შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

განძის ძიება-შთაგონების წყარო დაუვიწყარი გაკვეთილებისთვის

ლიტერატურა მრავლად იცნობს განძის მაძიებლებს. რობერტ ლუის სტივენსონის „განძის კუნძული“ ჩემს შვილებს ხმამაღლა წავუკითხე და მათთან ერთად ჯიმ ჰოკინზს განძის საძიებლად ავედევნე. 150 წლის წინ დაწერილმა წიგნმა 21-ე საუკუნის მკითხველები მძაფრი განცდებით აგვავსო.

თუკი გსურთ, ბავშვების ცნობისმოყვარეობას ცეცხლი შეუნთოთ, ახსენეთ სიტყვა – განძი.

ყველაფერი დაიწყო წიგნიდან „100 გზა მოწყენილობის დასამარცხებლად“ (გამომცემლობა „პალიტრა L”). რუკით ძიება – ასე ჰქვია მკაფიო ინსტრუქციითა და ლამაზი ილუსტრაციებით აკინძულ აქტივობას. გთავაზობთ წიგნიდან სიტყვა-სიტყვით გადმოტანილ ინსტრუქციას:

რუკით ძიება

ეს მეტად სახალისო თამაშია! აირჩიე ადგილი და დამალე განძი. ეს ადგილი რუკაზე აღნიშნე – ის შენმა მეგობრებმა უნდა მოძებნონ.

რა დაგვჭირდება

– განძი (რაც მოგესურვება)

– ქაღალდი

– სახატავი აღჭურვილობა

ნაბიჯი 1.

უფროსის დახმარებით განძი სადმე გარეთ დამარხე. დარწმუნდი, რომ ის კარგად დამალული და დაცულია (მაგალითად, ყუთში).

ნაბიჯი 2.

შექმენი განძის რუკა, რომელზეც განძი X-ით იქნება აღნიშნული. რუკაზე ბევრი ადგილი დაიტანე.

ნაბიჯი 3.

განძის რუკა მეგობრებს მიეცი, რათა ძებნა დაიწყონ. რამდენი ხანი დასჭირდებათ დამარხული განძის საპოვნელად?

სახალისო იდეა

თითოეული მაძიებლისთვის თითო პატარა განძი გაითვალისწინე (მაგალითად, კანფეტი) შენთვისაც არ დაგავიწყდეს! (ჰირშმანი, 2019, გვ. 56)

ეს ინსტრუქცია გახდა შთაგონების წყარო დაუვიწყარი გაკვეთილებისთვის. თავდაპირველად აქტივობა „რუკით ძიება“ მცირე ზომის ტექსტის, ინსტრუქციის, გასაცნობად გამოვიყენე. ალბათ, მასწავლებლებს შეგინიშნავთ, როგორ უჭირთ ინსტრუქციის გაგება ბავშვებს. საშინაო დავალებისადმი გულაცრუების მიზეზიც კი შეიძლება აღმოჩნდეს, თუკი დაწყებითი საფეხურიდანვე არ მივაჩვევთ მათ ინსტრუქციის წაკითხვას. რთული წარმოსადგენი არ არის, რას განიცდიან სხვადასხვა საგნის დავალებების ინსტრუქციებთან მარტო დარჩენილი ბავშვები.

რამდენიმე გაკვეთილი დავუთმეთ ინსტრუქციის მახასიათებლებზე მუშაობას და ბოლოს შევქმენით მფრინავი წერილის ინსტრუქცია, კერძოდ, მეოთხეკლასელებმა პირველკლასელებისთვის მოიფიქრეს წერილის ქარგა, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყევით თითოეულ პუნქტს და ბოლოს ძაფგამობმული წერილი პირველ სართულზე ჩავუგზავნეთ მათ.

რამდენიმე დღის შემდეგ მეოთხეკლასელი საბა გაკვეთილის ბოლოს მოვიდა და თავისი ხელით დახაზული რუკა გადმომცა, სკოლის ეზოში განძი დავმალე და მინდა, რომ თქვენ მოძებნოთო. მზიანი პარასკევი იყო. საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ გავშალე რუკა და სკოლის ეზოში ძებნას შევუდექი. რამდენჯერმე შემოვუარე სკოლას, მაგრამ ამაოდ. ჩემი კოლეგა დათო ბალახს კრეჭდა. რუკა ვაჩვენე და დახმარება ვთხოვე. იგი საგულდაგულოდ დააკვირდა საბას მიერ დახატულ რუკაზე მონიშნულ ადგილებს, შემდეგ თავისი ვარაუდი გამიზიარა და კვლავ ბალახის საკრეჭი აპარატი ააგუგუნა. მითითებული ადგილისკენ გავეშურე. ეკლიანი ბუჩქების გარდა, ვერაფერს მივაგენი. საბას დავურეკე და მინიშნება ვთხოვე. აი, მაგ ბუჩქთან ეძებეთ, მასწავლებელოო. ბოლოს ეკლიანი ტოტების მიღმა რაღაც შევნიშნე, მაგრამ ისე ღრმად იყო შემალული, ხელი რომ შევყავი, ლაბადა ეკლებს წამოედო და ძლივს გავითავისუფლე თავი. იქვე ფიცარი ეგდო. ბუჩქს დავადე და როგორც იქნა, მივწვდი განძს. ამდენი ძალისხმევის შემდეგ ერთი სული მქონდა, გამეგო, რა იდო ხელნაკეთ კონვერტში. სასწრაფოდ გავხსენი და დავინახე ბროლის ჭაღის ერთი ბურთულა და ერთი ცალი ვერცხლისფერი მუყაოს ქაღალდი, რომელმაც ხელში დაჭერისას მზის სხივები აირეკლა, ნათებამ კი ჩემს სახეზე გადმოინაცვლა. კონვერტის გვერდით რამდენიმე პლასტმასის პატარა სათამაშოც აღმოვაჩინე. ბროლის ბურთულა თვალთან მივიტანე და სკოლა, კორპუსები, მზე გამრავლდა – ერთი ასად იქცა. საბას ბროლის ბურთულები ჩემთვის მასწავლებლობის შესანიშნავი მეტაფორაა – ასი თვალი რომ უნდა გამოიბა და მათი ქცევა მრავალი კუთხით რომ უნდა განჭვრიტო. დავავლე ხელი საბას საჩუქრებს და სკოლის ჭიშკრისკენ მიმავალმა ჩემს კოლეგა დათოს სიხარულით ვაჩვენე ნაპოვნი განძი – ბროლის ბურთულა, ვერცხლისფერი მუყაოს ქაღალდი და პლასტმასის ზვიგენი. არ ვიცი, რა იფიქრა მან, სახეზე კი ღიმილი გადაეფინა და ბალახის კრეჭა განაგრძო. მე კი გული მადლიერებით ამევსო. საბამ, 10 წლის ბიჭმა, დიდი, თაფლისფერი კეთილი თვალებით, მოახერხა და ბავშვად მაქცია. ყველა შინაგანი პროცესი გავიარე, რასაც განძის მაძიებლობისას ბავშვები გადიან.

მეორე დღეს განძის ძიების შესახებ ჩემს მოსწავლეებს ვუამბე და როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, განძის დამალვის სურვილი სხვებსაც გაუჩნდათ. რუკით ძიებამ სხვადასხვა კლასის მოსწავლეების გულები დაიპყრო.

კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე მეექვსეკლასელი ნინის დამალულმა განძმა გვაჩუქა. ამჯერად ქართულის გაკვეთილის დაწყებისას მოვიდა და მთხოვა, განძი დავმალე და თუ შეიძლება, ყველამ ერთად მოვძებნოთო. დავთანხმდი. სიხარულით ავსებულები ვაკვირდებოდით რუკას და მინიშნებებს მივყვებოდით. ამჯერად რუკა მოსწავლეებმა გაიტაცეს და მე მათ მივყვებოდი. ნინისაც სკოლის უკან დაუმალავს პატარა ხელნაკეთი კოლოფი, რომელშიც თავისი ხელით აწყობილი მძივი იდო. გულის ფორმის სამშვენისი იხსნებოდა, შიგ კი იდო ერთი პატარა ოქროსფერი რგოლი, რომელიც ცხვირზე დავიმაგრე და მთელი დღე ასე გავატარე. საკლასო ოთახში დაბრუნებულებმა სამკაულები ფარნავაზის ნაპოვნ განძს დავუკავშირეთ.

მესამედ მეოთხეკლასელმა გაბრიელმა დამალა განძი. მისი რუკა წასაკითხად უფრო რთული აღმოჩნდა. მინიშნებებს სკოლის რამდენიმე ადგილზე მივყავდით. ბოლოს კი თავგზააბნეულებმა დახმარება გაბრიელს ვთხოვეთ. გვითხრა, რომ სწორ ადგილას ვიდექით, მაგრამ განძი ჟანგიანი ცისტერნის უკან აღარ დაგვხვდა. საქმე ის არის, რომ ყუთს, რომელშიც ჩემთვის ნაყიდი წიგნი „ჯაჯღანსები“ იდო, თურმე ზემოდან ეწერა განძი. გული დაგვწყდა, მაგრამ მპოვნელი ვერ დავადანაშაულეთ. წიგნთან ერთად ყუთში არავითარი მინიშნება არ იდო. ამიტომ განძი სამართლიანად ეკუთვნოდა მის მპოვნელს.

მეოთხედ მეექვსეკლასელმა ნინიმ გაგვაოცა – წინასწარ მოფიქრებული წერითი დავალებები დანომრა, ნომრები კლასში დამალა და რუკაზე დაიტანა. სანამ ნინი კლასში მერხების ქვეშ, ტანსაცმლის საკიდზე, მასწავლებლის მაგიდის ქვეშ, რაფაზე მინიშნებებს მალავდა, მთელი კლასი დერეფანში ველოდით. ეს დღეც დაუვიწყარი იყო. ყველა დაფაზე გამოკრულ განძის რუკას მიაწყდა და მერე სავარაუდო ადგილისკენ მიქროდა. იმ დღეს კლასის დამრიგებლის, მარი მასწავლებლის, ბავშვებისგან გამორჩევა გამიჭირდა. ისიც მთელი არსებით იყო ჩაბმული თამაშში. ნომრების მიხედვით წერითი დავალებების ინსტრუქციებმაც დიდი ინტერესი გამოიწვია და სიხარულით ვწერეთ კუთვნილი დავალებები.

ახლა, როცა ამ სტატიას ვწერ, ზაფხულია. მობილურ ტელეფონში მოვძებნე ამ ოთხი დღის ფოტოები და მეტი თვალსაჩინოებისთვის ავტვირთე ჩემს ბლოგზე, რომლის ბმულსაც თქვენც გაგიზიარებთ. რუკით განძის ძიებამ სასწავლო პროცესის რუტინა გაარღვია და მძაფრგანცდებიანი ამბებით აავსო. ფოტოებში ცა ლურჯად კამკამებს, ჩვენი ვარდისფერი სკოლა გაშლილ სივრცეში დგას და ანდამატივით გვიზიდავს, ბავშვებს თვალები უციმციმებთ, სიხარულს ასხივებენ.

რუკით განძის ძიება ეროვნულ სასწავლო გეგმას ჰარმონიულად ებმის და მრავალ კომპეტენციას ფარავს, განსაკუთრებით, სემიოტიკურ აზროვნებას ავითარებს, ამასთანავე პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას, თანამშრომლობით უნარებს, შემოქმედებით აზროვნებას უწყობს ხელს.

 

ამჯერად კი ჩემ მიერ მეოთხეკლასელებისთვის დაგეგმილი განძის შესახებ უნდა გიამბოთ.

ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა, რუკით ძიებისთვის ფაქტობრივი მასალის მიხედვით შედგენილი კითხვები დამეკავშირებინა, მაგრამ არ ვიცოდი, რა ფორმით მიმეწოდებინა ეს ბავშვებისთვის.

სასწავლო წლის დასრულების შემდეგ მეოთხე კლასი მშობლებმა დამრიგებელთან ერთად საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის სანახავად წავიყვანეთ, შემდეგ პიკნიკი ზედაზნის ტყეში გავმართეთ.

ექსკურსიის დაგეგმვისას მშობლებმა როლები გავინაწილეთ – მე ბავშვებისთვის შემეცნებითი აქტივობების მოფიქრება გადავწყვიტე. ილიას სახლ-მუზეუმის დათვალიერებამდე ეზოში ხელნაკეთი „სლაიდებით“ მწერლის ბიოგრაფია გავაცანი, კერძოდ, სახატავ რვეულში დავხატე მინიმალისტური ილუსტრაციები და მათი ასაკის გათვალისწინებით მცირე ზომის ტექსტები დავიტანე. მინი-ლექციითა და ხელნაკეთი „სლაიდებით“ გავაცანი ილიას დედ-მამა, ყვარელი, თბილისის კლასიკური გიმნაზია, პეტერბურგის უნივერსიტეტი, ლექსი „ყვარლის მთებს“… საუბრის დაწყებამდე ბარათებზე დაწერეს საკუთარი მოსაზრებები იმის შესახებ, თუ ვინ იყო ილია ჭავჭავაძე.

ზედაზნის ტყისთვის კი მომზადებული მქონდა თუნუქის კოლოფში მოთავსებული ნივთები, რომლებიც სახლში მოვაგროვე.

გადავწყვიტე, რომ რუკას ტყეში დავხატავდი. კოცონის დანთებისა და სადილის შემდეგ საგულდაგულოდ შევისწავლე იქაურობა. დახმარება ვთხოვე ერთ გოგონას, რომელიც სხვებისგან განსხვავებით ვერ ერთობოდა. მე და სალიტამ ჩემს დღიურში პირველ მინიშნებად დავხატეთ დაბადების დღის გირლანდები, რომლებიც წვეულების მოწყობის შემდეგ ხეებზე გაბმული დარჩენოდათ. მეორე მინიშნებად ჩამქრალი კოცონი შევარჩიეთ, შემდეგ გზა ორად იყოფოდა და დამალული განძის ადგილისკენ ამჯერად ხის ფესვებს უნდა მიჰყოლოდნენ. თუნუქის კოლოფი კი ხეზე დავმალე. ხე ასასვლელად მარტივი და უხიფათო იყო. მწუხრი გვიახლოვდებოდა. ჩამავალი მზე ყვითლად ღუოდა ხეებს მიღმა.

იმ დილას განძისთვის საჭირო ნივთებს თავი რომ მოვუყარე, შემდეგ ფერად ბარათებზე 28 შეკითხვა ჩამოვწერე. კითხვები ეხებოდა ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიას, რომელიც მათთვის უნდა გამეცნო, საკლასო ამბებს, კლასელების ინტერესებს, რამდენიმე მათემატიკურ მაგალითს, წლის განმავლობაში შესწავლილ ტექსტებსა თუ გრამატიკულ მასალას.

ისე დაემთხვა, რომ კითხვები მინიშნებების მიხედვით გადანაწილდა – თითო მინიშნების ილუსტრაციის საჩვენებლად 7 შეკითხვისთვის უნდა გაეცათ პასუხი.

შეკითხვები ამგვარი იყო:

I მინიშნება ხეზე გაბმული გირლანდები

  1. იპოვეთ ორი შეცდომა:

მარიამ, ზოგი ფრინველები უკვე დაბრუნდნენ თბილი ქვეყნებიდან.

  1. ეს გოგო ყვითელი თვითმფრინავით მარტო გაფრინდა.
  2. ეს პერსონაჟი ჩვენს კლასს ნიკოლოზ ჩაჩანიძემ გააცნო ლიტერატურულ კაფეში და ყველამ შეიყვარა.
  3. მერცხალი – ჩასვით ეს სიტყვა მრავლობით რიცხვში.
  4. იპოვეთ ფრაზეოლოგიზმი:
  • თავქუდმოგლეჯილი მირბოდა.
  • ციცინათელები ციმციმებდნენ.
  • ერთი სული მქონდა.
  1. ქვეშმიწერით გაამრავლეთ 65 35-ზე.
  2. დაასახელეთ გვარი თქვენი კლასელისა, რომელიც ილია ჭავჭავაძის ნათესავად მიიჩნევს თავს.

 

II მინიშნება – ჩამქრალი კოცონი

  1. დაასახელეთ ლექსის (იგავ-არაკის) სახელი, რომლის მიხედვით სასამართლო დავდგით.
  2. ვინ დაიბადა 1962 წლის 29 ივლისს?
  3. რა ერქვა ილია ჭავჭავაძის დედ-მამას?
  4. სწრაფად უპასუხე: რამდენია 7-ჯერ 7?
  5. ეს პერსონაჟი ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში. მას დანიელი და ჰერიოლფიც იცნობენ. პერსონაჟი იყენებს ჟარგონებს.
  6. რა ჰქვია მცირე ზომის ტექსტს, რომლის მიხედვით ვაცხობთ ნამცხვარს?
  7. ვინ ძერწავდა ყველაზე კეთილსახიან გველეშაპებს?

 

III მინიშნება – გზიდან ამოჩრილი ხის ფესვები

 

  1. ვინ წამოიძახა ერთ გაკვეთილზე: „ეს სიტყვა სპარსულია?“
  2. რა ჰქვია მსგავსი მნიშვნელობის სიტყვებს? განთიადი – დაასახელეთ ამ სიტყვის 3 სინონიმი.
  3. ერთ-ერთი ფეხტურისას რომელ კლასელს დავუძახეთ სტადიონიდან?
  4. ვინ დაიბადა 1986 წლის 23 აპრილს?
  5. ვინ დაწერა ლექსი „არწივი“?
  6. რომელ მწერალს მივულოცეთ დაბადების დღე ბარათებით
  7. რომელი ორი გოგოს მერხს ვეძახდით იუპიტერს?

 

IV მინიშნება – ხე

  1. ეროვნულ მუზეუმში ყოფნისას რომელი მოსწავლე წერდა დღის ჩანაწერს გზაზე გადასვლის დროსაც და სკოლის ჭიშკართანაც კი?
  2. ვის ვეძახი მომავალ ენათმეცნიერს?
  3. ვის უყვარს დინოზავრები განსაკუთრებულად?
  4. რომელ სიტყვას აქვს ქართულად და სომხურად ერთი და იგივე მნიშვნელობა?
  5. ვისი ჩანთა ბრჭყვიალებს მზის სხივების მოხვედრისას?
  6. ვინ არის ჩვენი კლასის მოდის დიზაინერი?
  7. ვინ მოახერხა, რომ კლასის კარზე დაჯახებისას ცხვირი გაეტეხა?

ნაცნობი თემების მიხედვით აკინძულმა შეკითხვებმა ბავშვები გაახალისა, გუნდურად მპასუხობდნენ და ერთმანეთს ეხიდებოდნენ პასუხების გამოცნობისას. მფრინავი ქალის, ამელია ერჰარტის, შესახებ საინფორმაციო ტექსტი ურთიერთსწავლების მეთოდით გავაცანი; ვაჟა-ფშაველას „არწივის“ მიხედვით ჩრდილების თეატრი გავმართეთ; იაკობ გოგებაშვილს დაბადების დღის მისალოცი ბარათები მივწერეთ; განთიადის სინონიმები „სალამურას თავგადასავალში“ გვხვდებოდა; ნიკოლოზმა „კაპიტანი ტრიკო“ წარადგინა ლიტერატურულ კაფეში და შემდეგ წიგნი ხელიდან ხელში გადადიოდა; წრიპა ბიჭი ნორვეგიაში დაბადებული და გაზრდილი ორი თანატოლის, ჰერიოლფისა და დანიელის, საყვარელი პერსონაჟი აღმოჩნდა და მათი სკოლაში სტუმრობისას ამ დამთხვევით გაიხარეს; ქართული ენის განმარტებით ლექსიკონზე დიდი გატაცებით მუშაობდნენ. ერთ დღესაც წინა მერხიდან საბამ გასძახა კლასის ბოლოში მყოფ კლასელებს, რომლებმაც სიხარულით გვამცნეს რომელიღაც სიტყვის პოვნა, ეგ სიტყვა სპარსულიაო; გოგა სომეხია და მთელი გულით შეიყვარა ქართული ენა, რის გამოც მომავალ ენათმეცნიერს ვეძახი. სწორედ გოგამ გვითხრა, რომ სიტყვა ჟამი სომხურადაც დროს ნიშნავს; მცირე ზომის ტექსტის, რეცეპტის, მახასიათებლებზე მუშაობას მარია ფარის „ვაფლის გულების“ დასრულების შემდეგ ვიმუშავეთ და სკოლაში დიდ ფორმატზე დაწერილი სახალისო რეცეპტის მიხედვით ვაფლებიც კი გამოვაცხვეთ; ფრაზეოლოგიზმებზეც შეყვარებულები არიან და ერთ გაკვეთილზე ჯგუფურად იმუშავეს – თითო ფრაზეოლოგიზმი დახატეს და კლასის წინაშე წარადგინეს; მრავლობითი რიცხვი და კუმშვა-კვეცაც ასე ნაბიჯ-ნაბიჯ და ხალისით ისწავლეს; მიმართვის შემდეგ მძიმე რომ დაისმის პირადი წერილების წერისას დაიმახსოვრეს; დანარჩენი კითხვები კი კლასელების თავგადასავლებს უკავშირდება და ამგვარად ცუდი ამბები თუ შეცდომები დროსთან ერთად დადებით შინაარსს რომ იძენს, ამის ხაზგასასმელად გავიხსენე; დამრიგებლისა და ქართულის მასწავლებლის დაბადების დღის თარიღებიც მათ გასახალისებლად შევიტანე კითხვარში.

რაც შეეხება განძს, თუნუქის კოლოფი მრავალფეროვანი ნივთებით ავავსე: ფერადი ცარცები, პატარა წიგნები, ბროლის ქვები, კალის ჯარისკაცი, ღია საფოსტო ბარათები (თითოეულისთვის), ფუნჯი, ნიჟარა, ძაფის გორგალი, შტამპები, შტუტგარტის ბიბლიოთეკიდან წამოღებული ბუკლეტი და ბროშურა – ყოველივე ეს იმისთვის, რათა მათი პატარა გულები სიხარულით ავსებულიყო და თან პატარა საჩუქრებით გახარება რომ ესწავლათ.

ბავშვებთან ერთად განძის საძიებლად რამდენიმე მშობელი გამოგვყვა. ეს იყო ერთად ყოფნის დაუვიწყარი წუთები – არ გვახსოვდა დრო, მოცული ვიყავით პროცესით და ერთმანეთით ვხარობდით. ყოველი მინიშნების აღმოჩენისას ბავშვებთან ერთად მშობლებიც თავქუდმოგლეჯილი მივრბოდით. ბოლოს, როგორც იქნა, ხეც ამოიცნეს და ხისკენ რბოლა იყო ყველაზე აზარტული. ლიზი მარდად აძვრა და აღტაცებულმა ჩამოიტანა თუნუქის კოლოფი ხიდან. მერე წრიულად დავსხედით და საჩუქრები დავარიგე. სხვა მშობლები გვირეკავდნენ და გვიხმობდნენ. უკვე ვახსენე, მწუხრი რომ დგებოდა და მზე ყვითლად ღვიოდა ხეებს შორის. როცა ხისკენ მივქროდით ყვითელი მზე წითლად ბდღვრიალებდა და ტყეც წითელ ფერში იყო ჩაძირული. მზის ჩასვლა იმ დღეს თითქოს ჩვენ გველოდა.

ახლა უკვე ვიცი, როგორ დავგეგმავ რუკით განძის ძიებას. შეიძლება, რომელიმე შემაჯამებლადაც ვაქციო და გარკვეული თემის შესწავლის შემდეგ კითხვები განძის ძიებისთვის ავკინძო. ვიცი, რომ ზედაზნის ტყეში გამართული განძის ძიებას ბავშვებიც აირეკლავენ და ერთ მშვენიერ დღეს რომელიმე მათგანი ისევ მოვა და მეტყვის, ლელა მასწავლებელო, განძი დავმალე და იპოვეთო.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ჰირშმანი, კრის. 2019. 100 გზა მოწყენილობის დასამარცხებლად: მოსწყდი ეკრანს და გაერთე. თარგ. ნუკა ზურაშვილი. რედ. თეა ბარამაშვილი, თამარ ჟურული. თბილისი: პალიტრა L (ორიგინალი დაიბეჭდა 2018 წელს)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი