ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

აღზრდა – თანამედროვე მიდგომები

გაგაცნობთ გერმანელი ავტორის სუზან მირაუს ნაშრომს „თავისუფალი და უდრეკი“ („Frei und unverbogen“). სუზან მირაუ პედაგოგი და ოჯახური ურთიერთობების კონსულტანტია. ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექსპერტია ოჯახის მხარდაჭერის, ბავშვთა აღზრდისა და განვითარების სფეროში. კარიერის დასაწყისში სუზან მირაუ ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში ასწავლიდა, შემდეგ მშობლებისა და სპეციალისტებისთვის კერძო პრაქტიკა დაიწყო. ამასთან ერთად, ის უძღვება ბლოგს, მართავს სემინარებს, სპიკერია კონფერენციებზე, სადაც ოჯახის მხარდაჭერისა და გაძლიერების საკითხებს განიხილავენ.

 

მშობლებთან ურთიერთობა გავლენას ახდენს ბავშვის ცხოვრებაზე. მისი სულიერი, ემოციური და ფიზიკური განვითარება სწორედ ამ ურთიერთობის თავისებურებებზეა დამოკიდებული. წიგნის ავტორის აზრით, მშობლების უმრავლესობა ცდილობს, შვილები სწორად აღზარდოს, რათა, ზრდასრულ ასაკს მიღწეულებმა, წარმატებული და ბედნიერი ცხოვრებით იცხოვრონ. აღზრდის მრავალი თეორია არსებობს, რომლებიც ზოგჯერ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. მაინც როგორია „სწორი აღზრდის“ პრინციპები? როგორ უნდა მოახერხონ მშობლებმა უამრავ რჩევასა და რეკომენდაციას შორის საუკეთესოს არჩევა? ან იქნებ საერთოდ არ არის საჭირო „აღზრდა“? მშობლებს თავად აქვთ შვილად ყოფნის გამოცდილება და მათი მშობლებიც აღზრდის გარკვეული სტილით ხელმძღვანელობდნენ, ამიტომ უფროსები ხშირად ეკითხებიან საკუთარ თავს: „როგორ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება, მშობლებს განსხვავებული მიდგომები რომ ჰქონოდათ?“ ეს კითხვები ზრდასრულ ადამიანებს უმეტესად უსიამოვნო განცდებს უჩენს, რადგან ფიქრობენ, რომ მათ თავს მოახვიეს გარკვეული ჩარჩოები, შეზღუდვები ან სულაც ძალიან დააზიანეს.

„უდავოა, რომ აღზრდა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებას და მის დამოკიდებულებას საკუთარი თავის მიმართ, – ვკითხულობთ წიგნში, – კერძოდ, იმას, პოზიტიურად აფასებს თუ ნეგატიურად საკუთარ პიროვნებას, საკუთარ შესაძლებლობებს, ართმევს თუ ვერა თავს ცხოვრებისეულ სირთულეებს. ასევე სერიოზული ფაქტორია ბავშვის ცხოვრების დასაწყისში მისთვის მნიშვნელოვანი უფროსისადმი მიჯაჭვულობის განცდის ფორმირება. ბავშვის გადმოსახედიდან, მიჯაჭვულობა მას იცავს, საფრთხეს არიდებს, რაც უზრუნველყოფს მის ფიზიკურ, პიროვნულ და ფსიქოლოგიურ ზრდა-განვითარებას. სამწუხაროდ, თუ ადამიანს ბავშვობიდანვე არ ჩამოუყალიბდა საიმედო, მყარი მიჯაჭვულობა, ის პერიოდულად განიცდის საკუთარი შესაძლებლობების მიმართ უნდობლობას, შესაძლოა, ჰქონდეს უიმედობის განცდა. იმატებს რისკი უფრო სერიოზული პრობლემების განვითარებისა (შფოთვითი აშლილობები, დეპრესიული მდგომარეობები და სხვადასხვა სახის სომატური ჩივილები).

აღზრდის შესახებ სამეცნიერო და პოპულარული ლიტერატურა მრავლად არის. ამ ლიტერატურაში უამრავ რეკომენდაციას თუ მითითებას ამოიკითხავთ: როგორ მოუწესრიგოთ ძილი პატარას; როგორ ასწავლოთ ბრაზის მართვა და თავადაც ისწავლოთ ემოციების ადეკვატურად გამოხატვა. ზოგიერთი ავტორი მშობლებს უხსნის, როგორ მოიქცნენ მცირეწლოვან თუ მოზარდ შვილთან. მიუხედავად ბევრი რჩევა-დარიგებისა, მშობლები მაინც ჩივიან, რომ შვილებთან გაუცხოება სერიოზულ პრობლემად რჩება. ისე გამოდის, რომ ბავშვები, ასე ვთქვათ, თავს კარგავენ, როდესაც სიახლეებთან ადაპტირებას ცდილობენ“.

ყველა ბავშვი და ყველა მშობელი განსხვავებულია, უნიკალურია. პრობლემებიც ყველას კომპლექსური და განსხვავებული აქვს და ტრივიალური, ზოგადი რეკომენდაციებით ისინი ვერ გადაიჭრება. ამდენად, აღზრდის პროცესში ინდივიდუალური მიდგომები უკიდურესად მნიშვნელოვანია. შეუძლებელია, უნივერსალური პასუხი გაეცეს კონკრეტულ სიტუაციებში გაჩენილ კითხვებს. ბავშვები არ არიან ელექტრონული მოწყობილობები, რომ საჭირო ღილაკს თითი დააჭირო და გარანტირებული შედეგი მიიღო. სუზან მირაუს აზრით, ბავშვები არიან ადამიანები, რომლებიც განსხვავებულად რეაგირებენ სხვადასხვა გამღიზიანებელზე, მათ განსხვავებული ტემპერამენტი და უნარები აქვთ, ამიტომ განსხვავებული რეკომენდაციები და ქცევის კორექციისადმი სხვადასხვა მიდგომა თითოეულზე განსხვავებულად მოქმედებს. ჩვილებიც კი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ტირილის დროს დასამშვიდებლად ზოგს ხელში აყვანაც ჰყოფნის, ზოგი კი უფრო მეტს მოითხოვს მშობლებისგან.

განსხვავებული მიდგომები, ცხადია, მხოლოდ დამშვიდებისას არ არის საჭირო – ისინი აქტიურობის, აგზნებადობისა და ჰიპერაქტიურობის შემთხვევაშიც შეიძლება განსხვავებული იყოს.

პრობლემის გადაჭრა უმეტესად კონკრეტულ ქმედებას ან მეთოდს გულისხმობს. თავდაპირველად აუცილებელია, მშობელმა/უფროსმა მოახერხოს პრობლემის გამომწვევი მიზეზის ამოცნობა. საქმე ეხება მშობლების/აღმზრდელების შეხედულებას, საზოგადოდ, ბავშვზე, მის მოთხოვნილებებსა და უფროსებთან ურთიერთობაზე. ანუ როგორ იქცევიან ზრდასრულები, როდესაც მშობლის როლში არიან. ამ შემთხვევაში აღზრდის მეთოდებზე საუბარი მეორეხარისხოვანია, ხანდახან კი საერთოდაც არ დგება დღის წესრიგში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ერთ მშვენიერ დღეს რომელიმე მშობელი აღმოაჩენს, რომ აღზრდის არცერთი კონცეფცია არ შეეფერება მის წარმოდგენას საკუთარი შვილის შესახებ.

გერმანელი ავტორი საკუთარ პრაქტიკაზეც გვესაუბრება და ერთ შემთხვევას იხსენებს. ახალგაზრდა მშობლები მთელი კვირის განმავლობაში ერთსა და იმავე პრობლემას აწყდებოდნენ: მათი ოთხი წლის გოგონა მაია საღამოობით არაფრით არ იძინებდა. დედას, რომელიც სამსახურში მთელი დღე საპასუხისმგებლო საქმით იყო დაკავებული, შინ დაბრუნებისას იმედი ჰქონდა, რომ მას შემდეგ, რაც მაია დაიძინებდა, მშვიდად მოილევდა საოჯახო საქმეებს და დასვენებასა და განტვირთვასაც შეძლებდა. შვილის ურჩობით შეწუხებულმა მშობლებმა უამრავი რამ სცადეს ბავშვის დასაძინებლად: გოგონას უკითხავდნენ წიგნებს, ამშვიდებდნენ აბაზანით ან მასაჟს უკეთებდნენ; დედა და მამა რიგრიგობით წვებოდნენ საწოლში მაიასთან ერთად, უსმენდნენ აუდიოზღაპრებს. მშობლები მშვიდ, ჰარმონიულ გარემოს ქმნიდნენ, რითაც ცდილობდნენ, გოგონასთვის ჩაძინება შეუმჩნეველი და ბუნებრივი გაეხადათ. სამწუხაროდ, არცერთმა მეთოდმა არ გაჭრა. თითქოსდა ჩაძინებული მაია ისევ თამაშს იწყებდა, მიუხედავად იმისა, რომ ისე ეძინებოდა, გამუდმებით თვალებს ისრესდა. მშობლებმა პედიატრსაც მიმართეს და, მისი რეკომენდაციით, შვილის ერთსა და იმავე დროს დაძინება სცადეს, მაგრამ ისევ უშედეგოდ. გაღიზიანებულმა დედამ საწოლში მაიას ძალით გაჩერებაც მოინდომა. ასეთი მცდელობები იმით სრულდებოდა, რომ დედაც და შვილიც ტირილს იწყებდნენ. დაღლილი მაია ძლივს ახერხებდა ჩაძინებას.

ყველაფერი მაშინ გაირკვა, როდესაც შეწუხებული მშობლები სერიოზულად გაესაუბრნენ პატარას. მაიამ ისინი მიახვედრა, რომ სურდა, თავად მიეღო მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში.

„წარმომიდგენია, – წერს ავტორი, – რა ირონიულად ჩაიცინებენ მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები და იფიქრებენ: „ასეთი ციცქნა და უკვე საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება?“ დიახ! სპეციალისტები ამას ავტონომიურობის ფაზას უწოდებენ. საბავშვო ბაღში გატარებული დღის შემდეგ მაიასთვის ძალიან დიდი შეზღუდვა იყო დასაძინებლად გამწესება. მას მშობლებთან დროის გატარება და, ამავე დროს, საკუთარი თავისა და შესაძლებლობების დემონსტრირება სურდა. მშობლებმა გადაწყვიტეს, გოგონასთვის მოესმინათ. ისინი ნებას რთავდნენ პატარას, ვახშმობამდე ეთამაშა მამასთან ერთად, დედა კი ამ დროს მშვიდად აკეთებდა საქმეს. ამის შემდეგ ბავშვი უპრობლემოდ იძინებდა“.

დასასრულ, უნდა ითქვას, რომ ხშირად მშობლები შვილებს სათანადოდ ვერ აფასებენ. უფროსების თვალთახედვით, მათი შვილები არიან ისეთები, როგორი წარმოდგენაც აქვთ მშობლებს, საზოგადოდ, ბავშვებზე. პრობლემების უმრავლესობა სწორედ ამ მოცემულობიდან წარმოიშობა, – მიაჩნია გერმანელ ექსპერტს.

მაინც რატომ არის, რომ მშობლები უნიკალურ ინდივიდებად ვერ აღიქვამენ შვილებს? რატომ მიიჩნევენ უფროსები, რომ ბავშვები მათ შეხედულებებს უნდა შეესატყვისებოდნენ? რატომ ჰგონიათ, რომ ისინი ყოველთვის ისე უნდა იქცეოდნენ, როგორც საყოველთაოდ მიღებული შეხედულებებით არის განსაზღვრული? იმიტომ ხომ არა, რომ უფროსებს სავალდებულოდ მიაჩნიათ უმცროსების აღზრდა?

საინტერესო კითხვებია, არა? ახლა გაცილებით საინტერესო კითხვებს მოისმენთ, პასუხებს კი ამავე ავტორის სტატიებში ამოიკითხავთ. მაშ ასე: როგორ ვისწავლოთ შვილების ჭეშმარიტი გაგება? როგორ გავთავისუფლდეთ გარკვეული ფიქრებისა და მოლოდინებისგან? რატომ არის, რომ სხვადასხვა ავტორი დღესაც სთავაზობს მშობლებს აღზრდის მზამზარეულ მიდგომებს? როგორ მოახერხონ მშობლებმა, რომ შვილებს პატივისცემით მოეპყრონ, თანაც ისე, რომ არცერთი მხარე არ გრძნობდეს თავს დაჩაგრულად და გამოფიტულად?

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი