პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024
11 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

პური ჩვენი არსობისა

საიდანღაც შორიდან ვიღაც მეძახის: “გაიღვიძე, დრო აღარ გაქვს, გაიღვიძე!” ძახილი უფრო და უფრო ახლოდან ისმის და აუტანელი ხდება. ეს ჩემი მაღვიძარაა, სახელდახელოდ ჩაწერილი ჩემივე ხმით რომ მაფხიზლებს. თვალებს ძლივს ვახელ და ვხვდები, რომ დრო მართლაც ცოტა მაქვს. ასეთ დროს მკაფიოდ ვგრძნობ – გვიან არ უნდა დავიძინო.

გარეთ ზამთარი დგას უჟმური განწყობით. უკვე ქუჩისკენ მივრბივარ, რომ ჩემდა უნებურად ვჩერდები. ვგრძნობ, როგორ მიღიმის მთელი სახე – ვიღაც დალოცვილს ბეღურებისა და მტრედებისთვის პური დაუყრია. ისეთი ბედნიერები კენკავენ, არ შევჩერდე და არ შევხედო, არ შემიძლია. თუმცა ისევ მეძახის ვიღაც: “დრო აღარ გაქვს, ასე უთუოდ დააგვიანებ!” ამჯერად ჩემი შინაგანი ხმაა, ბავშვობიდან რომ მმოძღვრავს და მარიგებს.

წუხანდელი ფილმი მახსენდება – მისი წყალობით დავრჩი უძილოდ. ძველი ფილმია, მაგრამ მე ახლა ვნახე. ყურება დავიწყე და ვეღარ მოვწყდი – რაღაცნაირი თბილი გამოდგა. ომის პერიოდია, საკონცენტრაციო ბანაკში ახალგაზრდა წყვილს ერთმანეთი შეუყვარდება. ბედი გაუღიმებთ და გაიქცევიან, თუმცა მტერი კვალში უდგათ. რამდენიმე დღე ტყეში იმალებიან და თავს თან წამოღებული ცოტაოდენი პურით ირჩენენ. უფრო სწორად, კაცი შიმშილობს და პურს ქალს უზოგავს, იცის – ფეხმძიმედაა. ბოლოს ქალი ტყიდან გაღწევას ახერხებს, კაცი კი მის გადასარჩენად მტერს სხვა მხარეს გაიტყუებს და კვდება.

გადის წლები. მათი შვილი უკვე მოზარდია, იცის, რომ მამამ მათთვის გაწირა თავი… ერთ დღეს პატარა ბიჭი დაუდევრად მოისვრის პურის ნაჭერს. დედა გადაგდებულ პურს ეცემა, აიღებს, აკოცებს და მაგიდაზე დადებს, შვილს კი ეტყვის, რომ პურს უნდა გაუფრთხილდეს, რომ სწორედ პურის დამსახურებაა წლების წინ მათი გადარჩენა და რომ ეს პური ჩვენი არსობისაა.

პური ნახშირწყალია. ნახშირწყალი ბუნებრივი პოლიმერია. მისი მონომერები მარტივი მონოსაქარიდებია. ჩვენს ორგანიზმში მას ორი ძირითადი ფუნქცია აკისრია: სტრუქტურული და ენერგეტიკული. ნახშრწყლების მონელება პირის ღრუში იწყება. აქ მათზე ნერწყვში შემავალი ფერმენტები – ამილაზები მოქმედებს. მათი ზემოქმედებით ნახშირწყლების უზარმაზარი ჯაჭვები იხლიჩება და ოლიგოსაქარიდების გროვები წარმოიქმნება. შემდეგ ისინი კუჭში ხვდებიან. კუჭში მჟავა გარემოა, ამიტომ ნერწყვის ტუტე გარემოში აქტიური ამილაზები პასიურ მდგომარეობაში გადადიან და ნახშირწყლების დაშლაც წყდება. კუჭში მხოლოდ ცილა მოინელება. თორმეტგოჯა ნაწლავში ნახშირწყლების მონელება განახლდება და საბოლოოდ წვრილ ნაწლავში სრულდება, სადაც წარმოქმნილი მონოსაქარიდები სისხლში შეიწოვება და შესაბამის ორგანოებში გადანაწილდება.

ისიც უნდა ითქვას, რომ ცხოველური ცილის ანუ ხორცის მონელებას კუჭში გარკვეული ხანი სჭირდება. თუ ამ დროს აქ ნახშირწყალიც ანუ პურიც მოხვდა, ის მჟავა გარემოს ზემოქმედებით დუღილს დაიწყებს, რაც მას ყველა სასარგებლო თვისებას დაუკარგავს. პირიქით, ორგანიზმს დამატებითი ძალისხმევა დასჭირდება მისგან წარმოქმნილი ადუღებული მასის გასანეიტრალებლად.

აქედან – ერთი მარტივი დასკვნა: ნახშირწყლებისა და ცილების ერთად მიღება არ შეიძლება. უფრო მეტად რომ გავამარტივოთ, პური და ხორცი ან კარტოფილი და ხორცი ერთად არ უნდა მივირთვათ. ვიცი, რომ ამ წესს არავინ იცავს, მაგრამ ჩემი საქმეა, შეგახსენოთ. სხვათა შორის, ერთხელ, როდესაც ეს სტუდენტებს ვუთხარი, ერთი მათგანი აღელდა – როგორ, გამოდის, ხინკალი აღარ უნდა ვჭამოო?!.

პური უმთავრესად რთულ პოლისაქარიდს – სახამებელს შეიცავს.
სახამებელი მცენარის ნახშირწყლოვან მარაგს წარმოადგენს, ფოტოსინთეზის შედეგად წარმოიქმნება და მცენარის თითქმის ყველა ნაწილში  სხვადასხვა რაოდენობით მარცვლებად გროვდება.
სახამებლით მდიდარია: ბრინჯი – 78%; ფქვილი – 74%; სიმინდი – 70%; კარტოფილი – 16%.
სახამებლის მოლეკულები α-გლუკოზის ნაშთებისგან შედგება. ნაშთები ერთმანეთთან 1,4 გლიკოზიდური ბმებითაა დაკავშირებული. 

სახამებლის მოლეკულას როგორც ხაზობრივი (წრფივი), ისე განშტოებული აგებულება აქვს. წრფივი მოლეკულები სპირალურად იხვევა.

სახამებლის აღმომჩენი რეაქტივი იოდის სპირტხსნარია, რომელიც სახამებლის ხსნარს იისფრად ღებავს.
ძვ. წ. აღ-ის III საუკუნეში ჩინეთის იმპერატორი ცინ ში ხუანდი (სხვათა შორის, სწორედ მან აღმართა ჩინეთის დიდი კედელი) საიდუმლო წერილის დაწერისას ბრინჯის ნახარშს იყენებდა, რომლის წაკითხვა შესაძლებელი იყო ზღვის წყალმცენარეების ნახარშის გამოყენებით.

რა ფერს მიიღებდა გამჟღავნებული წერილი?

არასოდეს თქვათ უარი თუნდაც ყველაზე მარტივი ექსპერიმენტის ჩატარებაზე; ექსპერიმენტები სხვანაირად ახალისებს მოსწავლეებს. აი, თუნდაც
სახამებლის ჰიდროლიზის რეაქცია

სახამებლის ხსნარს დავამატოთ გოგირდმჟავას ხსნარი (ფრთხილად იყავით, რომ გოგირდმჟავასთან შემთხვევით მოსწავლე არ მოხვდეს – მჟავებით მანიპულაციები ყოველთვის მასწავლებელმა უნდა ჩაატაროს) და ნარევი გავაცხელოთ. სახამებლის ჰიდროლიზის საბოლოო პროდუქტია გლუკოზა.

რეაქციის მსვლელობისას სარეაქციო არეს ცვლილება არ ეტყობა, ამიტომ უმჯობესია, ჩავატაროთ სინჯი სახამებელზე.

წყლიან სინჯარებში იოდის ხსნარი ჩავამატოთ და საკვლევი ხსნარის რამდენიმე წვეთი 10-10-წუთიანი შუალედებით ჩავასხათ სინჯარებში.

I სინჯი: სინჯარაში ხსნარი გალურჯდება, ე.ი. საკვლევი ხსნარი სახამებელს შეიცავს, ამიტომ რეაქციას გავაგრძელებთ.
II სინჯი: სინჯარაში ხსნარი ბაც ლურჯ შეფერილობას მიიღებას, რაც იმას ნიშნავს, რომ სახამებელი ბოლომდე არ დაიშალა.
III სინჯი: იოდის წყალხსნარი ფერს არ იცვლის, სახამებლის ჰიდროლიზის რეაქცია დასრულდა. იგი გლუკოზად გარდაიქმნა.

გლუკოზის არსებობის შესამოწმებლად ხსნარს დავამატოთ ნატრიუმის ტუტისა და შაბიამნის ხსნარები. ხსნარი ჯერ გაყვითლდება, რადგან სპილენძის (II) ჰიდროქსიდი წარმოიქმნება, მერე კი აგურისფერს მიიღებს სპილენძის (I) ოქსიდის წარმოქმნის გამო. ზოგიერთ შემთხვევაში რეაქციის დასაჩქარებლად გაცხელებაა საჭირო.

ფქვილი სახამებელთან ერთად სამი ტიპის წყალში ხსნად ცილებს შეიცავს: ალბუმინებს, გლობულინებსა და პროტეაზებს. შეიცავს წყალში უხსნელ ცილებსაც: გლუტენინებსა და გლიადინს. ცომის მოზელისას ხსნადი ცილები წყალში იხსნება, გლუტენინი და გლიადინი კი ცომის სტრუქტურის ფორმირებაში მონაწილეობს.

პური როგორც პროდუქტი ნეოლითის ხანიდანაა ცნობილი. ის სიცოცხლის წყარო და შრომის სიმბოლოა. ათასნაირს აცხობენ, მაგრამ ქართული შოთი სულ სხვაა… ჩემი აზრით-მეთქი, მინდოდა დამერთო, მაგრამ გამახსენდა, გოგი თოფაძე ჰყვებოდა ერთ გადაცემაში ფრანგ სტუმრებზე – ქართული კერძებით დამშვენებული სუფრა დავახვედრეთ, მაგრამ პირი არაფერს დააკარეს, თონის პური და გუდის ყველი ისე მოეწონათ, სხვა კერძისკენ აღარც კი გაუხედავთო. რაღა შორს წავიდე – აქ ჩამოსული უცხოელი ქიმიკოსებიც თონის პურს ისე მიირთმევენ, როგორც ნამცხვარს.

პური კვების შეუცვლელი კომპონენტია. რაციონიდან მისი სულ მთლად ამოღება არ შეიძლება, რადგან ის B ჯგუფის ვიტამინების წყაროცაა და, უმთავრესი ლოცვისა არ იყოს – პური ჩვენი არსობისაა:

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. ამინ!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ქიმიური იარაღი

სატურნის სული

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“