ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

ბიოგრაფია, ამბის გასაღები და მთავარი ამბავი 

 

ერთ დღეს ჩემი შვილი სკოლიდან მოსული ლექსს უჩვეულოდ დიდხანს სწავლობდა და მივხვდი, რომ კარგად არ ესმოდა ის ტექსტი, რომელიც მეორე დღეს ზეპირად უნდა მოეყოლა. ლექსი აკაკი წერეთლის “განთიადი” იყო და მის სწავლას ჩემი შვილი ისე ცდილობდა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა არც ამ ლექსის დაწერის ამბის შესახებ და არც ის იცოდა, ვის ეძღვნებოდა ეს მშვენიერი ტექსტი. სახელმძღვანელოში ეს ამბავი მოყოლილი არ იყო და როგორც ჩანს, არც მასწავლებელმა მიიჩნია საჭიროდ აეხსნა 8-9 წლის ბავშვებისთვის დიმიტრი ყიფიანის სიცოცხლისა და სიკვდილის ისტორია, მისი როლი თანამედროვეებისა და ეროვნული მოძრაობისთვის და ამ ყველაფრის გარეშე თანამედროვე დაწყებითი კლასების მოსწავლისთვის მართლაც არ არის მარტივი ათსტროფიანი ლექსის სწავლა. როგორ შეიძლება “განთიადი” დაუვიწყარ ლიტერატურულ თავგადასავლად იქცეს მოსწავლეებისთვის, ამაზე დიანას აქვს დაწერილი ამავე ჟურნალისთვის შესანიშნავი გეგმა და ამაზე არ გავჩერდები. ამ წერილში ის დარდები მინდა გაგიზიაროთ, რასაც მწერლების და მათი პროტაგონისტების ბიოგრაფიების სასწავლო პროცესში ზედაპირულად და სტერეოტიპულად, შაბლონურად სწავლება იწვევს ჩემში.

 

ყოველ ჯერზე გაოგნებული ვრჩები, როცა ქართული ლიტერატურის სასკოლო სახელმძღვანელოებში მაგალითად გალაკტიონზე ვკითხულობ, რომ მას “ცხოვრებაში სახელი და დიდება არ მოჰკლებია”, პაოლოზე წერენ, რომ ის “გარდაიცვალა”, სულხან-საბაზე ბიოგრაფიული ცნობები კი მხოლოდ მისი ტანძიაში დაბადებით და რუსეთში გარდაცვალებით იყოს შემოზღუდული მისი ევროპაში მოგზაურობის ხსენების გარეშე.

 

ადამიანების, მით უმეტეს ხელოვანი, სოციალურად და პოლიტიკურად აქტიური ადამიანების ბედი მჭიდროდ არის დაკავშირებული ქვეყნის ბედთან, ეპოქასთან და იმ ამბების გახსენების და ცოდნის გარეშე, კონტექსტის შექმნის და გააზრების გარეშე არც კი ვიცი საერთოდ თუ აქვს რაიმე ღირებულება ცალკეული ტექსტების სწავლას და სწავლებას.

 

ქართველი მწერლების ბიოგრაფიები, როგორი მწირი და ფრაგმენტულიც უნდა იყოს, შესანიშნავ სურათს იძლევა სხვადასხვა ეპოქების საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის, განმანათლებლობის ისტორიის, ურბანული განვითარების, კულტურული ცხოვრების, თავისუფალი მედიის ჩამოყალიბების შესახებ.

რომელ ქვეყნებში სწავლობდნენ, მუშაობდნენ, იმყოფებოდნენ ტყვეობაში თუ ითხოვდნენ მხარდაჭერას ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის – თუკი რამდენიმე მწერლის ბიოგრაფიის ფონზე ამ რუკას მოვხაზავთ, ვნახავთ ვინაა საქართველოს ისტორიული მტერი და ვინ ეიმედებოდათ ჩვენს წინაპრებს.

თუ გადავხედავთ იმ პერიოდიკას, სადაც მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეში ქართველი მწერლები აქვეყნებდნენ თავიანთ ნაწარმოებებს, იმ ჟურნალების სიას შევადგენთ, რომლებიც მწერლებისა და პოეტების რედაქტორობით გამოიცემოდა, ვნახავთ, რომ პლურალისტური მედია და სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლა ჩვენი წმინდა ტრადიცია ყოფილა.

თუკი იმ სასწავლებლებს გადავხედავთ, სადაც მომავალი მწერლები იღებდნენ განათლებას ან რომლების შექმნაშიც მონაწილეობდნენ, ცხადი გახდება, რომ ფორმალური განათლების კერების გაჩენას ნიადაგი არაფორმალური განათლების პრაქტიკებმა მოუმზადა.

და თარგმანები, რომლებიც ჩვენმა მწერლებმა დაგვიტოვეს? რამდენს ლაპარაკობს მათ ინტერესებზე, მათ ხედვაზე სხვა ქვეყნების კულტურაზე და იმ ცოდნების  საჭიროებებზე, რაც სხვადასხვა დროს ჰქონდა ქართულ საზოგადოებას.

 

რატომ ვირჩევთ ამ გზას ბავშვების ლიტერატურით დასაინტერესებლად?

 

რატომ არ ვუხსნით მათ, რატომ ვასწავლით იმას, რასაც ვასწავლით?

 

რატომ არ გვწყინდება წლიდან წლამდე ერთი და იმავე ფრაზების დაწერა, მოყოლა და მოსმენა და რატომ არ ვცდილობთ, ვაქციოთ ბიოგრაფია ამბის გასაღებად, მთავარ ამბად და ისე გავაცნოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ისტორიული გმირები ბავშვებს, რომ მათთან სიახლოვე იგრძნონ, მათი გაგება მოუნდეთ, მათი დახმარებით გაიკვლიონ გზა ისტორიის ლაბირინთებში?

 

განა არ არის მნიშვნელოვანი იცოდნენ ბავშვებმა, რომ თითქმის ორი საუკუნის წინ, 1827 წელს, როცა ნიკოლოზ ბარათაშვილი პატარა ბიჭი იყო და მშობლებმა სასწავლებად მიაბარეს, თბილისში უკვე ფუნქციონირებდა ევროპული ყაიდის სასწავლებელი, კეთილშობილთა სასწავლებელი?

 

ან ის ფაქტი როგორ არ შეიძლება გამოვიყენოთ საბჭოთა რეჟიმის ცინიზმის მასშტაბის აღსაწერად, რომ გალაკტიონს სწორედ იმ წელს მიანიჭეს ლენინის ორდენი, როცა მისი ცოლი, ორჯერ გადასახლებული ოლღა ოკუჯავა დახვრიტეს პოლიტპატიმრის სტატუსით  ბოლშევიკებმა ორიოლის ოლქში?

 

როგორი რთული იყო მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს საქართველოდან რუსეთში სასწავლებლად წასული ახალგაზრდების შენახვა ოჯახებისთვის, რამ შეიძლება აღწეროს ისე ცხადად, როგორც ალექსანდრე ყაზბეგის მიერ დედისთვის მიწერილი წერილის ფრაგმენტმა, სადაც ის ყოველთვიურ ხარჯებს ჩამოთვლის: “ოცდახუთი მანეთი სადილი და ოთახი, ხუთი მანეთი ჩაი და შაქარი, სამი მანეთისა სანთლები, თვეში ორი მანეთი წაღებისათვის უნდა გადაიდოს, ერთი თუმანი წიგნები. დარჩა ხუთი მანეთი. ეგეც ან ბულკს იყიდი, ან რძესა. აბა რაღა რჩება ერთი მითხარი?“

 

და ვაჟას რომ ფშავის სოფლებში მოძრავი სკოლის გახსნის იდეა ჰქონდა და ამ იდეის მხარდაჭერას წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვდა “წლის თავზე ანაბანის მცოდნელი ოთხასზე მეტი მოსწავლის” გასაზრდელად, ეს ამბავი როგორ შეიძლება გამოვტოვოთ მისი, როგორც მოქალაქის დასახასიათებლად. ან შეიძლება ვაჟაზე ვილაპარაკოთ და არ ვაჩვენოთ ბავშვებს სურათები, საიდანაც მისი რეპრესირებული შვილი ლევანი გააქრო საბჭოთა ცენზურამ?

 

ვინ შეიძლება დაგვეხმაროს, ბათუმის, როგორც ოთხიათასამდე მოსახლით დასახლებული საზღვაო ქალაქის სურათის წარმოდგენაში ისე კარგად, ვიდრე დავით კლდიაშვილი, რომელიც აქ მის პირველ სამსახურში მუშაობდა მეცხრამეტე საუკუნის 80-იან წლებში და თავს თეატრალური წარმოდგენებით ირთობდა, რომლებშიც თურმე ალექსანდრე ყაზბეგიც კი მონაწილეობდა მსახიობის სტატუსით.

 

და ქუთაისში რომ რუსეთის მოხეტიალეთა დასი შოვინისტური სპექტაკლით ცდილობდნენ ქართველებსა და ებრაელებს შორის შუღლის გაღვივებას ჩვენთვის შორეულ 1901 წელს, არ უნდა ვუთხრათ ბავშვებს ნიკო ლორთქიფანიძეზე საუბრისას? რა შეიძლება იყოს იმაზე კარგი ფანტაზიის სავარჯიშო, ვიდრე წარმოდგენა, როგორ უპირისპირდება მომავალი მწერალი მეგობრებთან ერთად რუსული დასის სპექტაკლს, როგორ გამოჰყავთ მათ დასაშოშმინებლად 150 კაციანი სამხედრო რაზმი და შემდეგ, როგორ ასამართლებენ მათ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის გამო?

 

როგორ შეიძლება ლიტერატურაზე ვილაპარაკოთ და არ ვაჩვენოთ მისი კავშირი დღევანდელობასთან, მწერლების ამბები მოვყვეთ ისე, რომ არ დავინახოთ როგორი ადამიანები იყვნენ ისინი, სად გაუცრუვდათ იმედი, რა გამოუვიდათ კარგად, რაზე ოცნებობდნენ და რისთვის იბრძოდნენ? როგორ შეიძლება ისტორიაში მთავარი ამბავი გამოვტოვოთ და დავიჯეროთ, რომ ბავშვებს შაბლონურად მოყოლილი ბიოგრაფიებით და მათთვის რთულად გასაგებ ენაზე დაწერილი ტექსტებით დავაინტერესებთ?

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“