„რა გინდა?“ – ზოგჯერ სასოწარკვეთითაც კი მიახლი საკუთარ თავს ამ კითხვას. მშობლებსაც და სხვა აღმზრდელებსაც – დროდადრო უიმედოდ და მარცხის განცდით, დანებებულებს – აღმოხდებათ ეს კითხვა. საკუთარი თავის და ერთმანეთის ბევრი მიზეზის გამო არ გვესმის. იქნებ, პირველ რიგში, იმის გამო, რომ რაც გვჭირდება, ახირებებად და დაჟინებულ სურვილებად მიგვაჩნია, ხოლო რაც გვინდა და რაც დაგვიჟინებია – მოთხოვნილებებად ვთვლით?
რა გვჭირდება?
სქემაზე ფოკუსირებული კოგნიტური თერაპიის[1] თანახმად, ჩვენს ქცევებს რამდენიმე ძირეული ფსიქიკური მოთხოვნილება ამოძრავებს. სწორედ ისინი წარმოადგენენ ქცევების წარმმართველს, ხოლო მათი დაკმაყოფილება ქცევის საბოლოო მიზანია. განსხვავებების მიუხედავად, სწორედ ეს მოთხოვნილებები გვამსგავსებს ერთმანეთს. ისინი ზოგადადამიანური მოთხოვნილებებია, რომლებიც ყველა ადამიანს აქვს და რომელთა დაკმაყოფილებისკენ, როგორც წესი, თითოეული ჩვენგანი ისწრაფვის.
- უსაფრთხოება, უვნებლობა, დაცულობა (Safety);
- განჭვრეტადობა, წინასწარმეტყველებადობა (Stability);
- საზრდოობა (Nurturance);
- დამოუკიდებლობა (Autonomy);
- უნარიანობის განცდა (Competence);
- იდენტობის განცდა (Sense of Identity);
- მოთხოვნილებებისა და ემოციების გამოხატვის თავისუფლება (Freedom to express one’s
needs and emotions);
- სპონტანურობა და თამაში (Spontaneity and play);
- სამყარო რეალისტური შეზღუდვებით (World with realistic limits) – (Rafaeli, Bernstein,
Young, 2011).[2]
უსაფრთხოება, უვნებლობა, დაცულობა (Safety)
უსაფრთხოების, უვნებლობისა და დაცულობის განცდის უზრუნველყოფა, პირველ რიგში, მიჯაჭვულობის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ეფუძნება.
მიჯაჭვულობის მოთხოვნილება წარმოადგენს ჩვენი ხანგრძლივი უსუსურობისა და სხვაზე სრულად დამოკიდებულების მოთხოვნილების შედეგს. ადამიანი ხანგრძლივი დროის მანძილზე, ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის, დამოკიდებულია მზრუნველ პირსა და მის მგრძნობიარობაზე, ანუ, იმის უნარზე, თუ რამდენად ზუსტად შეუძლია სიტყვებით ჯერ კიდევ შეუიარაღებელი, პატარა არსების მინიშნებების სწორად ცნობა და მათთან შესატყვისად გამოხმაურება.
უსაფრთხოების, უვნებლობისა და დაცულობის განცდა მზრუნველი პირის „გადამდები“ სიმშვიდისა და იმ სიხარულის შედეგია, რომ შენ არსებობ და მე, როგორც შენზე მზრუნველი ხშირად სიხარულით ვეხმაურები შენს მოთხოვნილებებს და, შესაბამისად, შენს არსებობას. ჩემი სასიცოცხლო ძალა და ძალისხმევა შენკენაა მომართული და სხვა საზრუნავები შენზე ზრუნვაში ხელს არ მიშლის. მსგავსი დამოკიდებულების შედეგია სასურველობისა და მიკუთვნების განცდაც: ვიცი, რომ მელიან და მიმიხარია მასთან, ვინც მელის, როგორც სასურველს.
სასურველობის განცდის გაშინაგნებასთან ერთად, ვრწმუნდები იმაში, რომ ჩემი მოთხოვნილებების გამოხატვა მისაღებია: რადგან განვითარების ადრეულ საფეხურზე ჩემზე მზრუნველი პირი თანმიმდევრულად ეხმაურებოდა ჩემს მოთხოვნილებებს, მჯერა, რომ ისინი მნიშვნელოვანია და ცხოვრების სხვადასხვა საფეხურზე განცდილ უარს გაცილებით მედგრად ვიღებ. რაც მთავარია, შემიძლია, განვშორდე ისეთ გარემოს – მათ შორის, ურთიერთობებს – რომელიც ჩემს მოთხოვნილებებს დამაკმაყოფილებლად არ ეხმაურება.
დამაკმაყოფილებლად გამოხმაურება არ ნიშნავს, რომ ჩემზე მზრუნველი პირი ან შემდგომში ჩემთვის უახლოესი ადამიანები – შეყვარებული, მეუღლე, მეგობრები და ა. შ. – ყოველთვის უზადოდ უნდა ეხმაურებოდნენ ჩემს მოთხოვნილებებს.
ზოგიერთი კვლევის თანახმად, განსაზღვრული მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის კავშირის დამყარების მცდელობების 60-70%-თან, ხოლო ზოგიერთის მიხედვით, 30-40% -თან შესატყვისად გამოხმაურებაც კი უსაფრთხოებისა და მიკუთვნების განცდის საფუძველს ქმნის.
მთავარი კი ძალისხმევის განცდაა: შენი სურვილი და მცდელობა, ზუსტად გაგეგო ჩემთვის და გამომხმაურებოდი.
განჭვრეტადობა, წინასწარმეტყველებადობა (Stability)
რამდენად თანმიმდევრულად ეხმაურებოდი ჩემს მოთხოვნილებებს? – შესაძლოა, ბევრ ადამიანს ამ კითხვის ჩამოყალიბება არ შეუძლია, თუმცა მათი ქცევები ამ კითხვის დასმის ტოლფასია. მეგულებოდი თუ არა, როგორც მზრუნველი პირი, რომლის ქცევების განჭვრეტაც შესაძლებელი იყო? ანუ მეგულებოდი თუ არა, როგორც ადამიანი, რომელიც საკმაოდ ხშირად და შესატყვისად ეხმაურება ჩემს მოთხოვნილებებს? შემეძლო დაგყრდნობოდი, თუ განუსაზღვრელი იყო, რა შემთხვევაში როგორ გამომეხმაურებოდი? იქნებ ერთი და იმავე მოთხოვნილებების გამოხატვის მცდელობას, ძირითადად, სხვადასხვაგვარად ეხმაურებოდი – ზოგჯერ გულისხმიერებით, ზოგჯერ, შეიძლება – მტრულადაც კი, ხოლო ზოგჯერ – უგულებელმყოფი სიჩუმით? რა ვისწავლე სხვაზე დამოკიდებულებასთან დაკავშირებით? ის, რომ სხვაზე დამოკიდებულება შეიძლება, როდესაც მჭირდება, თუ ის, რომ სხვა არასაიმედო და მყიფეა? რა ვისწავლე ირგვლივმყოფებთან დაკავშირებით? ის, რომ ირგვლივმყოფები, ძირითადად, სანდოები არიან, თუ იმედგამაცრუებლები და არაწინასწარმეტყველებადები?
საზრდოობა (Nurturance)
მასაზრდოებელი დამოკიდებულების მოთხოვნილება წარმოადგენს გულისხმიერი მზერის, კეთილგანწყობილი ცნობისმოყვარეობის მოთხოვნილებას: თითოეულ ჩვენგანს დროდადრო მაინც სურს, მისი შინაგანი, ფსიქიკური სამყარო მეორე ადამიანისათვის მისაწვდომი იყოს. თუმცა თავად ამ მოთხოვნილებისადმი როგორ განვეწყობით, იმაზეცაა დამოკიდებული, რა შედეგები მოჰყვებოდა ჩვენდამი ცნობისმოყვარეობას. თუ ჩვენდამი ცნობისმოყვარეობას ჩვენი დარცხვენა მოჰყვებოდა, სავარაუდოდ, ვისწავლეთ, რომ ჩვენი შინაგანი მდგომარეობების გაზიარებას მტკივნეული შედეგები მოჰყვება და ჩვენსა და ჩვენს მზრუნველ პირს შორის კავშირს საფრთხე ექმნება. შესაბამისად, ბევრი ადამიანი საკუთარი შინაგანი მდგომარეობების გამოხატვისგან თავშეკავების სანაცვლოდ, მიკუთვნების განცდის უზრუნველყოფას ცდილობს, რადგან მისი მცდელობებისკენ მიმართული იყო არა მასაზრდოებელი, არამედ, პირიქით, დამთრგუნველი დამოკიდებულება.
დამოუკიდებლობა (Autonomy)
მშობლებისათვის გამოწვევებით დატვირთული ხანა მათსა და შვილებს შორის ურთიერთობაში შვილის მიერ დამოუკიდებლობისა და განცალკევების სურვილის სხვადასხვა სახით გაცხადებაა. მას შემდეგ, რაც მეტად დამოუკიდებლად შეგვიძლია მოძრაობა და გადაადგილება, ვლინდება მშობლებისგან ნაბიჯ-ნაბიჯ განცალკევების სურვილი. განვითარების ამ საფეხურზე ჩვენი წარმოდგენები ჩვენსავე შესაძლებლობებზე მეტისმეტად აღმატებულია, რადგან ჯერ ისევ გვწამს, რომ ჩვენი სურვილები უპირობოდ უნდა ასრულდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, გარესამყარო ზოგჯერ სულაც არაა განწყობილი ჩვენს სურვილებთან უპირობოდ გამოხმაურებისათვის.
მზრუნველი პირების წინაშე ახალი ამოცანაა: მათგან, შეძლებისამებრ უსაფრთხოდ განცალკევების საფუძველზე, ვისწავლოთ საკუთარი მოთხოვნილებების დამოუკიდებლად დაკმაყოფილება. განცალკევების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, აღვიჭურვოთ შინაგანი მდგომარეობებისა და გამოცდილებების, განცდების აღმწერი მდიდარი და ზუსტი სიტყვებით, რომლებიც მომავალში ჩვენი მოთხოვნილებების გამოხატვის უნარის განვითარება-დახვეწის საშუალებას მოგვცემს.
უნარიანობის განცდა (Competence)
ადამიანებს გვჭირდება, ვიცოდეთ, რომ ცხოვრებისეულ გამოწვევებთან გამკლავება შეგვიძლია. უნარიანობის განცდა რწმენაზე დაფუძნებული ცოდნაა: „მე შემიძლია, დავძლიო ყოველდღიური გამოწვევები და ვმართო საკუთარი შინაგანი მდგომარეობები. ჩემთვის ჩემი შინაგანი სამყარო საშიში არაა, მე მას ასე თუ ისე ვიცნობ და ვიცი, როგორ ვიურთიერთო საკუთარ თავთან და სხვებთან. ვიცი, როგორ გავუმკლავდე სირთულეებს და, ასევე, შემიძლია, დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მივმართო სხვა ადამიანებს, რადგან მჯერა, რომ ადამიანები, როგორც წესი, მოინდომებენ ჩემს მხარდაჭერას. შემიძლია, ვისწავლო“.
უნარიანობის განცდის მქონე ადამიანები ატარებენ რწმენას: „მეგულება, როგორც საკუთარი თავი, ასევე სხვები. სანდო ვარ და სხვებიც სანდოები არიან“.
იდენტობის განცდა (Sense of Identity)
ვინ ვარ მე?
როგორც წესი, განცალკევება-დამოუკიდებლობის საფეხური იმასაც მოიაზრებს, რომ გავარკვიო: რა მსიამოვნებს და რა არის ჩემთვის უსიამოვნო? რასთან ვგრძნობ კავშირს? რა აღძრავს ჩემში ცნობისმოყვარეობას და რატომ? რისკენ ვილტვი და რატომ?
შესაძლოა, როგორც მშობელს, მინდოდეს, რომ საქმიანობა, რომელიც ჩემში ცნობისმოყვარეობას აღძრავს, ჩემს შვილშიც ცნობისმოყვარეობის აღმძვრელი იყოს და თუ ეს ასე არ არის, ჩემთვის იმედგამაცრუებელი აღმოჩნდეს.
შესაძლოა, ჩემი შვილისგან განსხვავებული მუსიკალური გემოვნება მქონდეს – განსაკუთრებით, თუ ჩემი შვილი და მე სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს მივეკუთვნებით – თუმცა ჩემი იმედგაცრუების მართვა შემიძლია და ჩემი შვილისადმი კეთილგანწყობილი ცნობისმოყვარეობის გამოვლენა. თუ დავსვამ მარტივ კითხვას: „რატომ შეიძლება ეს მუსიკალური ჟანრი მოსწონდეს ჩემს შვილს?“ – შეიძლება უამრავი ამაღელვებელი რამ აღმოვაჩინო მის შინაგან მდგომარეობებზე. ეს ასევე ქმნის მასზე ძალდაუტანებელი ზემოქმედების შესაძლებლობას, მშობლის გემოვნებაზე საუბრის სივრცეს და ურთიერთქმედების საშუალებასაც: „მე გულწრფელად მაღელვებს, რაც შენ გაღელვებს და იქნებ შენთვისაც ცნობისმოყვარეობის აღმძვრელი იყოს, რასაც მე გაცნობ?“
დროთა მანძილზე კითხვაზე – „ვინ ვარ მე?“ – გაცემული პასუხები იცვლება.
საკუთარ თავზე ხისტი წარმოდგენები შეგუებაში ისეთივე ხელის შემშლელია, როგორც სწრაფად ცვალებადი წარმოდგენები საკუთარ თავზე.
იმისათვის, რომ ცხოვრების სხვადასხვა საფეხურზე ამ კითხვას სარწმუნო პასუხები გავცე, სასურველია, ბავშვობიდან საგზლად გამომატანო განცდა: „შენ ჩემგან განსხვავდები, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს მივეკუთვნებით“.
მოთხოვნილებებისა და ემოციების გამოხატვის თავისუფლება (Freedom to express one’s
needs and emotions)
ადამიანი, როგორც არსება, რომელიც ცხოვრების სხვადასხვა საფეხურზე სხვადასხვა ხარისხითაა დამოკიდებული სხვა ადამიანებთან კავშირზე საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის, იმთავითვე ატარებს საკუთარი შინაგანი მდგომარეობების გამოხატვის მოთხოვნილებას.
ხშირად ადამიანები საკუთარი შინაგანი მდგომარეობებისა და მოთხოვნილებების გამოხატვისგან უკიდურეს თავშეკავებას ირჩევენ, რადგან ამას ბავშვობაში შეიძლებოდა მზრუნველ პირთან ურთიერთობის განუსაზღვრელი დროით შეზღუდვა მოჰყოლოდა.
სპონტანურობა და თამაში (Spontaneity and play)
თამაში და დაუგეგმავობა უსაფრთხოების განცდის შედეგს წარმოადგენს: მე შემიძლია, მოვდუნდე და გაფაციცებული არ ვაყურადებდე გარემოს, არ მივუდგე გარემოს ყოველთვის წინასწარგანზრახული და დაგეგმილი ნაბიჯებით, რადგან შემიძლია მოულოდნელობებთან დაკავშირებული განცდების მართვა. მოულოდნელობები ჩემთვის აუცილებლად უსიამოვნო კი არ არის, არამედ სასიამოვნო აღმოჩენებთანაა დაკავშირებული.
სამყარო რეალისტური შეზღუდვებით (World with realistic limits)
კავშირზე დამყარებული აღზრდა, ამავდროულად, ბავშვისთვის შეზღუდვების გათვალისწინების სწავლებას მოიცავს. ადამიანები, რომელთაც ბავშვობაში არ ასწავლეს, რომ ყოველთვის და ყველგან ისე ვერ მოიქცევიან, როგორც მათ სურთ, მოგვიანებით შეგუების სირთულეებს განიცდიან და მშობლებთან გამოუთქმელი საყვედური აკავშირებთ: „სინამდვილეში გზააბნეული ვიყავი და შენ მჭირდებოდი, რომ თავი დაკვალიანებულად მეგრძნო“.
მეტისმეტად მკაცრი შეზღუდვები, ისევე, როგორც შეზღუდვების დანაკლისი, ადამიანებს უნარიანობის განცდის რწმენის გამომუშავებისა და განმტკიცების საშუალებას არ აძლევს, რაც შემდგომში განიცდება როგორც დაუძლეველი ეჭვიანობა საკუთარი უნარიანობის მიმართ.
…
ბევრი ისურვებდა, რომ მათი მოთხოვნილებები არა ახირებებად ან სურვილებად შერაცხულიყო, არამედ იმად, რისი ასე თუ ისე დაკმაყოფილებაც გვჭირდება იმისათვის, რომ ჯანმრთელ, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე სხვებისთვის კეთილდღეობის მომტან ადამიანებად ჩამოვყალიბდეთ.
[1] სქემაზე ფოკუსირებული კოგნიტური თერაპია (Schema Focused Cognitive Therapy) – ფსიქოთერაპიული მიდგომა, რომელიც ადამიანის აწმყოში მიმდინარე სირთულეების ან ხანგრძლივი დროის მანძილზე უწყვეტად გამოვლენილი, ჩვეული, დამაზიანებელი, შეგუებაში ხელის შემშლელი, არაჯანსაღი ქცევების მართვის მიზნით, იყენებს ადამიანის ადრეული განვითარების საფეხურზე (0 – 5 წლამდე ასაკი) განცდილი დამაზიანებელი გამოცდილებების გახსენების, მათი ხელახლა განცდისა და სხვა სახის მიდგომებს იმისათვის, რომ ადამიანმა, პირველ რიგში, ძირეული მოთხოვნილებების არსებობა მიიღოს და მოაწესრიგოს როგორც საკუთარ თავთან, ასევე ირგვლივმყოფებთან, საქმიანობებთან და სხვა, მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გამოცდილებებთან მიმართება.
[2] Young J. E., Klosko J. S. and Weishaar M. E. (2006). Schema Therapy: Conceptual Model in Schema Therapy: A Practitioner’s Guide, (1 – 63), New York: Guilford Press.