კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

გველის სიმბოლო და ლიტერატურული პარალელები

წლების წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე გადავლახავდი ქვეწარმავლების შიშს და ამ საოცარი, იდუმალი არსებების შესახებ ინფორმაციის მოძიებას დავიწყებდი. ბავშვობაში ტელევიზორშიც კი მიჭირდა გველის ცქერა, შიშის ზარს მცემდა მისი ცივი, ტლანქი სხეულის უცნაური ხლართვა. არც კი ვიცი, ზიზღი მეტი იყო ამაში თუ შიში. ცოცხლად ნახვასა და ახლო კონტაქტზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია… მაგრამ ბოლო ხანს ტელეეკრანზე თვალი შევაჩვიე და საკუთარ თავს ვაჯობე.

2013 გველის წელია, ამიტომ განსაკუთრებით აქტუალურია მისი ფერი, “ხასიათის” შტრიხები, რა უყვარს, ასტროლოგიური პროგნოზები და ა.შ. მაღაზიებში და ბაზრობებზე ფერადი, საყვარელი, მოღიმარი და კეთილად მომზირალი სათამაშო გველები იყიდება და ჩვენც თითქოს ერთი წლით ვივიწყებთ, რომ ეს ცხოველია ადამის მოდგმის დამღუპველი და ცოდვათა დასაბამი.

საქართველო მრავალეთნიკური და მულტიკულტურული ქვეყანაა, რომელიც ევროპა-აზიის გასაყარზე დგას და ითვისებს ყველაფერს, რაც მისი ბუნებისთვის მისაღებია. ხშირად ვამბობთ და გვეამაყება კიდეც, რომ ჩვენი კულტურა მრავალფეროვანი, სინთეზური და იმავდროულად თვითმყოფადია, თუმცა არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ ქართველები მარტო როდი ქმნიდნენ ამ კულტურულ მემკვიდრეობას; ხუროთმოძღვრება, ფერწერა, მუსიკა თუ ლიტერატურა, ხელოვნების ყველა დარგი საკუთარ თავში აერთიანებს ანტიკურსა და ქართულ, აზიურსა და ევროპულ ელემენტებს.

ლიტერატურა როგორც წარსულისა და აწმყოს ანარეკლი ყოველთვის გვაძლევს საშუალებას, სტრიქონებს მიღმა დავინახოთ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მიმდინარე პროცესები, რომლებიც საზოგადოების ყოფა-ცხოვრებას, განვითარებას განსაზღვრავს, ხოლო ეს უკანასკნელი მწერლის ყურადღების უმთავრესი ობიექტია.

საქართველოს ტერიტორიაზე ქრისტიანობის გავრცელებას და მის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას მოჰყვა წარმართული კულტებისა და წეს-ჩვეულებების რღვევა. ქართული პანთეონი არასდროს ყოფილა ისეთი მრავალრიცხოვანი და ძლიერი, როგორიც ბერძნული ან რომაული იყო. ქართული კულტები და რიტუალები ნაწილობრივ შემოინახა ზეპირსიტყვიერებამ. სამწუხაროდ, ქრისტიანობამდელი ეპოქის წერილობითი ძეგლები არ მოგვეპოვება. ამ ფაქტს ზოგიერთი მეცნიერი ახალი რელიგიის გავრცელებას და წინაქრისტიანული რწმენის მიმართ მის უარყოფით დამოკიდებულებას მიაწერს, რაც ნამდვილად დამაფიქრებელია. ისიც უნდა ითქვას, რომ ქრისტიანულმა სარწმუნოებამ ადვილად და უმტკივნეულოდ განდევნა წარმართობა, ცალკეულ შემთხვევებში კი შეერწყა მას. სინთეზურობა ყველაზე მეტად შეიმჩნევა მთაში, სადაც ეთაყვანებიან ქრისტეს და, იმავდროულად, წარმართულ ადათ-წესებსაც იცავენ. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ლომისა, რომელიც მთიულეთში გავრცელებული ღვთაება იყო, მოგვიანებით კი მისი კულტი წმ. გიორგის დაუკავშირდა.

ამა თუ იმ კულტის გავრცელებას ხელს უწყობდა ქვეყნებს შორის პოლიტიკურ-სოციალური, სავაჭრო და კულტურული სიახლოვე, თუმცა გველის სიმბოლიკა და მასთან დაკავშირებული რიტუალები მთელ მსოფლიოშია გაბნეული და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზეც არაერთი შემონახულა. სწორედ ამიტომ ქართულ სიტყვიერებაში ხშირად გვხვდება ამ ქვეწარმავლის სახე. საინტერესო ის არის, რომ მას დადებითი დატვირთვა აქვს. მთიულეთში ხეს ამოყოლილ გველს ოჯახის მფარველ ანგელოზს, “ფუძის ანგელოზს”, უკავშირებდნენ და სწამდათ, რომ მისი მოკვლა ადამიანს განსაცდელს შეამთხვევდა. ეს წარმოდგენა სათავეს იღებს უძველესი რწმენიდან, სადაც გველი მიჩნეული იყო წმინდა ხის ან პურის თავთავის სულად და ნაყოფიერების მფარველად.

ინდიელთა ტომებს ჰქონდათ ასეთი ადათი: თუ გველს გადაეყრებოდი, მისთვის გზა უნდა დაგეთმო და არ განგერისხებინა, თორემ შეეძლო, მთელი ოჯახი დაეღუპა.

ათენას, რომელიც ძველ ბერძნულ პანთეონში სიბრძნის ქალღმერთია, ერთ-ერთ ატრიბუტად გველი ჰყავს. ბუდისტურ რელიგიაში ამ ცხოველს განსაკუთრებით ეთაყვანებიან. ბუდას ერთ-ერთი მცველი სწორედ გველია. ანტიკურ სამყაროში გველი ესკულაპეს – მედიცინის მფარველი ღვთაების – ატრიბუტიც არის, ამიტომ სამედიცინო სიმბოლიკაშიც გამოიყენება. ბუნებრივია, მკითხველს გაახსენდება ვაჟა-ფშაველას პოემა “ბახტრიონი”, კერძოდ, მისი ფინალი, სადაც დაჭრილ ლუხუმს გველი უვლის. ვაჟას ეს ნაწარმოები და პოემა “გველის მჭამელი”, აგრეთვე – კონსტანტინე გამსახურდიას “ხოგაის მინდია” მეტად საყურადღებო მასალას გვაწვდის ამ სიმბოლოს გააზრების თვალსაზრისით. ერთი რამ ცხადია: ქრისტიანულმა რელიგიამ გველი ბოროტების საწყისად დასახა, ამიტომ ადამიანების დიდი უმეტესობა ამ ქვეწარმავლის მიმართ განსაკუთრებულ შიშს განიცდის, რაც სავსებით ბუნებრივია. ადამის მოდგმის მტერი, პირველი ცოდვის მიზეზი, შეუძლებელია, დადებით სიმბოლოდ აღვიქვათ. მაგრამ აქვე მათეს სახარების გახსენებაც შეიძლება, სადაც მაცხოვარი ამბობს: “იყავით გონიერნი ვითარცა გველნი და უმანკონი ვითარცა მტრედნი”…

საინტერესოა, რომ კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოებში მინდია თეთრ გველს შეჭამს და ამის შემდეგ შეიძენს ზებუნებრივ ნიჭს. თეთრი გველი საყურადღებო სიმბოლოა – თეთრი ხომ ფერია, რომელიც სიწმინდესთან ასოცირდება.

მინდიასთვის საბედისწერო ხდება მისი ნიჭი. მას ყველა და ყველაფერი უყვარს, ყველასა და ყველაფრის მიმართ თანაგრძნობას განიცდის, მტერსაც კი აღარ ხოცავს. მაგრამ ქვეყანა თავისას მოითხოვს… მამის ფრანგულით დაღვრილი სისხლი ოჯახისთვის აღდგენილი თავმოყვარეობის ნიშანია, ხოლო მინდიასთვის – უბედურების საწყისი. ჯიხვი მოკლულია, მინდია კი კარგავს ნიჭს… გველმა ადამიანს შესძინა სიკეთისა და სიყვარულის, თანაგრძნობისა და სიმშვიდის დაუშრეტელი სურვილი, მაგრამ მიწიერ ყოფაში მისი შენარჩუნება ძნელი აღმოჩნდა. გველის სიმბოლო ახსნილია როგორც მომნიჭებელი და იმავდროულად სიცოცხლის წამრთმევი. 
ვაჟას მინდია ყველაფერში ცოლს ადანაშაულებს. ქალია მისი უბედურების, ნიჭის დაკარგვის მიზეზი და ეს გველის სიმბოლოს მეორე მხარეა. საზოგადოდ, ქალი და გველი ერთ სახედ მოიაზრება და მას მაცდუნებლის ნიღაბი აქვს მორგებული.

სრულიად სხვა დატვირთვას იძენს ლუხუმის მკურნალი გველის სახე – ადამის მოდგმის მტრისა, რომელსაც ბოროტების გზა მიუტოვებია და სიკეთის ქმნის სურვილი გასჩენია.
ამ წერილში საგანგებოდ არ შევეხე სვანურ ტრადიციებს (“მთვარის მოტაცება”), რომლებიც ძალზე საინტერესოა და უფრო ფართო განხილვას მოითხოვს, აგრეთვე – გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებას, რადგან ეს სულ სხვა წერილის თემაა.

დაბოლოს – ერთი არაჩვეულებრივი ლექსი, რომლის სათაურიც უცნაურ გრძნობას იწვევს. ეს თითქოს კეთილისა და ბოროტის ჭიდილია. არსება, რომელსაც ღვთიურთან საერთო არაფერი აქვს, მაგრამ, ჩვენდა გასაოცრად, ესწრაფის მას. ანა კალანდაძე, “ლოცულობს გველი”:
გასრიალდება ხევში ზმორებით
ტანმოხატული უცხო ზოლებით
მუხლებს მოიყრის და, შიშის მგვრელი,
ლოცულობს გველი…
ალბათ, ცოდვილ სულს ავედრებს ღმერთსა,
რომ იდუმალებს,
სევდიან თვალებს 
მიაპყრობს ზეცას,
ჩუმად ჩურჩულებს გესლიან ენით…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი