(პირველი ნაწილი)
„მე ბედნიერი კაცი ვარ. მქონდა ოცნება, რომელიც განხორციელდა. ეს კი ადამიანის ცხოვრებაში იშვიათად ხდება. ევერესტზე ასვლა – ჩემი ხალხი მას ჯომოლუნგმას ეძახის – ჩემი ცხოვრების სანუკვარი ოცნება იყო. შვიდჯერ ვცადე, ყოველ ჯერზე უშედეგოდ, მაგრამ კვლავ ვცდილობდი, კიდევ და კიდევ, მაგრამ არა ისეთი გაცხარებით, რომლითაც ჯარისკაცი მტერზე მიდის, არამედ სიყვარულით, როგორც ბავშვი, რომელიც მშობელი დედის მუხლებზე მიცოცავს ზევით“.
თენცინგ ნორგეი, ეროვნებით ტიბეტელი შერპა, ნეპალელ–ინდოელი მთამსვლელი, პირველი ადამიანი (ედმუნდ ჰილარისთან ერთად), რომელმაც 1953 წლის მაისში, მსოფლიოს უმაღლესი მთის, ჯომოლუნგმას/ევერესტის (სიმაღლე: 8 848 მეტრი) მწვერვალზე დადგა ფეხი.
„მიწა, რომელზეც ვდგავართ, წმინდა მიწაა. იქ ჩვენი წინაპრების სისხლია“.
ალაქჩილია აჰუ, მონტანის შტატის აბსაროკას/„ქროუს“ ხალხის ბელადი (ანგლიზებული სახელი, Plenty Coups)
ადამიანი და მთა – ეს წარმოუდგენლად დიდი სივრცეა, რომელშიც ადამიანები და მთები ერთად არსებობენ და ერთმანეთთან ურთიერთობას ცდილობენ. ადამიანს, ასეთ მცირესა და უძლურს – ორფეხა და ორხელა არსებას, რომელიც საათში სულ რამდენიმე კილომეტრს თუ გადის, და რომელიც გიგანტურ მწვერვალებთან შედარებით ჭიანჭველაზე პატარა ჩანს, ყოველთვის რაღაც იზიდავდა მთებისკენ – მთებისკენ, რომელთა სიმაღლე ათასჯერ აღემატება ყველაზე მაღალი ადამიანისას; მთებისკენ, რომელთა მყინვარებიც შობენ ამაზონის, განგის, იანცზის, ხუანხეს, მეკონგისა თუ ბრაჰმაპუტრას მღვრიე წყლებს; მთებს, რომელთა ფერდობებზე მოსული წვიმა ასაზრდოებს მიწას, რომელიც თავის მხრივ, მილიარდობით ადამიანს ჩუქნის საკვებს; მთებს, რომელთა საძოვრებზე ბალახს ძოვს მილიარდობით ცხვარი, ძროხა, თხა, იაკი თუ ლამა-ვიკუნია; მთები, რომელთა ჩრდილშიც სახლობს ასობით მილიონი ადამიანი აზიაში, ევროპასა თუ ამერიკაში. „თუ დაბლობის დანახვა გინდა, მთაზე უნდა ახვიდე“, გვეუბნება ძველი ჩინური ანდაზა და მთაზე ასვლისკენ გიბიძგებს, თითქოს ძალდაუტანებლად…
და მაინც, რა იზიდავს ადამიანს, ამ მოუსვენარ და ცნობისმოყვარე არსებას, მთის მწვერვალისკენ, ზეცისკენ, მყინვარებისკენ, მრავალსაათიანი დამქანცველი ზესვლისკენ წელამდე თოვლში, ქარსა და მომაკვდინებელ ყინვაში?
ადამიანმა ეს ბოლომდე არ იცის. მას იზიდავს მთა, ან შეიძლება, თვითონ მთა, თავისი სიდიადითა და სილამაზით და ჩვენთვის გაუგებარი ბუნებრივი მანქანებითა და ზემოქმედებით, თვითონაც იზიდავს ადამიანს, თავისი საიდუმლო სანახებისკენ. ესეც არ ვიცით. ვიცით მხოლოდ ის, რომ მყინვარწვერის პირველად დანახვისას, გული სხვაგვარად იწყებს ძგერას; თოვლით დაფარული, მზისგან აბრჭყვიალებული მწვერვალისთვის თვალის შევლებისას, მაშინვე გიჩნდება სურვილი „ის“ მწვერვალი ნახო, ან „იმ“ მწვერვალზე შეიგრძნო ის აქედან მიუღწეველი იქაურობა… „ნეტა, იქ, ზემოთ, როგორია? ნეტა, იქ რა ხდება?“.
„მწვერვალს ვერასდროს დაიპყრობ. შეიძლება მასზე რამდენიმე წუთი იდგე. შემდეგ, ქარი წაშლის შენს ნაკვალევს“, ამბობს ამერიკელი ქალი მთამსვლელი, ქ-ნი არლენ ბლუმი. ამ ქალბატონს კი მერწმუნეთ, მართლაც დაეჯერება, რადგან სწორედ ის „რამდენიმე წუთით“ მდგარა ანაპურნას, დენალის თუ ჯომოლუნგმას მწვერვალებზე და როგორც თვითონ ამბობს, „შემდეგ ქარს თან წაუღია მწვერვალზე მყოფთა ნაკვალევი“.
მსოფლიოში, გარდა ალპინიზმისა და მთამსვლელობის მოყვარული ხალხის სანუკვარი მთებისა და მწვერვალებისა, არსებობს რამდენიმე მთა, რომლებზე ასვლა არც შეიძლება და როგორც ძველნი იტყოდნენ, „არც ეგების“. მოკლედ, არსებობს მთები, რომლებზე ასვლა და მით უმეტეს მათი „დალაშქვრა“ აკრძალულია. დიახ, მკაცრად აკრძალული. ქვემოთ გთავაზობთ ამბებსა და ისტორიებს მსოფლიოს რამდენიმე „აკრძალული“ მთის შესახებ.
#1. ნომერ პირველად წარმოგიდგენთ ტიბეტში მდებარე მწვერვალ კაილაშს (სიმაღლე: 6656 მეტრი) – ჰინდუთა, ბუდისტთა, ჯაინთა და ბონის მიმდევართა წმინდა მთას. ეს მწვერვალი, ან უფრო სწორად, ეს წმინდა მთა, ალბათ, ყველაზე იდუმალი ადგილია დედამიწაზე. კაილაშს სხვადასხვა ენაზე სხვადასხვა სახელს ეძახიან: განგ რინპოჩე, ტიბეტურად; განგ რენ-ბო ცი ფან, ჩინურად; კიელას, ჰინდიზე.
მთა კაილაში წმინდა მთაა ოთხი რელიგიის მიმდევართათვის: ტიბეტური ბუდიზმისთვის, ინდუისტებისა და ჯაინებისთვის და ადგილობრივი ტრადიციული რელიგიის, ბონის მორწმუნეთათვის, რომელთაც ბონპოებს ეძახიან.
ბუდისტებისთვის, მთა კაილაში, საკუთრივ ბუდას განსახიერებაა; ერთ-ერთი ბუდისტური ტრადიციით (ვაჯრაიანას ბუდიზმი, გავრცელებულია ტიბეტში, ნეპალში, ჰიმალაის პროვინციებში, აღმ. აზიასა და მონღოლეთში).
ჰინდუთათვის (ჰინდუიზმის მიმდევრებისთვის), კაილაში შივას ღვთაების ადგილსამყოფელია (ინდური გადმოცემებით, შივა (იგივე მაჰადევა, ან „მთავარი ღმერთი“), ჰინდუთა სამი ღმერთიდან ერთ-ერთია და იგი, შივა – „დამანგრეველი ღმერთი“, სწორედ კაილაშზე ცხოვრობს.
ჯაინებისთვის ამ მთას (კაილაშს) აშთაპადა ჰქვია და მათთვის ეს ის ადგილია, სადაც ჯაინიზმის პირველმა მეფე-ღვთაებამ, რიშაბჰანატამ, პირველად განიცადა მოკშა, ანუ სულის სრული გათავისუფლება დაბადება-სიკვდილის ციკლიდან; ჯაინიზმი – უძველესი რელიგია, ჰინდუსტანის ნახევარკუნძულიდან, რომელსაც ჰინდუზმთან ბევრი საერთო ნიშანი აქვს. თუმცა ამ ორ უძველეს რწმენაში განსხვავებები ტაძრებში, პანთეონში, რიტუალებსა თუ სამარხო წესებში, ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მსგავსება, ლ.ა.).
კაილაშის წმინდა მთის ასეთი მრავალსახოვანი რელიგიური აღქმის გამო, კაილაშის მიდამოები, მუდმივად მორწმუნეთა თაყვანისცემის ადგილია და ათი ათასობით ჰინდუ, ბუდისტი, ჯაინი თუ ბონპოს მომლოცველი, მთელი წლის განმავლობაში მოილოცავს ამ წმინდა მიწას. შესაბამისად, კაილაშის მთაზე ფეხის შედგმა და მით უმეტეს მასზე აცოცება, სერიოზული უპატივცემულობის გამოხატვაა. სწორედ ამიტომ, ამ მთაზე ასვლა აკრძალულია ჩინეთის მთავრობის მიერ და სხვა ვერსია არც კი განიხილება. გარდა, რელიგიური მოსაზრებებისა. მთის პირამიდისებურ-გუმბათოვანი აგებულება და ოთხივე მხრიდან თითქმის ვერტიკალური, ყინულით დაფარული ქარიანი კედლები, ფაქტობრივად გამორიცხავს ამ მთაზე ასვლას.
#2. წმინდა მთა ნანდა დევი – (სანსკრიტ. नन्दा देवी, Nanda Devi) – ინდოეთის სიმაღლით მეორე მწვერვალია (სიმაღლე: 7,816 მ). ინდოეთის უმაღლეს წერტილად ითვლება ინდოეთი-ნეპალის საზღვარზე მდებარე მწვერვალი კანჩენჯანღა (8,585 მ, სიმაღლით III მსოფლიოში). ნანდა-დევის მწვერვალი ინდოეთში, უტტარაკანდის შტატში მდებარეობს, ნეპალის დასავლეთით და ტიბეტის ავტონომიური რეგიონის სამხრეთით.
„ნანდა დევი” ინდურ პანთეონში ნეტარების მომცემ ქალღმერთს ჰქვია. ეს მწვერვალი, ჰინდუთა უწმინდეს მთად და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძნელადმისაღწევ ადგილად ითვლება.
მწვერვალის ეკოსისტემის შენარჩუნების მიზნით, 1983 წელს, ინდოეთის მთავრობამ ნანდა დევის მწვერვალზე ასვლა აკრძალა და იგი ეროვნული პარკის ფარგლებში მოაქცია.
ნანდა დევის უკავშირდება მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი და გასაიდუმლოებული ავანტიურა – 1965-1968 წლებში აშშ-ს მთავრობამ, ინდოეთთან თანამშრომლობით, სცადა მწვერვალზე პლუტონიუმის ბატარეებით მომუშავე ტელემეტრული მოსასმენი აპარატურის დამონტაჟება, ჩინეთის ატომური პროგრამის გამო.
ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო მისიამ, რომელშიც აშშ-სა და ინდოეთის ყველაზე გამოცდილი მთამსვლელები შედიოდნენ, მკაცრი ამინდის გამო, ვერ შეძლო მწვერვალზე ასვლა. მეტიც, ზვავის გამო, ამერიკელებს, 2 კგ-მდე პლუტონიუმის (Pu 238 და Pu 239) აკუმულატორების და SNAP-ის სადაზვერვო სისტემის იქვე, ყინულებში დატოვება მოუწიათ. მეორე წელს, განმეორებითმა ექსპედიციამ მოსასმენი აპარატურის კვალსაც კი ვეღარ მიაგნო.
ასე დამთავრდა აგენტი-007-ის მსგავსი ავანტიურა ინდოეთის ჰიმალაებში იმ მწვერვალის მყინვარზე, რომლებიც ინდოეთის წმინდა მდინარეს, განგს აძლევს დასაბამს. ჰინდუთა ლეგენდის თანახმად, ქალღმერთ ნანდა დევის შეუძლია „დურგად“ – 16-ხელიან, მიუწვდომელ, შურისმაძიებელ ღვთაებად გადაიქცეს და თვით ვიშნუსა და შივას ძალა მიიღოს, კამეჩისსახიანი დემონის – მაჰიშას დასამარცხებლად, რომელიც მსოფლიოს დაღუპვით ემუქრება.
#3. აღმოსავლეთ ტიბეტის, კჰამის, მისადგომებთან მდებარე მთა გონგგა-შანი (ჩინური დასახელება), ან მინია კონკა, (ტიბეტურად) გამორჩეულია როგორც თავისი სილამაზით, ისე – სიმაღლით (ინგლ. Mount Gongga/Minya Konka, 7,556 მ).
გონგგა-შანი, გეოგრაფიულად მთლიანად სიჩუანის პროვინციაში მდებარეობს და მისი მყინვარები მდინარე იანძის აუზს კვებავენ. ადრე, ჩინეთის პროვინციების ტერიტორიულ რეფორმამდე, გონგგა-შანი, იგივე მინია-კონკა, ტიბეტის კჰამის პროვინციაში შედიოდა. გონგგა-შანი, თავისი მებარეობით, დედამიწის ყველაზე მაღალი აღმოსავლეთით მდებარე მთაა (მის აღმოსავლეთით, მასზე მაღალი მთა აღარ გვხვდება). მას ჩინელები „სიჩუანის მთების მეფეს“ უწოდებენ. მთა გონგგა-შანი, ჰიმალაი-ყარაყორუმის მასივის გარეთ მდებარე სიმაღლით მესამე მთაა, ტირიჩ მირისა (Tirich Mir, 7708 მ, ჰინდიყუში, პაკისტანი) და კონგურ-ტაღის შემდეგ (Kongur Tagh, 7,649 მ, ჩინეთის პამირი) და უმაღლესია, წყნარი ოკეანის სადრენაჟო აუზის ფარგლებში.
მიუხედავად იმისა, რომ გონგგა-შანი, ჯომოლუნგმას (ევერესტს) სიმაღლეში 1,292 მ-ით ჩამორჩება, ამ მწვერვალზე ასვლა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის დალაშქვრა.
როგორც ალპინისტები ამბობენ, გონგგ-შანი, ალბათ დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე რთული მწვერვალია, თვით ცნობილ, თოთხმეტ 8,000-იან პიკზე უფრო რთული! მას ხშირად უწოდებენ „ველურ მთას“, რომელზე ასვლას ბევრი ვერ ბედავს!
ცნობილი ჩეხი მთამსვლელი, პაველ კორჟინეკი (Pavel Kořínek), რომელმაც მინია-კონკა 2017 წელს დალაშქრა, წერდა: „მადლობა ღმერთს რომ მინია-კონკაზე ასვლამდე არავის უთქვამს ჩემთვის, რამდენი ადამიანი შეიწირა ამ მწვერვალმა! ეს რომ მცოდნოდა, შეიძლება მასზე ასვლა ვერც კი გამებედა!“.
ამ მთის დალაშქვრას, სიმაღლისა და უმეტესად არასტაბილური ამინდის გარდა, ართულებს მისი ფორმა და ე.წ. ვერტიკალური ვარდნის სიმაღლე – საუკუნეების განმავლობაში, მთის მთავარი პიკი, კონუსის ფორმის, 60-70-გრადუსიანი დახრის გვერდების მქონე კედელი, ყინულოვან მასივად ჩამოყალიბდა, სადაც უხვადაა სერაკები და მუდმივად არის ზვავების საშიშროება. ალბათ სწორედ ამიტომაც, 2017 წლის მონაცემებით, მწვერვალზე წარმატებით მხოლოდ 32 ალპინისტი ავიდა. გონგგა-შანის დალაშქვრის მცდელობების სიკვდილით დამთავრებული შემთხვევების სტატისტიკა კი ერთ-ერთი ყველაზე საშინელია მსოფლიოში – „სიჩუანის მთების მეფემ“ 21 ალპინისტის სიცოცხლე შეიწირა და იგი სიჩუანის მთამსვლელთა ასოციაციის ინფორმაციით, მსოფლიოს ყველაზე სახიფათო მწვერვალს წარმოადგენს! ადგილობრივების თქმით (სიჩუანის ამ მხარეში, გარძეს ავტონომიურ ოლქში, უმეტესად ტიბეტელები ცხოვრობენ), მინია-კონკა ბუდისტების წმინდა მთაა და მასზე ასვლა არ შეიძლება.