ახალ რეალობასთან ლაღი დაბრუნებისთვის
ზაფხულის არდადეგები ნელ-ნელა უკან რჩება და სკოლაში დაბრუნების დრო ახლოვდება. ამ პერიოდში პედაგოგის მთავარი ამოცანა მხოლოდ სწავლების პროცესის აღდგენა კი არ არის, არამედ — მოტივაციის გაღვივება, ემოციური ჩართულობის გაძლიერება და სასწავლო წლისადმი პოზიტიური განწყობის შექმნა. ზუსტად აქ იკვეთება ჩვენი, მასწავლებლების, როლი, განსაკუთრებით კი იმ საგნებში, რომლებიც არა მხოლოდ ცოდნის, არამედ გრძნობების, ემოციების გადმოცემასაც გულისხმობს.
გავიხსენოთ, როგორ გვიჭირს ჩვენც გარემოსა თუ ყოველდღიურობის შეცვლა, მით უმეტეს, თუ საქმე მუშაობას ეხება. პირველი კვირა გარდამავალი პერიოდია. მოსწავლეებს სჭირდებათ დრო და სივრცე, რათა დასვენების რეჟიმიდან აქტიურ სასწავლო პროცესს შეეგუონ. მნიშვნელოვანია, რომ ეს დაბრუნება არ დაემსგავსოს სარბენ ბილიკზე უცაბედად შეხტომას, არამედ უფრო ჰგავდეს მოგზაურობის გაგრძელებას — სადაც ახალ გამოცდილებებს ძველზე ავაგებთ.
შეგვიძლია, სწორედ აქედან დავიწყოთ: მოგზაურობიდან. პირველივე გაკვეთილზე მოსწავლეებს ვთხოვოთ, გაიხსენონ ზაფხულის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი და მოგვითხრონ ისე, თითქოს ეს თავგადასავალი ლიტერატურული ამბის ნაწილი იყოს. მათი ნაამბობი შემდგომ შეიძლება გადავაქციოთ ჩანახატად, მოთხრობად ან თუნდაც ლექსად. სამი სხვადასხვა ფორმით გადმოცემული ერთი და იგივე ამბავი — შესანიშნავი სტარტია შემოქმედებითი აზროვნებისთვის. ამავდროულად, ბავშვები ერთმანეთს უკეთ გაიცნობენ, ემოციური კავშირებიც განახლდება და გაკვეთილი უფრო პირადული გახდება.
ყველამ კარგად ვიცით, რამდენად სტრესული შეიძლება აღმოჩნდეს უცბად თავს მოხვეული ბევრი დავალება. სჯობს, პირველი კვირა იყოს უფრო ინტერაქციული, ნაკლებად დატვირთული წერითი და რთული დავალებებით. შევთავაზოთ ბავშვებს თამაშები და გუნდური აქტივობები, შევაფასოთ ქულების გარეშე და დავეხმაროთ მოსწავლეებს პირველი ნაბიჯის გადადგმაში.
მიუხედავად იმისა, რომ ლიტერატურა სამყაროს არსებობის ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს, მისი ეფექტურობა დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ვუკავშირებთ მას ყოველდღიურ ცხოვრებას. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი სემესტრის გეგმა მოსწავლეებთან ერთად შევადგინოთ. ერთი ასეთი აქტივობა იქნება ერთგვარი რუკის შექმნა, სადაც ყველა მოსწავლე დაისახავს მიზანს — რას ისურვებს, რომ ამ სემესტრში შეისწავლოს; რას სურს, მიაღწიოს; რომელი თემა დაამუშაოს? რაც მთავარია, დავალებები ნელ-ნელა გავართულოთ და ვასწავლოთ მოსწავლეებს, როგორ დაამყარონ სტაბილური, მხარდაჭერაზე დაფუძნებული ურთიერთობები თანაკლასელებთან.
ლიტერატურა ბუნებრივად უკავშირდება ემოციებს, გამოცდილებასა და ცხოვრებისეულ ისტორიებს. ამიტომ, როდესაც სასწავლო პროცესს დავუბრუნდებით, სასურველია, გამოვიყენოთ მრავალფეროვანი აქტივობები. რამდენიმე მათგანს აქვე შემოგთავაზებთ:
„ჩემი ზაფხული ლიტერატურული თვალით“: მოსწავლეები ჰყვებიან ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოვლენის შესახებ; შემდეგ ვთხოვთ, ამბავი სამი სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრით გადმოსცენ: ჩანახატი, მოთხრობა (დეტალებითა და გმირების ხასიათით) და პოეტური ჟანრი (მოკლე ლექსი ან ჰაიკუ). ბოლოს, ისინი თავიანთი ზაფხულის ისტორიას წარმოადგენენ კლასის წინაშე.
„ზაფხულის წიგნების გალერეა“: მოსწავლეები საუბრობენ ზაფხულში წაკითხულ წიგნზე და ქმნიან „წიგნის რეკლამას“ – პოსტერს, 60 წამში. აქტივობის მიზანია, ყველა მათგანმა წარმოადგინოს ძირითადი პერსონაჟები და ახსნას, რატომ უნდა წაიკითხონ სხვებმა ეს წიგნი.
„გმირის პროფილი“: ბავშვები სოციალურ ქსელში ქმნიან პერსონაჟის პროფილს, აძლევენ ვიზუალურ გამოსახულებას, ადგენენ ბიოგრაფიას და წერენ 5 პოსტს გმირის სახელით. მიიღებენ კომენტარებს სხვა პერსონაჟებისგან, შემდეგ კი შეუძლიათ, გმირის სახელით ე.წ. „სთორიც“ შექმნან.
„გმირი ჩემს ქალაქში“: მოსწავლეები ქმნიან მოკლე თხზულებას, რომელშიც აღწერენ, რა როლს თამაშობს მათი ქალაქი ლიტერატურული გმირის ცხოვრებაში. ისინი მოიფიქრებენ დიალოგებს, შეკითხვებსა და სავარაუდო პასუხებს, რათა კიდევ უფრო განავითარონ პერსონაჟი.
„ლიტერატურული დეტექტივი“: შეგვიძლია, მოსწავლეებს წავუკითხოთ ნაწყვეტები უცნობი ტექსტებიდან, მათ კი უნდა გამოიცნონ, რომელ ეპოქაშია დაწერილი, ვინ არის ავტორი და რამდენი წლისაა მთავარი გმირი. ეს აქტივობა დაეხმარება მათ ლოგიკური აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში.
„პრესკონფერენცია“ (ან, გნებავთ, „ცხელი სკამი“): მოსწავლეები შეიძლება იქცნენ „ჟურნალისტებად“ და „ლიტერატურულ გმირებად“.
„ლიტერატურული ქუდები“: ჯგუფები მიიღებენ სხვადასხვა „როლს“ (გმირი, ანალიტიკოსი, კრიტიკოსი და სხვა) და დაიწყებენ წიგნის ან ნაწარმოების განხილვას. ამ როლების დახმარებით ბავშვები უკეთ დაინახავენ პერსონაჟის მოქმედებებს, მათ მოტივაციასა და ხასიათს. მსგავსი აქტივობა შეგვიძლია გამოვიყენოთ ნაცნობ, თუნდაც წინა წელს შესწავლილ ნაწარმოებებთან დაკავშირებითაც.
„წერის ჯადო დროის წინააღმდეგ“: მოსწავლეებმა 5 წუთში უნდა დაწერონ თავიანთი შთაბეჭდილებები ან აზრები ზაფხულის ან სხვა მნიშვნელოვან თემაზე. სწრაფი წერა პროცესს ხდის უფრო თავისუფალსა და ნაკლებად სტრესულს.
ჩამოთვლილი აქტივობებიდან ყველას, ცხადია, ვერ გამოვიყენებთ სასწავლო წლის პირველივე დღეებში. შეგვიძლია, ვცვალოთ ისინი, საჭირეობისამებრ შევარჩიოთ, მოვარგოთ ჩვენს სასწავლო გარემოს ან გამოვიყენოთ სხვა, უფრო შესაფერის დროს.
ლიტერატურის გაკვეთილები არ უნდა იყოს მხოლოდ ტექსტების წაკითხვა, არამედ პროცესი, რომელშიც ბავშვები შეძლებენ პროცესის გააზრებას, იკვლევენ და საკუთარ ამბავს ქმნიან. ზაფხულის შემდეგ სწორედ ამ ტიპის გაკვეთილებმა შეიძლება აქციოს საკლასო ოთახი იმ სივრცედ, რომელშიც სურს ყოფნა თუნდაც ძალიან მზიანი, თავისუფლებით სავსე არდადეგებიდან დაბრუნებულ მოსწავლეს.


