ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

„ბისოციაცია“ ქართული ლიტერატურის გაკვეთილზე

ლიტერატურის გაკვეთილზე წარმოუდგენელია ისეთი ტექსტის სწავლება, რომელშიც პრობლემა არ არის დასმული. მოსწავლეებს ყველა კლასში უჭირთ, როგორც  პოვნა, ისე მისი გადაჭრის გზების ძიება. მხატვრული ტექსტის სწავლების ერთ-ერთი  მიზანიც სწორედ პრობლემების გადაჭრის უნარის განვითარებაა, რაც უამრავი მეთოდით შეიძლება განხორციელდეს. ყველას მოგეხსენებათ, რომ ერთი და იგივე მეთოდის ხშირად გამოყენება რუტინული ხდება და მოსწავლეებს ბეზრდებათ. ამჯერად ვცადეთ სტრატეგია, რომელიც „ბისოციაციის“ სახელითაა ცნობილი. ცნება არტურ კოეზლერის სახელს უკავშირდება, იგი აპრობირებულია, ძირითადად, სამოქალაქო განათლების მიმართულებით, „ბისოციაციის მეთოდი წარმატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ მოსწავლეებში რიგი მოქალაქეობრივი კომპეტენციების (სტერეოტიპების დაძლევა, კრიტიკული აზროვნება, სიახლის მიმღებლობა, განსხვავებული შეხედულების პატივისცემა და სხვა“  (მოქალაქეობრივი განათლება 2.pdf , გვ:79).

ჩვენ, როგორც ქართული ლიტერატურის მასწავლებლებმა, გადავწყვიტეთ „ბისოციაციის“ მეთოდი ჩვენი საგნის სწავლებისას გამოგვეყენებინა. ექსპერიმენტი კიდევ უფრო საინტერესოდ გამოიყურებოდა, რადგან სხვადასხვა სკოლების მასწავლებლები ვიყავით, სტრატეგიის დატესტვის შედეგების ურთიერთშეჯერება გადავწყვიტეთ.  თავიდანვე  ვფიქრობდით, რომ აღნიშნული მეთოდის გამოყენება ყველა კლასშია შესაძლებელი, თუმცა ჩვენ მე-5 კლასი შევარჩიეთ.

იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნას“ სწავლებისას  ქვეთავის __ „ქეთო საშინლად იტანჯება“__ ტექსტის გააზრების შემდეგ ეკრანზე გამოვიტანეთ რამდენიმე ფოტოსურათი, რომელთაგან არცერთი არ უკავშირდებოდა ამოსავალ საკითხს. თავდაპირველად მოსწავლეებს ვთხოვეთ სურათის შერჩევა. ერთი მასწავლებლის შემთხვევაში აირჩიეს -ვრცელი მწვანე მდელო, უზარმაზარი მთებით გარშემორტყმული, შუაში ტბითა და მის პირას კარვებით, ჩამავალი მზის სხივებით განათებული. მეორე მასწავლებლის შემთხვევაში-საცხოვრებელი კორპუსის ეზო, სადაც ბავშვები თამაშობენ. არჩეული ფოტოს შემდეგ მოსწავლეებს მაგალითებით ავუხსენით რა  იყო ასოციაცია,  როცა დავრწმუნდით, რომ კარგად გაერკვნენ და კარგად ართმევდნენ თავს თითოეული საგნით გამოწვეული ასოციაციების დასახელებას, ვთხოვეთ  წინასწარ დარიგებულ სტიკერებზე ინდივიდუალურად დაეწერათ თუ რა ახსენდებოდათ მათ მიერ შერჩეულ სურათზე დაკვირვებისას. შემდეგ ნაბიჯზე ერთად გავფილტრეთ პასუხები და ასეთი შედეგები მივიღეთ,  პირველი სურათის შემთხვევაში: თავგადასავალი, დასვენება, პიკნიკი, ექსკურსია, სოფელი, მეგობრები, გართობა, მუსიკა,  ოჯახი, დასვენება, თავისუფლება, ზღაპრები, სურათები… ხოლო  მეორე სურათის შემთხვევაში- მოედნის თამაშები, გართობა, ფერადი, მეგობრები, ფიქრი, მეზობლები, ურთიერთობა, ბავშვობა, მზე, ლაპარაკი….

პასუხები ასოციაციების დაფაზე გავაკარით. შემდეგ ისევ ტექსტს დავუბრუნდით და   ვთხოვეთ მოსწავლეებს, დაესახელებინათ აღნიშნული ქვეთავის  მთავარი პრობლემა. მათ ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნიეს ქეთოსთვის წარსულის გახსენება.

შემდეგი ნაბიჯზე მოსწავლეებმა შექმნეს ანალოგიები და მათ მიერ დასახელებული ასოციაციები დაუკავშირეს ტექსტის მთავარ პრობლემას;  ცდილობდნენ დახმარებოდნენ ქეთოს მშობლებს და ასოციაციების მეშვეობით შეემუშავებინათ წარსულის გახსენების ოპტიმალური გზა.

თუ ქვემოთ მოცემულ მაგალითებს დავაკვირდებით, ადვილად მივხვდებით ტერმინის „ბისოციაციის“ (ორჯერ ასოციაცია) არსს. ფოტოთი გამოწვეული ასოციაციები იქცნენ პრობლემის გადაჭრის გზებად. მაგ:

თავგადასავალი– წავიყვანოთ ქეთო ექსკურსიაზე ან ლაშქრობაზე ისეთ ადგილებში, რომლებიც მისთვის მნიშვნელოვანი და განსაკურებული იყო. შევეცადოთ იმავე მარშრუტით ვიმოძრაოთ და თან მოვუყვეთ ამ ადგილების შესახებ

პიკნიკი-მოვაწყოთ პიკნიკი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, რომელზეც მის საყვარელ კერძებს წავიღებთ და თან აღვწეროთ მისი მომზადების პროცესი

სოფელი– ვესტუმროთ ბებია-ბაბუას სოფელში, გადავიდეთ მდინარეზე, რომელზეც ოდესღაც უთევზავიათ, უბანავიათ და მივცეთ ქეთოს დათვალიერების, ფიქრის საშუალება. მივცეთ საშუალება, რომ კვლავ ითევზაოს, იბანაოს

ზღაპრები-წავუკითხოთ მისი საყვარელი ზღაპრები, ვაჩვენოთ ამავე ზღაპრების წიგნში მოცემული სურათები

თავისუფლება– მივცეთ ქეთოს სოფელში თავისუფლად მოძრაობის საშუალება, რომ არ ჰქონდეს გრძნობა თითქოს იძულებით ჰყავთ იქ

თამაში-ქეთოსთან ერთად ვცადოთ ბავშვობის თამაშების მოწყობა. ავუხსნათ თამაშის წესები

სურათები– დავათვალიერებინოთ ძველი ფოტოები, სადაც იგი მეგობრებთან, დედ-მამასთან ერთად არის აღბეჭდილი და მოვუყვეთ სად და როდის გადაიღეს იგი

გართობა– წავიყვანოთ რომელიმე მეგობრის დაბადების დღეზე და ჩავურთოთ მისი საყვარელი მუსიკა….

შემდეგ ეტაპზე ვთხოვეთ მოსწავლეებს დაეხარისხებინათ რეკომენდაციები კატეგორიებად:

ყველაზე ეფექტიანი

ეფექტიანი

ნაკლებად ეფექტიანი

მათი თვალსაზრისით  პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა გამოიკვეთა — ერთი მასწავლებლის შემთხვევაში „წავიყვანოთ რომელიმე მეგობრის დაბადების დღეზე გასართობად და ჩავურთოთ მისი საყვარელი მუსიკა“; მეორე მასწავლებლის კლასში –„ვესტუმროთ ბებია-ბაბუას სოფელში, გადავიდეთ მდინარეზე, რომელზეც ოდესღაც უთევზავიათ, უბანავიათ და მივცეთ ქეთოს დათვალიერების, ფიქრის დრო,  საშუალება, რომ კვლავ ითევზაოს და იბანაოს“

ორივე მასწავლებლის დაკვირვებით „ბისოციაცია“, გარდა იმისა, რომ „მეთოდის გამოყენების საშუალებით მოსწავლეებს უვითარდებათ: გადაწყვეტილების მიღების, თანამშრომლობის, პრობლემის გააზრების, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, იდეების ურთიერთ გაცვლისა და ერთმანეთის მოსაზრებების პატივისცემის უნარები, რაც, საბოლოოდ, იდეების საქმედ ქცევის უნარების განვითარებას უწყობს ხელს. (მოქალაქეობრივი განათლება 2.pdf გვ82), ქართული ლიტერატურის გაკვეთილზე გამოჩნდა, რომ იგი ასევე უწყობს ხელს ინიციატივების გამოვლენას და უმძიმესი პრობლემების გადაჭრის  დროსაც კი შემოაქვს საგაკვეთილო პროცესში მხიარული განწყობა, არის კრეატიულობის წამახალისებელიც. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს მეთოდი, რომელიც ორ განსხვავებულ მოვლენას აკავშირებს ერთმანეთთან, ხშირად ქმნის კომიკურ სიტუაციებს , თუმცა ეს ხელს არ უშლის მოსწავლეებს გონივრული დასკვნების გამოტანაში.

ბისოციაციურ მიდგომას აქტიურად მიმართავენ სწავლების ყველა ეტაპზე, მრავალი მიმართულებით, მათ შორის  წარმატებულად მოიაზრებენ მარკეტინგში, გაყიდვებში და, ზოგადად, ბიზნეს სექტორში. მიუხედავად ამისა, სტრატეგია  ეფექტიანად დაინერგა სასკოლო სწავლებაშიც, როგორც ორიგინალური იდეების მისაღები მეთოდი.

აღწერილი მეთოდი პირდაპირ უკავშირდება ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ პრიორიტეტულ გამჭოლ კომპეტენციას-სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია, რომელიც  გულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და  ღირებულებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა. რაც შეეხება ქართული ენისა და ლიტერატურის დაწყებითი საფეხურის საგნობრივ სტანდარტს, აქტიურდება

სამიზნე ცნება:

ტექსტი

ქვეცნება:

მხატვრული ჟანრი-მოთხრობა

ტექსტის შინაარსობრივი მხარე-თემა; მთავარი იდეა/დედააზრი,  ძირითადი საკითხი;

გამოყენებული ლიტერატურა

 

მოქალაქეობრივი განათლება 2.pdf

https://www.ask-flip.com/method/649?fbclid=IwAR1KiSDWvhe2D9LoDOVIuEg_QT5pFwg4U8GmfRRTs_pm4jo1TC_UNcElKHE

https://eiexchange.com/content/bisociation-teaching-exercise-spurs-business-model-innovation?fbclid=IwAR26yVepk4AG-BjhkwbG6xL_TAj0RJRluTZFZHVMoAuERXo8NaQO5SUSMnw

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი