სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

გაკვეთილზე პასუხის შიში ბავშვებში – გამომწვევი მიზეზები და დაძლევის გზები

ალბათ ყველას შეგვხვედრია ბავშვი, რომელიც შეწუხებულია იმის გამო, რომ ძალიან კარგად იცოდა გაკვეთილი, მაგრამ კლასში, საგაკვეთილო პროცესში ვერ შეძლო დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა, რის გამოც არასასურველი შეფასება და მასწავლებლის მხრიდან საყვედური დაიმსახურა. ხშირად მშობლებიც ვერ მალავენ უკმაყოფილებას და არ იშურებენ საყვედურს შვილისთვის, რომელიც თითქოს მომზადებული დავალებებით მიდის სკოლაში, მაგრამ უჭირს გაკვეთილზე პასუხის გაცემა, ცოდნის გადმოცემა და სისტემატურად არადამაკმაყოფილებელ შეფასებებს იმსახურებს: „სახლში ვერ გაგაჩერებს ადამიანი და სკოლაში რა გემართება, რატომ არ პასუხობ მასწავლებელს, რამ დაგამუნჯა“!?; „გუშინ ხომ მოამზადე გაკვეთილი, ჩამაბარე კიდეც, გაკვეთილზე რა გემართება“! და ა.შ. მართლაც, არის შემთხვევები, როცა ბავშვი სახლში შესანიშნავად ახერხებს ნასწავლის გადმოცემას, მაგრამ გაკვეთილზე თანაკლასელების ზურგს უკან იმალება, რომ მასწავლებელმა არაფერი ჰკითხოს, და თუ მაინც დაუსვამს შეკითხვას, ის დუმს და ხმას არ იღებს. ხშირად ეს მაშინაც კი ხდება, როცა აღნიშნულ საკითხზე ბავშვს საჭიროზე მეტი ცოდნა აქვს იმისათვის, რომ თავი გამოიჩინოს.

 

ზოგადად გასაკვირი არაფერია, თუ ბავშვი მთელი კლასის წინაშე დაფასთან მდგომი ნერვიულობს, უჭირს ნასწავლის გადმოცემა და ცოდნის გამომჟღავნება. აუდიტორიის, თუნდაც თანაკლასელების აუდიტორიის წინ დგომა ბავშვისთვის დაახლოებით იგივეა, რაც მსახიობის გამოსვლა სცენაზე. რა თქმა უნდა, შეიძლება არათუ ბავშვი, ზრდასრული ადამიანიც საკმაოდ ნერვიულობს, როცა ფართო აუდიტორიის წინ უწევს გამოსვლა. ამდენად, საყვედურების ნაცვლად, ალბათ აჯობებდა ზემოაღნიშნულ სიტუაციაში საკუთარ ემოციებთან გამკლავებაში და პრობლემის დაძლევაში დავხმარებოდით ბავშვს.

 

გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერ პრობლემას თავისი გამომწვევი მიზეზი აქვს და მისი დაძლევა სწორედ ამ მიზეზის აღმოჩენით არის შესაძლებელი, ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა, საჭირო იქნება იმ მიზეზებში გარკვევა, რამაც შეიძლება ბავშვში გაკვეთილზე პასუხის შიში გამოიწვიოს.

 

 გაკვეთილზე პასუხის შიშის გამომწვევი მიზეზები:

  • თავდაჯერებულობის, საკუთარი ძალების რწმენის ნაკლებობა – საკუთარი ძალების რწმენის ნაკლებობა, დაქვეითებული თვითშეფასება, როგორც წესი, შფოთიანობის დონის მომატებას იწვევს გაკვეთილზე პასუხის დროს. ასეთ ბავშვს, როგორც წესი, ყველაფერი მყისიერად ავიწყდება, რჩება მხოლოდ დაბნეულობა და გაუბედავად წარმოთქმული გაურკვეველი ფრაზები, რაც მაშინვე იწვევს, როგორც მასწავლებლის აღშფოთებას, ასევე თანაკლასელების მხრიდან დაცინვას. არადამაკმაყოფილებელი შეფასებით სახლში დაბრუნებულს კი დედა ხვდება უკმაყოფილო – „კი, მაგრამ ხომ იცოდი, ყველაფერი ისწავლე, კარგად მოემზადე, რა მოგივიდა“!? – აღშფოთებას ვერ მალავს უკმაყოფილო დედა. ყოველივე აღნიშნული კი, დახმარების ნაცვლად, კიდევ უფრო აუარესებს ბავშვის მდგომარეობას და აღრმავებს პრობლემას.
  • მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები – თუ ბავშვი არასწორად წარმოთქვამს ბგერებს, ენის ბორძიკით ლაპარაკობს, შეიძლება თავი შეიკავოს გაკვეთილზე პასუხისგან და დუმილი არჩიოს ყოველი არასწორად ნათქვამი სიტყვისთვის თანაკლასელების სახეზე ირონიული ღიმილის დანახვის და მათი მხრიდან დაცინვის შიშით.
  • კლასიდან გარიყულთა შორის ყოფნა, დაბალი სოციალური სტატუსი თანატოლთა ჯგუფში – თანაკლასელებთან დაძაბული ურთიერთობა, კლასის მიერ მისი მიუღებლობა აიძულებს ბავშვს განზე გადგეს, მოერიდოს და თვალში არ მოხვდეს თანაკლასელებს, თუნდაც დროებითი, მოჩვენებითი სიმშვიდის უზრუნველსაყოფად.
  • სასწავლო მასალის არასაკმარისი ცოდნა – თუ ბავშვმა მოამზადა გაკვეთილი, მაგრამ კარგად ვერ ერკვევა იმ საკითხებში, რაზეც უნდა ისაუბროს, გაკვეთილზე პასუხის დროს შეიძლება ეს მისთვის სერიოზულ დაბრკოლებად იქცეს.
  • მასწავლებლის არასწორი ქმედება, დაუფიქრებელი რეაქცია ბავშვის ქცევაზე – პედაგოგის მიერ ნათქვამმა ერთმა დაუფიქრებელმა ფრაზამ – „აბა ერთი ამოღერღე რა იცი, იქნებ დღეს მაინც შევძლო შენი შეფასება ნორმალური ქულით, რომ საყვედურებით აღარ ამავსოს დედაშენმა“ – შესაძლოა დიდი ხნით „დაამუნჯოს“ ბავშვი და ხმა აღარ ამოიღოს გაკვეთილზე მაშინაც კი, როცა ყველაფერი შესანიშნავად აქვს მომზადებული. ხშირად მასწავლებლის არა თუ სიტყვა, არამედ მზერა, პოზა, ხმის ტონიც კი შეიძლება სერიოზული დამაბრკოლებელი აღმოჩნდეს გაკვეთილზე პასუხის დროს. გავითვალისწინოთ, რომ ბავშვებს არავერბალური კომუნიკაციის უნარი ძალიან კარგად, ცალკეულ შემთხვევებში უფროსებზე უკეთესადაც კი აქვთ განვითარებული.
  • გადაჭარბებული მოთხოვნები ბავშვის მიმართ მშობლების მხრიდან – მშობლების პერფექციონიზმი, მოთხოვნა, რომ ყველაფერი იდეალურად უნდა გააკეთოს მისმა შვილმა, ბავშვს აღარ უტოვებს შეცდომის დაშვების უფლებას. საყვედური მშობლის მხრიდან – „რატომ ცხრა და არა ათი ქულა“ – უბიძგებს მოზარდს გაკვეთილზე ჩუმად იყოს, ხელი არ აიწიოს, საერთოდ არ უპასუხოს დასმულ შეკითხვებს და შეფასების გარეშე დარჩეს, ვიდრე ათზე დაბალი ქულა მიიღოს.
  • ბავშვის ინდივიდუალური და ტიპოლოგიური თავისებურებები – თუ ბავშვი ნელა მეტყველებს, ნელა აზროვნებს და ნელა მოქმედებს, მასწავლებელი კი საკუთარი ტიპოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე ვერ ეგუება მოსწავლის შენელებულ ტემპებს და მუდმივად აჩქარებს მას, შეიძლება ბავშვი პასიურ მდგომარეობაში გადავიდეს და თავი აარიდოს პასუხებს.

 

როგორ მოვიქცეთ, როცა მიზეზი ჩვენთვის ცნობილია და ბავშვის დახმარება გვსურს.

 რეკომენდაციები ბავშვებში გაკვეთილზე პასუხის შიშის დასაძლევად:

  • დავეხმაროთ ბავშვს, რომ მომზადებული, სათანადო ცოდნით აღჭურვილი შევიდეს გაკვეთილზე. ამ შემთხვევაში მთავარია, არ დავკარგოთ დრო, ვიზრუნოთ მანამდე, სანამ ცოდნაში ხვრელი იმდენად დიდი არ გახდება, რომ მისი დაუყოვნებლივ გამოსწორება შეუძლებლად არ იქცევა; გაკვეთილისთვის გაძლიერებული ინტენსიური მომზადების შემთხვევაში გაკვეთილზე პასუხის შიში სწრაფად გაივლის.
  • მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემების დასაძლევად მივმართოთ ლოგოპედს და ნევროლოგს. გავითვალისწინოთ, რომ სწორი მეტყველება მხოლოდ სწავლისთვის არ არის საჭირო; თუ პრობლემა არ იქნება დაძლეული, ის მომავალშიც შეიძლება დაბრკოლებად ექცეს ბავშვს და ჩამოუყალიბდეს არასრულფასოვნების კომპლექსი.
  • როდესაც გაკვეთილზე პასუხის შიშის მიზეზი მშობლების გადაჭარბებული მოთხოვნებია, დედებს და მამებს მოუწევთ აღიარონ თავიანთი შეცდომა და გადახედონ საკუთარ შეხედულებებს ბავშვის ცოდნის შესაფასებელ ქულებთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში შედეგი არ დააყოვნებს – ბავშვის შფოთვა გამოწვეული არასასურველი ქულებით დროთა განმავლობაში გაქრება და აქტიურობა გაიზრდება.
  • სასურველია პედაგოგმა კარგად გაიაზროს იმ ფრაზების შინაარსი, რომლებსაც ბავშვებთან იყენებს. ხშირად მასწავლებელი ზედმეტი დატვირთვის და გადაღლის გამო ვერ ამჩნევს, რომ მისი რეპლიკა გახდა ბავშვის შიშის მიზეზი.
  • გაკვეთილზე პასუხის შიშის მქონე ბავშვების ზეპირი გამოკითხვისგან მასწავლებელმა, პირველ ხანებში, შეიძლება თავი შეიკავოს და გამოკითხვის სხვა ალტერნატიული ფორმები გამოიყენოს – ნება დავრთოთ ბავშვს, წერილობით შეასრულოს დავალება, პასუხები ფურცელზე ჩამოწეროს. შეიძლება ასევე ცალკე, ერთი ერთზე შეხვედრისას ჩაგვაბაროს ნასწავლი მასალა. კარგი იქნება წყვილებში და ჯგუფური მუშაობის ფორმების გამოყენებაც.
  • დავეხმაროთ ბავშვს საოჯახო გარემოში გაკვეთილის სწორად მომზადებაში. გაკვეთილის მომზადებისა და საგაკვეთილო პროცესში პასუხის დროს ბავშვი სხვადასხვანაირად გრძნობს თავს, ის სხვადასხვა ემოციურ მდგომარეობაში იმყოფება და ეს ბუნებრივია – სახლში გაკვეთილს ბავშვი მშვიდ, კომფორტულ გარემოში სწავლობს, ის შეიძლება წამოწოლილ, მოშვებულ მდგომარეობაშიც იყოს. საკლასო ოთახში, გაკვეთილზე პასუხის დროს კი დაძაბული, აღელვებულია, შეფასების მოლოდინშია. ცნობილია, რომ რაც უფრო მეტად განსხვავდება ადამიანის მდგომარეობა იმ მომენტში, როცა ის იღებს ინფორმაციას, მაგ. სწავლობს გაკვეთილებს და როცა გადმოსცემს, პასუხობს, მით უფრო რთულია მისთვის მიღებული ინფორმაციის გახსენება. აქედან გამომდინარე, უნდა შევეცადოთ დავაახლოოთ ეს ორი განსხვავებული მდგომარეობა. ამისათვის გამოვიყენოთ ბავშვის წარმოსახვის უნარი – ვთხოვოთ, წარმოიდგინოს საკუთარი თავი სხვადასხვა ემოციურ მდგომარეობაში და აღწეროს რას გრძნობს, რას განიცდის, რას ფიქრობს, როცა სრულიად მშვიდად არის და რას გრძნობს, რას ფიქრობს, როცა დაძაბულია. გაკვეთილის მომზადების შემდეგ ბავშვმა აუცილებლად უნდა გადმოსცეს ნასწავლი, მოჰყვეს ისე თითქოს ეს კლასში, გაკვეთილზე ხდება, წარმოიდგინოს საკუთარი თავი საკლასო ოთახში, დაფასთან პასუხის დროს. უკეთესი იქნება გაკვეთილის მოყოლა სარკის წინ, ამასთან ისეთი სარკის წინ, სადაც ბავშვი მთლიანად, თავიდან ფეხებამდე დაინახავს საკუთარ თავს. მოყოლის დროს მან ყურადღება უნდა მიაქციოს საკუთარ ხმას, პოზას, მიმიკას, ჟესტებს. თუ ბავშვი მეგობართან ერთად მეცადინეობს, მოუყვეს მას მასწავლი მასალა, მაგრამ სარკე მაინც გამოიყენოს. კარგი იქნება, თუ მეგობარი დაჯდება ბავშვის უკან ისე, რომ სარკეში ყურებისას ის საკუთარ თავთან ერთად მასაც ხედავდეს. რა თქმა უნდა, გაკვეთილის მოყოლა ბავშვს შეუძლია როგორც მეგობრისთვის, ასევე დედისთვის, მამისთვის, ძმისთვის, დისთვის და ოჯახის ნებისმიერი წევრისთვის. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ სარკის დახმარებით ბავშვს შეეძლოს თვალყური ადევნოს, როგორც საკუთარ თავს, ასევე მსმენელის რეაქციებსაც.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გაკვეთილზე პასუხის შიშის გამომწვევი მიზეზის მოძიებით და ამ მიზეზის დაძლევაზე მუშაობით ჩვენ შევძლებთ, დახმარება გავუწიოთ ბავშვს და საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად სათანადო პირობები შევუქმნათ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“