სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

როგორ ვესაუბროთ ბავშვებს ომზე

ბავშვთა ფსიქოლოგების რჩევები – (მეორე ნაწილი)

მშვიდობას ძალით ვერ შეინარჩუნებ. მისი მიღწევა მხოლოდ უერთიერთგაგებით არის შესაძლებელი.

ალბერტ აინშტაინი

 

 

ინტერვიუ დუბნის უნივერსიტეტის პროფესორთან, ფსიქოლოგ ალექსანდრ ვენგერთან იმის შესახებ, თუ როგორ აღიქვამენ ომს ბავშვები, რას განიცდიან ისინი დევნილობისას და რა არის ინფორმაციული ტრავმატიზაცია

 

თამაშობენ „ომობანას“ ბავშვები, რომლებმაც ომი გადაიტანეს?

— დიახ, და უფრო ხშირადაც კი, ვიდრე ის ბავშვები, რომლებსაც ომი არ შეხებია; ამასთან, ჩვეულებრივზე ხშირად გაითამაშებენ ხოლმე ტრაგიკულ სცენებს, ახდენენ ნგრევის იმიტაციას… საზოგადოდ, ბავშვი, რომელმაც კატასტროფა გადაიტანა, თამაშის დროს მრავალგზის აღადგენს მას. ასეთი რამ მოზრდილებსაც ახასიათებთ – ბევრჯერ მოყოლა იმის შესახებ, რაც გადაიტანეს.

— რას უკაშირდება ეს?

— ადამიანს, განურჩევლად ასაკისა, უჭირს ემოციების შეკავება, სურს, ისინი გარეთ გამოიტანოს. ეს განცდებისგან თავის დაღწევის, მათი შერბილების საშუალებაა.

როდესაც ფილმებში გვაჩვენებენ, რომ ბავშვი რაღაც საშინელებებს ხატავს, ამ დროსაც იგივე მექანიზმი ირთვება?

— სწორედ ასეა.

ჩვეულებრივ, როგორ აისახება ომი ბავშვების ნახატებში?

— ვერ ვიტყვი, რომ არსებობს რამე სტანდარტული ვარიანტი. ხშირად ეს ვულკანის ამოფრქვევას ჰგავს, ყველაფერი ცეცხლშია გახვეული და ამ ფონზე პატარა შავი ფიგურებია გამოსახული. ხდება ისეც, რომ ხატავენ იმას, რაც პირადად განიცადეს და გადაიტანეს. გასაგებია, რომ ბავშვის ნახატი პირობითია. ის, ვინც თავშესაფარში იმალებოდა, ხატავს ადამიანს ოთხკუთხედში… თუ არ იცი, ვერც მიხვდები, რომ ეს ბომბსაფარია.

როგორ აღიქვამენ ბავშვები საკუთრივ ომს?

— ეს დიდწილად ასაკზეა დამოკიდებული. 2-3 წლამდე ბავშვები ომს თითქმის ვერ აღიქვამენ. თუ ისინი სროლაში მოჰყვნენ, მათთვის ეს საშიში ხმები და გრუხუნია… მათი აღქმა მთლიანად მშობლებისგან მომდინარეობს. თუ მშობელი, პირველ რიგში – დედა, არ არის შეშინებული ან ერევა შიშს, კონცენტრირებულია ბავშვის დაწყნარებაზე, ეფერება და კოცნის მას, ომი ბავშვს გვერდს უვლის. როგორც სხეულით შეიძლება ბავშვის დაცვა ტყვიებისგან, ისევე შეუძლია დედას, თავისი ფსიქიკით „გადაეფაროს“ შვილს და ფსიქოლოგიურად დაიცვას იგი.

4-5 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები ომს უკვე აღიქვამენ. მათთვის ამ დროს ხდება ის, რომ ვიღაც უცნობი, ცუდი ადამიანები მათ მოკვლას ცდილობენ. მაგრამ უნდა ითქვას, რომ 6-7 წლამდე ბავშვებს ჯერ კიდევ არ ესმით სიკვდილის გარდაუვალობა, ჯერ ვერ აცნობიერებენ, რომ თუ მოკვდი, ეს სამუდამოდ ასე იქნება. შვიდი წლიდან ბავშვებს უკვე ესმით, რომ ვისაც ეომები, ეს სხვა ქვეყანაა. მათ თითქმის მოზრდილებივით ესმით ეს, მაგრამ მათთვის გაუგებარი რჩება ომის რეალური მიზეზები – ეს მოზრდილების დიდ ნაწილსაც არ ესმის ხოლმე, მაგრამ ბავშვებს ასეთი კითხვა, ჩვენგან განსხვავებით, არ უჩნდებათ.

ანუ ომი რომელიმე ბუნებრივ კატასტროფასავით აღიქმება?

— დიახ, ასეა. ათი წლიდან ბავშვებს უკვე მოზრდილებივით ესმით, რომ ომს რაღაც მიზეზი აქვს… თორმეტი-ცამეტი წლისთვის ინტელექტუალურად კარგად განვითარებულ მოზარდს უკვე ყველაფრის გაგება შეუძლია, ისევე როგორც ჩვენ, ზრდასრულებს.

ეს გაგება მოზარდებ რამენაირად მსუბუქებს ომის აღქმას თუ, პირიქით, მძაფრებს განცდებს?

— მოზარდებს 14-16 წლის ასაკში უკვე აქვთ საკუთარი პრობლემა – მამაკაცის როლთან შესაბამისობის პრობლემა. ჩვენს საზოგადოებაში მიაჩნიათ, რომ მამაკაცს შეუძლია გაუმკლავდეს სხვადასხვა სიტუაციას, სულ მცირე, საკუთარ განცდებს. ომის დროს კი მოზარდი ვერც სიტუაციას უმკლავდება და ვერც თავის ემოციებს. ამას ხშირად ზრდასრულებიც კი ვერ ახერხებენ. მძაფრი სტრესის დროს ადამიანისთვის საკუთარი რეაქციებიც კი გაუგებარი და მოულოდნელია. ამავე დროს, მოზარდი ბიჭისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თავი „ნამდვილ მამაკაცად“ იგრძნოს და ამის გამო [ომის სიტუაცია] მას უფრო მეტად თრგუნავს, ვიდრე ზრდასრულებს.

როგორ აღიქვამენ ომს ლტოლვილი ბავშვები?

— მისი მდგომარეობა, ვინც უშუალოდ განიცადა სასიკვდილო საფრთხე, ბევრად უფრო მძაფრია. მათთვის დამახასიათებელია ძილის ძლიერი დარღვევები, ღამის კოშმარები.

ლტოლვილებისთვის ნაკლებად მძაფრი შეგრძნებები და რეაქციებია დამახასიათებელი, მაგრამ განცდილი მათ პიროვნულ განვითარებაზეც უარყოფითად აისახება. განვითარების პროცესი ორივე ჯგუფისთვის მკვეთრად იცვლება – ისინი კარგავენ სამყაროს უსაფრთხოების შეგრძნებას, რასაც ჩვენ ვუწოდებთ „სამყაროსადმი საბაზო ნდობას“, ანუ წარმოდგენას იმის შესახებ, რომ სამყარო ჩვენს გარშემო ძირითადად კეთილგანწყობილი, შედარებით უსაფრთხო ადგილია. მათ ეს შეგრძნება დაკარგული აქვთ. მოზარდებში ასევე იმატებს რაიმეზე დამოკიდებულების – ნარკოდამოკიდებულების, ალკოჰოლზე დამოკიდებულების რისკი. ამ კუთხით ისინი ნაკლებად განსხვავდებიან მოზრდილებისგან.

საზოგადოდ, მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. გამოხატულია ემოციური დისკომფორტი, ხანდახან – დეპრესია, ზოგჯერ – მძაფრი შფოთვა.

მათაც კი, ვინც არ არის ლტოლვილი და მეორეული ტრავმატიზაცია აქვს (სხვაგვარად ამას შეიძლება „ინფორმაციული ტრავმატიზაცია“ ვუწოდოთ), მაგალითად, ვისი ნათესავები ან ახლობლებიც აღმოჩნდნენ საომარ სიტუაციაში… ასეთი ადამიანები თავს მათ ადგილას აყენებენ და მათი ემოციური მდგომარეობა შეიძლება ომგადატანილების ან საომარი მოქმედებების ადგილებიდან ლტოლვილების (ანუ ვინც ეს ყველაფერი პირადად გადაიტანა) მდგომარეობას გაუთანაბრდეს.

ითვლება, რომ ბავშვებს პლასტიკური ფსიქიკა აქვთ და ეს მათ ეხმარება, უფრო ადვილად გადაიტანონ ომის ემოციური შედეგები…

— დიახ, ასე ითვლებოდა გასული საუკუნის 80-იან წლებამდე, თუმცა მომდევნო ათწლეულებში გამოქვეყნდა არაერთი გამოკვლევა იმის შესახებ, რომ ეს მოსაზრება მცდარია. კი, ბავშვის ფსიქიკა ძალიან პალსტიკურია. მძაფრი, ექსტრემალური სიტუაციების პირდაპირ შედეგებს ისინი უფრო ადვილად უმკლავდებიან, ვიდრე ზრდასრულები, მაგრამ იმ ბავშვებზე ჩატარებულმა კვლევებმა, რომლებმაც მძიმე ფსიქოტრავმა გადაიტანეს, დაადასტურა, რომ მრავალ მათგანს სერიოზული პიროვნული პრობლემები აქვს. მათში რჩება სამყაროს როგორც ძალიან საშიში ადგილის აღქმა, უძლურების განცდა და დამახინჯებული წარმოდგენა საკუთრი მე-ს შესახებ, რასაც ხშირად თან სდევს ისეთი რეაქციები, როგორებიცაა პასიურობა, ინერტულობა, დაბეჩავება.

ეს სამუდამოდ რჩება ადამიანში, თუ შეიძლება მათგან გათავისუფლება?

— ყველაფერი პიროვნებასა და მდგომარეობაზეა დამოკიდებული. თავის დაღწევა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. შესაძლებელია ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა, პიროვნების „გადაკეთება“, „მომართვა“ და დაბრუნება განვითარების ნორმალურ გზაზე, თუ ოჯახს შეუძლია და მზად არის, სამომავლოდ უზრუნველყოს ემოციური მხარდაჭერა. საზოგადოდ, თუ ოჯახური ცხოვრება და ატმოსფერო, გადატანილი ტრავმების შემდეგ, მეტ-ნაკლებად ნორმალურია, ამ სტრესისა და მისი შედეგების გადალახვა შესაძლებელი ხდება.

დავამატებ, რომ ლტოლვილები მოსალოდნელია მეტ სირთულეს შეეჯახონ, რადგან ბევრს უჭირს ადაპტაცია ახალ ქვეყანაში მოხვედრისას, შინ დაბრუნების შეუძლებლობის შეგრძნებისას, მით უმეტეს, თუ სახლი აღარ არსებობს.

რა სირთულეებზეა საუბარი, ახალი ენის შესწავლასა და ახალ კულტურასთან შეგუებაზე?

— ისიც კი მნიშვნელოვანია, რა ზღაპრებს უკითხავდნენ ბავშვობაში. ის, რომ ადგილობრივ ბავშვებს სხვა ზღაპრებს უკითხავდნენ, ართულებს მათთან ლტოლვილების მჭიდრო კონტაქტს, ურთიერთგაგებას. უცხო კულტურაში ყოფნა არ არის ადვილი.

მოდი, იმ ბავშვებზე ვისაუბროთ, რომელთათვისაც ომი მძლავრ ინფორმაციულ ფონს წარმოადგენს და რომლებიც ცხოვრობენ იმ ქვეყანაში, რომელიც ომს აწარმოებს სხვის ტერიტორიაზე. რამდენად მნიშვნელოვანია ათთვის ამ ომის სამართლიანობის რწმენა?

— მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში ის პიროვნული პრობლემები შესაძლოა აღარ აღმოცენდეს. ჩნდება სხვა საფრთხე – შესაძლოა გაიზარდოს ადამიანი, რომელსაც არაკრიტიკული მიდგომა ექნება სამყაროსადმი, მთლიანად დამოკიდებული გახდება იმაზე, თუ რა უთხრეს მას… მოკლედ, კონფორმისტი. ემოციურად ეს, რა თქმა უნდა, უფრო ადვილი იქნება მისთვის, რადგან დარწმუნებული იქნება, რომ სწორ მხარეს დგას.

და თუ ბავშვს მიაჩნია, რომ მისი ქვეყანა არასწორად იქცევა

— ამ დროს წარმოიშობა კონფლიქტი მის მოსაზრებასა და ქვეყნის პოზიციას შორის… რადგან შეუძლებელია, სახელმწიფოს მიაჩნდეს, რომ უსამართლო ომს აწარმოებს, ხომ ასეა? სახელმწიფო თავის პოზიციას ავრცელებს სხვადასხვა სახის პროპაგანდით… თუ ოჯახში საკმარისად კეთილგანწყობილი და მჭიდრო ურთიერთობებია, მაშინ ეს მდგომარეობა უკონფლიქტოდ, წყნარად ჩაივლის. თუ მშობლები თვლიან, რომ სახელმწიფო ცდება, ეს ნიშნავს, რომ ისინი თვითონ აგებენ გარკვეულ ბარიერებს საკუთარ თავსა და სახელმწიფო პროპაგანდას შორის. ამ ბარიერს იღებს ბავშვიც.

თუ ისე მოხდა, რომ ბავშვებსა და მშობლებს არც ისე კარგი ურთიერთობები აქვთ და სახელმწიფო იდეოლოგია, ზემოქმედების ხარისხით უთანაბრდება ან აღემატება მშობლების მოსაზრებებს, შესაძლოა თავი იჩინოს საკმაოდ მწვავე კონფლიქტმა ბავშვსა და მშობლებს შორის ან გამწვავდეს ბავშვის შინაგანი კონფლიქტი ამ გარემოებებთან.

რა შეიძლება გამოიწვიოს ამან?

— ამას შეიძლება მოჰყვეს ბავშვის არათანამიმდევრულობა. ცხოვრების თანმიმდევრულად ასაგებად, საჭიროა საკმაოდ სრული წარმოდგენა საკუთარ თავზე. თუ ეს წარმოდგენა გაორებულია, მოსალოდნელია, რომ ცხოვრება ამ ადამიანს აქეთ-იქით მოისვრის და ასეთ წინააღმდეგობებში ამყოფებს. გარკვეულ ასაკში ისედაც ასე ხდება, მაგრამ შესაძლოა, უფრო მძაფრად მიდინარეობდეს, ასაკისგან დამოუკიდებლადაც.

უნდა ესაუბრებოდეს მშობელი ბავშვს ომზე? თუ კი, როგორ ჯობია ამის გაკეთება?

— გააჩნია, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თემა მშობლისათვის. თუ მნიშვნელოვანია, მაშინ უნდა ესაუბროს. როგორ – დამოკიდებულია ბავშვის ასაკსა და აღქმის დონეზე. საზოგადოდ, ყელა მოვლენა, რომლებიც მნიშვნელოვანია მშობლებისთვის, ჩემი აზრით, მისაღები და გამარტივებული ფორმით განხილულ უნდა იქნეს ბავშვთანაც. სხვაგვარად, მისთვის გაუგებარი გახდება მშობლების მდგომარეობა.

როდის ჯობია ამის გაკეთება?

საუკეთესო იქნება, თუ დაველოდებით ბავშვების კითხვებს. თუ ეს თემა მნიშვნელოვანია მშობლებისთვის, კითხვები აუცილებლად გაჩნდება. კარგი იქნება, ამ კითხვებზე ვრცლად ვუპასუხოთ, საკუთარი დამოკიდებულება ვაჩვენოთ. სასურველია, გამოვტოვოთ რადიკალური მომენტები, რადგან ამან შეიძლება დაანგრიოს სამყაროზე ბავშვის წარმოდგენა.

ომს და მის შედეგებს შეუძლია, გავლენა მოახდინოს ბავშვის ფსიქიკაზე და ეს ზრდასრულ ასაკშიც გაჰყვეს. შესაძლებელია თუ არა, ეს გავლენა მომდევნო თაობებზე – შვილებზე, შვილიშვილებზეც გავრცელდეს?

— დიახ, შესაძლებელია. ფსიქოლოგიური პრობლემები გადაეცემა თაობებსაც. რა თქმა უნდა, ეს მემკვიდრეობით (გენებით)არ გადადის, მაგრამ გადადის აღზრდით. მაგალითად, ადამიანებს, რომლებმაც ჰოლოკოსტი გადაიტანეს, დარღვეული აქვთ წარმოდგენა სამყაროზე და ამ გამოცდილებას შვილებსაც გადასცემენ. ისრაელში ფსიქოლოგები მუშაობენ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მეორე და მესამე თაობებთანაც, რადგან  მსხვერპლთა შვილების ცნობიერებაში ჰოლკოსტის სურათი მშობლების გამოცდილების მიხედვით ყალიბდება და მასვე გადასცემენ თავიანთ შვილებს.

…ჩვენთან ამის საუკეთესო მაგალითი ალბათ ის ხალხია, ვინც ლენინგრადის ბლოკადა გადაიტანა. ზოგს, მაგალითად, განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა საკვების მიმართ. მრავალი მათგანი დიდი ხნის განმავლობაში აგროვებდა პურის ნარჩენებს ლეიბის ქვეშ… მათ შვილებსაც საკვებისადმი ხშირად სპეციფიკური დამოკიდებულება აქვთ. მაგალითად, დანაშაულად მიაჩნიათ საჭმლის გადაყრა. შესაძლოა, ასეთი ტრავმული გამოცდილება მესამე თაობასაც გადაეცეს.

წყარო: By Roman Schtill-Bitinsh, source: https://psy.su/feed/9975/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“