საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისთვის თეორიული ცოდნის გადაცემა არ არის საკმარისი – თანამედროვე პედაგოგიკა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პრაქტიკულ საქმიანობას, კვლევასა და კეთებით სწავლას, რადგან პრაქტიკული გამოცდილება ცოდნის უკეთ ათვისებას უწყობს ხელს.
მომიყევი – დამავიწყდება,
მაჩვენე – დავიმახსოვრებ,
ჩამრთე მოქმედებაში – გავიგებ!
ამ პრინციპზე დაყრდნობით განვახორციელე ინტეგრირებული შემოქმედებითი პროექტი – მუშა მექანიზმის მქონე თემატური კედლის საათების დამზადება, რომელიც აერთიანებდა ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის მიმართულებებს.
პროექტის საწყის ეტაპზე მოსწავლეებმა მოიძიეს, გააანალიზეს და შეარჩიეს საგნებთან დაკავშირებული სიმბოლოები და ტერმინები და მათ საფუძველზე შეიმუშავეს საათის დიზაინი, რომელიც შემდეგ დაიბეჭდა. დასკვნით ეტაპზე საათზე მიმაგრდა მექანიზმი და ციფრები, რის შედეგადაც შეიქმნა თემატური, ფუნქციური და ვიზუალურად მიმზიდველი სასწავლო რესურსი:
აქტივობის მიზანი:
-
მეცნიერებისადმი ინტერესისა და სასწავლო მოტივაციის ამაღლება;
-
მოსწავლეთა შემოქმედებითი და კვლევითი უნარების განვითარება;
-
მოსწავლეთა პასუხისმგებლობის, თანამშრომლობისა და პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარება;
-
კეთებით სწავლის მეთოდის გამოყენებით ძირითადი ტერმინოლოგიებისა და სიმბოლოების ათვისების ხელშეწყობა.
აქტივობის ეტაპები:
-
დაგეგმვა – თემის, მიზნებისა და სამუშაო მიმართულებების განსაზღვრა;
-
კვლევა – ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის სიმბოლოებისა და ცნებების მოძიება და შერჩევა;
-
დიზაინის შექმნა – თემატური საათის ვიზუალური დაგეგმვა;
-
პრაქტიკული მუშაობა – კედლის საათების დამზადება;
-
პრეზენტაცია – ნამუშევრების წარდგენა და შეფასება.
კეთებით სწავლების პროცესში მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას, არამედ სწავლისთვის ხელშემწყობი და მამოტივირებელი გარემოს შექმნასაც.
მოსწავლეებს შევთავაზე კომფორტული სასწავლო სივრცე – აქტივობა განვახორციელეთ სკოლის ეზოში, ბუნებრივ გარემოში, მზიან დღეს, სასიამოვნო მუსიკალური ფონის თანხლებით, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეების ჩართულობას, შემოქმედებითი განწყობის შექმნას და პოზიტიური სასწავლო გამოცდილების მიღებას.
კითხვარი მოსწავლეთა თვითრეფლექსიისთვის
ამ კითხვებზე პასუხის გაცემისას მოსწავლეები აანალიზებენ თავიანთ ნამუშევრებს და განვლილ პროცესს:
-
რა მთავარი აღმოჩენა გააკეთე პროექტზე მუშაობისას?
-
რომელი საგნის (ფიზიკა, ქიმია თუ ბიოლოგია) ცნებების გამოყენება გეადვილებოდა ყველაზე მეტად და რატომ?
-
რა დაბრკოლებას შეეჯახე დიზაინისა და აწყობის პროცესში და როგორ დაძლიე?
-
რას შეცვლიდი ამ პროცესში, თავიდან დაწყება რომ მოგიწიოს?
შეფასების მარტივი რუბრიკა (კრიტერიუმები 10-ქულიანი სისტემისთვის)
შეფასების კრიტერიუმი |
აღწერა |
ქულა (0-1-2) |
საგნობრივი სიზუსტე |
შერჩეული სიმბოლოები და ტერმინები სწორად ასახავს ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის შინაარსს. |
|
კრეატიულობა და დიზაინი |
საათის ვიზუალური კონცეფცია ორიგინალური და ესთეტიკურია. |
|
პრაქტიკული დანერგვა |
მექანიზმი გამართულად მუშაობს და რესურსი სრულფასოვნად ასრულებს თავის ფუნქციას. |
|
გუნდური მუშაობა |
ჯგუფის წევრებმა ეფექტიანად გაანაწილეს როლები და ითანამშრომლეს. |
|
პრეზენტაცია და რეფლექსია |
მოსწავლემ წარმოადგინა ნამუშევარი, მკაფიოდ ახსნა მისი იდეა და შეძლო პროცესის შეფასება (რეფლექსია). |




