სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

კომუნიკაციური წერის უნარის განვითარება

თანამედროვე უცხო ენის გაკვეთილის მიზანი მოსწავლისთვის ლაპარაკის, მოსმენის, წერისა და კითხვის უნარების განვითარებაა. ლაპარაკისა და მოსმენის უნარებს უწოდებენ რეცეპტულ უნარებს, რაც აკუსტიკური და ოპტიკური სიგნალების აღქმასა და გაგებას გულისხმობს, წერისა და კითხვის უნარებს კი პროდუქტიულ უნარებად მოიხსენიებენ, რადგან აქ ენობრივი მასალის აქტიური წარმოქმნის პროცესთან, კერძოდ, ბგერების არტიკულირებასა და ტექსტის შექმნასთან გვაქვს საქმე. აღნიშნული უნარებიდან ყველაზე უკეთ წერის უნარს ძალუძს ზემოხსენებული უნარების “ანსამბლის” ინტეგრირება; იგი შემსწავლელს როგორც მოსმენისა და ლაპარაკის, ისე კითხვის უნარის განვითარებაში ეხმარება.

უცხო ენის გაკვეთილზე მოსწავლეები უნდა დაეუფლონ ენის პრაქტიკულ გამოყენებას, მათ გაკვეთილის მიღმაც უნდა შეძლონ უცხო ენაზე ზეპირი თუ წერითი კომუნიკაცია, მოსმენილის, დაწერილისა და წაკითხულის გაგება, სათქმელის გასაგები ფორმით გადმოცემა, ურთიერთგაგებინება.
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად, კომუნიკაციური დიდაქტიკის მიხედვით, ოთხივე უნარის განვითარება თანაბრად მნიშვნელოვანია, გერმანული ენის ზოგიერთ სახელმძღვანელოში წერის უნარს ნაკლები ყურადღება ეთმობა. ხშირად არის, რომ მოსწავლეები გერმანულ ენაზე ზეპირ კომუნიკაციას შედარებით ადვილად ამყარებენ, მაგრამ დიდ სირთულეებს აწყდებიან წერითი კომუნიკაციისას. ამ პრობლემის მნიშვნელოვან მიზეზად ის შეიძლება მივიჩნიოთ, რომ უცხო ენის გაკვეთილზე ზოგჯერ არ გვრჩება საკმარისი დრო გამოყოფილი წერითი უნარის განსავითარებლად. მასწავლებელმა შეიძლება საკმარისი დროც დაუთმოს წერას, მაგრამ იგი გამოიყენოს არა წერითი უნარის განსავითარებლად, არამედ სულ სხვა მიზნის მისაღწევად (მაგალითად, გრამატიკული სავარჯიშოების წერა გრამატიკული მასალის განსამტკიცებლად, გამოტოვებული ტექსტის შევსება წაკითხულის გაგების მიზნით, კარნახით წერა ორთოგრაფიის ცოდნის შესამოწმებლად და სხვა). ამ შემთხვევაში მოსწავლე ახორციელებს წერით აქტივობას, მაგრამ არა წერის უნარის განსავითარებლად. წერის უნარის გავარჯიშება წერის მიზანი მაშინ შეიძლება იყოს, როდესაც მოსწავლეები წერენ ფორმალურ თუ არაფორმალურ წერილებს, თავისუფალ თემებს, აწარმოებენ დღიურს, წერენ პროტოკოლს, ავსებენ ფორმულარებს, წერენ (ტაბელარულ) ავტობიოგრაფიას და სხვა.
უცხო ენის გაკვეთილზე კომუნიკაციური წერის ერთ-ერთ ძირითად ფორმაზე, კერძოდ, წერილის წერაზე, ინტენსიური მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. წერილი წარმოადგენს ტექსტის იმ სახეობას, რომლის მეშვეობითაც მოსწავლეს შეუძლია საკუთარი ემოციები და დამოკიდებულებები გამოხატოს, შინაგანად გაიხსნას, საკუთარი თავის შესახებ მოუთხროს სხვებს, იმავდროულად მეტი გაიგოს თავისი თანატოლის შესახებ, დაამყაროს ეფექტური კომუნიკაცია. ყოველივე ეს კი ხელს უწყობს მოტივაციის ამაღლებას, ახალისებს საგაკვეთილო პროცესს. პირად წერილებში სალაპარაკო ენა (gesprochene Sprache) და წერის დროს გამოსაყენებელი ენა (geschriebene Sprache) თანხვდება ერთმანეთს. ერთსა და იმავე შეტყობინებას, მაგალითად, Grüß deinen Bruder von mir! – ვიყენებთ როგორც საუბრისას, ასევე პირად წერილებში.
კომუნიკაციური წერის დროს მასწავლებელმა მოსწავლეებს შემდეგ საკითხებზე უნდა გაამახვილებინოს ყურადღება:
. ვისთვის არის განკუთვნილი ტექსტი, ვინ არის მისი ადრესატი ან ადრესატები? რას მოელიან ისინი წერილის ავტორისგან და რისი გაგება სურთ?
. რა მიზანი აქვს ტექსტს? რატომ ან რისთვის იწერება კონკრეტული წერილი?
. რა შინაარსისა უნდა იყოს წერილი?
. როგორი უნდა იყოს წერილის ფორმა? არაფორმალურ წერილს ვწერთ, ფორმალურს თუ ნახევრად ფორმალურს? რა ენობრივი საშუალებები შეგვიძლია გამოვიყენოთ?
პირველი წერილი გერმანულ ენაზე
გერმანულ ენაზე პირველი წერილის დაწერის დროს მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს შემდეგი ხერხი: მოსწავლეებს დაურიგოს სამუშაო ფურცლები, სადაც მონიშნული იქნება ორი გრაფა. პირველ გრაფაში ეწერება
Das sage über mich:
მეორე გრაფაში კი –
Das frage ich meinen Briefpartner:
მოსწავლეებმა ხუთ წუთში უნდა შეავსონ აღნიშნული გრაფები.
ამ გზით მოსწავლეები განსაზღვრავენ წერილის შინაარსის ძირითად მიმართულებებს და პირველი წერილის დაწერა აღარ გაუჭირდებათ.
თუ მასწავლებელი საჭიროდ მიიჩნევს, შეუძლია, სამუშაო ფურცლების დარიგებამდე ზეპირად, თამაშის ფორმით, ავარჯიშოს მოსწავლეები წერილში გამოსაყენებელ სალაპარაკო საშუალებებში. ამ დროს მოსწავლეები უწყვეტი ჯაჭვის პრინციპით დაუსვამენ ერთმანეთს შეკითხვებს, მაგ.: Ich heiße… Und du? Ich bin… Jahre alt. Und du? Meine Augen sind blau. Und deine?
წერილის შინაარსის გაგება
ვინც წერილს წერს, საპასუხო წერილსაც ელის. ეფექტური კომუნიკაცია რომ შედგეს, მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ საპასუხო წერილის შინაარსის გაგება და თავის მხრივ კვლავ წერილის მიწერა.
ქვემოთ აღწერილი სტრატეგია იძლევა საშუალებას, მოსწავლეებმა ივარჯიშონ ძირითადი ინფორმაციის არაძირითადისგან გამიჯვნაში, საკვანძო სიტყვების ფორმულირებაში. მარტივი წერილების დასამუშავებლად საკმარისია 10 წუთი. ამ სტრატეგიის დროს დიდია სწავლების ეფექტი, რადგან პარალელურად ორი წერილი ინტენსიურად მუშავდება.
ნაბიჯი პირველი: მოსწავლეები იყოფიან წყვილებად. თითოეული წყვილის პირობითად A მოსწავლეს ეძლევა A წერილი და 12 პატარა ცარიელი ბარათი, ხოლო B მოსწავლეს – B წერილი და ასევე 12 პატარა ცარიელი ბარათი.
ნაბიჯი მეორე: თითოეული მოსწავლე თავისთვის კითხულობს წერილს და ხაზს უსვამს საკვანძო სიტყვებს ან ძირითად ინფორმაციას.
ნაბიჯი მესამე: მოსწავლეები ავსებენ მათთვის განკუთვნილ ცარიელ ბარათებს და თითოეულ მათგანზე წერენ მაქსიმუმ ორ სიტყვას, მაგ.: geboren: München; liest gern; Lieblingsfach: Deutsch – და ა.შ.
ნაბიჯი მეოთხე: მოსწავლეები ერთმანეთს უცვლიან ბარათებს; მოსწავლე A იღებს მოსწავლე B-ს ბარათებს და პირიქით, B მოსწავლე – A მოსწავლისას. ჯერ მოსწავლე A კითხულობს B-ს ბარათებს და ცდილობს გაიგოს B წერილის შინაარსი, მოახდინოს მისი რეკონსტრუქცია ზეპირად. B მოსწავლე კი თვალყურს ადევნებს ამ პროცესს და ინიშნავს, რა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამორჩა A-ს. შემდეგ ასევე იკითხება A მოსწავლის ბარათები.
ნაბიჯი მეხუთე: A და B მოსწავლეები ადარებენ თავდაპირველ და მათ მიერ რეკონსტრუირებულ წერილებს და ერთად აანალიზებენ ხარვეზებს, მაგალითად, რა მიზეზით გამორჩათ ძირითადი ინფორმაცია, სწორად იყო თუ არა შერჩეული საკვანძო სიტყვები და სხვა.
წერილის ფორმალური მხარე
განასახვავებენ არაფორმალურ (პირად) და ფორმალურ წერილებს. ენის დაუფლების საწყის ეტაპზე მოსწავლეები სწავლობენ პირადი, მარტივი შინაარსის წერილების წერას, მერე და მერე კი ეცნობიან ფორმალური და ნახევრად ფორმალური წერილების ფორმებს და წესებს, რომლებიც ამ ტიპის წერილების შედგენისას არის დასაცავი. ფორმალურია, მაგალითად, სამოტივაციო წერილი ან წერილი სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. თუ ფორმალური წერილის ავტორმა არ დაიცვა საჭირო ნორმები, მისი წერილი არ განიხილება. ნახევრად ფორმალური წერილებია: წერილი ოთახის დაბევების თაობაზე, წერილის საშუალებით დასმული კითხვები ტურისტულ სააგენტოებზე, მუზეუმებსა თუ სასტუმროებზე და სხვა.
წერილის ფორმების გაცნობისას მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეებს სთხოვოს იმის გახსენება, რა ტიპის წერილებს იცნობენ, რა განსხვავებაა მშობლიურ ენაზე დაწერილ ფორმალურ და არაფორმალურ წერილებს შორის, მოგვიანებით კი პარალელები გაავლებინოს გერმანულ ენასა და მშობლიურ ენაზე წერილის წერის დროს დასაცავ ნორმებს შორის. ამ გზით გააქტიურდება მოსწავლეთა წინარე, ფონური ცოდნა და წინა პლანზე წამოიწევს ინტერკულტურული ასპექტები.
მოსწავლეებს გაუადვილდებათ გერმანულ ენაზე დაწერილ პირად და ფორმალურ წერილებს შორის ენობრივ განსხვავებათა დანახვა, თუ მასწავლებელი მათ დაავალებს, რვეულში თვალსაჩინოდ ამოწერონ სალაპარაკო საშუალებები ორივე ტიპის წერილის ტექსტებიდან შემდეგი ასპექტების მიხედვით: მისალმება, თხოვნა, მადლობა, მწუხარების გამოხატვა და სხვა. მაგ., პირად წერილში თხოვნას გამოვხატავთ შემდეგი სალაპარაკო საშუალებით: Bitte schick mir…, ხოლო ნახევრად ფორმალურ წერილში – Würden Sie bitte so freundlich sein,…
როდესაც მასწავლებელი დარწმუნდება, რომ მოსწავლეებმა გაიგეს ძირითადი განსხვავებები წერილის სახეობებს შორის, შეუძლია დაავალოს მათ ფორმალური ან ნახევრად ფორმალური წერილის მიწერა მათთვის სასურველი ინსტიტუციებისთვის.
წერილის ფორმალური მხარის, მისი ძირითადი შემადგენელი ნაწილების ადვილად დასამახსოვრებლად შედეგიანია ასეთი ტაქტიკა: მოსწავლეებს წყვილებად ვყოფთ, ვურიგებთ წინასწარ გამოჭრილი წერილის ყველა შემადგენელ ნაწილს და წერილის აწყობას ვავალებთ. ამ ამოცანის შესრულებისას მოსწავლეებმა თავად უნდა მოიფიქრონ: სად იწერება გამგზავნის ვინაობა (Absender), გაგზავნის ადგილი და რიცხვი (Ort und Datum), მიმართვის ფორმა (Anrede), შესავალი ნაწილი (Einleitung), ძირითადი ნაწილი (Hauptteil), ბოლო ნაწილი (Schluss),დამშვიდობება (Gruss) და ხელმოწერა (Unterschrift). წერილის სტრუქტურის უკეთ აღსაქმელად ურიგო არ იქნება აღდგენილი წერილის დაფაზე გაშუქება პროექტორის საშუალებით.
წერილის დაწერა კონკრეტული მონაცემების ჩარჩოში
როგორც ცნობილია, ზეპირი თუ წერითი კომუნიკაცია სოციალური და სიტუაციური კონტექსტში მიმდინარეობს. კონტექსტი თავად განსაზღვრავს კომუნიკაციის შინაარს, გამოსაყენებელ ენობრივ საშუალებებს. წერის მიზანი, წერილის ავტორისა და ადრესატის როლები და სიტუაცია ქმნის კომუნიკაციურ ჩარჩოს.
წერის კომპეტენციის განვითარების მიზნით მასწავლებელმა შეიძლება წერილის შინაარსის წამყვანი საკითხები Leitpunkte თავად განსზღვროს, ანუ დავალების პირობაში ზუსტად მიუთითოს, სახელდობრ რის ფორმულირება უნდა მოხდეს წერილში. დაბალი საფეხურის მოსწავლეებისთვის წერილში გასავრცობი საკითხები რაც შეიძლება მეტ ენობრივ დახმარებას უნდა შეიცავდეს – მოსწავლეებს შეეძლებათ ამ ენობრივი მასალის გამოყენება და უფრო გაბედულად შეუდგებიან წერას. ვთქვათ, დავალების პირობის თანახმად, მოსწავლემ წერილი უნდა მისწეროს გერმანელ მეგობარს თავისი კლასისა და სკოლის შესახებ. პირობაში დეტალურად არის მოცემული შემდეგი პუნქტები:
Schreibt etwas darüber:
– wie die Schule heißt, was für eine Schule das ist, wo sie liegt, wie viele Schüler sie hat.
– wie viele Schülerinnen und Schüler die Klasse hat, an welchen Tagen und wie viele Stunden ihr Unterricht habt. Habt ihr nur vormittags oder auch nachmittags Unterricht? – usw.
მასწავლებელმა ეტაპობრივად უნდა შეამციროს დავალების პირობაში ჩადებული ენობრივი დახმარებები და რაც შეიძლება მომჭირნედ მოახდინოს ფორმულირება. მაგალითად, ზევით მოცემული იმავე დავალების დროს:
– Die Schule: Name, Art/Typ, Lage, Anzahl der Schüler. და ა.შ.
სიტუაციის უკეთ აღსაქმელად მიზანშეწონილია სურათების გამოყენება. ვიზუალური მასალა მოსწავლეებში წერის იმპულსს ბადებს. სურათი თავად იძლევა სიტუაციურ ჩარჩოს და მოსწავლეს მის უფრო სწრაფად აღქმაში ეხმარება.
დაბოლოს…
თუ მოსწავლეებმა ლიტერატურული ტექსტი წაიკითხეს, სასურველია, მასწავლებელმა მათ ტექსტის ავტორისთვის რეალური ან ფიქტიური წერილის მიწერა დაავალოს. წერილის შინაარსის შესახებ მან წინასწარ უნდა გამართოს დისკუსია მოსწავლეებთან და გაარკვიოს, რა კითხვები გაუჩნდათ, რა შთაბეჭდილება მიიღეს.
დღეს ინტერნეტის წყალობით სავსებით შესაძლებელია, მოსწავლეებმა რეალური კომუნიკაცია დაამყარონ უცხოელ მწერალთან, გაუზიარონ მას საკუთარი შეხედულებები და კითხვები დაუსვან. შესაძლოა, საპასუხო წერილიც მიიღონ ადრესატისგან…
ეფექტური და მოტივაციის ასამაღლებელი დავალებაა ლიტერატურული პერსონაჟისთვის წერილის მიწერაც. ამ დროს მოსწავლეები წერილის საშუალებით სვამენ კითხვებს მათთვის გაუგებარი საკითხების შესახებ, სწავლობენ დამოკიდებულების, ემოციის გამოხატვას, ყურადღებას ამახვილებენ პერსონაჟის ქცევაზე, პრობლემებზე, ტექსტის სხვადასხვა ასპექტზე. დაბალი საფეხურის მოსწავლეებს განსაკუთრებით უყვართ ზღაპრის გმირები და შეუძლიათ, მარტივად, მაგრამ დიდი მონდომებითა და სიყვარულით მისწერონ წერილები მათ. მაგალითად: “ჩემო საყვარელო წითელქუდავ…”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი