მშობლებს სურთ, რომ შვილებმა დაიცვან მათთვის დაწესებული საზღვრები. საზღვრები, რომლებიც ბუნებრივად ყალიბდება, მშობლების მოთხოვნილებებისა და უნარების შესაბამისად ერთგვარი აუცილებელი „ფარია“. ასე ფიქრობს გერმანელი ავტორი, რომელსაც მკითხველი წინა სტატიებში უკვე გაეცნო. Susann Mierau-ს ნაშრომი „ბავშვთა აღზრდისადმი განსხვავებული მიდგომები, უპირობო მიმღებლობის საფუძველზე“ არის ძალიან საინტერესო და მრავალ განსხვავებულ მოსაზრებას მოიცავს. გერმანელი პედაგოგი და ოჯახური ურთიერთობების კონსულტანტი ქალბატონი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექსპერტია ოჯახური ურთიერთობების, ბავშვთა აღზრდისა და განვითარების სფეროში. კარიერის დასაწყისში სუზან მირაუ ასწავლიდა ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში, შემდეგ მშობლებისა და სპეციალისტებისთვის კერძო პრაქტიკა დაიწყო. ის არის ბლოგერი, ატარებს სემინარებს. ესწრება და სპიკერობას უწევს კონფერენციებს, სადაც განიხილავენ ოჯახის მხარდაჭერისა და გაძლიერების საკითხებს. 1980 წელს დაბადებული სამი შვილის დედა Susann Mierau ცხოვრობს ბერლინის გარეუბანში.
ჩვენი შვილები, – ფიქრობს ავტორი, – ყოველდღიურად მრავალ შეზღუდვას აწყდებიან. აი მაგალითად: „მე არ შემიძლია შენთვის ამ ნივთის ყიდვა, რადგან ფული არ მაქვს“; „ამ საღამოს ვერ გამოგყვები სათამაშო მოედანზე, რადგან ძალიან დაღლილი ვარ“; „არ იხმაურო, შენს პატარა დაიკოს სძინავს“… მსგავსი შეზღუდვების/საზღვრების არსებობა და მათი დაცვა სოციუმში ურთიერთობის სრულიად ნორმალური მოვლენაა. საზღვრების დაწესება სულაც არ არის ძალადობა, როცა ისინი ბავშვების აღზრდის „კეთილშობილურ მიზნებს“ ემსახურება. აუცილებელია, ბავშვებმა იცოდნენ, რომ ადამიანებს, ნივთებსა და სოციალურ სისტემებს აქვთ საზღვრები. მათი დაცვის აუცილებლობაც მნიშვნელოვანი ინფორმაციაა: მშობლებმა მტკიცედ და მკაფიოდ უნდა აუხსნან პატარას, რომ, მაგალითად, სულაც არ არის სასაცილო, როდესაც ის უფროსებს მტკივნეულად ქაჩავს თმებზე. ეს ქცევა სასწრაფოდ უნდა შეაწყვეტინოთ ბავშვს. თუ თავად მშობელი გაიზარდა ისეთ გარემოში, სადაც მისი საზღვრები მუდმივად ირღვეოდა, ის დიდი ალბათობით ვერ შეძლებს საკუთარ შვილს მტკიცედ მოსთხოვოს, არ დაარღვიოს ისინი. ასე არ უნდა ხდებოდეს, – მიიჩნევს სუზან მირაუ, – უფროსებმა თავად უნდა მოახერხონ საკუთარი საზღვრების გაფრთხილება აქ და ამჟამად, რადგან ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ მშობელს ძალიან უჭირს „არა“-ს თქმა და ეს ხარვეზი უფრო მნიშვნელოვანი ხდება, როცა უფროსებს სურთ შვილები განსხვავებულად აღზარდონ, ვიდრე ისინი თავად აღზარდეს საკუთარმა მშობლებმა. „არა“-ს თქმას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც უფროსებისთვის ასევე მათი შვილებისთვის, რადგან თუ პიროვნებას სამართლიანი „არა“-ს თქმა შეუძლია, მას არც სამართლიანი თანხმობა გაუჭირდება.
ძვირფასო უფროსებო, თუ თქვენ შემთხვევით ამგვარ შეკითხვას დაგისვამენ: „იყენებთ თუ არა საკუთარ ძალაუფლებას ძალადობისთვის?“ მე დარწმუნებული ვარ, – ამტკიცებს გერმანელი ავტორი, – უმრავლესობა იმ მშობლებისა, რომლებიც ამ ფრაგმენტს კითხულობს, უარყოფით პასუხს გასცემს ამ შეკითხვაზე. სინამდვილეში, მშობლები არიან უფროსები, რომლებიც დიდ გავლენას ახდენენ ბავშვებზე, მიუხედავად იმისა, რომ რთულ სიტუაციებში ზოგჯერ ისინიც უსუსურად გრძნობენ თავს. მშობლები ადგენენ დღის განრიგს; განსაზღვრავენ, რა რაოდენობის თანხების დახარჯვის უფლება შეიძლება ჰქონდეთ შვილებს; რა ტიპის სოციალური განწყობები უნდა იყოს მისაღები ბავშვებისთვის. შვილები მშობლებისგან დაცვასა და მზრუნველობას მოითხოვენ, ისინი მათ თვალში ბრძენი, ძლიერი, კეთილი და საიმედო ადამიანები არიან. ავტორი ფიქრობს, რომ იქნებიან თუ არა მშობლები ასეთები, დამოკიდებულია მათ მიმართებაზე ძალაუფლებასთან: ანუ იმაზე, თუ როგორ იყენებენ უფროსები საკუთარ ძალაუფლებას. ისეთ სიტუაციებში, როდესაც მშობლები უსუსურობის განცდით იტანჯებიან, მატულობს იმის რისკი, რომ ისინი შეეცდებიან საკუთარი ძალის დემონსტრირებას, რაც მათი მხრიდან შვილების მოთხოვნილებებისა და სურვილების უგულვებელყოფაში გამოიხატება. როგორც წესი, მშობლები, მიიჩნევენ, რომ მათ მიერ ცხოვრების მანძილზე მრავალ სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე დაგროვილი გამოცდილება უფლებას აძლევთ, პრივილეგირებულები იყვნენ და თავად გადაწყვიტონ, რა და როგორ უნდა გააკეთოს პატარამ. საბოლოო ჯამში მოვლენები იმგვარად ვითარდება, რომ თანდათანობით ბავშვებიც კი იჯერებენ მშობლების „ყოვლისმცოდნეობას“.
ანამ მეორე შვილი მაშინ გააჩინა, როდესაც უფროსი გოგონა უკვე თინეიჯერი იყო. თავიდან დედა მეორე გოგონასაც იმავე პრინციპებით ზრდიდა, როგორითაც უფროსს, მაგრამ შემდეგ ანა სოციალური ქსელების მეშვეობით გაეცნო აღზრდის განსხვავებულ მიდგომებს. კერძოდ: „მოთხოვნილებებზე ორიენტაცია“ და „აღზრდის ტრადიციულ შეხედულებებზე უარის თქმა („არა აღზრდას“)“. გარკვეული დროის შემდგომ დედამ გადაწყვიტა, გამოეცადა ეს ახალი მიდგომები, რადგან ჩათვალა, რომ ისინი მისთვის უფრო მისაღებია. ამ დროისთვის პატარა კატოს უკვე ოთხი წელი შეუსრულდა. ის საკმაოდ ძლიერი ბავშვია და დედას მუდმივად კონფლიქტებს უწყობს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა, საჭმლის ჭამა, დაძინება და გართობა. აღმოჩნდა, რომ პატარას თავგზა აებნა, როდესაც მას ნება დართეს, თავად გადაეწყვიტა „სადავო საკითხები“. კატოს სულაც არ მოეწონა დედის შეთავაზება, რომ თავად დაედო საკუთარ თეფშზე კერძი, (ამ თემაზე მუდმივი დაძაბულობა წარმოიშობოდა დედა-შვილს შორის. კატო თვლიდა, რომ საჭმელი ძალიან ბევრი იყო და მას იძულებულს ხდიდნენ ბოლომდე შეეჭამა მთელი ულუფა). დედა აღიარებს, რომ შვილისთვის ვერც დაძინების შესახებ დამოუკიდებლად მისაღები გადაწყვეტილება აღმოჩნდა ადვილი შესასრულებელი. ეს კონკრეტული ექსპერიმენტი იმით დასრულდა, რომ ანა დარწმუნდა: ახალი კონცეფცია ან პრინციპულად არ არის სწორი, ან ის მათი ოჯახისთვის შეუფერებელია.
ამ ოჯახის ისტორიის მაგალითზე მინდა გითხრათ, – ამბობს გერმანელი ექსპერტი, – პატარა კატო ძალიან დაიბნა. ანას საკუთარი მშობლური გამოცდილება იმდენად აქვს შესისხლხორცებული, რომ ვერ გადალახა იმის „ცოდნა“, თუ რამდენი უნდა მიირთვას, როდის დაიძინოს და, საერთოდ, რა აკეთოს შვილმა. სულაც არ არის ადვილი, ახალი მიდგომების გათავისება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს შვილების აღზრდას, მათი კეთილდღეობის შესახებ წლების განმავლობაში გამჯდარი შეხედულებების ცვლილებებს ეხება. ცვლილებები უჭირთ შვილებსაც. ძნელია, ერთ მშვენიერ დღეს გამოუცხადო ბავშვებს, რომ „ხვალიდან მოთხოვნილებებზე ორიენტირებული მშობლები ვხდებით და თქვენ შეგიძლიათ, თავად გადაწყვიტოთ, რა და როგორ აკეთოთ“. მკითხველი მიხვდება, რომ ბავშვებს სჭირდებათ დრო და მუშაობა, რათა თანდათანობით და თანამიმდევრულად გააცნობიერონ საკუთარი მოთხოვნილებები, რომელთა დაკმაყოფილებას უმეტესად თვითონაც შეძლებენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მშობლებსა და შვილებს შორის ძალთა დისბალანსის სრულად აღმოფხვრა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუ მშობლები პასუხისმგებლობას თავს არიდებენ, რათა შვილებს დაუთმონ სიტუაციის მართვის შესაძლებლობა ან სურვილი აქვთ მათ თანასწორებივით მოექცნენ. ეს ერთი შეხედვით კეთილშობილური განზრახვები, სავარაუდოდ, პატარის პიროვნებისა და ფსიქიკის ზედმეტად გადატვირთვას იწვევს.
მშობლებს ხომ შვილებისთვის ყველაფერი საუკეთესო სურთ. სწორედ ასეთი სურვილითაა გამსჭვალული დარეჯანი, რომელსაც თავად მძიმე ბავშვობა ჰქონდა და ამიტომ, სურდა მისი სამი წლის გოგონა ლიზა „სულ სხვანაირად აღეზარდა“. დედამ მიზნად დაისახა, ყოველგვარი ძალადობის გარეშე ემოქმედა. მას სურდა ლიზას მოთხოვნილებებისთვის პატივი ეცა, რისთვისაც ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში მათზე კონცენტრირდებოდა. მიუხედავად ამისა, გამუდმებით წარმოიქმნებოდა კონფლიქტები დედა-შვილს შორის სულ სხვადასხვა საკითხებზე. დარეჯანი თვლის, რომ მისი გოგონა ცოტათი ინდიფერენტული და ცვალებადი ხასიათისაა. როდესაც საბავშვო ბაღიდან დაბრუნებულ ლიზას დედა ეკითხება, რის გაკეთება სურს, ბავშვს, როგორც წესი, ზუსტი მკაფიო პასუხი არ აქვს. როცა, მაგალითად, პატარას სათამაშო მოედანზე უშვებენ, მას სხვაგან წასვლა ურჩევნია. იგივე ხდება საკვებთან დაკავშირებითაც. ამის გამო დედა ვეღარ იგებს, როგორ მოიქცეს. ერთი მხრივ, მას უნდა შვილის მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს, ამიტომ მუდამ რამდენიმე კერძს აკეთებს, რომელთაც საბოლოოდ ლიზა მაინც არ ჭამს და დარეჯანს უწევს, გადაყაროს დარჩენილი საკვები. დედა ძალიან დაძაბულია, ის განიცდის საკუთარ „მარცხს“ და თვლის, რომ არაკომპეტენტურია. მამაც ძალიან შეწუხებულია, მას მიაჩნია, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება.
Susann Mierau ამ ოჯახის მაგალითის განხილვისას ამბობს, რომ: „დედას, რომელსაც სურდა ყველაფერი საუკეთესოდ ეკეთებინა, უკიდურესობაში გადავარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიზას ძალიან დიდი არჩევანის წინაშე აყენებს და საერთოდ არ ეხმარება, თანადგომას არ უწევს გადაწყვეტილების მიღებისას, რაც პატარას უსაფრთხოების განცდას ვერ უყალიბებს. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბავშვების მონაწილეობა უკიდურესად მნიშვნელოვანია მათი პიროვნული განვითარებისთვის. აი ახლა, თხრობა უბრუნდება სტატიის დასაწყისში ხაზგასმით ნახსენებ საზღვრებს. სწორედ მათი დაწესებაა აუცილებელი, განსაკუთრებით ლიზას ასაკის ბავშვებისთვის. განმარტებისთვის: ლიზას შეუძლია, აირჩიოს ვახშმად ან სენდვიჩი ან ბოსტნეულის სალათა. მაგრამ დედამ არავითარ შემთხვევაში დამატებით არ უნდა მოხარშოს მაკარონი, თუ შვილი მოულოდნელად უარს იტყვის პურის მირთმევაზე.
მშობლებისა/უფროსების როლი შვილებისთვის უმნიშვნელოვანესია მათი დაცვისა და ზრუნვის თვალსაზრისით. მაგრამ პრობლემა ისაა, როგორ იყენებენ უფროსები მათთვის მინიჭებულ ასეთ მძლავრ შესაძლებლობებს. მშობლებისთვის, საკმარისია კეთილგანწყობილი, თანამგრძნობი, ბუნებრივად დიდი ავტორიტეტის მქონე უფროსის პოზიცია. „მე ასე მსურს“ და „ჩემს შვილს სრულიად სხვა რაღაც უნდა“-ს შორის ბრძოლა არ უნდა გამართოს მშობელმა და მით უმეტეს გამარჯვებულის დაფნის გვირგვინის დადგმა არ უნდა მოიწადინოს.
ძვირფასო მშობლებო, ფსონის დადება ურთიერთგაგებასა და კრეატიულ გადაწყვეტილებებზე უნდა მოახდინოთ. სწორედ ასეთია ბრძენი, ძლიერი და კეთილი მშობლის როლი.