კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

რა უნდა ვიცოდეთ ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობაზე

ყოველდღიური ამბები მარწმუნებენ, რომ ბავშვები სულ უფრო მეტად უნდა დავიცვათ ცუდი ამბების მავნე გავლენისგან, ცუდი განწყობებისგან და ისეთი მდგომარეობებისგან, რომელმაც შეიძლება მათზე არასასურველი კვალი დატოვოს. ბავშვებისთვის ყოველთვის უნდა იქმნებოდეს ისეთი ატმოსფერო, სადაც ისინი თავს დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნობენ. თუმცა, არსებობს საკითხები, რომლებიც, ისევ ბავშვების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სასურველია, ძალიან ფრთხილად განვიხილოთ მათთან ერთად, რათა მივცეთ მათ წარმოდგენა ისეთ საკითხებზე, როგორიც არის მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება, და ჰქონდეთ ყველაზე მთავარი – მშობლების მხარდაჭერისა და თანადგომის იმედი.

 

რამდენიმე დღის წინ ისევ შევიტყვეთ საზარელი ამბავი: საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში, 13 წლის გოგონა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ასეთი ამბები ლამის ჩვენი საზოგადოების ყოველდღიურობაა, რომელიც წამიერად გვამუნჯებს, მეტყველების უნარს გვართმევს და დაუცველობის, გარემოსადმი უნდობლობისა და მუდმივი საფრთხის განცდას გვიჩენს. ყველა მშობელს უმძაფრდება სურვილი, უფრო მეტად დაიცვას, უფრო მეტად მოუფრთხილდეს, უფრო მეტად დააზღვიოს შვილი მსგავსი რისკებისგან. მაგრამ, როგორ უნდა დავიცვათ, ამის ცოდნაც მნიშვნელოვანია…

 

„საქართველოში პედოფილიის სტატისტიკა შემაშფოთებელია, გასულ წლებთან შედარებით მონაცემები მზარდია. 2023 წლის პირველ სამ თვეში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 46 არასრულწლოვანი გახდა”, – ეს სტატისტიკური მაჩვენებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის, თუმცა ვარაუდობენ, რომ რიცხვების უკან არაერთი მძიმე დანაშაული იმალება და რეალური რაოდენობა გაცილებით მეტია.

 

ჩვენს საზოგადოებაში სექსუალურ განათლებასთან დაკავშირებით არაერთი ტაბუ არსებობს. სწორედ ამიტომ მშობლებისთვის რთული და უხერხულია, ბავშვს ესაუბრონ ისეთი თემის შესახებ, როგორიც არის სექსუალური ძალადობა, როგორ უნდა დაიცვას ბავშვმა თავი ასეთ დროს, როგორ იყოს თავადაც გათვითცნობიერებული მშობელი, რომ დროულად შენიშნოს საგანგაშო ნიშნები. ასეთ თემებზე საუბარი მშობლისთვის დისკომფორტის შემცველია, თუმცა სპეციალისტები გვირჩევენ, რომ მშობლებმა ბუნებრივ გარემოში უნდა შევძლოთ ბავშვების ისე ინფორმირება, რომ ეს არ იყოს მატრავმირებელი მისთვის და რომ ყველაზე მთავარი პრევენციული მექანიზმი ბავშვის სწორი ინფორმირებაა.

 

ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ აზრი ვკითხეთ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგს, ივანე საათაშვილს. მან უპასუხა ჩვენს შეკითხვებს იმის შესახებ – როდის უნდა დაიწყოს მშობელმა ბავშვის ინფორმირება ბავშვისთვის გასაგებ ენაზე? რა უნდა იცოდეს თავად, როგორც მშობელმა, როგორც ბავშვის მთავარმა მეკავშირემ მეტი სიფრთხილისთვის?

 

„როდესაც მშობლებს ვხვდებით, თავიდან ვეკითხებით, როდის იწყება მსგავსი განათლების მიწოდება ბავშვებისთვის. ყველაზე დაბალი ასაკი, რომელსაც ისინი გვისახელებენ, ეს არის 6 წელი. და მაშინვე ვუბრუნებ კითხვას, როდის ასწავლით ბავშვს, სად არის თავი, სად არის ხელი, თვალი და ა.შ. ბავშვისთვის საკუთარი უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ეს არ არის ფუფუნება, ეს არის უპირველესი საჭიროება მისთვის. მთავარი ფუნდამენტური ცნება, რაზეც დგას ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციული მექანიზმი, არის „პირადისა“ და „საჯაროს“ ცნებების განმარტება და ბავშვისთვის სწავლება.

 

როდესაც სექსუალურ ძალადობაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, ნათლად განვსაზღვროთ, რას ნიშნავს სექსუალური ძალადობა. ეს არის ძალიან დიდი ქოლგა, რომლის ქვეშაც მოიაზრება ძალიან ბევრი ქცევა. ხშირად გვგონია, რომ სექსუალური ძალადობა მაინცდამაინც ძალადობრივი ფორმით გამოიხატება ხოლმე და ესეც ართულებს სექსუალური ძალადობის გამოვლენას. ძალიან იშვიათად ხდება ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობა ფიზიკური ძალადობის თანხლებით. ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც სპეციალისტები ვეძახით ბავშვის „გრუმინგს“, როდესაც მოძალადე ცდილობს ბავშვთან დაახლოებას, გადის მთელ პროცედურებს, რომ მოიპოვოს ბავშვისა და ოჯახის წევრების ნდობა, დარჩეს ბავშვთან მარტო და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს მას. ეს არის ძალიან ხანგრძლივი პროცესი, როცა მოძალადე ძალიან ნელა უახლოვდება მისთვის საინტერესო ობიექტს. „გრუმინგის“ მიზანია, მოძალადემ მოიპოვოს ბავშვის ნდობა ოჯახის წევრების გავლით, რათა განახორციელოს განზრახვა.

 

ჩვენს საზოგადოებაში არსებობს სხვადასხვა მითი ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ, რაც ძალიან დიდი ბარიერია პრევენციისთვის – ეს არის „უცხოს“ შიში. მშობლებსა და საზოგადოებასაც ჩამოყალიბებული აქვთ შეხედულება, რომ ბავშვის მიმართ სექსუალური მოძალადე შეიძლება იყოს უცხო ადამიანი და ბავშვებს ადრეულ ასაკშივე უნდა ვასწავლით, რომ უცხოს არ უნდა დაელაპარაკოს, უცხოს არაფერი გამოართვას და ჩვენი ეს პრევენციული მექანიზმი, აგებული და დამყარებულია მთლიანად „უცხოს“ შიშის მითზე. რეალობაში, სტატისტიკურად, როგორც წესი, ბავშვთა მიმართ სექსუალური მოძალადეები არიან ბავშვისთვის ძალიან ნაცნობი ადამიანები – ისინი, ვისაც ბავშვები ენდობიან და ვისთან მარტო დარჩენისაც არ ეშინიათ. ბავშვის აღზრდაზე პასუხისმგებელი პირი აღარ ასწავლის შვილს თუ მოსწავლეს, როგორ უნდა დაიცვას ბავშვმა თავი მისთვის ნაცნობი და სანდო ადამიანისგან. ამის სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უფროსები ძალიან დიდ რესურსს ვდებთ იმაში, რომ ბავშვი უსაფრთხოდ იყოს, მაგრამ რეალური საფრთხე, როგორც ამას სტატისტიკა გვეუბნება, მოდის ბავშვის ირგვლივ მყოფი ადამიანებისგან, რომლებთანაც ის თავს კომფორტულად გრძნობს. ერთ-ერთი მითი ისიც არის, რომ მოძალადე გამოიყურება ძალიან უშნოდ, აცვია ჭუჭყიანი ტანსაცმელი და ა.შ. ჩვენ ამაზეც გვაქვს ძალიან ინფანტილური წარმოდგენა. ეს საფრთხე შეიძლება ნებისმიერ ადგილას იყოს, ამიტომ გვჭირდება დიდი ინფორმაციული და საპრევენციო რესურსის ჩადება ბავშვში, რადგან ჩვენ ყოველთვის მასთან ერთად ვერ ვიქნებით და ბავშვმა უნდა შეძლოს დამოუკიდებლად გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, როცა ის თავს ცუდად იგრძნობს.

 

სექსუალური ძალადობის შესახებ გავრცელებული მითები ჩვენ გვიქმნის უსაფრთხოების ილუზიას, რომ მოძალადე უცხოა, რომ მოძალადე აუცილებლად ცუდად გამოიყურება და ა.შ. ეს გვიქმნის წარმოსახვით უსაფრთხოებას, რომელიც ძალიან საშიშია. არ უნდა ეგონოს მშობელს, რომ ბავშვი ძალადობას ამოიცნობს. შესაძლოა ასეთი ქცევა წლების განმავლობაში მიმდინარეობდეს ბავშვის მიმართ და ბავშვი ვერც კი მიხვდეს, რომ მის მიმართ ხორციელდება სექსუალური ძალადობა. ამიტომ ბავშვმა თუ არ იცის თავისი სხეულის ნაწილები, რომ ასეთ ადგილებში არავინ უნდა შეეხოს, არ შეხედოს, ასეთი საიდუმლო არ უნდა შეინახოს, მან შესაძლოა ვერც იგრძნოს, რომ ის საფრთხეშია. ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა იშვიათად გულისხმობს ცხადი ფიზიკური ძალის გამოყენებას. ეს უფრო ხშირად შეფუთულია ბავშვის მიმართ განსაკუთრებული ყურადღებით ოჯახის მეგობრის მხრიდან, ან ოჯახის წევრის მხრიდან, განსაკუთრებული ინტერესი, სიყვარული და განსაკუთრებული, მისი ასაკისთვის შეუსაბამო „მეგობრობა”. ასეთი ადამიანი ბავშვისთვისაც ხდება საინტერესო და სასიამოვნო პიროვნება, რადგან შეიძლება ერთად ჭამდნენ შოკოლადებს ჩუმად და არ ეუბნებოდნენ დედას. ასეთი შეფარვითი ქცევით მოძალადე შესაძლოა, ცდილობდეს ამ ყველაფრის „შეფუთვას“. ამიტომ ბავშვს ძალიან ხშირად უჭირს ამის იდენტიფიცირება და აუცილებელია, ვასწავლოთ მას სხეულის ნაწილების დასახელება; როგორი საიდუმლო შეინახოს, როგორი საიდუმლო არ შეინახოს; ვის მიმართოს, როდესაც მას უსიამოვნო საიდუმლოს შენახვას მოსთხოვენ, როცა ვინმე შეეხება და მისი სხეულის ნაწილებს დააკვირდება. ბავშვს აქვს უფლება, რომ იცოდეს ეს ყველაფერი”.

 

ჩვენ ხშირად გვაქვს იმის განცდა, რომ მსგავსი ამბები, ჩვენგან შორს, სხვა კულტურის, სხვა სტილის ოჯახებში ხდება და არა ჩვენს წრეში, ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენს ნაცნობ ან მეგობართა ოჯახებში და ჩვენ მისგან დაცული ვართ. ამიტომ ხშირად არ ვლაპარაკობთ ამ თემებზე, რადგან ზედმეტი გვგონია, რადგან უხერხული გვგონია, მეტიც, ზოგჯერ თავსმოხვეული და გამომწვევიც კი.

 

ციფრები საგანგაშოა, რეალობა – არსებულ ციფრებზე მეტად მძიმე. დიდი ყურადღება გვმართებს, მშობლებსაც და მასწავლებლებსაც…

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი