კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

„როგორ გავატარე ზაფხული“

 „საოცარია, მაგრამ ზაფხული ყოველთვის ძალიან მალე გადის!“

 მოდით ვაღიაროთ, ვის არ უყვარს ზაფხული, როცა თითქმის სულ თავისუფალი ხარ? ზოგი ჩვენგანი სოფელში ახელს თვალებს, ზოგს ტალღების ხმა ჩაესმის დაძინებისას, ან იქნებ ორივე – მონაცვლეობით. მე თუ მკითხავთ, არც თბილისში გატარებული ზაფხულის დღეები იყო ურიგო – გამორთული მაღვიძარათი, დილა-საღამოს გამოხსნილი აივნის კარითა და იმ სერიალის ყურებით, რომელსაც თერთმეტი სეზონი აქვს (სეზონში თორმეტი სერიით) და ცხადია, სემესტრის მიმდინარეობისას მას ვერაფრით ვერ ჩავრთავდი. არც წიგნები ყოფილა ნაკლები, აივანზე რომ დაგვრჩა და მზისგან ყდა გაუხუნდა, არც საკუთარ ცხელ სამზარეულოში მომზადებული ვანილის ნაყინგარეული ცივი ყავა. ახალი ბოსტნეულის სალათასაც სულ სხვანაირი გემო აქვს ხოლმე, მით უმეტეს, როცა იცი, დესერტად ჩაშაქრული საზამთრო გელის. ბოლოს და ბოლოს ცაში ელვის გაკლაკვნასა და ნანატრი წვიმის წვეთების გამოჩენას მაინც ხომ არაფერი შეედრება?! რასაკვირველია, აგვისტოში. ზაფხული, ხომ ყველაზე მეტად მაინც ცხელი აგვისტოა, რომელშიც სულს ვღაფავთ და მხოლოდ იმაზე ვოცნებობთ, როდის გავაო. ბოლო დღეებში კი სევდა გვიპყრობს. ზაფხულის ბუნება ასეთია: ყველაზე სწრაფად გადის, თან ყველაზე ნელა. მის ფასს კი ძირითადად სწორედ ბოლო დღეებში ვხვდებით ხოლმე.

მასწავლებლებისთვის ბოლო დღეების ათვლა სხვანაირად იწყება. ოდესმე მარკეტში შესულებს თქვენთვის ყვითელ სააქციო ბანერს მოუჭრია თვალი? რა თქმა უნდა, ასეთ ბანერებზე ხშირად წერია, რომ ფასდაკლებაა ზეთზე, ყავაზე, ორცხობილებზე… მაგრამ ისეთი ბანერი თუ შემოგხვედრიათ, რომელსაც აწერია: რვეული 0.85 თეთრი, კალამი 0.60 თეთრი, უბრალო ფანქარი, ფერადი ფანქრები, საშლელები, მარკერები, სახატავი რვეულები…. სია უსასრულოა. უსასრულოა წამიც – ამ ყველაფრის დანახვით გამოწვეული. ერთდროულად ბევრი ემოცია ახლავს თან. იცი, რომ ე.ი მალე „welcome back to school” მეილიც შემოფრინდება ელფოსტაზე, პირველ დღეს რას ჩავიცვამ? ბავშვებისთვის რა აქტივობები მოვიფიქრო პირველ კვირას? ნეტა რომელიმე მათგანი ხომ არ გადასულა? ალბათ ახლებიც დაგვემატნენ. იმ პატარებს რას ვეტყვი, ვისი მასწავლებელიც ვიცი, რომ აღარ ვიქნები, მაგრამ მათ ჯერ არ იციან? ნეტა ყველა გაკვეთილი მიყოლებით არ მქონდეს… ამ ფიქრებში კალათი ნელ-ნელა ივსება იმ პროდუქტით, რომლისთვისაც მარკეტში ჩახვედი და სალაროსთან მისული კიდევ ერთხელ აპარებ თვალს აქციაში გამოტანილი სასკოლო ნივთებისკენ. ეგ არის! ზაფხული ოფიციალურად დამთავრდა! მალე ნაყინიც ამოსკუპდება საყიდლების სიიდან და საზამთროთი დატვირთული უზარმაზარი მანქანებიც გაქრებიან ეზოებიდან.

ერთი სასწავლო წლის ბოლოს ჩემმა მოსწავლეებმა უკუკავშირის წერილები დამიწერეს. მაფასებდნენ, როგორც დამრიგებელს და როგორც ინგლისურის მასწავლებელს. ერთ-ერთი გოგონას წერილში თვალი მომჭრა რამდენიმე წინადადებამ, რომლის მიხედვითაც საუკეთესო მასწი თუნდაც მხოლოდ იმიტომ ვარ, რომ სასწავლო წლის დასაწყისში მათ „როგორ გავატარე ზაფხული“ არ მივეცი დასაწერად. თავად ამასთან დაკავშირებით დრამის დადგმაზე არასდროს მიფიქრია. მსგავსი რამ მოსწავლეობისას თითქმის ყოველ წელს მიწერია, თუმცა ჩემთვის ამის წერა ერთგვარი რეფლექსია უფრო იყო – მშრალი წინადადებების ამოსროლა, რომ იმ დღეს მდინარეში ვიბანავე და სხვა დღეს – ტბაში, რომ ეზოში სოკო ვიპოვე, მაგრამ არ ვიცოდი შხამიანი იყო თუ არა და ა.შ. მოკლედ მთელ ზაფხულს ნახევარ გვერდში ვატევდი. ყველაფერი ზედაპირულად, არაფერი დამაჯერებელი ან ემოციური, მხოლოდ ფაქტების აღწერა. ამ ყველაფერზე სწორედ მაშინ დავფიქრდი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ჩემს მოსწავლეზე გაუცნობიერებლად მომიხდენია კარგი შთაბეჭდილება იმით, რომ „როგორ გავატარე ზაფხული“ არ ვაწერინე. ახალბედა დამრიგებლისთვის მშვენიერი დასაწყისია.

იმის თქმა მინდოდა, რომ მარკეტებში რვეულებისა და კალმების დანახვისთანავე მასწავლებლის ტვინში ავტოპილოტი აქტიურდება, რომელიც დივანზე ზარმაცად წოლისა და თერთმეტსეზონიანი სერიალის ყურებისას ტელეფონში გამუდმებით ეძებს და ინიშნავს ახალ იდეებს პირველი დღისა თუ კვირის აქტივობებთან დაკავშირებით. ეს საკმაოდ დამღლელი და შფოთვით სავსე, ამავდროულად, სასიამოვნო პროცესია. სულ ფიქრობ, ეს მოეწონებათო და მერე იმდენს ფიქრობ, ვიდრე იდეა ფორმას არ იცვლის და იმაზე ფიქრს არ იწყებ, რომ სულაც არ მოეწონებათ. სინამდვილეში კი ყველაფერი გაცილებით მარტივადაა, რადგან რეალურად ყველაფერი „როგორ გავატარე ზაფხულია“, ოღონდ ნაწილებად და არამხოლოდ წერით დავალებებად დაშლილი. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ „როგორ გავატარე ზაფხულით“ თქვენ უნდა შეიტყოთ ბავშვების საუკეთესო, სევდიან და რუტინულ მომენტებზე, იმაზეც, თუ რამდენი მოიმატეს სიმაღლეში, რამდენი კბილი მოიცვალეს და ზაფხულის გამოცდილებების მიხედვით, რომელია მათი საყვარელი ფერი ახლა. არ დაგავიწყდეთ, რომ უნდა შეიტყოთ, თუ ნახეს რომელიმე ისეთი ადგილი, ცხოველი ან ფრინველი, რაც აქამდე არ უნახავთ, რა შეცვალა ამან მათ წარმოდგენებში. აუცილებელი ამოცანაა, როგორმე გაარკვიოთ, რა შეიცვალა სამი თვის განმავლობაში მათ მიზნებში, შეხედულებებსა და გემოვნებაში. არც ახალგაცნობილი ფილმისა თუ წიგნების პერსონაჟები დაივიწყოთ და არც მათი „ქრაშები“, ცხადია, თუ გაგიმხილეს. რაც ყველაზე მთავარია, გახსოვდეთ, რაც შეიძლება მეტი შეიტყვეთ მათ ემოციებზე, რადგან სწორედ ეს ემოციები იქნებიან თქვენი მეგზურნი მომდევნო არდადეგებამდე. წერეთ, ხატეთ, ძერწეთ, გამოჭერით, ისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გაატარეს ზაფხული ისე, რომ ეს სიტყვები არ ახსენოთ. ამ ყველაფრის ჩაქსოვა ნებისმიერ დავალებაში შეიძლება.

ჰო, არც ის დაგავიწყდეთ, რომ ბავშვებს თქვენი ზაფხულის თავგადასავლებიც უნდა მოუყვეთ, მათ ეს განსაკუთრებით უყვართ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი