სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

აკვიატებულ ფიქრთა საქმე # 2

აკვიატებული ფიქრების შინაარსი, ობსესიური აშლილობისას, არის პავლე მოციქულის მიერ აღწერილი ჯოჯოხეთის ცოდნა და განცდა ზეპირად. ან შეიძლება მეტიც.

 

საზარელი აზრები შენს გონებაში დაუსრულებელ ბოლთას სცემენ და კარი კიდევ ჩარაზულია, ხელი რომ კრა და სადღაც გაუშვა. მაგ კარის გასაღები ზღვის ფსკერზეა. ზღვა კიდევ ბევრია და რომლის ფსკერზე? სხვა დროს მოგიყვებით.

 

ეჭვი, ძიება, ჭიდილი, შეპყრობის განცდა, დაბრალების ფობია, არარსებული დანაშაულის შიში.

 

იწყება ეს გზა დაავადებების გადამოწმებით და ბავშვობიდან – ხან სიმსივნე გჭირს, ხან კუჭის წყლული, ხან შიდსი, ხან ცოფი. აი, ძაღლი, რომელმაც უბრალოდ შენს მანქანას ჩაუარა და ღამით დაფიქრდი – კარი ხომ არ იყო ღია? მგონი ფეხზე ამლოკა? შარვლის ტოტი აწეული მქონდა? ერთხელ სოფელში ვიყავი და თაგვმა გადაურბინა ჩემს ლოგინს. მეტი არაფერი. არც ნაკაწრი. არც შეხება. დილით ბევრი ვეძებე, ბოლოს კოღოს ნაკბენი ვიპოვე მგონი, მაგრამ რადგან გონებამ უმცირესად მაინც დაუშვა, რომ თაგვმა გამკრა კბილი, ადრიანადვე ავდექი, ჩოხატაურიდან თბილისში ჩამოვედი და აცრა გავიკეთე. აცრა ალბათ იქაც იყო, მაგრამ ხომ გსმენიათ პაკაზუხა გურული კაცის ამბავი. თან ობსესიურის. ჰოდა, ეგ არის.

 

ეჭვი საშინელი რამაა. საშინელი და თან აუცილებელი. ეჭვმა დანიშნა ადამიანი დედამიწის მეფედ, თორემ ისე ერთი უბრალო კარისკაცი იქნებოდა – რადგან ეჭვი ბადებს კითხვას, კითხვის დასმა კიდევ საუკეთესო საწვავია განვითარების.

 

თუმცა ეჭვი, რომელიც ობსესიური აშლილობის დროს მოდის, საშინელს მიღმაა – მანდ სიტყვები არ მოუგონია ადამიანს ამ განცდის შესაგებებლად.

 

თავის მხრივ – ბატონი, ან ეგებ ქალბატონი კომპულსია არის დათქმული და დამახსოვრებული ქმედება ავი აზრის წინააღმდეგ. ეს შეიძლება იყოს მომხდარის გაქარწყლება ან წინასწარი, პრევენციული მცდელობა – ლოცვა და შელოცვა, უზუსტესი, დეტალური ცოდნისა და შეცნობის სურვილი, რიტუალი და ჩვევა. კომპულსია არის საყრდენი ადამიანის. რწმენა. იოლად რომ ვთქვათ; სიზმრის წყლისთვის მოყოლა კომპულსიაა, რომელიც ამ ზმანების ახდენის შიშისგან გათავისუფლებს.

 

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, რომელსაც დიდწილად სტრესი იწვევს ობსესიისკენ მიდრეკილ ადამიანებში, ერთობ რთულად მისადგომი შფოთვითი განხრა გამოდგა. იწურება მელატონინი, სეროტონინი, D ვიტამინი – უმაგათობა კიდევ ავი ფიქრების საუკეთესო ნიადაგია – სარეველესავით მრავლდებიან. უკვლევიათ და ვიცით – აფრიკაში ყველაზე ცოტა ადამიანი იტანჯება ამ სენით, რადგან ისინი ასწლეულობით ნაგროვები მზის სხივის ჯამი არიან ბიოქიმიურად. ადამიანი მკაცრად განსაზღვრული ბიოქიმიაა, ოღონდ ეგ არის, რომ ფიქრიც ამ საქმის ნაწილია და ფიქრის ქიმიური ანალიზი კიდევ ჯერ არ მოუგონია კაცობრიობას. ფიქრი კი ობსესიებისას არის ფიქრთაგან უჯიუტესი რამ – კლდეზე გასულ თხას ჰგავს, შეუმჩნეველ, გამხმარ ბალახს რომ წიწკნის და ქვევით თივის გორას ახვედრებ და მაინც არ ჩამოდის. ნებისმიერი ლოგიკა კარგავს ყოველგვარ აზრს არსებობისას, უბრალოდ ქრება.

 

კომპულსიების შესაგებელი კი იწურება. უფრო სწორედ, ადამიანი ირთულებს ტანჯვას – ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ იგონებს ფიქრს, რომელიც ძნელად ექვემდებარება რიტუალურ პასუხს ან დამამშვიდებელ ცოდნას. მედგრად ჩიხისაკენ საკუთარი ნებით! არცერთი ნაბიჯი უკან! – ხან წარმოიდგენს რომ ახალშობილ შვილს კლავს, ხან მძიმე სექსუალურ ტაბუს არღვევს გონებაში და კითხვები – „ხომ არ ვიზამ?“ ან „ხომ არ დამაბრალებენ“? – ალან პოს „ყორნის“ პარტიასავით მეორდება. ტანჯავს ადამიანს ეს წარმოდგენა, განა უნდა და სიამოვნებს – რადგან იმაზე ფიქრობს, რის ჩამდენიც ყველაზე მეტად არ არის. ვერ კი არა – არ. ვიცით, რომ ეს ფიქრები პირობითია – შენ იგონებ. პირობითია, თუმცა ცხადი. მაგრამ შეგეშინდებოდა კი იმგვარივე ფიქრის, მაგალითად, ქვის ხანაში, გამოქვაბულში რომ ცხოვრობდე? ან ტყეში იყო უგზო-უკვლოდ დაკარგული, ადამიანთა გაკიცხვისგან სამუდამო მანძილით შორს? თანაც, ინკვიზიცია ხომ არსად გამქრალა. მან სახე იცვალა და მოულოდნელად, სულაც უკანა რიცხვით გთხოვს პასუხს თანამედროვე ადამიანს. ოცდაათი წლის წინანდელი ეთიკური წესები და დღევანდელი, კაცმა რომ თქვას, ორივე მწირი ტვინის მოფიქრებული, საკმაოდ სხვაობს. მაგრამ დღევანდელი საჯარო სამართალი დაბეჯითებით გთხოვს პასუხისგებას იმის გამო, რასაც ამ „სამართლის“ დამდგენი და ახლა სხვისი მძაგებელი ადამიანებიც აკეთებდნენ მაშინ დიდი სიხარულით. და წარმოიდგინეთ სრულიად დაბნეული, ობსესიური გონება ამ დროს – მისი ისედაც გაწყვეტამდე დაჭიმული მორალი.

 

და აჰა, მთავარი კითხვა: მაინც, რა არის მორალი? ადამიანის ღვთიურობის ნიშანი და უპირატესობა ცხოველთაგან თუ სხვა ადამიანთა მიერ დროდადრო შექმნილი და შემოთავაზებული უგისოსო ვირტუალური ციხე?

 

გახსოვთ ტომ სოიერი? მურაბას რომ მოიპარავს და კუნძულზე რაღაც უცნაური განცდა აღვიძებს და აწუხებს. დეიდამ ეგ ამბავი ჯერ არ იცის, მისგან დასჯის რომ ეშინოდეს, არც ქალაქის მღვდელმა – თუმცა ტომი დიდად რელიგიური არ გახლავთ, არც შერიფისგან გაკიცხვას უნდა ელოდოს მაინცდამაინც – თუ მოქალაქეთა სამართალია. კი, მისი დანაშაული თუ „დანაშაული“ კონკრეტულ სასჯელს არ მოელის იმ სასჯელთაგან, რომელიც საზოგადოებამ დაუწესა საკუთარ თავს. და მაშ რა აწუხებს? სინდისი! – გვპასუხობს მარკ ტვენი. და რა არის სინდისი? ადამიანში არსებული გარდაუვალი წესრიგი თუ ამოვარდნა და დიდი გაკვირვება? აი, ის, რაც კანტს აოცებდა: ვარსკვლავებით მოჭედილი ცა თავს ზემოთ და მორალური კანონი მასში. ეს სასტიკი ქენჯნა ხომ ცხოველური ლოგიკის მიღმაა – კაცმა რომ თქვას არაფრად გვჭირდება – მხოლოდ გვაწვალებს. ეს წვალებაა ადამიანი. ეს წვალება გვიწესებს საზღვრებს და ალბათ აუცილებელი ტანჯვაც არის, მაგრამ როცა ულმობელი დაავადების ფორმას იღებს, სრულიად გაუსაძლისია. ჩემი თუ არ გჯერათ და წიგნების კითხვა გეზარებათ, სკორსეზეს „ავიატორი“ მაინც ნახეთ, ჰოვარდ ჰიუზის დიკაპრიოსეული წარმოდგენით ან რა ვიცი, ცნობილი სერიალის – „უმჯობესია დაურეკოთ სოლს“ – ის პირველ სეზონში, მთავარი გმირის ძმას დააკვირდით.

 

მაგრამ იარსებებს კი სინდისი დათქმების გარეშე, რომელიც წინაპართა წარსულმა გვიმემკვიდრევა ან გარემომ შემოგვაპარა? არავინ იცის. ამიტომაც არის ღრმა და საინტერესო ადამიანი. ყველაზე საინტერესო. ყველაზე ღრმა. ვარსკვლავიან ცაზეც კი.

 

 

///

 

ბავშვობისას, ძილის წინ, საწოლის ქვეშ სამჯერ შეგიხედავთ? ხოლმე კი არა – სულ, დღეარგამოშვებით. ფილებს თუ წააწყდებოდით, თითო ფილა გამოტოვებით გიზომავთ ნაბიჯები? ყოველი მეათე ფურცლის წაკითხვისას წიგნზე წკიპურტი დაგირტყამთ? მე – კი. სხვანაირად არ შემეძლო. სხვანაირად მეგონა დედამიწა გაჩერდებოდა. ერთხელ, შუაღამე იქნებოდა, ავიკვიატე, რომ სათხილეში ბოლო ხისთვის ხელი უნდა მიმედო და უკან დავბრუნებულიყავი. ძალიან მეშინოდა, მაგრამ უფრო ჩათქმის არაღსრულების, ვიდრე უმთვარო ცისა და ავსულების. წამოვდექი, ჩუმად ჩავიპარე და წავედი. მივრბოდი – თან კანკალით და თან სიხარულით. მივადე ხელი, გამოვიქეცი და ამოვისუნთქე. დავწექი და საკუთარი თავისგან დაცულის სიმშვიდით დავიძინე. ეგ არის ყველაზე დიდი სიმშვიდე სიმშვიდეთაგან – უბრალოდ, მერე იზრდები და სხვა ადამიანები გებრძვიან და შენს თავსაც უფრო დიდი ძალით აქეზებენ შენივე წინააღმდეგ.

 

რა არის ის შიშები, ტკივილები, განცდები, დათქმები, აკრძალვები, რაც საუკუნეების მიღმიდან წინაპრებმა გვიმემკვიდრევეს? რისგან თავის დაცვას ვცდილობთ ჩვენ, პატარა ბავშვები, ერთი შეხედვით უმიზეზო სიხარულებითა და წუხილებით. არავინ იცის. თუ იციან, სხვადასხვაგვარია ეს ცოდნა და უფრო ჰგონიათ, რომ იციან, ვიდრე იციან.

 

ხოლო შიშთაგან მთავარი ამბავი ფიქრის შიში მგონია და ფიქრის შიშთაგან აკრძალულზე ფიქრის შიში ყველაზე საშინელი და სასტიკი ფიქრია, ვფიქრობ. გამოცდილებები, რომლებიც რელიგიამ და მითოლოგიამ დაგვახვედრა, კარგს არაფერს გვიქადის – ადამი და ევა სწორედ აკრძალული ვაშლის გამო გამოაძევეს, ზღაპრებში კიდევ იმ ოთახის კარის შეღება, რომელზეც მიგვითითეს, რომ არ შეგვეღო – უბედურებათა და სირთულეთა ლაშქარს მოგვისევს ხოლმე.

 

„ვაშინერს“ – იტყვიან მეგრელები ამაზე. „ვამკანონა“ – პასუხობენ თვითონვე საკუთარ შფოთვას.

 

ტაბუმ შექმნა ადამიანი ისეთი, როგორიც ის არის და ტაბუვე ანადგურებს.

 

ბევრი წამიკითხავს ობსესიების წარმოშობაზე – ცხადია, რომ ზუსტი ვერცერთი. ან კი – როგორ უნდა იყოს ზუსტი ბუნდოვან, უშორეს წარსულზე მკითხაობა. როგორ მივაგნებთ ათიათასწლეულების ჯურღმულში წამს, სადაც ადამიანი და შიში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. და მერე ადამიანმა ისწავლა ლოცვა და შელოცვა – როგორც თილისმა ანაც მცდელობა ფიქრისგან დაცვის –

რადგან პირველად იყო სიტყვა, სიტყვები კი შობენ შიშებს. სიტყვები ახანგრძლივებენ მათ და სიტყვები ამსუბუქებენ. უსიტყვო ფიქრი იოლია, რადგან უსიტყვო მეხსიერება მოიკოჭლებს, სიტყვაა მისი ყავარჯენი. ხსოვნის საშენიც სიტყვაა. ტკივილებს კიდევ ხსოვნა კვებავს – სხვა არაფერი.

 

 

////

 

ახლა მოგიყვებით, როგორ დავბრუნდი. ანუ იმის მიღმა, რაც მითქვამს და იცით. აქამდე სულ ტანჯვაზე ვწერდი და მერე გადარჩენაზე გიყვებოდით. გადარჩენა ექიმებისა იყო. დაბრუნება – ჩემი.

 

ორი გადამწყვეტი ნაბიჯია: ნება და მოძრაობა. ნებას სიცოცხლის სურვილი ბადებს, მოძრაობას კი ნება გაიძულებს.

 

წესი ჩემეული. პირველი და უკანასკნელი:

 

შეცურე იმ მდინარეში, რომელიც იცი, რომ შენზე ღრმა არ არის, მაგრამ მაინც გგონია, რომ დაიხრჩობი. აკვიატებული ფიქრები, შფოთვა, ობსესიები, ფობიები ხომ სხვა არაფერია, თუ არა განცდა შიშისა, რომელიც ცოდნით უსაფუძვლოა. „სხვა არაფერია“ – ცოტა ისეთი ნათქვამია, იოლი. მთელი უბედურებაც ეგ არის, რომ განცდა და ცოდნა ვერ რიგდებიან ხოლმე და ეგ ტოლია ჯოჯოხეთის. შენ უნდა შეარიგო. ხოლო შერიგება დიდი და ხანგრძლივი ვარჯიშია.

 

წარმოიდგინეთ პატარა ბავშვი, რომელიც სიარულს და სამყაროს სწავლობს. არა. წარმოიდგინეთ პატარა ბავშვი დიდი სხეულითა და უზარმაზარი ვალდებულებებით. და იმავე მისიით. კომპიუტერი სადღაც მედო და უბრალოდ, ჩართვა მეშინოდა. ელექტრონულ ფოსტაში და სოციალურ ქსელში შესვლა ხომ საერთოდ – „პაროლი შემეშლება!“, „დამბლოკავენ!“ და მერე უარესი – „იქ რა დამხვდება!“.

 

ჰოდა, ვთქვი – „რადგან გადავრჩი – მე შევძლებ!“, „მე ვარ ადამიანი – ყველაზე გამძლე და ჯიუტი არსება დედამიწაზე!“, „მე შემიძლია ფერისცვალება – უპირატესობა ადამიანად ყოფნის!“. ახლა მართლა ასე ფრთიან ფრაზებად რომ არ შემოვძახე, კი ხვდებით, უბრალოდ განწყობა მართლა ამგვარი იყო.

 

და დავიწყე:

 

ოცჯერ დავაზუსტე ფინანსური დეკლარაცია. ასჯერ გამოვცვალე სოციალური ქსელის პაროლი დავიწყების რისკთან ახლოს მყოფი კომბინაციებით. ყოველდღე ჩავდიოდი სავაჭრო ცენტრების პარკინგზე და ნაძალადევი ღიღინით ვიღებდი დგომის საშვებს. ვდგებოდი საშინელ საცობებში. შევდიოდი ჩიხებში, სადაც მანქანის მობრუნებას საათი სჭირდება და ნიუანსური, ნელი მანევრები. საშინელი სიმშვიდის დაძალებით ვრეცხავდი თეფშებს. უმცირესი ნაკეცების გათვალისწინებით ვაუთოებდი – ღმერთო ჩემო! მაგრამ კიდევ უფრო, ღმერთო ჩემო! – ცალი თვალით ვიქტორ ფრანკლს ვკითხულობდი და ცალით Prime-House-ს ვუყურებდი – მერწმუნეთ, ძალიან ჰგავს ცივი და ცხელი აბაზანის ლამის ერთდროულ მიღებას და ეს უკანასკნელი კიდევ, როგორც გამოცდილი ხალხი ამბობს, დიდად სასარგებლოა. მოკლედ, ვაკეთებდი ყველაფერს, რაც მანამდე ნერვებს კაწრავდა – შფოთვებისას კი არა, დეპრესიამდეც კი. საზარელი ძალისხმევით ვცდილობდი, რომ ტვინი ყოფას დაჰბრუნებოდა და დაემახსოვრებინა ძველებურად ყოფნა.

 

მეორე სართულის აბაზანაში, სადაც სიცოცხლესთან გამოსალმება ვცადე და მისი კარის შეღებაც მზარავდა, შუაღამისას ვდგებოდი და შევდიოდი. მერე წყალს ვავსებდი, ვეფლობოდი – სანამ გაგუდვის განცდა არ შემეგებებოდა და ჰოპ! ამოვიყვინთავდი და ჰაერს ვჭამდი, კი არ ვსუნთქავდი. საბოლოოდ, ასე დავაჯერე თავს, რომ იმ ოთახში სიცოცხლე უფრო მიცდიდა, ვიდრე სიკვდილი.

 

ყოველ მომდევნო წუთს ვაიძულებდი მიებაძა წინა, ძველებურისთვის.

 

გვიანამდე ვუცქერდი ვარსკვლავებს და ფიქრებში ვუშვებდი ყველაზე საშინელ სცენარებს, რომლის პროლოგიც კი მზარავდა მანამდე. მივყვებოდი ფიქრებს ბოლომდე, სულ ბოლომდე და ნელ-ნელა მივხვდი, რომ ვარსკვლავებს კი აღარ ვუმზერდი, ვარსკვლავებიდან ვიყურებოდი და ეს ფიქრები, ეს გამოგონილი შიშები, ძალიან ცუდი ადამიანების მიერ ცილისწამებებით მორწყული, ძალიან სასაცილოები და პატარები ჩანდნენ ასე შორიდან. და მერე ახლოდანაც სასაცილოები გახდნენ.

 

რადგან ადამიანი ვარჯიშია, ადამიანი არის გამეორება.

 

და ნაბიჯ-ნაბიჯ დავუბრუნდი შეშლილ რეჟიმს.

 

და კიდევ. იმთავითვე – ადამიანი უდრის ბაძვას. ის ჰბაძავს საკუთარ რაობას – გარდაუვალ რუტინას ადამიანად ყოფნის. არ ვიცი, იყო თუ არა ვინმე ბარათაშვილზე ზუსტი, როცა ეკლესიასტესეული ამაოების საპირწონედ ამოთქვა, დაუკვირვებელი გაფიქრებით უიმედო და შემგუებელი სიტყვები: „მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან, შვილნი სოფლისა, უნდა კიდეცა მივსდიოთ მას, გვესმას მშობლისა”. არადა, თუ დააკვირდებით, ყველაზე იმედიანი ეს ფრაზაა – ცხოვრებას გვაიძულებს და ყველაზე შეუგუებელიც – „მერანი“ დაწერა ამ კაცმა ბოლო-ბოლო. ვიღაც ზედაპირულმა, შეიძლება ეგრეც გვითხრას, მშობელს კი არ უნდა დაუჯერო, უნდა განვითარდე და შეცვალოო. კაი, კაცო! და ოლოლო მას! არ ერგება გამოცანა! „გვესმას მშობლისა“ მისი ქმედებების კი არა, რაობის გამეორებაა – ცოცხლად ყოფნის მისტერიის, რომელიც მერე შეიძლება სწორედაც რომ შეცვალო და განავითარო. ეგ შეცვლა კიდევ, ადამიანობიდან ამოვარდნამდეც მიგვიყვანს, თუ საქმე გენიოსთან გვაქვს. ანუ „ბედის სამძღვარს“ გადალახავთ – თუმცა მანამდე არ გვეტკინოს არაფერი მე და თქვენ – მოდი, ჯერ აქაურ საქმეს მივხედოთ.

 

ტვინიც ასე ჰბაძავს საკუთარ თავს, ფიქრს ფიქრის ასლად ჭრის და იმეორებს. ძნელია ავ აზრებში გაჯიუტებული გონების მოთვინიერება, მაგრამ ძნელია და არა შეუძლებელი – ახალი მეხსიერება უნდა დაიბადოს!

 

ხოლო ბაძვის შემჩნევა ძველი ამბავია და პლატონისეული მიმეზისის არისტოტელესეული გაგება არის ის ბაძვა, რომელიც ჩვენ გამოგვადგება. ანუ ქმნა. მოძრაობა შესაბამისად. ვიცი, გგონიათ, დავიღალე ამდენი წერით, გამოვფილოსოფოსდი და უკვე ვახურებ, მაგრამ მერწმუნეთ – არა. ადამიანები სულ აკვირდებოდნენ საკუთარ თავს და ჩვენ ყველა დაკვირვებას უნდა დავაკვირდეთ. გამოგვადგება. ძალიანაც.

 

და განა ყველაფერი დასრულდა. ჩემს სხეულს დამახსოვრებული აქვს საშინელი შეგრძნებები და იმეორებს. ხან ტურბულენტური ჩავარდნებიც არის, ოღონდ მხოლოდ ტურბულენტური და არა ავიაკატასტროფა – ეს ზუსტად ვიცი. მაგალითად, თუ მძღოლის გვერდით ვზივარ და თუ დღეა თანაც და ამ დროს ჩამეძინა – საზარელი განგაშით მეღვიძება ორიოდ წამში, ლამის ყვირილით და ღამემდე მოწამლულის შეგრძნება მაქვს, ჩხვლეტა და ჭიანჭველები. ხან უამისოდაც. და ახლა ვსწავლობ ბიოქიმიას, სხეულს, მის პასუხებს ფსიქიკის კითხვებზე, ძილის ალგორითმს, სიზმრების ექოს, გამას და ბეტას, სიტყვების და სინაფსების ნეირონულ კავშირებს. მოკლედ, ათას საჭირო აბდაუბდას. მერე ამაზეც მოგითხრობთ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“