„ძნელია სიტყვების პოვნა, როცა ჭეშმარიტად რამე გაქვს სათქმელი. და მაშინაც კი, როცა საჭირო სიტყვები მოგადგება, მათი წარმოთქმის გრცხვენია“.
ერიხ მარია რემარკი, „სამი მეგობარი“
ამ სტატიის დაწერა ალპებმა და რემარკმა შთამაგონეს. მართალია, განათლებისადმი თანამედროვე მიდგომა მოსწავლის მოტივაციასა და ინტერესს პრიორიტეტად მიიჩნევს, მაგრამ მე მაინც რაღაც სხვას, უფრო ღრმას, არსებითს ვეძებ. სწორედ ამ ძიების პროცესში, ალპებზე შემოქმედებითი დავალების დაწყებისას გამახსენდა რემარკის „სამი მეგობარი“, რომელსაც თან მოჰყვა „ნასესხები სიცოცხლე“. ასე აღმოჩნდა ლიტერატურა გეოგრაფიის გაკვეთილზე.
ჩემი აღფრთოვანება უსაზღვრო იყო, როცა ერთ-ერთმა მოსწავლემ არა „სამი მეგობარი“, არამედ „ტრიუმფალური თაღი“ ახსენა – რემარკის კიდევ ერთი შედევრი. ახლა მოუთმენლად ველი, როდის გაითვალისწინებს ჩემს რეკომენდაციებს და დაიწყებს ალპებში ხეტიალს. მნიშვნელობა არ აქვს, მარტასა თუ სამ მეგობართან ერთად – მთავარია, ეს თავგადასავალი შედგეს.
ახალგაზრდობაში, რომანების კითხვისას, ბუნების აღწერა მოსაწყენი მეჩვენებოდა და ხშირად გვერდს ვუვლიდი. მინდოდა, სწრაფად მივსულიყავი მოქმედებამდე, დიალოგებამდე, სიუჟეტის განვითარებამდე. ვინ იფიქრებდა, რომ მოგვიანებით სწორედ ამ გამოტოვებული გვერდების მიმართ გამიჩნდებოდა უდიდესი ინტერესი და საბოლოოდ გეოგრაფიის მასწავლებელი გავხდებოდი?
დღეს ჩემი მიზანია, მოსწავლეებს არ გამოვატოვებინო ის გვერდები, რომლებსაც მე ერთ დროს გვერდს ვუვლიდი. როგორ? იმით, რომ ვაჩვენო, რამდენად ცოცხალი და მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს გეოგრაფია ლიტერატურაში, ისტორიასა და, საზოგადოდ, ადამიანის ცხოვრებაში.
მაგრამ რას ვეძებ სინამდვილეში? როგორ მივცეთ მოსწავლეებს საშუალება, მხოლოდ ფაქტები კი არ ისწავლონ, არამედ იგრძნონ კიდეც, განიცადონ და ეს ცოდნა საკუთარ გამოცდილებასა და წარმოსახვას დაუკავშირონ? შესაძლოა, სწორედ აქ არის გამოსავალი – საგნების ინტეგრაციაში, რაც ბუნებრივად და ორგანულად, იძულების გარეშე ხდება.
რემარკის პერსონაჟები ხომ სახელმძღვანელოდან არ სწავლობდნენ ალპებს; ისინი ცხოვრობდნენ იქ, იქაური ჰაერით სუნთქავდნენ და მათი ბიოგრაფიები ამ მთების დიდებულებასთან იყო გადახლართული. ეს ქმნის კავშირებს, რომლებიც ლიტერატურიდან იწყება და ცხოვრებაში გრძელდება – გზებს, რომლებიც გეოგრაფიას, ისტორიასა და ფილოსოფიას ადამიანურ გამოცდილებას უკავშირებს.
როდესაც მოსწავლე აცნობიერებს, რომ ალპები მხოლოდ გეოგრაფიული ობიექტი კი არ არის, არამედ ადგილია, სადაც ვითარდებოდა ადამიანური დრამები – თავდადება, სიყვარული, დაშორება და გადარჩენა, სწორედ მაშინ ხდება სწავლა ღრმა და შინაარსიანი.
როგორ ვასწავლოთ ისე, რომ ინფორმაცია არა მხოლოდ დაიმახსოვრონ, არამედ იგრძნონ? როგორ შევქმნათ გარემო, სადაც მოსწავლეები ცხოვრობენ იმ ცოდნით, რომელსაც იძენენ?
რემარკის რომანები ხომ მხოლოდ სიუჟეტი არ არის; ისინი სულისშემძვრელი ამბებია ადამიანებზე, ბრძოლაზე, სიყვარულსა და გადარჩენაზე, რომლებიც ხშირად კონკრეტულ გეოგრაფიულ გარემოსთან არის დაკავშირებული. ალპები მათთვის მხოლოდ მთები არ იყო – ეს იყო თავშესაფარი, გამოწვევა…
ამ მიდგომით, მასწავლებელი აღარ არის მხოლოდ ინფორმაციის გამზიარებელი – ის ხდება მეგზური, რომელიც მოსწავლეს საკუთარი გზის პოვნაში ეხმარება. გზა კი კითხვებით იწყება – არა მხოლოდ პასუხების ძიებით, არამედ იმ კითხვების დასმით, რომლებიც აზროვნებას ავითარებს.
როდესაც მოსწავლე ხვდება, რომ „ტრიუმფალური თაღი“ არა მხოლოდ პარიზის სიმბოლოა, არამედ იმ ამბების ნაწილიც, რომლებიც ადამიანურ ძალასა და იმედზე გვიყვება, სწავლა უფრო საინტერესო ხდება. ჩვენ უნდა გავცდეთ სტანდარტულ გაკვეთილებს და მოსწავლეებს მივცეთ საშუალება, საკუთარი თავგადასავლები შექმნან – თუნდაც წიგნის ფურცლებზე ან წარმოსახვაში, ალპების ფონზე.
„სამი მეგობრის“ მოქმედება ვითარდება დიდი გერმანული ქალაქის გარეუბნებში – გარემოში, სადაც ომის შემდგომი გერმანიის სოციალური და ემოციური ჭრილობები ყველაზე მკაფიოდ ჩანს. აქ ქალაქი არ არის უბრალოდ ფონი; ის არის პერსონაჟების თავშესაფარი, სიყვარულის ასპარეზი და ტრაგიკული მოვლენების სცენა. თუ დავაკვირდებით, როგორ აღწერს რემარკი ქუჩებს, ავტოსახელოსნოს, ბარებსა და გარეუბნებს, არა მხოლოდ ლიტერატურულ სურათს დავინახავთ, არამედ გეოგრაფიულ წარმოდგენასაც შევიქმნით იმდროინდელი გერმანიის ურბანულ სივრცეზე.
არც „ტრიუმფალურ თაღშია“ პარიზი მხოლოდ ქალაქი. ეს არის პერსონაჟების თავშესაფარი, სიყვარულის ასპარეზი და ტრაგიკული მოვლენების ფონი, მეორე მსოფლიო ომამდელი ევროპის პოლიტიკური და სოციალური პორტრეტის მნიშვნელოვანი ნაწილი. როდესაც ვკითხულობთ, როგორ აღწერს რემარკი პარიზის ქუჩებს, კაფეებსა და სენის სანაპიროს, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ არა მხოლოდ რომანის სცენები, არამედ თავად ქალაქის დაგეგმარება, ატმოსფერო და ყოველდღიური ცხოვრება – თითქოს ჩვენც იქ ვართ.
ალპები ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გეოგრაფიული რეგიონია, რომელიც არა მხოლოდ ბუნებრივი ლანდშაფტით, არამედ კულტურული, ისტორიული და სოციალური მნიშვნელობითაც გამოირჩევა. როდესაც მოსწავლეები ალპების თემაზე მუშაობენ, მათ ეძლევათ როგორც ფიზიკური გეოგრაფიის ელემენტების – სიმაღლეების, მწვერვალების, მყინვარების შესწავლის, ისე იმ გზების გაანალიზების შესაძლებლობაც, რომლებითაც ისტორიული თუ ლიტერატურული პერსონაჟები გადაადგილდებოდნენ; ციცაბო ფერდობებისა, სადაც ბრძოლები მიმდინარეობდა; ხეობებისა, სადაც საუკუნეების განმავლობაში დუღდა ყოველდღიური ცხოვრება.
განსაკუთრებით საინტერესოა, როგორია ალპები ლიტერატურაში. მაგალითად, რემარკის რომანში „ნასესხები სიცოცხლე“ ალპები სიმბოლური თავშესაფარია, სადაც მთავარი გმირები კლერფე და ლილიანი ცდილობენ, დროებით დაივიწყონ ავადმყოფობა და სიკვდილის მოლოდინი. თოვლიანი მწვერვალები, სუფთა ჰაერი და სიჩუმე იქცევა იმ სივრცედ, სადაც დრო თითქოს ჩერდება და ადამიანური ურთიერთობები განსაკუთრებულ სიღრმეს იძენს. ამგვარად, ალპები არა მხოლოდ გეოგრაფიულ, არამედ ემოციურ და ფილოსოფიურ ლანდშაფტად იქცევა.
ჯონ სტეინბეკის „მრისხანების მტევნები“, გარდა იმისა, რომ დიდი დეპრესიის პერიოდის ამერიკული ოჯახის ისტორიაა, მნიშვნელოვანი წყაროცაა გეოგრაფიული მიგრაციის შესასწავლად. ოკლაჰომიდან კალიფორნიისკენ ჯოუდების ოჯახის მოგზაურობა სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად ადამიანის ცხოვრებაზე გარემოს გავლენასაც გვიჩვენებს.
შეგვიძლია, მოსწავლეებს ვკითხოთ: რამ გამოიწვია გვალვა ოკლაჰომაში? როგორ იმოქმედა კალიფორნიის კლიმატმა და რესურსებმა გადასახლებულთა ცხოვრებაზე? როგორ ცვლის ლანდშაფტი ადამიანთა ბედს?
ამგვარად, ლიტერატურული ნაწარმოებები ხშირად იქცევა გეოგრაფიული ანალიზის საფუძვლად. გეოგრაფიული ცოდნა ამ შემთხვევაში ისტორიული კონტექსტის გაგების გასაღებად იქცევა, ხოლო ლიტერატურული ტექსტი – სივრცისა და გარემოს გააზრების საშუალებად.
ჰერმან მელვილის „მობი დიკი“ კომპლექსური ნარატივია, რომელიც მოიცავს ოკეანის გეოგრაფიას, საზღვაო დინებებს, კლიმატურ ზონებსა და საზღვაო ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებას. ხომალდ „პეკოდის“ მოგზაურობა პრაქტიკულად ქმნის მსოფლიო ოკეანის გეოგრაფიულ რუკას, რომელზე ცთითოეული მონაკვეთი ასახავს კონკრეტულ ბუნებრივ პირობებსა და მათ გავლენას ადამიანზე. მოსწავლეებს შეუძლიათ შეისწავლონ: რომელი ოკეანური დინებები უწყობდა ხელს ან აფერხებდა ხომალდების გადაადგილებას; როგორია ეკვატორული ზონის კლიმატური თავისებურებები; რა საფრთხეებს შეიცავს არქტიკული ზღვები და როგორ მოქმედებს ეს გარემო მეზღვაურების ყოველდღიურობაზე. ამგვარად, „მობი დიკი“ საშუალებას გვაძლევს, ოკეანე აღვიქვათ ცოცხალ, მრავალფეროვან და ხშირად სახიფათო გარემოდ.
ამ მიდგომით მოსწავლეები დაინახავენ კავშირს გეოგრაფიულ ცნებებსა და რეალურ სამყაროს, ადამიანურ გამოცდილებას შორის. როდესაც ისინი რემარკის რომანებში, სტაინბეკის ეპოსსა თუ მელვილის საზღვაო თავგადასავალში ამოიცნობენ გეოგრაფიულ მახასიათებლებს, ეს ცოდნა მათთვის ცოცხალი და მნიშვნელოვანი ხდება. რუკაზე არსებული წერტილები და ხაზები აღარ რჩება მხოლოდ სიმბოლოებად – ისინი გარდაიქმნება ადგილებად, სადაც ადამიანები ცხოვრობდნენ, იბრძოდნენ, ოცნებობდნენ და ქმნიდნენ ისტორიას.
ამ პროცესში, ჩემი როგორც გეოგრაფიის მასწავლებლის ამოცანაა, დავუბრუნო მოსწავლეებს ის „გამოტოვებული გვერდები“, რომლებიც ხშირად რჩება საგნობრივი ჩარჩოების მიღმა. მინდა, ყოველი გაკვეთილი მათთვის აღმოჩენად იქცეს – სივრცედ, სადაც ცოდნა მხოლოდ ფაქტების დაგროვება კი არ არის, არამედ საკუთარი თავის, სამყაროსა და ერთმანეთის უკეთ გაცნობაცაა.
ეს არ არის მხოლოდ საგნების ინტეგრაცია. ეს არის ჰოლისტური მიდგომა სწავლებაში, რომელიც მოსწავლეს საშუალებას აძლევს, დაინახოს სამყარო არა დანაწევრებულ საგნებად, არამედ ერთიან, ურთიერთდაკავშირებულ სისტემად. როდესაც მოსწავლე ხვდება, რომ მდინარის მიმართულება, მთის სიმაღლე ან ოკეანის დინება შეიძლება იყოს რომანის მთავარი გმირის ბედის განმსაზღვრელი, სწორედ მაშინ ხდება გეოგრაფია მართლაც ამაღელვებელი.
ალბათ, ეს არის ის „სხვა“, რასაც ვეძებ. ეს არის სურვილი, რომ გაკვეთილი გახდეს სივრცე, სადაც მოსწავლეები მხოლოდ ცოდნას კი არ იღებენ, არამედ საკუთარ თავსაც ეცნობიან. სადაც კითხვა „რატომ?“ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე „რა?“. სადაც რემარკის გმირები და ალპების მწვერვალები ერთდროულად გვასწავლიან რუკის კითხვასაც და გულის მოსმენასაც.
და როცა ერთ დღეს რომელიმე მოსწავლე თავის გზას აირჩევს, – მწერლისას, მოგზაურისას, მასწავლებლისას თუ უბრალოდ გულწრფელი ადამიანისას – მინდა, ამ გზაზე თან გაჰყვეს განცდა, რომელიც ერთ ჩვეულებრივ გაკვეთილზე დაიბადა. გაკვეთილზე, სადაც ლიტერატურა და გეოგრაფია ერთმანეთს შეხვდნენ და სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის, რასაც ვერცერთ სახელმძღვანელოში ვერ იპოვით – შთაგონება.