კვლევის შედეგებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება წარმატებული რეფორმების, ინსტიტუციების, პოლიტიკისა და მომავლის საწინდარია. სანდო, ვალიდური, ობიექტური და გამჭვირვალე კვლევის შედეგები საშუალებას გვაძლევს, ზუსტად ვიცოდეთ, სად არის ჩვენი ორგანიზაციის, სისტემის სუსტი მხარე, რა ფაქტორები მოქმედებს და განაპირობებს ამ სისუსტეებს, არსებობს თუ არა მსგავსი გამოცდილება სხვაგან და როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ კვლევის შედეგების გარეშე მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არსებითად დიდი რისკის მატარებელია, რადგან სრულიად ლოგიკურად შეიძლება გამოიწვიოს დროის, ფინანსური და ადამიანური რესურსის არაეფექტურად ხარჯვა. ეს მხოლოდ პირდაპირი შედეგებია. არაპირდაპირ კი – დაუსრულებელი ცვლილებები, რეფორმების და სისტემის არასტაბილურობა, რომელიც აისახება თანამშრომელთა მოტივაციაზე, მათი ნდობის ხარისხზე სახელმწიფო სტრუქტურების, მენეჯმენტისა და პოლიტიკის დაგეგმვის მიმართ. საბოლოო ჯამში, რამდენიმეწლიან პერსპექტივაში მოსწავლის დაბალი მიღწევებისა და არაკვალიფიციური კადრების პარალელურად, შეიძლება მოიტანოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების იმაზე დაბალი დონე, ვიდრე ველოდით.
კვლევები შეიძლება იყოს სხვადასხვა – დიზაინის, საკვლევი თემებისა და ინტერესების მიხედვით. იმის გათვალისწინებით, თუ ვინ გეგმავს და რა მიზნით, დგება თეორიული ჩარჩო, განისაზღვრება დიზაინი და ა.შ. ცნება „კვლევის“ უკან ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში ბოლო წლებია თითქოს გაურკვევლობა იმალება. ეს ნიშნავს იმას, რომ თითქოს რაღაც გავიგეთ კვლევის აუცილებლობის შესახებ, თუმცა პრაქტიკულად მაინც არ ვიცით კარგად, რა და როგორ გავაკეთოთ. ეს გაურკვევლობა ასევე გვაფიქრებინებს, რომ კვლევის ჩატარება მხოლოდ დიდ ორგანიზაციებს შეუძლიათ, მძლავრი ფინანსური და ადამიანური რესურსით, რაც ნამდვილად არაა სიმართლე. რა თქმა უნდა, კვლევის ჩატარება მოითხოვს მეთოდოლოგიისა და სხვა საკითხების თეორიული და პრაქტიკული ცოდნის აუცილებლობას, თუმცა სკოლას მსგავსი პრობლემის გადაჭრა კონსულტანტის დახმარებითაც შეუძლია. შესაბამისად, პროფესიული განვითარების სისტემის კარგად დაგეგმვის შემთხვევაში სკოლამ შეიძლება გარკვეული პერიოდის შემდეგ სათანადო უნარებით აღჭურვილი მასწავლებლები მიიღოს, რაც სამომავლო განვითარების კუთხით გაკეთებული დიდი ინვესტიციაა.
მეორე ალტერნატივას წარმოადგენს სკოლების მხარდაჭერა უნივერსიტეტების ხაზით – სამაგისტრო, სადოქტორო ან ინტეგრირებული პროგრამების ფარგლებში კვლევითი უნარებით აღჭურვილი სტუდენტების მიმაგრება კონკრეტულ სკოლებზე, რომლებიც სათანადო სფეროში, აკადემიური განათლების მქონე ხელმძღვანელის ზედამხედველობის ქვეშ დახმარებას გაუწევენ სკოლებს, გაუზიარებენ ცოდნას საკვლევი თემების შერჩევის, ლიტერატურის ანალიზის, ინსტრუმენტების შემუშავების, მონაცემთა შეგროვება ანალიზისა და შემდგომ ინტერვენციების დაგეგმვის ეტაპზე. ამ კოლაბორაციას ძალიან ბევრი დადებითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო, თეორიული სივრცისა და რეალური პრაქტიკის ერთმანეთთან დაახლოებაა. ამ მოსაზრებას ავითარებდა დიმიტრი უზნაძეც, რომელიც თვლიდა, რომ უნივერსიტეტში აღზრდისა და პედაგოგიკის საკითხების კვლევა სკოლების პრაქტიკიდან წამოსულ პრობლემებზე უნდა დაფუძნებულიყო. გამომდინარე იქიდან, რომ უნივერსიტეტი უნდა ემსახურებოდეს განათლების სფეროს პროფესიონალების სწავლებას, იგი ვერ და არ შეიძლება იყოს მოწყვეტილი პრაქტიკისაგან, რეალობაში არსებული პრობლემებისა და საჭიროებებისაგან. მსგავსი ნაბიჯებით ასევე ჩნდება ახალი შესაძლებლობები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის – ხარჯების ოპტიმიზაცია, ავტორიტეტის ზრდა და სისტემის მთლიანობაში წარმოდგენა – როგორც ციკლის, ერთმანეთზე დამოკიდებული მწყობრი ნაბიჯების ერთობლიობა.
ამ საკითხის პირველ და უმნიშვნელოვანეს კვლევით აქტივობას წარმოადგენს Action Research – პრაქტიკული, პრაქტიკის, ქმედების, სამოქმედო კვლევა. ქართულენოვანი ლიტერატურა, როგორც ჩანს, ჯერჯერობით ვერ შეთანხმდა ერთ ტერმინზე. სხვადასხვა სახელმძღვანელოსა და გამოცემაში სხვადასხვა ცნება გვხვდება, თუმცა შინაარსით ერთსა და იმავეს – კურტ ლევინის მიერ შემუშავებულ საჭიროებებზე დაფუძნებული პრობლემების მეცნიერულ კვლევასა და გადაჭრის გზების დაგეგმვა/განხორციელებას მოიცავს. იგი მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ამერიკაში ემიგრირებული გერმანელი სოციალური ფსიქოლოგი იყო, რომლის კვლევის საგანს ჯგუფის დინამიკა და მიმდინარე ცვლილებები წარმოადგენდა (კონფლიქტი, კრიზისი, პრობლემის გადაჭრის სტრატეგიები). სწორედ მან გამოიყენა პირველად ტერმინი „Action Research“ და მთელი პროცესი სპირალურად წარმოიდგინა – ერთმანეთზე აგებული, განვითარებისკენ მიმართული ნაბიჯები. მეთოდოლოგიის სრულყოფაში ასევე დამსახურებული წვლილი მიუძღვის ბრიტანელ მეცნიერს ერიკ ტრისტს.
„ქმედების კვლევა ორ მიზანს ემსახურება: „სისტემის კვლევას და მის წევრებთან ერთად სისტემის სასურველი მიმართულებით შეცვლის მცდელობას. ამ ორი მიზნის მიღწევა აუცილებლად მოითხოვს მკვლევარსა და სისტემის წევრებს შორის აქტიურ თანამშრომლობას და აქცენტს სვამს ერთობლივ სწავლაზე, როგორც კვლევითი პროცესის ძირითად კომპონენტზე“. (MacIsaac in O’Brien, 2001, 3), ციტირებულია წულაძე, 2020).
ქმედების/პრაქტიკის კვლევის პირველი და მნიშვნელოვანი კომპონენტი პრობლემის აღიარებაა – ის ადამიანები, რომლებსაც პრობლემა ეხება, უნდა აღიარებდნენ მის არსებობას. მეორე ნაბიჯს გუნდის შექმნა წარმოადგენს, რომელიც მთელი პროცესის განმავლობაში მკვლევართან ერთად იმუშავებს პრობლემის შესწავლასა და მის მოგვარებაზე. პრაქტიკის კვლევა სხვა სოციალური კვლევებისაგან იმით განსხვავდება, რომ მასში ჩართული ადამიანები უკეთ სწავლობენ და იყენებენ მიღებულ ცოდნას. გარდა ამისა, საბოლოო პროდუქტი არამხოლოდ პროფესიულად განვითარებული პერსონალია, არამედ გადაჭრილი/მოგვარებული სოციალური პრობლემა. ამ პროცესში მკვლევარი მხოლოდ დამკვირვებელია და მის მიზანს არსებული პრობლემის გადაჭრა და გუნდის მხარდაჭერა წარმოადგენს. ამგვარად, პრაქტიკის კვლევას ორი საკვანძო ამოცანა ამოძრავებს: ცოდნის წარმოება, რომელიც თავად ჯგუფის წევრებისთვის გამოსადეგი იქნება და ამ ცოდნის საფუძველზე ჯგუფის რიგითი წევრების გაძლიერება. (Berg, Lune, 2012) ციტირებულია წულაძე, 2020).
აქედან გამომდინარე, შეიძლება დავუშვათ, რომ დღეს საქართველოში, საგანმანათლებლო ორგანიზაციებში დიდი პრობლემების მოგვარების გზებს პატარა გამოწვევებზე ორიენტირებული, კარგად წარმართული პრაქტიკის კვლევები წარმოადგენენ. თემატიკა არსებული რეალობიდან გამომდინარე ძალიან მრავალფეროვანი შეიძლება იყოს – დაწყებული კოვიდპანდემიის მიერ გამოწვეული სასწავლო დანაკარგებიდან (აკადემიური, სოციალურ-ემოციური) დასრულებული საერთაშორისო და ადგილობრივ კვლევებში ქართველ მოსწავლეთა მაჩვენებლებზე ორიენტირებით (წიგნიერება, მათემატიკური წიგნიერება, ძალადობა/ბულინგი და სხვ.). ასევე ნებისმიერი, სკოლის წინაშე მდგარი რეალური პრობლემა, რომლის მოგვარების აუცილებლობასა და საჭიროებასაც მასწავლებლები აღიარებენ.
საინტერესო საკვლევ საკითხს წარმოადგენს ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, მოტივაცია და მისი გავლენა მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე. ბევრი კვლევა აჩვენებს დადებით კავშირს მასწავლებლების ინტერესებზე მორგებულ პროფესიული განვითარების ღონისძიებებსა და მოსწავლეთა მიღწევებს შორის (Darling at all, 2005). იმისათვის, რომ მასწავლებელი თავად გახდეს საკუთარი პროფესიული განვითარების მსურველი და დამგეგმავი, მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე მისი წარმოდგენების კონკრეტული მიმართულებით ფორმირება. დადასტურებულია, რომ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პირველი მამოძრავებელი მასწავლებლისთვის ინსტიტუციის სტრატეგიისა და მიზნის რწმენაა და იმის გააზრება, რომ ორგანიზაციის მართვა ეფექტურად ხორციელდება. მოტივაციის მეორე ბიძგი საჭიროებაა – მასწავლებელს უნდა სჯეროდეს, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა მისი პრაქტიკის გაუმჯობესებას ძალიან სჭირდება. ეს ორი ფაქტორი – ეფექტურობა და საჭიროება განსაზღვრავს პედაგოგების მოტივაციას, ჩაერთონ პროფესიული განვითარების ღონისძიებებში, გააუმჯობესონ სწავლების პროცესი ან დარჩნენ ინერტულები. (Aeltermand at all, 2015)
თვითშეფასების საკითხები (სკოლის, მასწავლებლის, მოსწავლის) არსებითად დაკავშირებულია ორგანიზაციის წარმატებასა და მოსწავლის აკადემიურ მოსწრებასთან. იგი ასევე ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მამოძრავებელი ბერკეტია და PDCA (დაგეგმე, იმოქმედე, შეამოწმე, განახორციელე) ციკლში სწორედ პრაქტიკის კვლევის ელემენტებს იყენებს. ეს მიმართულებაც კარგ საკვლევ თემებს იძლევა, რაც ასევე დაკავშირებულია პრაქტიკასთან.
საგანმანათლებლო კვლევის მთავარი პროდუქტის გარდა, ანგარიშის და/ან მოგვარებული პრობლემისა მისი გაზიარებაცაა, რაც საშუალებას აძლევს მსგავსი გამოცდილების მქონე სკოლებს დაზოგონ რესურსები, შეცვალონ პრაქტიკა ან საერთოდ შეამჩნიონ ისეთი პრობლემები, რომლებზეც აქამდე არ უფიქრიათ. აქედან გამომდინარე, ყველა სკოლისთვის ყოველდღიურ საქმიანობად უნდა იქცეს კვლევების წარმოება, ხოლო უნივერსიტეტებისათვის – სკოლების დახმარება, რათა არ იკვლიონ რეალობისგან შორს და შექმნან სისტემის განვითარებისკენ მიმართული პროდუქტები.