სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

რატომ მოკლეს იცხაკ რაბინი?

თითქმის ერთი საუკუნეა, არ ცხრება სისხლიანი კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში. ათწლეულების განმავლობაში ურთიერთზიზღისა და მოწინააღმდეგის განადგურების დაუოკებელი სურვილით იმართება პროცესები ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. უკვე ათობით ათასი უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა ისრაელისა და პალესტინის დაპირისპირებას. ხანგრძლივი ტანჯვის მიუხედავად, უბედურებას ბოლო არ უჩანს. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კონფლიქტი მარადიულია, ის მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწყდება, თუ ერთი მხარე მეორის განადგურებას, მიწასთან გასწორებას შეძლებს. ამგვარ სიბნელეში იშვიათად გამოანათებს ხოლმე იმედის ნაპერწკალი, მაგრამ ისტორიაში მაინც შესაძლებელია მშვიდობის უმაგალითო სიმბოლოთა აღმოჩენა. ისრაელის სახელმწიფოს წარსულს ახსოვს ფიგურა, რომელსაც ნახევარი ნაბიჯი დააკლდა სასაკლაოს დასრულებამდე. მას იცხაკ რაბინი ერქვა, მისი სახელის გახსენება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს განახლებული ომის ეპოქაში.

ვინ იყო იცხაკ რაბინი?

იცხაკ რაბინის განუმეორებელ პოლიტიკურ მოღვაწედ ჩამოყალიბება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა.

თავდაპირველად უნდა აღვნიშნოთ, რომ რაბინი ისრაელის მიწაზე დაიბადა. მისმა უკრაინული და ბელორუსული წარმოშობის დედ-მამამ წმინდა მიწაზე დასახლების გადაწყვეტილება ძალიან ადრე მიიღეს. მომავალი ლიდერის მშობლები მესამე ალიის დროს, 1920-იანი წლების დასაწყისში დასახლდნენ იერუსალიმთან ახლოს. იცხაკ რაბინი რეპატრირებული მოქალაქე არ იყო, მან თავისი თვალით ნახა, როგორ აშენებდნენ ებრაელები სახელმწიფოს იატაკქვეშა რეჟიმში საქმიანობის დროს. მას კიბუციში, სასოფლო-სამეურნეო კოლექტივში ცხოვრების გამოცდილებაც ჰქონდა და შრომის პარტიის ახალგაზრდული მოძრაობის შემადგენლობაში ბრიტანული მანდატის წინააღმდეგაც გაულაშქრია. მოკლედ, პალესტინის ტერიტორიაზე რაბინის ოჯახმა თავის ხალხთან ერთად გადადგა პირველი ნაბიჯები და ისინი მოგვიანებით არ შეერთებიან სახელმწიფოს მშენებლობის საქმეს. ისინი დიდ სისხლისღვრამდეც იცნობდნენ არაბებსა და მათ ზნე-ჩვეულებებს.

მშვიდობის სიმბოლოდ ქცეული პოლიტიკოსის ღირებულებით სისტემას მხოლოდ ისრაელში დაბადებით მიღებული გამოცდილება არ განაპირობებდა. რაბინი თავად გახლდათ სწორუპოვარი მეომარი და მებრძოლი, თავისი თვალით ჰქონდა ნანახი ომი და შესანიშნავად იცოდა, რას ნიშნავდა სისხლის მდინარეების ფასად მოპოვებული გამარჯვება. პრემიერ-მინისტრი ჯერ კიდევ მოსწავლე იყო, როდესაც ბრიტანეთის სამანდატო ტერიტორიაზე მოქმედი ელიტური პარამილიტარული დაჯგუფების წევრი გახდა. ბატალიონ „პალმახის“ მებრძოლი იარაღით ხელში იცავდა პალესტინის ებრაულ დასახლებებს არაბებისა და ინგლისელებისგან. არალეგალური შეიარაღებულ წინააღმდეგობაში მონაწილეობის გამო იმპერიულმა ხელისუფლებამ იერუსალიმელი ბიჭი რამდენჯერმე გაასამართლა. თინეიჯერობის ასაკში დაწყებული სამხედრო კარიერა თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაგრძელდა, რაბინმა არალეგალური დაჯგუფების რიგითი ჯარისკაცობიდან არმიის გენერლობას მიაღწია. სამხედრო ისტორიის ყველა სპეციალისტმა იცის, რომ სრულიად უთანასწორო „ექვსდღიან ომში“, იორდანიის, სირიისა და ეგვიპტის წინააღმდეგ მარტო დარჩენილ ისრაელის არმიას სათავეში სწორედ იცხაკ რაბინი ედგა. სწორედ იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება ტყვიების ზუზუნში გაატარა, გენერალმა ყველაზე კარგად უწყოდა მშვიდობის მნიშვნელობა.

რაბინი სოციალისტური პარტიის წევრი იყო, რომელიც პოლიტიკური ცხოვრების გზაზე მხოლოდ სამხედრო სფეროსთან დაკავშირებულ თანამდებობებს არ იკავებდა. პრემიერ-მინისტრად არჩევამდე გენერალი შრომის, კეთილდღეობისა და კომუნიკაციების სამინისტროებს ხელმძღვანელობდა. მაშასადამე, მოღვაწეს ერთი ხანობა პირადად მოუწია ზრუნვა გაჭირვებული მოქალაქეების დასაქმებაზე, ომიდან დაბრუნებული ვეტერანების პენსიით უზრუნველყოფასა თუ ჰოლოკოსტს გადარჩენილთა სოციალურ უზრუნველყოფაზე, აფეთქებული კომუნიკაციების აღდგენაზე. რაბინს პირადად ჰქონდა ნამუშევარი სამხედრო-შეიარაღებული დაპირისპირებების შედეგად განადგურებული სოციალური ქსოვილის აღდგენაზე და კარგად ხვდებოდა, რომ ხშირ შემთხვევაში ფაქტობრივად შეუძლებელი იყო ომის შედეგების ელემენტარულ დონეზე აღმოფხვრაც კი.

ალბათ, ამგვარი წარსულის გამო იცხაკ რაბინს არასდროს დაუკარგავს მშვიდობის რწმენა. მან პრემიერ-მინისტრად მუშაობის მეორე ვადის განმავლობაში შეუძლებელს მიაღწია და პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციასთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდა. მეტიც, იცხაკ რაბინმა და იასირ არაფატმა კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების გზაც გამონახეს. 1993 წელს დასახელებულ ლიდერებს შორის პრეზიდენტ კლინტონის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებდა: ისრაელის მიერ პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის პალესტინელი ხალხის ოფიციალურ წარმომადგენლად აღიარებას, თავის მხრივ პალესტინელები აღიარებდნენ ისრაელის სახელმწიფოს არსებობის უფლებას და უარს ამბობდნენ თავიანთ გაცხადებულ მიზანზე, ისრაელის განადგურებაზე. ე.წ. „ოსლოს შეთანხმება“ ასევე ითვალისწინებდა ღაზას სექტორსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელთა მმართველობის დაწესებასა და მისთვის შიდა საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტის უფლების გადაცემას. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, 1993 წელს ოსლოსა და ვაშინგტონში რაბინმა და არაფატმა დაიწყეს პროცესი, რომელიც აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ორი სახელმწიფოს – ისრაელისა და პალესტინის წარმოქმნას გამოიწვევდა. მრავალწლიანი სისხლისღვრის შემდეგ არაბებსაც და ებრაელებსაც სათავეში ედგნენ პირები, რომლებიც მშვიდობის მხარეს იყვნენ. ცხადია, პირველივე წარმატების შემდეგ რაბინსაც და არაფატსაც უამრავი მტერი გამოუჩნდათ. ისრაელში ულტრამემარჯვენე ექსტრემისტები აბობოქრდნენ. ისინი ამბობდნენ – არაბული სამყარო უზარმაზარია, დედამიწაზე ათობით არაბული სახელმწიფოა, გადანაწილდნენ პალესტინელები მეზობელ ქვეყნებში, ტერორისტებს ახალი რესპუბლიკის შექმნის უფლება არ აქვთო. პარალელურად, არაფატს აუჯანყდნენ რელიგიური ფუნდამენტალისტები, რომლებმაც ძველი პალესტინური ლოზუნგი შეახსენეს მთელ მსოფლიოს „პალესტინა ზღვიდან მდინარემდე“, რაც ისრაელის განადგურებას გულისხმობდა. მიუხედავად მგზნებარე წინააღმდეგობისა, არცერთ მათგანს უკან არ დაუხევია, მსოფლიომ სათანადოდ დააფასა ორივე მათგანის თავდაუზოგავი შრომა მშვიდობისათვის, ისინი ნობელის პრემიით დაჯილდოვდნენ. იასირ არაფატმა გაუძლო ოპოზიციონერთა შემოტევებს და გადაურჩა მათ თავდასხმებს, იცხაკ რაბინი კი ვერა.

1995 წელს ოსლოს შეთანხმების მხარდასაჭერად გამართული მასობრივი დემონსტრაციის დასრულების შემდეგ ულტრამემარჯვენე აქტივისტმა იცხაკ რაბინი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილა და დიდი ხნით წერტილი დაუსვა სამშვიდობო პროცესს ახლო აღმოსავლეთში. იმედია, ებრაელ ტერორისტს საბოლოოდ არ დაუსამარებია მშვიდობის იდეა წმინდა მიწაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“