტემის გადატვირთვა, რასაც ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის არასასურველი შედეგები შეიძლება მოჰყვეს. დღეს დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს აღენიშნება მხედველობის სხვადასხვა ტიპის დარღვევები, რომლებიც გამოწვეულია ან ბადურის დეფექტებით, ან თავის ტვინის მხედველობით ცენტრებში მიმდინარე პროცესების ანომალიურობით. რადგანაც ჩვენი ცოდნა იმის შესახებ, თუ რა უდევს საფუძვლად ამა თუ იმ დარღვევას, შეზღუდულია, ამჟამად მხოლოდ რამდენიმე ტიპის დარღვევის ეფექტური მკურნალობაა შესაძლებელი. ამგვარად, მხედველობითი პროცესების განმსაზღვრელი მექანიზმების გარკვევა დაგვეხმარება სხვადასხვა დარღვევის მკურნალობისა და მათი თავიდან აცილებისთვის, აგრეთვე ჩვენი მხედველობითი აღქმის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად..

 

მხედველობით მოდალობაში აღქმითი დასწავლა ვლინდება მხედველობითი ამოცანის შესრულებაზე ვარჯიშის შედეგად ამ ამოცანის შესრულების გაუმჯობესებით ან ნეირონული აქტივობის ცვლილებით. ამგვარი გაუმჯობესების მიღება შესაძლებელია სხვადასხვა პერცეპტუალური ამოცანის შესრულებისას, მაგ., ორიენტაციის, მოძრაობის მიმართულების, სივრცის სტერეოსკოპული აღქმის, კონტრასტის, სტიმულის და ვერნიერის სტიმულის გაჩევის უნარით. საინტერესოა, რომ მიღებული გაუმჯობესება შენარჩუნებულია კვირებისა და თვეების განმავლობაში.

თუმცა დღესდღეობით ძალიან გავრცელებულია ე. წ. ,,მშრალი თვალების” სინდრომი. კომპიუტერი, ტელევიზორი და კონდიციონერი კომფორტულია, მაგრამ ზოგჯერ ამ კომფორტისთვის პასუხს ვაგებთ ჩვენი ჯანმრთელობით. „მშრალი თვალის” სინდრომი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თვალის დაავადებაა. ოფთალმოლოგები გვირჩევენ: ამ დაავადებისგან თავი რომ დაიზღვიოთ, თვალები ხშირად დავახამხამოთ. ამ დროს რქოვანას თხელი ზედაპირი იცავს საცრემლეს გამოშრობისაგან, ინფექციებისა და მტვრისგან, ეხმარება რქოვანამდე მიკროელემენტებისა და ჟანგბადის მიტანაში. ცრემლი გროვდება თვალების ირგვლივ არსებულ ჯირკვლებში, რომელსაც დახამხამების დროს ქუთუთოები ანაწილებს მთელ ზედაპირზე და რეცხავს მათ. როდესაც ხამხამი იშვიათდება და თვალებს აკლდება სისველე (ცრემლი), თუ ეს დიდხანს გაგრძელდა, თავს იჩენს „მშრალი თვალის” სინდრომის სხვადასხვა სიმპტომი: წვა, სინათლის შიში, ქუთუთოების ქავილი, თვალების გაწითლება, სწრაფად დაღლა და „სილის” შეგრძნება… ამ დაავადების მთავარი პროვოკატორია ეკრანი. შეადარეთ: თუ ჩვეულებრივ თვალებს წუთში 20-ჯერ ვახამხამებთ, – ამ დროს რქოვანა საკმარისად სველდება, კომპიუტერთან მუშაობის დროს საათობით უმოძრაოდ მივჩერებივართ ეკრანს, ე. ი. 3-ჯერ ნაკლებად ვახამხამებთ თვალებს. მეორე მიზეზია მშრალი კლიმატი, ცენტრალური გათბობა, კონდიციონერი, სიგარეტის კვამლი, ლინზების მუდმივად ხმარება, წამლების (ანტიდეპრესანტები, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები) მიღება, ზოგიერთი დაავადება, ასაკი და კიდევ – სქესი! ხშირად ეს სინდრომი აწუხებთ ქალებს, რაც პირდაპირ კავშირშია ჰორმონალურ გარდაქმნასთან, რომელიც მუდმივად, სიცოცხლის განმავლობაში მიმდინარეობს ქალების ორგანიზმში.

„მშრალი თვალების” სინდრომი არა მარტო დისკომფორტულია, არამედ აუარესებს მხედველობასაც.

როგორ ავირიდოთ ის?

  • დამახასიათებელი სიმპტომების აღმოჩენისთანავე უნდა მივმართოთ ოფთალმოლოგს.
  • „გარდა ამისა, უნდა დავიწყოთ თვალების ბუნებრივად „დატენიანება“.
  • კომპიუტერთან მუშაობისას საათში ერთხელ შეისვენეთ, ადექით, გაიარეთ, გაიხედეთ ფანჯარაში, შეასრულეთ თვალების მარტივი ვარჯიშები.
  • თვალები ხშირად დაახამხამეთ,
  • განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომპიუტერთან მუშაობთ, კითხულობთ ან ტელევიზორს უყურებთ. არასდროს დაისრისოთ თვალები, ეს აძლიერებს გაღიზიანებას.
  • თვალებმა რომ მეტი სისველე მიიღოს, სვით დღეში არანაკლებ 1,5-2 ლ-მდე სითხე.
  • ხშირად გაანიავეთ ბინა ან საკლასო ოთახი, სუფთა ჰაერი ბუნებრივად ატენიანებს თვალებს.
  • კვირაში 2-ჯერ მენიუში გაითვალისწინეთ ცხიმიანი ზღვის თევზი. მეცნიერთა ბოლოდროინდელი მონაცემებით ომეგა-3, რომელსაც თევზი შეიცავს 20-ჯერ ამცირებს „მშრალი თვალების” სინდრომის განვითარებას.

ოფთალმოლოგები ასევე შემდეგ რჩევებს გვაძლევენ:

  • მნიშვნელობა აქვს, როგორ დადგამთ კომპიუტერს. კარგია, თუ ის ფანჯარასთან დაიდგმება. ფანჯარაში გახედვა ბუნებრივად გადაიტანს მხედველობას ახლოდან შორ მანძილზე და ეს თვალის დაძაბულობას შეამცირებს.
  • ნახევარ საათზე მეტი არ შეიძლება ბავშვის ჯდომა არც კომპიუტერთან, არც ტელევიზორთან.
  • კატეგორიულად მავნეა სიბნელეში ტელევიზორის ყურება, ან კომპიუტერთან ჯდომა,
  • არ შეიძლება ბნელ ოთახში მობილურ ტელეფონზე თამაში ან მესიჯების წერა. მოზარდებში ამის გამო გლაუკომის შემთხვევები გაიზრდება.
  • თუ ბავშვს აქვს დიაბეტი, აუცილებლად წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გასინჯოს ოფთალმოლოგმა. ბავშვები, რომლებსაც აქვთ რევმატიზმი, ან მომატებული რევმატული სინჯები, ასევე საჭიროებენ ყურადღებას. სისტემური დაავადების შემთხვევაში, ან მაშინ, როცა ოჯახის რომელიმე წევრს, ან ახლო ნათესავებს, აქვთ მხედველობის პრობლემა, აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილე. ოფთალმოლოგთან მისვლა საჭიროა ინფექციების გადატანის შემდეგაც“.

 

არსებობს აზრი, რომ ჯანმრთელი თვალი კომპიუტერთან დიდხანს და არასწორი ჯდომით ზიანდება. ჩვენი თვალი ბუნებრივად განსაზღვრულია შორს ყურებაზე. როდესაც ახლოს ვუყურებთ რამეს, მაგალითად, ვკითხულობთ მონიტორზე, ან ვთამაშობთ კომპიუტერში, თვალის კუნთებს ვძაბავთ. წარმოიდგინეთ, რომ ბურთს ხელს უჭერთ დიდი ხნის განმავლობაში, ბურთი იცვლის ფორმას და „გრძელდება”… თვალზე მუდმივად შემოჭერილი კუნთის სარტყელი ცვლის თვალის ფორმას, „აგრძელებს” მას, რაც, შესაბამისად, მინუსი ნომრის გაჩენის საფუძველია.

თვალის პრობლემა რომ არ გაჩნდეს, გაკვეთილის განმავლობაში მხოლოდ 10-15 წუთი შეიძლება დაეთმოს ნეტბუქში ყურებას. თვალს ასვენებს და ნორმალურ მდგომარეობას უბრუნებს შორს გახედვა. ამიტომ ახლო ყურების მერე აუცილებელია, ბავშვებმა შორს გაიხედონ“.

 

ეს არის მცირე ინფორმაცია, რაც უნდა ვიცოდეთ, რათა გავუფრთხილდეთ ჩვენს მხედველობას და ცოტათი მაინც შევამციროთ მავნე ზეგავლენა ჩვენი თუ ჩვენი მოზარდების თვალზე.

 

[1] წერილში წარმოდგენილი მასალა არის კომპილაცია და ეყრდნობა ამ და სხვა ელწყაროებს: https://eprints.iliauni.edu.ge/2915/1/1430%20%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%90%20%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94.pdf

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი