ორშაბათი, ივლისი 22, 2024
22 ივლისი, ორშაბათი, 2024

კომპლექსური დავალება  _  ,,შექმენი ეკოგმირი რობოტი და გაუფრთხილდი დედამიწას!“

 

სასწავლო პროცესის წარმართვა –  კომპლექსური დავალებიდან – კომპლექსურ დავალებამდე –  ეს ის მთავარი პრინციპია, რომელიც მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის გასაღებია.

მოსწავლეებს მოსწონთ პროექტული სწავლება, თუ ჩვენ  კომპლექსურ დავალებას, რომელიც გრძელვადიან მიზნებზეა ორიენტირებული, შინაარსობრივად  მოვარგებთ სკოლაში მიმდინარე  პროექტს, ასევე,  საერთაშორისო თუ ეროვნულ საკონკურსო თემატიკას, ამით ავამაღლებთ მოსწავლეთა ინტერესს კომპლექსური დავალებების მიმართ.

წარმოგიდგენთ, ეკოსკოლის მსოფლიო პროგრამის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ორგანიზაციის  ,, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“-ის მიერ დაგეგმილ გარემოსდაცვითი კონკურსის _ ,,შექმენი ეკოგმირი“ ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული კომპლექსური დავალების შინაარსსა და მიმდინარეობის ეტაპებს, რასაც შედეგად მოყვა გარემოსდაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ მონაწილე მოსწავლეების სერტიფიკატებით და სამახსოვრო პრიზებით დაჯილდოება. ერთმა მოსწავლემ საპრიზო ადგილი მოიპოვა.

კომპლექსური დავალების განხორციელებას წინ უძღოდა კვლევა :

„ რას უშვრებით ნარჩენებს?“

კითხვები დიახ ნაწილობრივ არა
აგროვებთ თუ არა მაკულატურას?      
წერთ თუ არა ფურცლის ორივე მხარეს?      
იყენებთ თუ არა შესაფუთ მასალას სხვა საჭირო ნივთების დასამზადებლად?      
აძლევთ თუ არა დაპატარავებულ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს სხვებს?      
უფრთხილდებით თუ არა სკოლის ინვენტარს?      
       

კვლევის ჩატარების შემდეგ მოსწავლეები აანალიზებენ შეგროვებულ ინფორმაციას, პასუხობენ კითხვებს, ითვლიან პასუხებს და გამოაქვთ დასკვნა. თითოეული ჯგუფი ამზადებს და წარმოადგენს პრეზენტაციას ჩატარებული კვლევის შესახებ.

კითხვები მონაცემთა ანალიზისთვის:

  1. გამოკითხულთაგან რამდენი ადამიანი აგროვებს მაკულატურას?
  2. რამდენი ადამიანი იყენებს ფურცლის ორივე მხარეს?
  3. რამდენი ადამიანი იყენებს შესაფუთ მასალას რაიმე სხვა ნივთის დასამზადებლად?
  4. რამდენი ადამიანი ურიგებს დაპატარავებულ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს სხვებს?
  5. რა დასკვნის გამოტანა შეიძლება გამოკითხვის მასალებზე დაყრდნობით?

მონაცემთა დამუშავების შემდეგ გაირკვა, რომ კლასში საკმაოდ დაბალია ცნობიერება ნარჩენების ეფექტურად მართვის შესახებ.

დაიგეგმა კომპლექსური დავალების განხორციელება, რომელიც თავისი არსით უკავშირდება მდგრადი განვითარების მე-12 მიზანს –  გონივრული წარმოება და მოხმარება.

საგანი – ბუნებისმეტყველება

კლასი –VI

სამიზნე ცნება: ჯანმრთელობა და დაავადება, მდგრადი განვითარება

ქვეცნებები: ჰიგიენა, პრევენცია, ჯანსაღი გარემო

სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენები:

  1. ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის მნიშვნელოვანია ჰიგიენის წესების დაცვა.
  2. გარემოს დაბინძურება გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
  3. გარემოს დაცვა აუცილებელია მომავალი თაობების კეთილდღეობისთვის;

საკითხი: ჯანმრთელობა/ჯანმრთელობა და გარემო

საკვანძო შეკითხვა:

როგორ წარმოვადგინო ,,ეკორობოტის“  საშუალებით, თუ რა მნიშვნელობა აქვს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნებას ადამიანის ჯანმრთელობისათვის?

კომპლექსური დავალების პირობა:

თქვენი კლასი მონაწილეობს ეკოსკოლის მსოფლიო პროგრამის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ორგანიზაციის  ,, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“-ის მიერ დაგეგმილ გარემოსდაცვით კონკურსში _ ,,შექმენი ეკოგმირი რობოტი“, რომლის მიზანია მეტი ყურადღება მივაქციოთ გარემოსდაცვით საკითხებს და სასკოლო აქტივობებში მეტი დრო დავუთმოთ ამ პრობლემაზე მუშაობას. გაეცანი ინფორმაციას ნარჩენების ეფექტურად მართვის შესახებ, ნარჩენებისგან დაამზადე ,,ეკორობოტი“ და წარადგინე კლასის წინაშე.

ნაშრომში ხაზგასმით წარმოაჩინე: (შეფასების კრიტერიუმები)

  • რა მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ჰიგიენის წესების დაცვას(ჯანმრთელობა და დაავადება მკ.წ 1).
  • რა გავლენას ახდენს დაბინძურებული გარემო ადამიანის ჯანმრთელობაზე(ჯანმრთელობა და დაავადება მკ.წ3)?
  • რა მნიშვნელობა აქვს გარემოს დაცვას მომავალი თაობებისთვის (მდგრადი განვითარება მკ.წ 1).

კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპები და  მუშაობისას განხორციელებული აქტივობები:

I ეტაპი: კომპლექსური დავალების ფორმა

 ნაბიჯი 1. როგორ უნდა წარმოვაჩინო საკუთარი ცოდნა შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით?

რესურსი:  ეკოგმირი – რობოტი  ( შექმნილი  მათი თანატოლების მიერ), მასწავლებლის მიერ დამზადებული ეკორობოტი.

მოსწავლეები ეცნობიან კონკურსის პირობებს, მის შინაარსს, რაც მათში აღძრავს ინტერესს და ფიქრობენ,  როგორ უნდა წარმოაჩინონ საკუთარი ცოდნა შესწავლილ საკითხთან დაკავშირებით.

აქტივობა 1. · კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა, წინარე ცოდნის დადგენა შესაქმნელი პროდუქტისა და შესასწავლი საკითხის ირგვლივ.

აქტივობა 2.   მასწავლებელი მოსწავლეებს  გაკვეთილზე აცნობს ნარჩენებისგან დამზადებულ ეკოგმირს, რომელიც შინ თავად მოამზადა.

აქტივობა 3. დავალების მოთხოვნების გაცნობიერება და სამიზნე ცოდნის (დეკლარაციული, პროცედურული, პირობისეული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვებით წინარე ცოდნის გააქტიურება.

  • რას გულისხმობს შესასწავლი საკითხი?
  • რა შემოქმედებითი პროდუქტის საშუალებით უნდა დაადასტურო, რა ისწავლე მოცემულ საკითხთან დაკავშირებით?
  • რა არის ეკორობოტი და როგორ შექმნი მას?

II ეტაპი: კომპლექსური დავალების შინაარსი

ნაბიჯი 1.

  • რა მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ჰიგიენის წესების დაცვას (ჯანმრთელობა და დაავადება მკ.წ 1).
  • რა გავლენას ახდენს დაბინძურებული გარემო ადამიანის ჯანმრთელობაზე (ჯანმრთელობა და დაავადება მკ.წ3)?

რესურსი: ვიდეორგოლი. ,,ჩვენი წვლილი პლანეტის გადარჩენაში“.

აქტივობა 1: ვიდეორგოლის გაცნობის შემდეგ გაიმართა  დისკუსია ,,მრგავალი მაგიდის“ მეთოდის გამოყენებით. მოსწავლეებმა უპასუხეს შეკითხვებს:

1.ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ ნარჩენების გადამუშავების პრობლემა დღეს საკმაოდ მწვავედ დგას?

  1. რაში ხედავთ მის გამოვლინებას?

3.რაში ხედავთ გამოსავალს?

რესურსი: სახელმძღვანელოში არსებული მასალა, მასწავლებლის მიერ მომზადებული პრეზენტაცია, სამაგიდო თამაში მეეზოვე. (აღნიშნული რესურსის საშუალებით მოსწავლეები სწავლობენ ნარჩენების დახარისხებას.)

აქტივობა2.

მოსწავლეები ნაწილდებიან ჯგუფებში და რომელი გუნდიც უფრო სწრაფად დაახარისხებს სხვადასხვა ტიპის ნარჩენის ბარათს შესაბამისი ფერის ურნაში(ჭიქა), ის გუნდი იმარჯვებს.

სამიზნე ცოდნის (დეკლარაციული, პროცედურული, პირობისეული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები:

 

  • რა სახის ნარჩენები არსებობს?
  • სად მიდის ეს ნარჩენები?
  • გსმენიათ თუ არა ნარჩენების დახარისხების შესახებ?
  • ახარისხებთ თუ არა ნარჩენებს ოჯახში და თავად თუ მონაწილეობთ ამ პროცესში?
  • ხომ არ გსმენიათ რამე ნარჩენების მეორეული გამოყენების შესახებ?
  • ხომ არ გამოგიყენებიათ რაიმე სახის ნარჩენი მეორეული დანიშნულებით და დაგიმზადებიათ რაიმე მისგან?

ნაბიჯი2

რა მნიშვნელობა აქვს გარემოს დაცვას მომავალი თაობისთვის (მდგრადი განვითარება მკ.წ 1)?

აქტივობა.1

,,შეამოწმე შენი ეკოლოგიური ნაკვალევი” საინტერესო და სახალისოა, ის ეკოცნობიერების ამაღლების მიზანს ისახავს. თურმე  პლანეტა დედამიწის რესურსს დაუდევრად ვიყენებთ და როგორ შეგვიძლია ეს შევცვალოთ ჩვენი მცირე წვლილით, მოსწავლეებმა დამოკიდებულება საინფორმაციო პოსტერებში გადმოცეს.

აქტივობა2.

რეაქციის ბარათების საშუალებით მოსწავლეები ერთი გაკვეთილის ფარგლებში აკეთებენ ჩანაწერებს თემაზე: როგორ ავამაღლოთ საზოგადოების ცნობადობა ,,ეკოგმირის“  საშუალებით, თუ რა მნიშვნელობა აქვს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნებას ადამიანის ჯანმრთელობისათვის. მასწავლებელი აგროვებს გაკვეთილის ბოლოს ბარათებს და მომდევნო გაკვეთილზე უბრუნებს მათ შესაბამისი უკუკავშირით.

 

აქტივობა 3:

მოსწავლეები სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან გაკვეთილზე ქმნიან ეკოგმირს (პირბადეების სარეცხი მანქანა, ატრაქციონი ,,ტობი“, რობოტი ,,რობო“, სამაგიდო ტენისი,ლეპტოპის გამაგრილებელი, თვითმფრინავი და სხვა).

მოგეხსენებათ კომპლექსური დავალების ბოლო ეტაპი – გასიტყვება დროის რესურსის თვალსაზრისით საკმაოდ დიდ გამოწვევად მიიჩნევა, მოსწავლეებისთვის ეს პროცესი მამოტივირებელი რომ  გამხდარიყო და ამავდროულად, დამეზოგა დროის რესურსი, შევთავაზე  აქტივობა ,,ცოდნის აუქციონი“. აღნიშნული აქტივობის ფარგლებში მოსწავლეს შეუძლია:

თავისუფლად და შეუზღუდავად გადმოსცეს თავისი ცოდნა, რადგან არ ეშინია ცოდნის შეფასების  –  დაბალი ქულის (ასეთი უბრალოდ არ იწერება).

დაიმსახუროს უმაღლესი შეფასება აქტიურობის ან მოცემული თემის ირგვლივ მოპოვებული საინტერესო ფაქტების საფასურად.

მოკლედ და დამაჯერებლად გამოხატოს საკუთარი აზრი, რადგან ერთი ფაქტის წარსადგენად მას ეძლევა არა უმეტეს ერთი წუთისა.

ჟიურის წევრი მოსწავლეები აუქციონში მონაწილე მოსწავლეებს კომპლექსური დავალების პრეზენტაციის პროცესში უსვამენ შეკითხვებს, მათ აქვთ სამუშაო ცხრილი, შეფასების ფორმა, სადაც პარალელურად აკეთებენ ჩანაწერებს.(დანართი1,2,3)

  • ახსენით თქვენი სიტყვებით, რას მოითხოვდა დავალება?
  • რა ცოდნა-გამოცდილება გამოგადგათ დავალების შესრულებაში ?
  • რის შესწავლა დაგჭირდათ?
  • თქვენი აზრით, რა გაგიადვილდათ, რა გაგიძნელდებათ?
  • რაში დაგჭირდათ დახმარება?
  • შენი აზრით, ვინ უნდა დაინტერესდეს შენ მიერ შექმნილი კომპლექსური დავალებით და რატომ?
  • რა დაბრკოლებებს გადააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში?
  • რას გააკეთებდი სხვაგვარად, ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?
  • მსგავსი ფორმის, ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია?
  • რით ჰგავს და რით განსხვავდება შენი დავალება შენი თანაკლასელების ნაშრომებისგან?

 

დანართი1

შეფასების კრიტერიუმები სრულად ნაწილობრივ გასავითარებელია
რა მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ჰიგიენის წესების დაცვას.      
რატომაა მნიშვნელოვანი  ჯანსაღი ცხოვრების წესის  დაცვა დაავადებების თავიდან ასაცილებლად.      
რა გავლენას ახდენს დაბინძურებული გარემო ადამიანის ჯანმრთელობაზე.      
ეკოგმირის შექმნის მიზანი      
შენი სლოგანი გარემოს დაცვის საკითხთან დაკავშირებით.      

დანართი2

 

ლოტი საუბრობს რა მნიშვნელობა აქვს ჰიგიენის დაცვას ჯანმრთელობისათვის. რა გავლენას ახდენს დაბინძურებული გარემო ადამიანის ჯანმრთელობაზე. განასხვავებს ნარჩენს და ნაგავს ეკოგმირის შექმნის მიზანი საკუთარი სლოგანი გარემოს დაცვის საკითხთან დაკავშირებით გასიტყვებისას იცავს დროის ლიმიტს
1  
2  
3  
4  
5  
6  

  

დანართი 3 ჟიურის სამუშაო ცხრილი

 

# სწორი პასუხი არასწორი პასუხი დისციპლინა ქულები შედეგი
1
2
3
4
5
6
7  

 

კომპლექსური დავალების განხორციელების პროცესში მოსწავლეებმა შეძლეს გლობალურ ეკოლოგიურ პრობლემებზე, მიზეზებზე და შედეგებზე მსჯელობა, ჩამოაყალიბეს და დასახეს გლობალური ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზები, მოიფიქრეს გარემოსდაცვითი სლოგანი და იმსჯელეს ოცდამეერთე საუკუნის მოქალაქის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობაზე ამ საკითხებთან მიმართებაში. მოიყვანეს ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად გარემოს (ლოკალური და გლობალური) ისეთი ცვლილებების მაგალითები, რომლებიც  მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე. გამოთქვეს მოსაზრება ამ პრობლემის თავიდან აცილების გზების შესახებ; იმსჯელეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნების მნიშვნელობაზე.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში

ნარჩენების მართვა

ავტორი: მაია ბლიაძე, თეონა შუბლაძე, ნათია სარალიძე, მარიამ არჩუაძე საქართველო , 2020

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“