ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

მხდალი მე

„მზე მაღლიდან გადაეშვა სადღაც,

ახლა ცაზე ღრუბელია მარტო.

რა წამია, რა სიმშვიდე დადგა,

მხოლოდ სხეულს დაღლილობას ვატყობ“.

ტერენტი გრანელი

 

(1) ბავშვობაში ბაბუაჩემმა დამაბრალა, რომ თხილის ტოტებს ნაჯახით კანს ვათლიდი. ერთს, ორს, ათს, ორმოცს. შევირბენდი ხოლმე თხილნარში და აი ასე, სუფთად, მთელ სიგრძეზე, კანს ავაძრობდი ხელცულით, რომელსაც მეგრულად კვაღა ჰქვია. ბაბუა მიყვარდა, ცუდს მაგაზე არავის ვათქმევინებდი და მეც გულში არ გავივლებდი არასდროს. შეპასუხება ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა. ვეღარ დავაჯერე. დიდად მგონი არც მას, თავის სიმართლეში დაუეჭვებელს, არ უნდოდა ჩემი გაგონება. ვიცოდი, რომ თავის გამართლება ჯობდა, მაგრამ უცნაურად, თბილი სისასტიკით შემოვიდა ეს „სიმართლე“ ჩემს ფიქრში და მომეჩვენა, რომ მეც ნელ-ნელა დავიჯერე, რასაც ბაბუა ამტკიცებდა. მისი შექება და ჭკუის დარიგება ხომ მჯეროდა?!

(2) ის, ვისაც წინა საუკუნის 70-იანები გამოუვლია და ახსოვს, საბჭოთა ეპოქის შიში და ნოსტალგიაც მოჰყვება. შევარდნაძის რეჟიმი ყველაზე მეტად სწორედ იმ დროს გამოჩნდა – ინტელიგენციის უმრავლესობა სწორედ მაშინ დაება, მიეყიდა სისტემას. იმათგან უმეტესობამ ნახევარსიმართლის, იგავურობის ენა ირწმუნა და გაიხადა თავისი პოზიციის პლატფორმად, რაც არაფერი იყო თავის მოტყუების გარდა. იგავურად თქმული სიმართლე მხოლოდ პირველ შემთხვევაშია შთამბეჭდავი, მერე და მერე ამაზრზენი ხდება. შენც გიჩვევს, სიმხდალის მოზიარეს გხდის, ამიტომაც გაუჭირდა უმრავლესობას თავისი მხდალი მე-სთვის ზურგის შექცევა, მიფურთხება.

(3) ჩემი მეგობარი ტუსკია მიყვებოდა, – ხომ გახსოვს, მარის აპენდიციტის ოპერაცია რომ გაუკეთეს და ერთად წავედით მის სანახავად საავადმყოფოში. როდინდელი ამბავია. ხატი შევუგზავნე მაშინ. ვიცოდი, რომ მისი ნახვა ყველაფერს მერჩივნა, მაგრამ ბოლო წუთას უფრო ნეიტრალური და ნაკლებად წამგებიანი სვლა ვარჩიე. დიდი ხანი დამჭირდა იმისთვის, რომ ჩემს თავს გამოვტყდომოდი: უარის და გაშვებული გოლების არ უნდა შეგრცხვესო.

 

(2) მამუკა წიკლაურის ჩანაწერების წიგნი „ცამეტი სისხლიანი მთვარე“ 2014 წელს გამოვეცით. როცა პოეტის მეუღლემ, ძვირფასმა ქალბატონმა ნანამ ტექსტის ელექტრონული ვერსია გამომიგზავნა, ეტყობა თავი ვალდებულად მიიჩნია, ესეც ეთქვა ჩემთვის:

– შვილო, ცხელ გულზე და ცხელ კვალზეა ეს წიგნი დაწერილი. პირველი პრეზიდენტი რომ დაამხეს იმ ამბავში ვინ როგორ გამოიჩინა თავი. თბილისში, უცხოეთში, რეგიონებში… დოკუმენტური სიზუსტით, ქრონოლოგიურად, ნამდვილი გვარ-სახელებით… მე კი ყველა სიტყვას ვეთანხმები, მაგრამ შეიძლება თქვენ ბევრ ვინმეზე დაგწყდეთ გული…

– ქალბატონო ნანა, გპირდებით, ყველა სიტყვა დაიბეჭდება უცვლელად.

მამუკა წიკლაურის რანგის კაცი და მწერალი ალბათ გაჭირდება, მაგრამ ახლაც, ყოველ დღე უნდა იწერებოდეს ქვეყნის დაქცევის და გადარჩენის მატიანე. ერთიც და მეორეც.

(3) მასთან რომ ხანგრძლივად საუბრის მომენტი ჰქონოდა, ერთხელ მაინც, გულს ამოიღებდა და ეტყოდა, რომ სინამდვილეში ძალიან ჩვეულებრივად იყო ყველაფერი: იმსახურებდა სიყვარულს მისგან. ხო, არსად არ გაქცევია მის სიყვარულს, მხოლოდ უარის ეშინოდა. უარი, რომელიც მერე მიიღო კიდეც, ღრმად ჩაილექა და ბევრი წელი დასჭირდა, რომ ეს ჩვეულებრივი, აუცილებელი უარყოფა გამხდარიყო მისთვის. უარყოფის გარეშე არც იწყება სიყვარული და არც არსებობს.

(1) ბაბუას თვალს ვარიდებდი, მის გვერდით ყოფნა მიჭირდა, როცა მარტო იყო. სადილობისას ვიგვიანებდი, ჩემთვის გამოყოფილი ადგილი (მის გვერდით) სხვას რომ შეევსო. „იქნებ უკვე აღარც ახსოვს, ჩაეკარგა ამდენ საქმეში“. მე ვერ ვივიწყებდი, ძილში მომყვებოდა, რომ არაფერი ისეთი არ ჩამიდენია, რის გამოც… ჭადრაკს უაზროდ, გაფანტულად ვთამაშობდი ჩემს ძმასთან, ეზოდან არ გავდიოდი და ლამაზად დაჭრილი ხილი ყვირილით მივუყარე ბებიაჩემს, სანამ მორიგ ლექციას წამიკითხავდა იმაზე, რომ ყოველ ლუკმას წყალი არ უნდა მიაყოლო.

(1) ერთხელ, სადილობისას, ხანგრძლივ სიჩუმეში დედაჩემმა თქვა: „მამა, იქიდან დავბრუნდი და ჩემი თვალით ვნახე, რომ ხბო, ჩვენი ხბო აცლის კანს თხილებს“. მამამთილისთვის პირდაპირ, ერთი ამოსუნთქვით გამხელილი სიმართლე იმაზე სახიფათო იყო, ვიდრე დედაჩემს ეგონა. უცებ ბაბუაჩემი წამოდგა და უკან რომ მოვიხედე, დავინახე, რომ მხოლოდ ჩვენ მივყვებოდით. მე და დედა. ჩვენი ხბო თხილის ბუჩქს მისდგომოდა და ჩვენკენ არც გამოუხედავს.

(3) „სიყვარულს თამაში თუ არ შეერია, სერიოზულობა დახეთქავს. ადამიანს დიდხანს არ შეუძლია უპირობო სიყვარულის ატანა“, – მითხრა ტუსკიამ, ასე ვუთხარი მას, როცა ბოლოჯერ შევხვდი და ჩემი სიმხდალის გადასაფარად სხვა მიზეზი ვერ მოვიფიქრეო.

(2) გაბრიელ გარსია მარკესს თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში „იცხოვრო, რომ მოჰყვე“ 500-მდე ადამიანი მაინც ჰყავს მოხსენიებული – თან ეს ყველაფერი იქამდე, სანამ მერსედეს ბარჩას ცოლად მოიყვანდა, დიდ ლიტერატურ აღიარებას მოიხვეჭდა, მწვერვალზე მყოფი ყველაზე პოპულარული მწერლის სახელით დატკბებოდა… მაგ თვალით შემდეგ ბევრი ქართული ავტობიოგრაფია და მემუარი წავიკითხე. ამითაც გვჯობიან სამხრეთამერიკელები, ისინი თავიანთი ცხოვრების ადამიანებს არ მალავენ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“