ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

ცუდად ნასწავლი გაკვეთილები

 

რა აზრი მოეთხოვება ამგვარს ინტელიგენციას, როდესაც მან არ იცის წარსული თავის ერისა, არ იცის თვისება, ლტოლვილება იმის სულისა და გულისა, – არ იცნობს მის გონებრივს აგებულობას, არ იცის საზოგადოდ რომ ვსთქვათ, მისი სოციალური ყოფა-მდგომარეობა?!

ვაჟა-ფშაველა

სულო ცოდვილო, რამდენჯერ მიფიქრია სასოწარკვეთილსა თუ იმედგაცრუებულს, რომ ყველა უბედურება, რაც გვჭირს, იქნებ ჩვენი ლიტერატურისა და ისტორიის მასწავლებლების ბრალია. მათი, ვინც ლიტერატურაში შენახული ათასწლეულების მარტივი სიბრძნეები თავში სწორი აქცენტებით ვერ ჩაგვიჭედა და მათიც, ვინც ისტორია ჰეროიკულ ამბებად გვასწავლა და არა გამოცდილებად, სადაც შეცდომებს აანალიზებ, რომ იმავე ქვას აღარ წამოჰკრა ფეხი, სადაც შენამდე არაერთმა წაიფორხილა, ზოგმაც კისერი მოიტეხა ან თავი დაკარგა. ათასჯერ მაინც გავბრაზებულვარ ადამიანებზე, რომლებმაც ტექსტებისა და თარიღების სწავლება უფრო მნიშვნელოვან საქმედ მიიჩნიეს, ვიდრე დისკუსიის უნარების ჩამოყალიბება, ანალიზის უნარი, კერპების ნგრევა და ახალი ხედვის შესაძლებლობების გახსნა. რა შეიძლება იყოს უფრო კარგი სავარჯიშო გონებისთვის და საკვები სულისთვის, ვიდრე მომხდარი თუ გამოგონილი ამბები თავისი გმირებით და ანტიგმირებით? რამ შეიძლება გასწავლოს უკეთ სხვის ტყავში შეძრომა, სხვისი თვალით სამყაროს დანახვა და სხვადასხვა პერსპექტივიდან გარემოს აღქმა, გადარჩენის პრაქტიკების გამომუშავება?

ყოველთვის, როცა მიმდინარე ამბებიდან დისტანცირებისთვის, ფართო სურათის დასანახად ან სულაც ახალი პერსპექტივებისთვის ლიტერატურას და ისტორიას მივაკითხავ ხოლმე, იმაზე ვბრაზობ, სტერეოტიპებით რა მძლავრად არის დატვირთული სასკოლო სივრცეში „საპროგრამო ტექსტების“ სწავლება და რა უკონტექსტოდ ისწავლება ისტორია. ინტერპრეტაცია, მსჯელობა, კრიტიკა, ამბების სხვადასხვა პერსპექტივიდან დანახვა და მათ შორის კავშირების შემჩნევა, რის საშუალებასაც ეს ორი დისციპლინა იძლევა, თითქმის სრულიად უგულებელყოფილია პროგრამების დონეზეც და პრაქტიკაშიც. რჩება საზეპიროები, ლეგენდები და სადღეგრძელოები სამშობლოსა და სიყვარულზე.

მეტსაც გეტყვით, საზეპიროებშიც ვერ ვივარგეთ.

მორალურ კოდექსებად და ფასეულობრივ ორიენტირებად გამოსადეგი ნაწყვეტები კლასიკოსების ტექსტებიდან მხოლოდ ლამაზ სიტყვებად მივიჩნიეთ და არა სიბრძნეებად, რომლებიც ნავიგაციას გაგვიადვილებდა.

 

აბა, თქვენც დაფიქრდით, როგორ შეიძლება ადამიანს სკოლაში კარგად ჰქონდეს გააზრებული ეს ფრაზები და ისე ცხოვრობდეს, როგორც ჩვენ? სწავლის დაუცხრომელი სურვილის გარეშე, კრიტიკის მიუღებლობით, უკეთესი ხვალინდელი დღის რწმენის გარეშე, საკუთარი ბედის სხვაზე მინდობით?

 

„აწ რომ ავი არ ვაძაგო, კარგი როგორ უნდა ვაქო?

ავს თუ ავი არ ვუწოდო, კარგს სახელად რა დავარქო?“

დავით გურამიშვილი

 

„ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება

და გზა უვალი, ჩვენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება!“

ნიკოლოზ ბარათაშვილი

 

„მცოდნე კაცების ჭირნახულობა, გამოცდილება, ცოდნა რომ შენსას დაემატოს, კარგი იქნება? უფრო ადვილად არ გაიძღობ კუჭს? უფრო ცოტა ოფლით მეტს არ მოიმკი?“

ილია ჭავჭავაძე

 

„თავისუფლება მოქმედებაა, განხორციელებაა ნებისა, აზრისა, გრძნობისა და არა განსვენება, უქმად ყოფნა. თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთიერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სადაც არ არის პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია და დამონებულ ერში, რა თქმა უნდა, პიროვნებაც მონაა, უთავისუფლო, სხვის ხელში სათამაშო ნივთი“.

ვაჟა-ფშაველა

 

„არაფერს არ უნდა შევუშინდეთ, არაფერი არ უნდა დავმალოთ, რადგან დამალვით სენი კი არა რჩება, ძლიერდება, ხრწნის საზოგადოებრივს ორგანიზმს და სიკვდილს უმზადებს ერს“.

იაკობ გოგებაშვილი

 

„ამბობენ, რომ გვაქვს მოთმინების დიდი უნარი.

რაა სულ თმენა? სხვა უნარიც გვიჩვენეთ კიდევ.

შრომის უნარი, განათლების, გრძნობის უნარი“.

გალაკტიონ ტაბიძე

 

ეს – მხოლოდ კლასიკოსები. რამდენი ასეთი ზაფხულის ხვატში მონაბერ გრილ სიოსავით საჭირო და საამური რამეა ჩვენამდე დაგროვებულ გამოცდილებაში. მარტო ის რად ღირს, დავით აღმაშენებელი რომ ეუბნება დიდგორის ომის წინ ხალხს, თქვენი თავის რწმენა თუ გექნებათ, ეშმაკის ურიცხვ მიმდევრებს კი არა, თვით ეშმაკებსაც დაამარცხებთო და მართლაც რომ ამარცხებენ. როგორ შეიძლება, წლების განმავლობაში დიდგორის ამბავს ასწავლიდე და არ გჯეროდეს, რომ ყველაფერი შესაძლებელია, ოღონდ სიმტკიცით და დაუღალავი მონდომებით? როგორ შეიძლება, გრიგოლ ხანძთელის უდაბნოში გაჩენილი ახალი სახელმწიფოს მშენებლობის ამბებს უხსნიდე ბავშვებს, მთაწმინდელი ბერების დაუღალავი თარგმანების ისტორიებს ჰყვებოდე და ეჭვი გეპარებოდეს, რომ ჩვენი ადგილი ყოველთვის იქ იყო, სადაც ცოდნა და განათლება, შრომა და სიმართლე იყო მთავარი ღირებულებები?

ალბათ იმ ზიანის დათვლაც შეუძლებელია, რაც ცუდად ნასწავლ გაკვეთილებს მოაქვს და იმ სიკეთისაც, რაც კარგ მასწავლებლებს შეუძლია მოუტანონ საზოგადოებას – ორივეს მასშტაბი წარმოუდგენლად დიდია. რაც შესაძლებელი მგონია, იმ მარტივი პრინციპის დანერგვაა, რომელიც ერთობ ბანალურად ჟღერს და ყოველდღე შენი თავისთვის მარტივი კითხვების დასმას გულისხმობს:

აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

რას ვეუბნებით ბავშვებს ისეთს, რაც წლების შემდეგაც ემახსოვრებათ?

რას ვასწავლით ისეთს, რაც რთულ დროს გამოადგებათ?

რა მაგალითს ვაძლევთ, რითაც ჩვენს სიტყვებს ვამყარებთ?

რა არის ის, რისთვისაც ღირს ჩვენი შრომა და გარჯა?

რა გვინდა გაიხსენონ ჩვენ შესახებ ჩვენ თვალწინ გაზრდილმა ბავშვებმა, როცა იმაზე დიდები იქნებიან, ვიდრე ჩვენ ვართ ახლა?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი