სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

 უდედონი

 „ხან იფიქრებდა, უდედოდ

გაზრდა ვინა თქვა შვილისა…“

                                                                                                                             ხალხური

 არც თინათინს, არც ავთანდილს, არც ტარიელს…  როსანსა და როდიასაც კი დედები არა ჰყავთ.

სად არიან დედები?

ერთადერთს, ნესტან-დარეჯანს ჰყავს დედა, რომლის ყოფნაც ლამის არყოფნაზე უარესია – თავის ქალიშვილს არც ზრდის, არც თანაუგრძნობს, არც იმის ღირსად მიიჩნევს, რომ ხვარაზმშას ძეზე გათხოვების გადაწყვეტილება არა თუ შეუთანხმოს, წინასწარ მაინც შეატყობინოს.

საინტერესოა, დასწყდებოდა თუ არა გული ინდოეთის დედოფალს, თავისი ქალიშვილის მიერ ვიღაც უცხო ქალისათვის მიწერილი წერილი რომ ენახა, რომელიც ასე იწყებოდა: „აჰა, ხათუნო, დედისა მჯობო დედაო!“

ფატმან-ხათუნმა კი მართლაც შეძლო ნესტან-დარეჯანის დედობა: გადარჩენაც, პატრონობაც, თანაგრძნობაც, გაფრთხილებაც, მისი სურვილების პატივისცემაც, განძის უშურველად მიცემაც, მისთვის თავგანწირვაც და ბევრი, ბევრი ისეთი რამ, რაც დედისა და გამზრდელი მამიდისაგან აკლდა, რაც უსიყვარულო ინდოეთში მთელი ცხოვრება ენატრებოდა. უცხო ქვეყანაში პირველივე შემხვედრი უცხო ქალისაგან ისეთი  დედობრივი სითბო და მზრუნველობა იგრძნო ნესტანმა, რომ მთელი გულწრფელობით უთხრა: „შენ ჩემთვის, დედაო, ხარ უმჯობესი დედისა…“

საინტერესოა, რატომ გადაწყვიტა რუსთაველმა, რომ  ფატმანი ყოფილიყო იდეალური დედისა და დედობილის სახე. ის ხომ არც იდეალური ქალია, არც იდეალური ცოლი, არც იდეალური საყვარელი…

როგორც ჩანს, შვილები ფატმან-ხათუნის სუსტი წერტილია.  როცა უარყოფილი საყვარელი დაემუქრა: „ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დამაჭმეველად…“, მისი სიტყვები ზუსტად მიზანს მოხვდა. თავზარდაცემული ფატმანი პანიკაში ჩავარდა და მოთქმა დაიწყო: „მოვკალ, ჰაი, ქმარი, ამოვწყვიდენ წვრილნი შვილნი…“; შეცბუნებულ ავთანდილსაც ასე შესტირა: „დავხოცენ შვილნი ხელითა, მით ვარ აღარას ლხენითა…“.

არსად ჩანს, რომ ფატმანი თავის რეპუტაციაზე, სახელის გატეხაზე, ქმრის ღალატის გამჟღავნებაზე დარდობს. რას იტყვის ხალხი, როგორც ჩანს, დიდად არ აწუხებს. ყველაზე მეტად რაც აშინებს, ის საფრთხეა, რომელიც შესაძლოა მის შვილებს დაემუქროს. ამიტომ კიდევ ერთხელ უმეორებს ავთანდილს: „თუ დარბაზს მივა იგი ყმა, შვილთა დამაჭმევს პირითა“.

ავთანდილისთვის კაცი, რომელიც ქალს დასმენითა და შვილებით აშანტაჟებს, უკვე სრულიად უღირსი და ამაზრზენია. რა შეიძლება იყოს მუქარის მიზეზი, ამას დიდი მნიშვნელობა აღარც აქვს. ამიტომაცაა, იოლად რომ იღებს უცნობის მოკვლის გადაწყვეტილებას: „იმა კაცსა ვერა ვხედავ მეომრად და ჩემად დარად…“.

ჭაშნაგირის მოსაკლავად მისულ ავთანდილს არც ხელი უკანკალებს, არც სინდისის ქენჯნას განიცდის. და რადგან ჯერაც ტარიელის მონათხრობის გავლენის ქვეშაა, უსისხლოდ ხოცავს  ჭაშნაგირის მცველებს: „თავი თავსა შეუტაკა“ (აკი ასე უთხრა ტარიელმა   ხვარაზმშას ძეზე: „თავი სვეტსა შევუტაკე“, ანუ უსისხლოდ მოვკალიო), ხოლო თავად ენატანიობის მოყვარულ ჭაშნაგირს ხვარაზმშას ვაჟივით  საწოლში  უღებს ბოლოს.

ჭაშნაგირის სიკვდილი ხსნაა ფატმანისთვის, რადგან ეს მისი შვილების გადარჩენას ნიშნავს.  ამიტომაცაა ბედნიერი ამ ამბის გაგებით: „მე და უსენი შვილითურთ აწ ახლად დავიბადენით“.

და ბოლოს, როცა უცნობი ქალის საოცარ თავგადასავალს ფატმანი ბოლომდე უამბობს  ავთანდილს, დასძენს, რომ საყვარელი სწორედ ამ ქალის  ამბის გამჟღავნებით ემუქრებოდა. ამიტომაც არაფერს ნანობს და კიდევ ერთხელ დაბეჯითებით  იმეორებს, რომ ჭაშნაგირის სიკვდილი აუცილებელი იყო მისი შვილების გადასარჩენად. თუ მეფე  შეიტყობდა,  რომ   მისი ვაჭართა უხუცესის ცოლი  ნესტანს გაპარვაში დაეხმარა, როგორც ფატმანი ამბობს: „შვილთა, ღმერთო, დამაჭმევდა, დამქოლვიდა მერმე ქვითა!“

როცა ატირებული ამ ამბავს ჰყვება და ავთანდილიც მასთან ერთად ცრემლებს ღვრის, ფატმანმა ჯერ არც კი იცის, რომ მისი მხსნელი შესაძლოა მასზე დიდი გულშემატკივარია ნესტან-დარეჯანისა. უკვირს და ახარებს  კი საყვარლის ამგვარი თანაგრძნობა.

ასეთი თავგანწირული დედაა ფატმან-ხათუნი და ამიტომაც ჭრის მკითხველს ყურს მისი ნათქვამი: „სახლი და შვილნი მომძულდეს, ვჯდი უგულოთა გულითა“. თუ გავიხსენებთ, რომ ფატმანი ასეთ მდგომარეობაში მაშინ აღმოჩნდა, როცა მისი ენაგრძელი ქმრის გამო ნესტანი გულანშაროდან გადაიხვეწა, ხოლო ფატმანმა ჯერაც არაფერი იცოდა მის შესახებ, მივხვდებით, რომ შვილებზე არანაკლებ დარდობდა ის თავისი შვილობილის გამო.

ერთ მშვენიერ დღეს, როცა ავთანდილი  გადაწყვეტს, ფატმანს თავისი დიდი საიდუმლო გაუმხილოს და ნესტანის პოვნა-გამოხსნაში დახმარება სთხოვოს, უკვე დარწმუნებულია, რომ უფრო ერთგულ მოკავშირეს ვერ იპოვის: „მოდი და, ფატმან, მეწიე, ვეცადნეთ მათსა რგებასა…“. არც შემცდარა. ფატმან-ხათუნმა მაშინვე მოთოკა თავისი ქალური ვნებები და კიდევ ერთხელ გაიბრწყინა მისმა დედურმა ბუნებამ: „ფატმან თქვა: „ღმერთსა დიდება, საქმენი მომხვდეს, მო-, რანი, დღეს რომე მესმნეს ამბავნი, უკვდავებისა სწორანი!“

და ნამდვილი დედისაგან განსხვავებით, ყველაფერი გააკეთა, რომ მისი შვილობილი  მართლაც ბედნიერი ყოფილიყო. ამიტომაცაა, რომ, როცა „მათ სამთა გმირთა მნათობთა“ ქაჯეთი აიღეს, ვინც პირველი გაიხსენეს, ფატმანი იყო და „თქვეს: „ფატმან ვნახოთ, მუქაფა გვაც მისი გარდუხდელია“.

ფატმანს უკვე ჩუმად არავინ გადაუხდის ვალს. ზღვათა სამეფოს მეფემაც უნდა იცოდეს, რომ ინდოეთის მეფის ასულის გადარჩენა  მისი ქვეშევრდომის დამსახურებაა. ამიტომაც უთვლის ტარიელი მადლობას სწორედ ზღვათა სამეფოს მეფეს და ატყობინებს: „ფატმანს უხსნია ჩემი მზე, სდედებია და სდებია…“, ამიტომაც უძღვნის ქაჯეთის სამეფოს ზღვათა სამეფოს მეფეს, ხოლო ქაჯთა საჭურჭლეს  – ფატმან-ხათუნს, რომელსაც, მეფის ურჩობის მიუხედავად, თითსაც ვეღარავინ დააკარებს გულანშაროში.

კიდევ ერთი ქალია „ვეფხისტყაოსანში“, რომელიც დედაზე არანაკლები დედაა თავისი  ძმისწულებისათვის და ეს ქალი ქაჯეთში ცხოვრობს. როცა ქაჯთა მეფე გარდაიცვალა: „შემწე ქვრივისა, შემწყნარებელი ობლისა“, მისმა დამ  მეფის ობოლი შვილების მზრუნველობა ითავა: „აწ შვილთა მისთა და მისი ზრდის, უკეთესი მშობლისა“.

ესეც  ქაჯეთი…  მეფეც გულმოწყალე ჰყოლიათ და მამიდაც – მზრუნველი  ობლებისა. როცა დულარდუხტსა და  დავარს ადარებ,  ხვდები, ქაჯეთიც კი თურმე ერთი თავით უსწრებს ინდოეთს…

რატომ ისურვა რუსთაველმა, რომ მისი პერსონაჟები უდედონი ყოფილიყვნენ?  არის კი  პასუხი ამ კითხვაზე?

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“