ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

მზის სისტემის პლანეტათა აღლუმი „ვეფხისტყაოსანში“

რატომ უნდა იქცე ნაძვად ურწმუნოთა სამყაროში? მზის სისტემის პლანეტათა აღლუმი „ვეფხისტყაოსანში“ და სიმბოლოების ძიების პროცესი როგორც ტექსტის სიღრმისეულად გააზრების ხერხი

 მოზარდებს რაც ყველაზე მეტად აინტერესებთ და ცნობისმოყვარეობას უღვიძებთ, დაფარული, იდუმალებით სავსე სამყაროებია, კოსმოსია. რა ხდება ჩვენი პლანეტის მიღმა? ღამით ცაში მოკიაფე ვარსკვლავები რას გვიმალავენ? როდის გაიგეს ადამიანებმა მათ შესახებ? რა ხდებოდა ათასწლეულების წინ?

ძველი ერების მითოლოგიაში, მათ შორის ქართულშიც, ციურ სხეულებს დიდი როლი აკისრიათ. გემახსოვრებათ, რომ მზე დედა იყო ჩვენი, მთვარე – მამაჩვენი, წვრილ-წვრილი ვარსკვლავები კი – დები და ძმები, თუმცა ისეც ხდებოდა, რომ მთვარე ქალურ საწყისად იყო მიჩნეული. კიდევ უფრო ღრმად თუ ჩავიხედავთ ჩვენი უძველესი წინაპრების მსოფლხედვაში, აღმოვაჩენთ, რომ თურმე მზისა და მთვარის ღვთაებები ადამიანებთან ოქროს ძაფების მეშვეობით ურთიერთობდნენ. ეს ოქროს ძაფები ხეებს ჰქონიათ გამობმული კენწეროებზე და ასე დასეირნობდნენ უძველესი ღმერთები ზეციურ სამყაროსა და დედამიწას შორის. იმდენად უყვარდათ ძველ ქართველებს თავიანთი ღვთაებები, რომ სახლებში, მთავარ, საყრდენ ბოძზე, ღვთაების – მზის ნიშან-სიმბოლო – ბორჯღალი ჰქონდათ გამოსახული. ეს ბოძიც ხისა იყო. მოკლედ, ხეს დიდი დატვირთვა ჰქონია ქართველების ცნობიერებაში – ღმერთთან, სულიერ სამყაროსთან კავშირის. ისიც ვთქვათ, რომ თავად ხის აგებულებაც იძლეოდა ამის საშუალებას: ფესვები – ქვემოთ, ქვესკნელში, ტანი – შუასკნელში, ადამიანთა სამყაროში, ხოლო ვარჯი – ზეცაში, ღმერთების სამყოფელში. ხე აერთიანებდა სამივე სამყაროს და თავის თავში მოიცავდა მთელ უნივერსს.

ხის სიმბოლური მნიშვნელობა ქრისტიანობამაც მშვენივრად შეითავსა. ხის ნაყოფი იყო მიზეზი ედემის დაკარგვისა და ასევე ხე, ჯვრის სახით, გახდა ახალაღთქმისეული სამოთხის პოვნის საწინდარი. ისევ ქართველობას თუ დავუბრუნდებით, აღმოვაჩენთ, რომ სვეტიცხოველი, ქრისტიანობის პირველი დროშა და ალამი, სწორედ პირველყოფილი, ცოცხალი ხე ყოფილა – სვეტად და ტაძრად ქცეული.

სიმბოლოები დიდ როლს ასრულებს ტექსტების სიღრმისეულად გაგება-გააზრებაში, სწორი აქცენტების დასმაში, მთავარი სათქმელის ამოცნობასა თუ იდეური მსოფლხედვის აღმოჩენაში. მაგალითად, კარგი იქნება, თუ გოდერძი ჩოხელის მოთხრობის „წერილი ნაძვებს“ კითხვისას ბავშვებს  გავააზრებინებთ  ხის სიმბოლურ დატვირთვას. რას ნიშნავს ნაძვის სიმბოლიკა? რატომ გაწირა ბერმა თავისი ადამიანური საწყისი? რატომ ისურვა ხედ ქცევა? აუცილებლად ვესაუბროთ იმ ლიტერატურულ მიმდინარეობაზეც, რომელსაც ეს ტექსტი მიეკუთვნება. მაგიური რეალიზმი ძალიან საინტერესო რამეა, რეალობისა და ფანტაზიის შერწყმა განაპირობებს იმას, რომ მკითხველი იკარგება ტექსტის სიღრმეში, გამონაგონი ისე ბუნებრივად არის მოწოდებული, რომ ვერ გაუგია, სად მთავრდება რეალობა და იწყება ირეალური სამყარო. მთის სოფელი, ჩვეულებრივი ადამიანური ყოფა, კუთხური ლექსიკა, დიალოგები და ამ დროს, ჰოი, საოცრებავ, კაცს მხარზე ნაძვი ამოსვლია! საოცრება ის არის, რომ ეს კაცი ამ ნაძვს შვილივით უფრთხილდება, ასეირნებს, სუფთა ჰაერს აყლაპებს და საკუთარ თავს, ჯანმრთელობას და ადამიანობასაც კი სწირავს მის კარგად ყოფნას. აი, აქ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ნაძვის იდეაზე. შესაძლოა, მოსწავლემ ის მხოლოდ ბუნების ნაწილად აღიქვას, პერსონაჟის ქცევა კი – ბუნებისთვის თავგანწირვად, არადა, ეს მხოლოდ ზედაპირული გააზრებაა. დავსვათ კითხვა: რის სიმბოლო შეიძლება იყოს ნაძვი? დავაფიქროთ ჩვენი მოსწავლეები, რატომ ვრთავთ ახალ წელს მაინცდამაინც ნაძვს? მოვუყვეთ ქართული მითოლოგიიდან ამბებს ხეებზე, შევახსენოთ ქრისტიანობაში ხის დანიშნულება და ისინი აუცილებლად მივლენ იმ აზრამდე, რომ პერსონაჟმა თავი უბრალოდ ნაძვს კი არ შესწირა, არამედ მარადიულობას, განახლებას, რწმენას, ღმერთთან დამაკავშირებელ გზას. იდეისთვის ასეთი თავგანწირვა – უღმერთო სამყაროში, სადაც ბერის სოფელში ერთი ნაძვიც კი არ ხარობს! მოვაძებნინოთ მოსწავლეებს ინფორმაცია ხის სიმბოლიკაზე სხვადასხვა კულტურაში – ასე მათ ტექსტის სიღრმეებში წვდომას მივაჩვევთ. რატომ უნდა იქცე ნაძვად ურწმუნოთა სამყაროში? დღეს რა გვაკლია? რად ქცევა სწყურია ადამიანს? ნაძვად თუ თევზად? ასეთ საკითხებზე დისკუსია, ერთი მხრივ, ანალიტიკურ უნარებს განუვითარებს მოსწავლეებს, მეორე მხრივ კი იმ საკითხებზე დააფიქრებს, რომლებიც მათთვის მისტიკური, საიდუმლოებით მოცულია.

თემაზე მუშაობისას მოსწავლეებს ასევე ვაჩვენებდი ახალ ანიმაციურ ფილმს „პინოქიო“, რომელიც ცნობილი ამბის განსხვავებულ გააზრებას გვთავაზობს. მამას ქალაქის დაბომბვისას გარდაეცვლება პატარა ბიჭი, რომელსაც თავის ეზოში დაკრძალავს. მის საფლავზე ამოდის უზარმაზარი, მშვენიერი ხე. რამდენიმე წლის შემდეგ უზომოდ დარდიანი მამა ხეს მოჭრის და მისგან პატარა ბიჭს გამოთლის. ხის ბიჭუნა სასწაულებრივად ცოცხლდება. თითქოს მამა შვილს იბრუნებს… ხისთვის სულის ჩადგმის ეს პროცესი ადამიანის ყველაზე ბუნებრივ რეინკარნაციად იქცევა.

ჩვენი ბავშვები იშვიათად კითხულობენ ქართულ ხალხურ ზღაპრებს, ან, თუ კითხულობენ – ადაპტირებულ ვერსიებს. არადა, სწორედ ამ ზღაპრებშია ჩვენი იდენტობის უზარმაზარი ნაწილი. ქართული ხალხური ზღაპრებია გასაღები უამრავი სიმბოლური სახისა და მეტაფორისა. ბოროტი დედინაცვლის გამო ალვის ხედ ქცეული გოგონა, მისგან გამოთლილი მკვნესარე სალამურის სევდიანი ჰანგი, კონკიას დედის საფლავზე ამოსული აშოლტილი ხე, რომელიც გოგონას ბედნიერებას მოუტანს და წერილის დასაწყისში ნახსენები ხის სიმბოლოს გააზრება.

ვფიქრობ, ტექსტის ასე მრავალმხრივ დამუშავება, პარალელების ძიება, სიმბოლოების პირველწყაროებზე ფიქრი არა მხოლოდ საინტერესოს გახდის ტექსტებზე მუშაობის პროცესს, არა მხოლოდ სწავლის მოტივაციაზე იმოქმედებს, არამედ ძიებას, კვლევას მიაჩვევს, ცოდნის სკივრს აუვსებს ჩვენს ბავშვებს. ხის სიმბოლიკის ძიებას რომ გავყვეთ, ძალიან შორსაც წავალთ: კელტური სამყარო, დრუიდები, სკანდინავიური მითოლოგიიდან ცნობილი ხე – იგდრასილი, რომელიც ცხრა სამყაროს აერთიანებს… ამ ხის ამბავი ჩვენს მოსწავლეებს აუცილებლად ეცოდინებათ – სკანდინავიური მითოლოგიიდანაა თორი, რომელიც „მარველის“ კომიქსების ცნობილი სერიის პოპულარული პერსონაჟია.  ჩვენ, მასწავლებლები, ძაფებს ვაბამთ და ვაკავშირებთ უძველეს სამყაროს თანამედროვეობასთან. უაღრესად საინტერესოა, ახალ დროებაში რა დაემართათ მითიურ სახეებს – ისინი კინემატოგრაფმა გარდაქმნა და ისეთ პროდუქტებად აქცია, რომლებიც მილიონებად იყიდება. ამ საკითხს თუ ჩავუღრმავდებით, შევამჩნევთ, რომ ახალ ფილმებში, წიგნებში, ანიმაციებში მრავალი მივიწყებული მითოსური სახეა.

ამ მიმართულების გაგრძელება იქნება „ვეფხისტყაოსნის“ ერთი თავის გააზრება: „წასვლა ავთანდილისგან ფრიდონისასა“. ავთანდილი, რომელმაც სულ ახლახან მოისმინა ტარიელის ტრაგიკული ამბავი, მეგობრობა შეჰფიცა გმირს და თუნდაც სიცოცხლის ფასად დახმარებას შეჰპირდა, რომელმაც სატრფო მიატოვა და ეს ცალკე ასევდიანებს, მიდის – სად, თავადაც არ იცის… მიზანი ცხადია: მეგობარს უნდა დაეხმაროს! სატრფოს თხოვნა შეუსრულოს! ყველაფრის ფასად! მიდის ფრიდონის საპოვნელად, ოღონდ არ იცის, მოკვდება თუ გადარჩება, არ იცის, საყვარელ თინათინს კიდევ იხილავს თუ არა. აი, ასეთი დარდით სავსე ახალგაზრდა ყმაწვილი ხმამაღლა ტირის, სამყაროს აყრუებს გულმოკლული მიჯნურისა და მეგობრის ვაება. და ყველა გზა რომ მოჭრილია, ღმერთის მიმართ ლოცვაც აღვლენილია, ავთანდილი მნათობებს მიმართავს თხოვნით. აი, აქ იწყება ყველაზე საინტერესო, მისტიკური რამ: თითოეული პლანეტის მიმართ აღვლენილ თხოვნაში ამ პლანეტის სიმბოლური მნიშვნელობა მოჩანს. პირველი ადრესატი, რა თქმა უნდა, მზეა. მზე სიმბოლოა მთავარი ღვთაების, ნათლის, დიდებულების, სამყაროს ცენტრისა და სამყაროს თვალის და ყველაზე ძვირფასი, სანატრელი სურვილი მას მიემართება: „მე ნუ გამყრი საყვარელსა, ნუ შემიცვლი ღამედ დღესა!“ შემდეგია ზუალი, იგივე სატურნი, ემოციებზე მოქმედი პლანეტა, და მის მიმართ თხოვნაც ასეთია: „შემომყარე კაეშანი, ტვირთი მძიმე, ვითა ვირსა,/ მას უთხარ, თუ: „ნუ გასწირავ, შენია და შენთვის ტირსა“. მას მოსდევს მუშთარი, იგივე იუპიტერი, სამართლიანობის პლანეტა: „ნუ ამრუდებ უმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა!“ მარიხი იგივე მარსია, ომის ღმერთი: „მოდი, მარიხო, უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა“.  ასპიროზი – ვენერა, ოტარიდი – მერკური. აქვე – ამონარიდი საინტერესო სტატიიდან: „აღმოჩნდა, რომ იმდროინდელი კაცობრიობის მიერ საყოველთაოდ მიღებული პტოლემეოსის გეოცენტრული სისტემა „ვეფხისტყაოსანში“ უარყოფილია და მის ნაცვლად მოცემულია სამყაროს აგებულების ახალი მოდელი, რომელიც მეცნიერთა მიერ მხოლოდ მეთექვსმეტე საუკუნეში იქნა შემუშავებული“. ამ წერილის ბმული:

https://astronet.ge/2012-05-14-10-50-33/

პოემის სიმბოლოებზე მუშაობით, ასტრონომიის და თუნდაც ასტროლოგიის ჭრილში განხილვით, ძიებით, კვლევით, მსჯელობით, შეიძლება, „ვეფხისტყაოსანი“ ჩვენი მოსწავლეებისთვის საყვარელ ტექსტად ვაქციოთ.

წერილი რითაც დავიწყე, იმითვე დავასრულებ: თუ სასწავლო პროცესში გავითვალისწინებთ მოსწავლეების ინტერესებს, მისწრაფებებს, თუ თავისუფლად ვიმსჯელებთ, მოვაწყობთ დისკუსიებს, შედეგი ჩვენვე გაგვაოცებს. მე კი გისურვებთ დაუვიწყარ მოგზაურობას სიმბოლოების, მითებისა და ტექსტების საოცრად საინტერესო სამყაროებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი