ხუთშაბათი, სექტემბერი 28, 2023
28 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2023

მდგრადი განვითარების ცნების   სწავლება დაწყებით კლასებში

,,შენ არ მიგიღია დედამიწა მემკვიდრეობით შენი წინაპრებისგან, შენ მას შენი შვილებისაგან სესხულობ.” ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ამ სიტყვებით იწყება  გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სახელმძღვანელო მდგრადი განვითარების კონცეფციის შესახებ.

2015 წელს  შემუშავდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მთავარი დოკუმენტი -„ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის”. მდგრადი განვითარების ახალი სამოქმედო გეგმა 17 მიზანსა და 169 ამოცანას მოიცავს. მათი განხორციელება საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც მრავალმხრივ თანამშრომლობას საჭიროებს როგორც ქვეყნის შიგნით, სხვადასხვა ინსტიტუციას შორის, ასევე საერთაშორისო დონეზე ქვეყნებს შორის. მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისთვის აუცილებელია, პროცესებში ჩართული იყოს:  ცენტრალური ხელისუფლება, ადგილობრივი თვითმმართველობა, საერთაშორისო ინსტიტუტები, ბიზნესსექტორი, მედია, სამოქალაქო საზოგადოება, აკადემიური სექტორი.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ვებგვერდზე და მის მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელოებში მრავალი  თანამედროვე,  გამორჩეული და საინტერესო რესურსია მოცემული, თუმცა დღეს ყურადღება მინდა გავამახვილო  ერთ-ერთ კითხვარზე –  „ჩემი ეკოლოგიური ნაკვალევი“ – რომელზეც მუშაობა კომპლექსური დავალების ერთ-ერთ ნაბიჯად  შეგვიძლია განვიხილოთ. მასში მოცემული თემები და აქტივობები ფარავს  სწორედ იმ  4 მიზანს, რომელიც წარმოადგენს ძირითად საყრდენს სოციალური კეთილდღეობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის.

მიზანი  6: წყლის რესურსების მდგრადი მართვისა და სანიტარიაზე ხელმისაწვდომობის საყოველთაო უზრუნველყოფა.

მიზანი 13: კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარება.

მიზანი 14: ოკეანეების, ზღვებისა და ზღვის რესურსების კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება მდგრადი განვითარებისათვის.

მიზანი 15: ხმელეთის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყის მდგრადი მართვა, გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა/გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების კარგვის შეჩერება.

რესურსის მოსწავლეებისთვის წარდგენით, პასუხების მიზანმიმართული გაანალიზებით  მოსწავლეები იმუშავებენ  ეროვნული სასწავლო გეგმის  საგნობრივ გრძელვადიან მიზნების  მისაღწევად –

“ბუნ.დაწყ.(II).1 პრაქტიკული აქტივობებისა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების გამოყენებით სხეულების შემადგენელი ნივთიერებების / მასალების თვისებების აღწერა მათ შორის მსგავსება-განსხვავებების დასადგენად / გასაანალიზებლად.

ბუნ.დაწყ.(II).4 პრაქტიკული აქტივობებისა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების გამოყენებით მდგრადი განვითარების ზოგიერთი პრინციპის დაცვის აუცილებლობაზე მსჯელობა სწორი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებისა და საკუთარი მომავალი ცხოვრების ეფექტიანად დაგეგმვის მიზნით.

ბუნ.დაწყ.(II).5 პრაქტიკული აქტივობების განხორციელების დროს ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების დაცვა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გარემოზე ზრუნვის მიზნით.

დაუფლებიან  ხუთივე ცნებას: სხეული;  მოვლენა, პროცესი; გეოგრაფიული ობიექტი;    ორგანიზმი;  მდგრადი განვითარება.

რესურსი მოიცავს როგორც ელექტრონულ, ასევე ბეჭდურ ვერსის. სასურველია, მოსწავლეებს მივაწოდოთ ელექტრონული ვერსია  https://eiec.gov.ge/Ge/Topics/Documents/1  და გავამახვილოთ ყურადღება, რომ საკითხავად შეგვიძლია თანამედროვე  ტექნოლოგიების გამოყენება და საკითხავი მასალის   არ დაბეჭდვით დავიცავთ  გარემოს და დავზოგავთ რესურსებს.

  1. პრობლემის დასმა/განსაზღვრამოსწავლეების მიერ პრობლემის გააზრება და პრობლემის ფორმულირება. სასურველია, მოსწავლეებმა კითხვარი მასწავლებლის ჩარევის გარეშე, დამოუკიდებლად ან მშობლებთან ერთად შეავსონ, შეაჯამონ თავისი მონაცემები, დაადგინონ – „რამდენი დედამიწა დაგვჭირდებოდა, თუ ყველა იცხოვრებდა ისე, როგორც კითხვარის შემვსები.“

გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ,  მოსწავლეები  იღებენ პასუხს, რომ გვჭირდება საშუალოდ  2 – 3 დედამიწა. ეს პასუხი მათ უბიძგებს დაფიქრდნენ საკუთარ  „ეკონაკვალევზე“, გაანალიზონ გარკვეული საკითხები, გამოკვეთონ მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, მოახდინონ პრობლემის იდენტიფიცირება  და დასახონ პრობლემის გადაჭრის მათთვის ხელმისაწვდომი  გზები.

 

  1. საჭირო ინფორმაციის მობილიზება – პრობლემის შესახებ არსებული ინფორმაციისა და რესურსების მოძიება, ორგანიზება. კითხვარი შვიდი თემისგან შედგება. მასწავლებელი ყველა თემას განიხილავს მოსწავლეების ჩართულობით, მოსწავლეზე მორგებული სხვადასხვა ინტერაქტიური მეთოდით. საჭირო თეორიული მასალა მოცემულია ცენტრის გვერდზე განთავსებულ სახელმძღვანელოებში.  – https://eiec.gov.ge/Ge/EducationalResources

 

 თემა რეკომენდაცია
წყალი

 

მოსწავლეები გაეცნონ, თუ რა არის  „ვირტუალური წყალი“ და როგორ დავზოგოთ იგი. ყურადღება გამახვილდეს წყლის რესურსების დაზოგვის მნიშვნელობაზე, თუნდაც, ჭურჭლის რეცხვის ან შხაპის მიღების დროს წყლის დაკეტვასა და მცირე დენადობის შხაპის თავის გამოყენებაზე.
ტრანსპორტი მოსწავლეებმა იმსჯელონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ფეხით სიარულის მნიშვნელობაზე. გამონაბოლქვზე, როგორც სათბური აირების ძირითად წარმომქმნელზე.
საკვები მოსწავლეებმა გაიაზრონ, რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივად მოყვანილი პროდუქტის, ბოსტნეულისა და ხილის, მოხმარება, ბიოპროდუქტის მოყვანა. გაეცნონ  კომპოსტირებას – როგორც ორგანული სასუქის მიღების ხერხს.

 

საცხოვრებელი მოსწავლეებმა იმსჯელონ  საცხოვრებელ   სახლში   ენერგოდამზოგველ პირობებზე, როგორ შეიძლება ენერგიის მაქსიმალური დაზოგვით, ეფექტიანად მოვახდინოთ ოთახების გათბობა და გაგრილება.

 

ტანსაცმელი მოსწავლეები  გაეცნონ, რომ „სწრაფი მოდა“ და იაფი ტანსაცმელი განიხილება, როგორც კიდევ ერთი გარემოსდაცვითი პრობლემა. ათასობით ტონა  ხელოვნური და ბუნებრივი ქსოვილი თავსდება ნაგავსაყრელზე. გარკვეული ბრენდის სავაჭრო ქსელები საქართველოშიც, მეორადი გადამუშავების მიზნით, იბარებენ გამოუსადეგარ ტანსაცმელს.
ენერგიის მოხმარება მოსწავლეებმა გაიაზრონ ენერგიის მოხმარების შემცირების  და ენერგოეფექტური ტექნიკის გამოყენების  მნიშვნელობა, რაც  ამცირებს ენერგიის და ეკონომიკურ დანახარჯს. ყველა ელექტრონული ხელსაწყო თუ არ არის მუშა მდგომარეობაში, გამორთული უნდა იყოს ქსელიდან. ელემენტები განიხილება, როგორც სახიფათო ნარჩენი, ამიტომ იგი უნდა იყოს სეპარირებული და მისი ჩანაცვლება სასურველია მრავალჯერადი ელემენტით.
სხვა მოსწავლეებმა გაიაზრონ, რომ ნარჩენების მართვა თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევაა, ნარჩენების ენერგიად გარდაქმნის  გამოცდილება უკვე არსებობს. ამ ეტაპზე საქართველოში მნიშვნელოვანია ნარჩენების შემცირება და სეპარაცია.  ერთჯერადი ნივთების გამოყენების მინიმუმამდე დაყვანა, მაგალითად  – პლასტმასის ბოთლების შეგროვების პარალელურად, საჭიროა მრავალჯერადი ბოთლის გამოყენების პოპულარიზაცია. თანამედროვე ნარჩენების უმეტესი ნაწილი არის შესაფუთი მასალა, რომლის შემცირება აუცილებელი და შესაძლებელია.

 

 

 

III. ალტერნატიული გზების ძიება – პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზების შესახებ

მსჯელობა – პროექტის დასკვნით ეტაპზე მოსწავლეები  მსჯელობის, ანალიზის, შეფასების საფუძველზე მოახდენენ პრობლემების იდენტიფიცირებას, კავშირების დადგენას. თეორიული ცოდნის პრაქტიკულ მაგალითებში გადატანას.  მნიშვნელოვანია მრავალგვარი ალტერნატიული გზის ძიება – პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზების შესახებ მსჯელობა. მეტაკოგნიტური და მაღალი სააზროვნო უნარის განვითარების მიზნით,  შესაძლებელია, შევთავაზოთ რამდენიმე აქტივობა, მათ შორის, გრაფიკული ორგანიზატორი მაგ:

 

 

 

მნიშვნელოვანია,  მოსწავლეებმა ჩამოაყალიბონ ის კონკრეტული ქმედებები, რომელც მათ შეუძლიათ განახორციელონ ინდივიდუალურად/ოჯახში/სასკოლო საზოდაგოებაში/ თემში. ეს შეიძლება იყოს ნარჩენების სეპარირება – მაკულატურა, პლასტმასის ბოთლები, ერთჯერადი პარკის ნაჭრის ჩანთით ჩანაცვლება, ხეების დარგვა და ა.შ.

 

  1. პრობლემის გადაჭრის დემონსტრირებაშერჩეული გზის გამოყენებით პრობლემის გადაჭრის ჩვენება ან პრობლემის გადაჭრის შესახებ გამოტანილი დასკვნის წარმოდგენა.

დასკვნით ეტაპზე, მოსწავლეებს პირობისეული ცოდნის(რომელიც  გულისხმობს დეკლარატიული და პროცედურული ცოდნის გამოყენების პირობების გააზრებას)ჩამოყალიბებაში  დაეხმარება განხორციელებულ აქტივობების რეფლექსია და  შეძლებენ  უპასუხონ  საფეხურის საკვანძო შეკითხვას –

როგორ ზემოქმედებს ადამიანსა და სხვა ორგანიზმებზე დაბინძურებული გარემო? რატომ არის ადამიანი ვალდებული, გაუფრთხილდეს გარემოს და მის ბიომრავალფეროვნებას?“ 

მოსწავლეებს შევთავაზოთ, მათთვის მისაღები სახით შექმნან  ერთ-ერთი პროდუქტი:

ლეპბუქი – https://mastsavlebeli.ge/?p=34888

ან პოსტერი – https://mastsavlebeli.ge/?p=7931

ან ვიდეორგოლი – https://bit.ly/3odBwIn

სადაც ჩამოაყალიბებენ საკვანძო შეკითხვაზე პასუხს. ხაზი უნდა გაესვას  მოვლენათა, სიტუაციათა არსებითი ასპექტების გააზრებას, კატეგორიზაციის უნარს, რომელიც ცოდნის სხვადასხვა კონტექსტში გადატანის (ტრანსფერის) შესაძლებლობას იძლევა. დასკვნა უნდა იყოს  დინამიკური ხასიათის და უპასუხოს შეკითხვებს: როდის, რა შემთხვევაში? რატომ?

დაწყებით კლასებში მდგრადი განვითარების მიზნების განხილვისას, მოსწავლეს ვეხმარებით ჩამოუყალიბდეს მოქალაქეობის ფუნქციური უნარი – ლოკალური თემისთვის აქტუალური პრობლემების, ქვეყნისთვის აქტუალური პრობლემების  და  მსოფლიოს ცოდნა და შემეცნების  საკითხების  გააზრებისთვის.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მდგრადი განვითარების კონცეფცია;  მაია ბლიაძე, თეონა შუბლაძე, ნათია სარალიძე, მარიამ არჩუაძე. საქართველო, 2020 – https://elibrary.mepa.gov.ge/Ge/Library/Details/6010
  2. საგანი – ბუნებისმეტყველება გზამკვლევი მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, 2022 –    https://mes.gov.ge/uploads/files/2022/325-7668657.pdf
  3. განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება; მარიანა ხუნძაყიშვილი სარა ბივერი – https://tpdc.gov.ge/ptk_files/_ckuploaded/310397.pdf
  4. https://old.tpdc.ge/uploads/pdf_documents/biologyactive.pdf
  5. https://mastsavlebeli.ge/?p=34888
  6. https://mastsavlebeli.ge/?p=7931
  7. https://bit.ly/3odBwIn

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ლიმა – „მეფეთა ქალაქი“

ზოგი ჭირი მარგებელიაო?…

გრიგოლ ორბელიანი

საუკეთესო   ექსკურსიისთვის

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი