ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

როგორ წავიკითხოთ ქალაქები

ცოტა ხნის წინ თბილისს ერთი საინტერესო არტისტი სტუმრობდა – თიხის ფირფიტებით დადიოდა ქუჩებში და შენობების “ანაბეჭდებს” იღებდა. ეს მისთვის ქალაქის აღქმის და დეტალების დამახსოვრების პრაქტიკაა, რომელსაც სხვადასხვა ქალაქებში იყენებს ხოლმე. თიხის ფირფიტებზე ზოგჯერ ჩვეულებრივი სახლების კედლები გადმოდის, ზოგჯერ ჩუქურთმები და ორნამენტები, ხანაც დაზიანებები და წარწერები.

ქალაქებზე დაკვირვება და ურბანული ქსოვილების შესწავლა ჩემი დიდი ვნებაცაა და ხშირად და ბევრს ვფიქრობ იმაზე, რას ამბობენ ადგილები მათი მაცხოვრებლების შესახებ, რა ქმნის ამა თუ იმ ადგილის ხასიათს და როგორ უნდა ისწავლო ქალაქების მოსმენა, მათი წაკითხვა. ამ თემებზე აქაც დამიწერია, მაგრამ ვინაიდან ეს უწყვეტი პროცესია, დაე, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ იმაზე, რატომ და როგორ შეიძლება აკვირდებოდე დეტალებს და ამით თავსაც ირთობდე და გარემოს აღქმის საკუთარ მეთოდებსაც აყალიბებდე. ქალაქების “კითხვა” ერთდროულად არის ვარჯიში კონცენტრაციაში, ინტერპრეტაციასა და ამბის თხრობაში. ამ პროცესში ყველაფერს გაიგებ: ადგილობრივების გემოვნებას, იუმორს, რწმენა-წარმოდგენებს, ჩაგვრის მექანიზმებს და თაყვანისცემის ობიექტებს, ფესვგადგმულ სტერეოტიპებს და ცხოვრების სტილს, უკმაყოფილების მიზეზებს და დაუვიწყარ აღფრთოვანებებს, ურბანულ ლეგენდებს და გადაულახავ შიშებს, საკითხებს, რომელზეც შეთანხმება ვერ ხერხდება და თეზისებს, რომელიც სადაო აღარ არის – მთავარია, შენ რა გაინტერესებს, რისი დანახვა გინდა, ვისი სულის დაჭერა გსურს.

მაგალითად, მე ძალიან მიყვარს იმ წარწერებზე დაკვირვება, რასაც ადამიანები ქუჩებში ტოვებენ გვარ-სახელების გარეშე – ამ წარწერების შინაარსს ფართო დიაპაზონი აქვს: სიყვარულის ახსნიდან პოლიტიკურ სლოგანებამდე. ზოგიერთი წარწერა დიალოგად იქცევა ხოლმე, ზოგი ცენზურას ექვემდებარება, ზოგი გაფრთხილებს, ზოგი რაიმე კონკრეტულ მოვლენაზე კომენტარია, ზოგი მარადიული სევდების და სიხარულის გამოძახილია, ზოგი პოეზია, ზოგიც კლიშე ან სულაც სისულელე.

კიდევ იმაზე დაკვირვება მიყვარს, რა რჩება სახლებიდან, როცა მათ ანგრევენ გარდა მათი ბინადრების მოგონებებისა ამ სახლში გატარებულ დღეებზე. არ ვიცი, შეგიმჩნევიათ თუ არა, რა კვალს ტოვებენ შენობები “მათი მეზობლების” კედლებზე. ეს შეიძლება იყოს კერამიკის ფილები ყოფილი აბაზანის კედლიდან, შპალერის ნაგლეჯები ვიღაცის საძინებლიდან, ბუხარი, თაროები ან სულაც პირსაბანი უკვე დაჟანგებული მილით. “ურბანული პალიმფსესტების” კითხვა ქალაქის განაშენიანების აღმწერი პროცესია და ფანტაზიის სავარჯიშოდაც გამოდგება იმ ამბების გამოგონებას თუ შევყვებით, როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები ამ უკვე დანგრეულ სახლებში.

სხვათა შორის, შენობების, როგორც პალიმფსესტების კითხვა, არაურბანულ სივრცეებშიც შეიძლება – პატარა დასახლებებში მშენებლობის განვითარების მთელი ეტაპები ჩანს ხოლმე შერეული მასალებით ნაშენ კედლებზე და შეიძლება იმის მიმანიშნებლადაც გამოდგეს, როგორი განსხვავებული ხედვა ჰქონდათ საცხოვრებლის შესახებ ამა თუ იმ შენობაში მცხოვრებ სხვადასხვა თაობებს.

ქალაქის “კითხვის” კიდევ ერთი მეთოდი ქუჩების სახელებზე დაკვირვებაა – აქ კარგად ჩანს გავლენები, მისწრაფებები, ისტორია და იდეალები. მაგალითად, საქართველოს გორის ცენტრალურ ქუჩას ჯერ კიდევ საბჭოთა დიქტატორის სახელი რომ ჰქვია, ეს შეგვიძლია იმის ნიშნად მივიღოთ, რომ ადგილობრივებს წინ აქვთ საბჭოთა მემკვიდრეობის ლანდებთან ომის მოგება და საამაყო გორელებისთვის საკადრისი პატივის მიგებაზე ფიქრი. შეიძლება იაკობ გოგებაშვილის ან ეკატერინე გაბაშვილის სახელი იმდენმა ადამიანმა არ იცის მსოფლიოში, რამდენმაც სტალინი იცის, მაგრამ ვისი მემკვიდრეობა უფრო საამაყოა, მგონია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ გაჭირდება, თუკი კითხვა ასე დაისმება.

ქუჩებზე ერთი შესანიშნავი არტისტული ნამუშევარი გამახსენდა და ბარემ მაგაზეც გეტყვით – ემოციური კარტოგრაფია ჰქვია და ქუჩების, მოედნების და სკვერების საკუთარი შეხედულებების, მოგონებების, განცდების შესაბამისად სახელდების გზით ქალაქების მოწყობის მცდელობაა. მგონია, მოსწავლეებიც გაერთობიან, თუკი რომელიმე მათი წარმოსახვით შექმნილ დასახლებაში ადგილების სახელდება ექნებათ დავალებად ან რუკაზე ვარჯიშის საბაბად ექცევათ გრძნობებთან, ემოციებთან დაკავშირებული ადგილების მოძებნა.

ქალაქების წასაკითხად კიდევ ერთი გზა არა თავად ქალაქზე, არამედ ადამიანებზე დაკვირვებაა – ვინ გხვდებათ პარკებში დღის საათებში? ვინ დადის ქუჩაში დილის 8 საათამდე ან ღამის საათებში? ვინ დარბის სავარჯიშოდ ტროტუარებსა და სანაპიროებზე? შეგხვედრიათ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ის ადამიანები ვისაც ტელევიზორის ეკრანიდან იცნობთ? ეზოებში სკოლის საათებში თქვენთანაც ეწევიან უფროსკლასელები სიგარეტს გამალებით? თქვენც ხშირად შეგინიშნავთ, ეტლში მყოფი შვილები მშობლებს მანქანის სავალ ნაწილებზე დაჰყავთ იმის გამო, რომ ტროტუარი მოუწყობელია, ზედ მანქანები დგას ან უბრალოდ არ არსებობს? თქვენს ეზოებშიც აღარ დატოვეს ავტომობილებმა ბავშვებისთვის სათამაშო ადგილი? თქვენი მეზობლებიც ღობავენ მათი ფანჯრების წინ მიწის ნაგლეჯს, რაც სინამდვილეში საჯარო სივრცეა და ყველას ერთნაირად ეკუთვნის? და მერე ამ შემოღობილში თქვენთანაც ყრიან სხვები ათასნაირ ნაგავს? შეგიმჩნევიათ, რომელიმე კაფეში ან სანაყინეში პირის ჩასატკბარუნებლად მარტო შემოსული მოხუცი? და იმას თუ დაჰკვირვებიხართ, დიდ მაღაზიებში დიასახლისები ზოგჯერ ისე რომ მიდიან, როგორც სასეირნოდ და ან მეგობრის სანახავად, უმიზნოდ დახეტიალობენ და უსარგებლო ნივთებითაც კი ინტერესდებიან იმის გამო, რომ შეიძლება ეს არის ერთადერთი ადგილი სახლის გარდა, სადაც ისინი რეგულარულად და უპრობლემოდ ახერხებენ გასვლას. და ხმაური? რა ხმები გესმით? რა არის ამ ხმებიდან განმეორებადი და რა სპონტანური? ვისია ეს ხმები და რას ითხოვენ ისინი სხვა ადამიანებისგან?

ქალაქების კითხვა ჩემი მოგონილი ცნება არ არის – უნივერსიტეტებში სემინარები იმართება ამ დისციპლინაში და Google-ში წიგნები იძებნება ამ პრაქტიკაზე. ეს ფართო და მრავალმხრივი პროცესია და დაინტერესების შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ყველას შეუძლია მისი, თუ შემეცნების გზად არა, გასართობად მაინც გამოყენება და საკუთარ ინტერესებსა და ჭკუაზე მორგება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი