სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ჩანაწერები 

ერთი წლის წინ, 20 სექტემბერს, წელიწად-ნახევრიანი გეენის შემდეგ, გავიღვიძე და დავინახე ფანჯარა. ფანჯარას მანამდეც ვხედავდი, მაგრამ ვერ ვამჩნევდი. ვისაც ეს გზა გაუვლია, იოლად მიხვდება, რასაც ვამბობ. ნელა გავიხედე გვერდით – კარადა იდგა. და კარადა ჰგავდა კარადას. მაგიდა – მაგიდას. სკამი – სკამს და სკამზე შარვალი – შარვალს. ფრთხილი სიხარული ვიგრძენი – გრძელი და მკაცრი ზამთრისას, ქუჩაში რომ გახვალთ, უცებ საიდანღაც ნიავის ფრთა მოგხვდებათ და გაზაფხულის თხელ, მოულოდნელ, ძნელად დასაჯერებელ სუნს შეეფეთებით – ისეთი. სარკესთან მივედი. საშინლად გამხდარი, წარბებდაშვებული, წვერმიშვებული და ცხვირჩამოშვებული სახე მიყურებდა, თვეობით ნატანჯი და გაბზარული გამოხედვით. მაგრამ ის, რომ სარკესთან მივედი, უკვე სხვა ნაბიჯი იყო და ცხადად ვიგრძენი მეორე ნაბიჯის ძალაც და აუცილებლობაც. კიბეს დავუყევი. საფეხურებს ფეხს წუთიანი შეყოვნებით ვადგამდი, მინდოდა ეს უბრალო ხის ფიცრები ისე განმეცადა, თითქოს სამუდამო სამოთხისკენ მიმიძღვებოდა. ქვევით ჩემს მეგობარს ეძინა, მარტო ჯერაც ვერ მტოვებდნენ და მერეც – ბარემ კიდევ ნახევარი თვე. და საერთოდაც – განა ბრძოლა იმ დღეს მორჩა – შიში და სხეულის შფოთვა ხშირად ბრუნდებოდა, მაგრამ მე ვხვდებოდი, როგორც კედელი. დღესაც მოდის. ხან ეგრე, რომ აქაოდა ვბრუნდებიო! მაგრამ „ოლოლო, შენ!“ – ახლა კიდევ უფრო ყრუ კედელი ვარ – ამ წამსაც, როცა ვწერ, ფეხები დამახსოვრებულ ჭიანჭველებს იმეორებენ, მე ვუყრუებ და მალე საკუთარ ბუდეში წავლენ – ზუსტად ვიცი.

 

ჰოდა, მაშინ გარეთ გავედი. შემოდგომაა! – ხმამაღლა ვთქვი. შემოდგომაა! – დამიდასტურა ცუგიმ და გაწვა, მომეფერეო. დავიხარე და მოვეფერე. ცუგის გაუკვირდა. მეც. შორს იდგა მცხეთის ჯვარი, რომელიც მანამდე არ იდგა – თქვენთვის ალბათ კი, მაგრამ ჩემთვის ნამდვილად – არა. გამარჯობა გიორგი! გამომძახა მეზობელმა, რომელიც დილის რბენით მორბოდა და – გამარჯობა! – დავუძახე მე. როგორ ხარ? – დამიძახა მეზობელმა. კარგად! – ვუპასუხე მე. მეზობელს გაუკვირდა. მე – აღარ.

 

 

როცა ვინმე ყოფილი – ნაცნობთაგანი ან მეგობარი, დიდი თავგამოდებით გლანძღავთ ან ცილს გწამებთ, თავს ნუ დაიღლით მიზეზის ძებნით – ვაითუ ოდესღაც რაღაც შეგეშალათ, არამედ გაიხსენეთ – რა გაგიკეთებიათ მისთვის. ბანალური ამბავია – არაფერი ისე არ აღაგზნებს ვიწრო სინდისს, ვიდრე მადლიერების პასუხისმგებლობის გაუქმების შესაძლებლობა – ნამდვილი თუ გამოგონილი.

თავიდან ურიკას ორი მივაგორებდით. მე და მამაჩემი. მე მედო ორი ტომსიკა კაჭკაზე, მამაჩემს – სამი ტომარა. სკოლის და ბაზრის გზა ერთი იყო, ამიტომაც შორიდანვე იოლად შევამჩნიე, როგორ გამოვიდა ჭიშკრიდან ის გოგო, ძალიან რომ მიყვარდა და ასე შორიდანვე შემრცხვა.

 

– „პაწა, მევიცადოთ, გაგვცდეს იი გოგო და წევიდეთ მერე“.

– „რეიზა?“

– „იმიზა, რომე მცხვენია ასე კაჭკით ხელში“.

– „რაია, კი მარა კაჭკაში და მუშავში სამარცხვინო? თან არ მოგქონდეს შენც ახლა ცხრაი მეშოკი – მიმატანიებ ბაზარში, დატიებ და წახვალ სკოლაში!“

– „კაჭკა რაფერაა კაი? სა წერია, რომ კაჭკა კაია – სახარებაში თუ „ვეფხისტყაოსანში?“.

 

„ლომონოსოვი – თქვა მამაჩემმა მტკიცედ და სვლა განაგრძო – სკოლაში ჩვიდმეტი წლის შევიდა, მანამდე მუშაობდა ხან თევზის ბაზარში მწონავად და ხან შეშის მჭრელად და მერე რაი? გიჟდებოდნენ ქალები ლომონოსოვიზა!“.

 

მე წარმოვიდგინე რუსულის კაბინეტში „ნეზნაკომკას“ და „აპიატ დვოიკას“ შუაში დაკიდებული ნახატი „ლომონოსოვი მიდის სკოლაში“ – შესაბამისად ვერ წარმოვიდგინე, რატომ გიჟდებოდნენ ქალები ლომონოსოვიზა და ამ დროს ისევ მამაჩემის ხმა მომესმა:

„აგერ, შაქროიას კითხე, ჩემი თუ არ გჯერა!“.

 

„კი, ლომონოსოვი მაგარი იყო!“ – თქვა ცოტა გულსგარეთ შაქროიამ, რომელიც თავის ხვედრ ურიკას მოაგორებდა და სულ ახლახან შემოგვიერთდა – მაგარი იყო; ერთ დღეში დაწერა მაგან მენდელევის ტაბულა… მარა, ამბობენ, დეესიზმრაო და რა ვიცი, მარა ნაღდია, რომ მაგარი იყო – მენდელეევის ტაბულას რომ კაცი დაწერ!“.

 

ის გოგო ნელა მიდიოდა და ჩვენ იმაზე არანაკლებ სწრაფად ვეწეოდით, ვიდრე ლომონოსოვი დაეწია მეშვიდე კლასის მოსწავლეებს, მაგრამ ლომონოსოვს ალბათ უხაროდა ეს ამბავი, მე კი მერჩივნა ფეხქვეშ კვირიკეთის მიწა გამხეთქოდა და მამაჩემს და შაქროიას რას ვერჩოდი – ექსკლუზიურად მე ჩავეტანე.

 

ეგეთია სიყვარული – საოცრად ამაღლებულთან ერთად, უკიდურესად მიწიერი რამ – სულ რაღაცის გამოკლებას და მატებას მოითხოვს ხოლმე. შესაძლოა გამოსაკლებთა შორის სწორედ კაჭკა იყოს, მისამატებლთა შორის, რამე ურიკაზე უკეთესი. არავინ იცის.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“