ჰოროსკოპების თუ გჯერათ? მე – არა, თუმცა, ცოდვა გამხელილი სჯობია და საჯაროდ გამოვტყდები, რომ მაინც ვკითხულობ. 2013 წელი გველის წელია – ბრძენი მზეთუნახავისა. მე გველებისა მეშინია, ვერც მათ სიბრძნეს ვამჩნევ და ვერც სილამაზეს, თუმცა ეს მათდამი ჩემი განწყობაა, სხვა არაფერი.
წლების წინ, როდესაც ერთ-ერთ გაზეთთან ვთანამშრომლობდი, რედაქტორის დავალებით სპორტის სასახლეში წავედი. ის ეგზოტიკური ქვეწარმავლების გამოფენას მასპინძლობდა და ამ გამოფენის “ვარსკვლავთან”, ალბინოს გველ გრიშასთან მევალებოდა სურათის გადაღება. გრიშა მახრჩობელა იყო, თეთრი და სლიპინა. ეტყობა, კარგად გახლდათ ნასადილევი, რადგან როდესაც კისერზე საყელოსავით მომარგეს, მხოლოდ წითელი თვალები შემომანათა ზანტად – ეს ვის ყელზე მოვკალათდიო. გადავიღეთ მე და გრიშამ რამდენიმე ფოტო და მშვიდობიანად დავშორდით ერთმანეთს. მას შემდეგ ბრძენ მზეთუნახავს აღარ შევხვედრივარ და გულწრფელად ვისურვებდი, არც არასოდეს შევხვდებოდე, თუმცა დღეს სწორედ მათ შესახებ მინდა გესაუბროთ.
იცით თუ არა, როგორ ხვდება ქვეწარმავლის შხამი ჩვენს ორგანიზმში? რა თქმა უნდა, ნაკბენიდან. კბენისას ჩვენი კანის ეპიდერმისში შემავალი რთული ჰეტეროგენური ნახშირწყალი, კანის “ცემენტი”, ჰიალურონის მჟავა, შხამში შემავალი ფერმენტის ჰიალურონიდაზას მეშვეობით იშლება. შხამი სისხლში ხვდება და მოქმედებას იწყებს.
გველის შხამის სამკურნალო თვისებები ცნობილია (ოღონდ წამლად მას მხოლოდ სათანადოდ დამუშავებულს იყენებენ). ალბათ ამიტომაც არის მედიცინის სიმბოლო ფიალაზე შემოხვეული გველი, თუმცა, ზოგიერთი მოსაზრების თანახმად, ეს უფრო ანკარაა, სიმშვიდისა და სიკეთის ნიშანი.
ალერგია, გაფანტული სკლეროზი, ალცჰეიმერის დაავადება, ინსულტის შემდგომი პერიოდი, საჭმლის მომნელებელი სისტემის ზოგიერთი პათოლოგია, პოტენციის დაქვეითება, ცხიმოვანი ცვლის დარღვევა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ დაავადებებისა, რომელთა სამკურნალოდ გველის შხამი აქტიურად გამოიყენება. თუმცა დაგესლილი ადამიანი რომ სასიკვდილოდაა განწირული, ესეც ვიცით. მხოლოდ სასწაული თუ გადაარჩენს და ეს სასწაული დროული და ეფექტური მკურნალობაა. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც თითოეული წამი ძვირფასია.
რისგან შედგება გველის შხამი?
ქიმიას ვერც აქ გავექცევით.
გველის შხამს ძალიან რთული ქიმიური შემადგენლობა აქვს. შეიცავს ცილებს, ცილა-ფერმენტებს (ჰიდროლაზები, პროტეაზები, ნუკლეაზები, ფოსფონუკლეაზები, კატალაზები, ოქსიდაზები), პეპტიდებს, ცალკეულ L-ამინმჟავებსა და იმ ნივთიერებათა ფრაქციებს, რომლებიც სისხლის შედედებაში მონაწილეობენ. გველის შხამში შემავალი ზოგიერთი ნივთიერება მოქმედებს კუნთებზე, ცვლის გულის ფუნქციას და აძლიერებს ლეიკოციტების მოძრაობას.
გველის შხამი გამჭვირვალე ან მღვრიე სითხეა, არც სუნი აქვს და არც რაიმე დამახასიათებელი გემო. წყალში კარგად იხსნება, გაშრობისას ადვილად კრისტალდება. გამომშრალი, თუ სწორად შევინახეთ, აქტიურობას 20 წელი ინარჩუნებს.
თბილსისხლიან ორგანიზმებზე მოქმედების მიხედვით შხამების ორ ჯგუფს გამოყოფენ: ნეიროტოქსინებს, რომლებიც ნერვულ სისტემაზე მოქმედებს და ჰემოტოქსინებს, რომლებიც სისხლის შედედებას იწვევს. ნეიროტოქსინებში უფრო მეტად გვხვდება პეპტიდები. ზოგიერთი მათგანი შედარებით მოკლეა, 60-62 ამინმჟავური ნაშთისგან შემდგარი, სადაც მხოლოდ 4 დისულფიდური ხიდაკია, ზოგი კი გრძელი – 71-74 ამინმჟავური ნაშთითა და 5 დისულფიდური ხიდაკით. ზოგიერთი სახეობის გველის შხამი შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც უჯრედის მემბრანას შლის. აფრიკული გველის ზოგიერთი სახეობა კაუდოქსინს შეიცავს, რომლის სასიკვდილო დოზა ადამიანისთვის 0,18 მგ-ია სხეულის ყოველ კილოგრამზე.
სიკვდილს უმეტესად შავი მამბას, კობრას, უდაბნოს გველის, ზღვის გველების ნაკბენი იწვევს.
არ დაიჯერებთ და, გველები ალერსიანი და ცხოველები ყოფილან და თამაშიც ჰყვარებიათ. ერთ კაცს სახლში გველი ჰყოლია. მოგეხსენებათ, მას ყოველდღიური კვება არ სჭირდება. ჰოდა, იმ კაცსაც დაუპურებია თავისი მცურავი და თვითონ რამდენიმე დღით საქმეზე წასულა. ამასობაში მის სახლში ქურდები შეპარულან. გველი კი დიდი ონავარი გამოდგა – საიდანღაც გამოსრიალდა და ერთ-ერთ ქურდს კისერზე ჩამოეკიდა. ავი ზრახვა გულშიც არ გაუვლია, – ოჯახის მეგობარი ეგონა და გაეთამაშა. ვერ გაუგეს ხუმრობა – ერთი ქურდი ფსიქიატრიულში მოხვდა, ორი დანარჩენი კი კარდიოლოგიურ კლინიკაში…
და მაინც, როგორ გადავურჩეთ გველების “რისხვას”?
იქ, სადაც გველია გავრცელებული, დახურული, სქელი ტყავის ფეხსაცმლით უნდა ვიაროთ; თუ დავინახეთ, ფრთხილად უნდა ავუაროთ გვერდი – ისე, რომ არ შევეხოთ; ხშირ ბალახში სიარულისას ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ უნებურად ფეხი არ დავადგათ (ყველა გველების ცნობილი დამჭერი ოსტინ სტივენსი ვერ იქნება https://austinstevens.net/. ზაფხულის ღამით ბუნების წიაღში სეირნობისას ფარანი არ უნდა დავივწყოთ. თუ ტყეში ღამის გათევა გვინდა, არ უნდა დავწვეთ იმ ხეების ქვეშ, რომლებსაც ფუღურო აქვთ, ან რომელთა მახლობლად სოროსმაგვარი ჩაღრმავებაა.
თუ ვინმე ჩვენ თვალწინ დაკბინეს, საავადმყოფოში წაყვანამდე უმოქმედოდ ნუ ვისხდებით. შხამი ჭრილობიდან უნდა ამოიწოვოს, ოღონდ ეს ფაქტობრივად კბენისთანავე უნდა მოხდეს და ვინც ამას გააკეთებს, პირის ღრუში ჭრილობა არ უნდა ჰქონდესმ თორემ შესაძლოა, თვითონვე დავზარალდეთ. დაგესლილი მშვიდად და გაუნძრევლად უნდა იწვეს, დაკბენილი კიდური არ ამოძრაოს. ასვით რაც შეიძლება მეტი სითხე. ყველაფერს სჯობია საშუალო სიმაგრის თბილი, ტკბილი ჩაი. ეფექტურია ანტიჰისტამინური (ალერგიის საწინააღმდეგო) პრეპარატების მიღებაც. დაბოლოს, რაც შეიძლება სწრაფად მიიყვანეთ სამედიცინო პუნქტამდე – პროფესიული სამედიცინო დახმარება აუცილებელია!
სკოლის მოწაფე ვიყავი, როდესაც ახლობელმა მე და დედა გარგარზე დაგვპატიჟა. რუსთავის ახლოს ჰქონდა სოფელი და თვითონვე წაგვიყვანა. გარგარი ძალიან მიყვარს, მით უმეტეს – საკუთარი ხელით დაკრეფილი, ამიტომ მიწვევაც სიხარულით მივიღე, თუმცა იქ უფრო დიდი სიურპრიზი მელოდა – ოჯახმა სახელდახელო სუფრა და ძალიან საინტერესო სტუმარი, გემის კაპიტანი და მწერალი როდამ ჩაჩანიძე დაგვახვედრა. ენაწყლიანი გამოდგა ბატონი როდამი. მისმა ნაამბობმა კინაღამ გარგარის გარეშე დამტოვა… ბატონმა როდამმა გვიამბო, როგორ გადასანსლა ცოცხლად დიდმა ანაკონდამ მისი ექსპედიციის ადგილობრივი გამყოლი. მსხვერპლის მეგობარი არ დაიბნა და გველს სპეციალური ისარი ესროლა. ანაკონდამ ადამიანი უკანვე ამოანთხია, – სამწუხაროდ, უკვე გვიანი იყო…
ისეც ხდება, რომ ადამიანი მიირთმევს გველს. ზოგიერთს მიაჩნია, რომ გველის ხორცი ადამიანის ორგანიზმისთვის შეუცვლელ ამინმჟავებს შეიცავს. ასეთ ეგზოტიკურ საკვებზე საუბრისას ექიმ-ალქიმიკოსის პარაცელსის სიტყვები მახსენდება. ის ამბობდა, ყველაფერი, რასაც ვჭამთ, წამალიცაა და შხამიც – ულუფას გააჩნიაო.
მე მხოლოდ ის ვიცი, რომ გველის ხორცის ჭამით ჩვენ ვერ გაგვაოცებენ… გახსოვთ ვაჟა?
ბოლოს სთქვა: “თავსა მოვიკლავ,
ასეთ სიცოცხლეს სჯობია!”
ქაჯთათვის ცეცხლზე ნადგამი
სადილად ნახა ქობია.
იცოდა, გველსა ჰხარშავდნენ,
იმასა სჭამდნენ ხშირადა;
ქაჯნი ქაჯობით იტანდნენ
გველის მიღებას პირადა…
წერილი ჰოროსკოპზე საუბრით დავიწყე. 2013 წელი გველის წელია და თურმე ჩემისთანა მერწყულებს წარმატებას უქადის. მოდი, ამჯერად დავუჯერებ…