სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მოზარდისთვის სწავლისადმი ინტერესის შენარჩუნების ხელშემწყობი ფაქტორები

იმ პრობლემათაგან, რომლებსაც მოზარდის პედაგოგები და მშობლები აწყდებიან, სწავლისადმი ინტერესის დაკარგვა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზულია. „არ ვიცი, რა დაემართა ამ ბავშვს. რა კარგი მოსწავლე იყო, ყველა დავალებას კეთილსინდისიერად ასრულებდა, ბოლო ხანს კი საერთოდ აიღო ხელი სწავლაზე, აღარც დავალებებს ასრულებს და სკოლაშიც სრულიად მოუმზადებელი მოდის“, – პედაგოგისგან ამ სიტყვების მოსმენა სასკოლო ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ბევრ მშობელს უწევს. არცთუ იშვიათად სწავლისადმი ბავშვის დამოკიდებულებაში სერიოზულ ცვლილებებს თავად მშობლებიც დიდი გულისტკივილით აღნიშნავენ.

მოზარდისთვის სწავლისადმი ინტერესის შესანარჩუნებლად უნდა ვიცოდეთ ის მიზეზები, რომლებმაც შეიძლება ეს ინტერესი შეასუსტოს ან საერთოდ გააქროს.

 

სწავლისადმი ინტერესის დაკარგვას იწვევს:

  • ოჯახური პრობლემები თუ ოჯახის წევრებს შორის ყოველდღიურად ჩხუბი და კონფლიქტია, ეს აუცილებლად უარყოფითად აისახება ბავშვზე – როგორც სწავლისადმი მის დამოკიდებულებაზე, ისე მის ემოციურ სფეროზეც;
  • დაძაბული ურთიერთობები თანაკლასელებთან თუ მოზარდს თანატოლები ჩაგრავენ ან დასცინიან, საეჭვოა, მან სწავლისადმი ინტერესის შენარჩუნება შეძლოს;
  • ახალ სკოლაში გადასვლა სკოლის შეცვლა სერიოზული სტრესია ბავშვისთვის. მან შესაძლოა დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა, ჩაიკეტოს, შებოჭილი და მორცხვი გახდეს. თუ, ამასთან ერთად, დიდხანს ვერ მოახერხა მეგობრების პოვნა, სტრესი ძლიერდება;
  • დამოუკიდებლად მოქმედების უნარჩვევების ნაკლებობათუ მშობლები ზედმეტად მეურვეობენ ბავშვს, ყველაფერს მის ნაცვლად აკეთებენ, გარკვეულ ეტაპზე მას ძალიან გაუჭირდება სწავლისადმი სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და ინტერესის შენარჩუნება;
  • მშობლების გულგრილობა თუ მშობლები არ ინტერესდებიან ბავშვის სასკოლო ცხოვრებით, არ აქებენ მიღწეული წარმატებების გამო, მას შეიძლება გაუქრეს სწავლის სურვილი;
  • ბავშვის შესაძლებლობების გაუთვალისწინებლობათუ მოზარდს ისეთი დავალებებით დავტვირთავთ, რომლებიც მისთვის მეტისმეტად რთული ან მეტისმეტად მარტივია, ეს სწავლისადმი მის ინტერესს სერიოზულად შეასუსტებს;
  • დარღვევები ბავშვის ფსიქოფიზიკურ განვითარებაში ფიზიკურ ან ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ხშირად ხელს უშლის სწავლით დაინტერესებას და კარგად სწავლას.

მიზეზის გარკვევის შემდეგ, ვფიქრობ, ძნელი არ უნდა იყოს პრობლემის მოგვარება და იმ სირთულეების დაძლევა, რომლებიც ბავშვისთვის სერიოზულ დაბრკოლებად იქცევა სასწავლო პროცესით დაინტერესების გზაზე.

 

რეკომენდაციები: როგორ შევუნარჩუნოთ ბავშვს სწავლისადმი ინტერესი

* შევუქმნათ მშვიდი გარემო ოჯახში. მოვერიდოთ ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გარკვევას ბავშვის თანდასწრებით. ნუ ვაქცევთ მას ოჯახური კონფლიქტის მოწმედ.

* დავინტერესდეთ, როგორ ჩაიარა მოსწავლის დღემ, რა ისწავლა ახალი, რა გაიგო საინტერესო. მოვუსმინოთ ყურადღებით და არა ზერელედ, სხვა საქმის კეთებასთან ერთად.

* აღვნიშნოთ მისი თუნდაც მცირე წარმატება და შევაქოთ.

* შევუქმნათ ბავშვს მშვიდი ატმოსფერო კლასში. თანაკლასელებთან გართულებული ურთიერთობის შემთხვევაში დროულად ვიზრუნოთ პრობლემის მოგვარებაზე. ბავშვის ძლიერი მხარეების, ღირსებების წინ წამოწევით  ვცადოთ თანატოლთა წრეში მისი ავტორიტეტის ამაღლება.

* მოვერიდოთ ბავშვის კრიტიკას და დაცინვას. თუ რამე არ გამოსდის, დავეხმაროთ და არა საყვედურებით ავავსოთ.

* ადრეული ასაკიდანვე გამოვუმუშაოთ დამოუკიდებლად მოქმედების უნარ-ჩვევები. სასკოლო პერიოდში მოვერიდოთ საშინაო დავალების შესრულების პროცესში ზედმეტად ჩარევას. მოსწავლემ უნდა იმუშაოს დამოუკიდებლად, მაგრამ თუ რამე უჭირს, ზედმეტად რთულია მისთვის, ვიყოთ მის გვერდით და დავეხმაროთ.

* მივცეთ ისეთი სირთულის დავალებები, რომლებიც მის შესაძლებლობებს ოდნავ აღემატება და რომელთა შესასრულებლადაც მას გარკვეული ძალისხმევის გაღება მოუწევს. ასეთ სიტუაციაში სწავლება მისთვის განმავითარებელი იქნება და ინტერესიც არ გაუქრება. მეტისმეტად მარტივი და მეტისმეტად რთული, მისი განვითარების დონისთვის შეუსაბამო დავალებები ინტერესს ადვილად დააკარგვინებს და სწავლის ხალისსაც გაუქრობს.

* მოვერიდოთ ცუდი შეფასებებისთვის, დაბალი ქულებისთვის ბავშვის დასჯას, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავად ღელავს ამის გამო. უმჯობესი იქნება დამატებითი მეცადინეობების ჩატარება და ამა თუ იმ საკითხში ბავშვის უკეთესად გარკვევა.

* მიზანშეწონილი არ არის ბავშვის შედარება სხვა, უფრო წარმატებულ მოსწავლესთან, მით უმეტეს, როცა ის გრძნობს, რომ ვერასოდეს გახდება კონკრეტულ სფეროში ისეთი წარმატებული, როგორიც მისი თანატოლია, რომელსაც სისტემატურად ადარებენ.

* მოვერიდოთ ბავშვის უნარებსა და შესაძლებლობებზე მსჯელობას მხოლოდ მიღებულ ქულებზე დაყრდნობით. ეს ნამდვილად ვერ დაეხმარება მოზარდს სწავლისადმი ინტერესის შენარჩუნებაში.

* კრიტიკის საგნად ნუ ვაქცევთ ჩვენთვის შესაძლოა უჩვეულო, მიუღებელ, მაგრამ ბევრისთვის მოსაწონ და მისაღებ დამოუკიდებელ აზროვნებას. არცთუ იშვიათად ბავშვები ცდილობენ, რამე ისეთი არ დაწერონ, არ თქვან, რაც შეიძლება ყველას უჩვეულო მოეჩვენოს, მასწავლებელს კი საერთოდ არ მოეწონოს. უნდა წავახალისოთ დამოუკიდებელი აზროვნების, განსჯის, პრობლემის გადაჭრის ახალი, თუნდაც უჩვეულო გზის პოვნის უნარი. ნუ ჩავუხშობთ ბავშვს მისწრაფებას, იაროს საკუთარი გზით. პირადი მაგალითით ვუჩვენოთ, რომ შესაძლებელია განსხვავებული აზრის, განსხვავებული მიდგომის პატივისცემა და დაფასება მაშინაც კი, როცა ის ჩვენთვის მიუღებელია.

* მოვერიდოთ ბავშვის დასჯას სწავლით – „რაკი ასე უხეშად მიპასუხე, ამ ლექსს თავიდან ბოლომდე ზეპირად ისწავლი“; „თანაკლასელებთან ჩხუბის გამო ამ წიგნს წაიკითხავ“; „რაკი ასე დააგვიანე სახლში მოსვლა, დავალებას მეორედ დაწერ“. დავაფასოთ მოზარდის ინტელექტუალური შრომა. ბავშვისთვის სასწავლო პროცესი სასიამოვნო უნდა იყოს, რომ მის მიმართ ინტერესი არ გაუქრეს.

* ძალიან მნიშვნელოვანია, მშობლებმა შეძლონ შვილის მასწავლებლებთან კეთილგანწყობილი დამოკიდებულების შენარჩუნება. ზოგიერთ ოჯახში მასწავლებლების კრიტიკა ჩვეული რამაა – ზოგს გაკვეთილის ჩატარება არ შეუძლია, ზოგი უხეშობს და არ იცის, როგორ მოექცეს ბავშვს და ა.შ. მასწავლებლის შესახებ თუნდაც ერთხელ, თუნდაც შემთხვევით ნათქვამი ასეთი სიტყვებით შესაძლოა ბავშვს სამუდამოდ ჩავუკლათ სწავლის სურვილი და ცოდნის მიღებისკენ სწრაფვა. გასაკვირი არ იქნება, თუ ბავშვი არ მოისურვებს, დაუჯეროს და ენდოს არაავტორიტეტულ ზრდასრულს. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სწავლის, სკოლისა და მასწავლებლის მიმართ ბავშვის დამოკიდებულებას დიდწილად მშობლის აზრი და დამოკიდებულება განსაზღვრავს.

* ვესაუბროთ ბავშვს ჩვენი საყვარელი მასწავლებლების შესახებ, მათ შესახებ, ვინც ჩაგვინერგა სიყვარული ჩვენი დღევანდელი პროფესიის მიმართ და მოგვცა ცოდნა, რის გამოც დღემდე მათი მადლიერი ვართ. მშობლის მაგალითი ყველაზე ძლიერია – თუ მშობელი აფასებს სწავლას, განათლებას, ბავშვსაც იგივე დამოკიდებულება ექნება სწავლისა და განათლების მიმართ. გვახსოვდეს, რომ მოზარდი გვბაძავს – თუ ჩვენ ცუდად ვიხსენიებთ ჩვენი მოწაფეობის წლებს, ძნელი იქნება, ბავშვს სკოლისა და სწავლისადმი სიყვარული ჩავუნერგოთ.

რა თქმა უნდა, მთელი სასკოლო პერიოდის განმავლობაში სასწავლო მოტივაციის მუდმივად მაღალ დონეზე შენარჩუნება რთული საქმეა, მაგრამ თუ გვსურს, ბავშვი წარმატებულ პიროვნებად გაიზარდოს და ბედნიერი იყოს, ამის რეგულარულად გაკეთება მოგვიწევს. მთავარია, მას საერთოდ არ დაეკარგოს სწავლის, ცოდნის მიღების სურვილი. ამისთვის კი საჭიროა, მივცეთ მოზარდს მეტი დამოუკიდებლობა, მაგრამ, იმავდროულად, ხელი პულსზე გვედოს; დავეხმაროთ სირთულეთა დაძლევაში. დაბოლოს, გვიყვარდეს ბავშვი, განურჩევლად იმისა, როგორ სწავლობს, გვიყვარდეს ისეთი, როგორიც არის, ვისწავლოთ მისი მცირე წარმატებების აღნიშვნა და ამ წარმატებებით გახარება. შესაძლოა, ასეთი მიდგომა მოზარდისთვის სწავლისადმი ინტერესის შენარჩუნების მნიშვნელოვან წინაპირობად იქცეს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“