ლეპბუკი ინფორმაციის გადმოცემის და ორგანიზების ძალიან ორიგინალური და ინოვაციური საშუალებაა, ამავე დროს ლამაზიცაა და სასარგებლოც. მისი პოპულარობა სულ უფრო და უფრო იზრდება, როგორც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, ასევე მშობლებს შორისაც. წიგნების მაღაზიებში სხვადასხვა სახის ლეპბუკის შეძენა შესაძლებელია, თუმცა მისი შექმნა მოსწავლეს საკუთარი ხელითაც შეუძლია.
ლეპბუკის იდეის ავტორად ამერიკელი ტემი დიუბი ითვლება. მან არც თუ ისე დიდი ზომის საქაღალდეზე პატარა ჯიბეები დაამაგრა, თითოეულ „ჯიბეს“ სახელი დაარქვა და მათში ის სურათები, ლექსები, პატარა კომიქსები და სხვ. რესურსები თუ ინფორმაციის წყაროები შეინახა, რომელსაც თავის შვილებთან იყენებდა ანუ „ჯიბეებიანი“ საქაღალდე დახარისხებული ინფორმაციის შესანახად გამოიყენა.
დღეს ლეპბუკები სასწავლო პროცესში ინოვაციურ ტექნოლოგიად მიიჩნევა, რომელსაც ძალიან ბევრი ღირსება აქვს. ლეპბუკი ანუ როგორც მას ხშირად უწოდებენ ინტერაქტიური თემატური საქაღალდე – ხელნაკეთი ქაღალდის ჯიბეებიანი, ფანჯრებიანი, კარებიანი , სხვადასხვა მოძრავი დეტალებით შექმნილი წიგნია. ბავშვს მისი გამოყენებისას შეუძლია ამ განყოფილებებში ჩალაგებული ინფორმაციის ამოღება, გადატანა, თავისი შეხუდულებისამებრ გადალაგება და ჩალაგება. ლეპბუკში თავმოყრილია მასალა ერთი რომელიმე კონკრეტული თემის შესახებ. ამასთან, ლეპბუკი ესაა მოსწავლის დამოუკიდებელი კვლევითი მუშაობის დასკვნითი ეტაპი, რომელიც მან მოცემული საკითხის/თემის შესწავლისა და კვლევის ფარგლებში გაიარა. ამ საქაღალდის შესავსებად მოსწავლემ სხვადასხვა დავალება უნდა შეასრულოს, აწარმოოს დაკვირვება, ჩაატაროს ცდა, სხვადასხვა წყაროდან დეტალურად შეისწავლოს საკითხი, აღრიცხოს დაკვირვების შედეგები, დაახარისხოს ინფორმაცია და სხვ.
ლეპბუკის შექმნა მოსწავლეს შესასწავლი საკითხის შესახებ ინფორმაციის მოძიებაში, სისტემატიზაციაში დაეხმარება. შემდგომში კი, ამ საქღალდეების გადახედვისას იგი ადვილად გაიხსენებს გავლილ საკითხს/თემას და მარტივად მოიძიებს მისთვის იმ დროისთვის საჭირო და მნიშვნელოვან კონკრეტულ მასალას.
სიტყვა ლეპბუკი (lapbook) ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც „დასაკეცი წიგნი“, „მუხლების წიგნი“, ამასთან ორივე ვარიანტი მისაღებია, რადგან ლეპბუკი დიდი ზომის არააა. იგი დაკეცილი А4 ფორმატის ზომისაა და გამოყენებისას მოსწავლესთვის მოსახერხებელია მისი კალთაში ჩადება. გარდა ამისა ეს საოცარი წიგნები სავსეა საიდუმლოებებითა და გამოცანებით. ისინი იშლება და აქვთ მრავალი ჯიბე, ჩანართი, ბლოკნოტი, რომლებიც თავის მხრივ მოიცავს თემატურ ინფორმაციას, რაც ძალიან მოსწონთ და იზიდავს პატარა გამომძიებლებსა და საიდუმლოებების მოყვარულთ.
ლეპბუკის ნიმუშები
ლეპბუკს ორი მკვეთრად გამოხატული უპირატესობა გააჩნია:
- ინტერაქტიურობა – მოსწავლე არა მხოლდო ათვალიერებს მას, არმედ ურთიერთობს კიდეც საქაღალდესთან. ბავშვის ეფექტური მონაწილეობა მნიშვნელოვნად ზრდის მის ინტერესს ამ დამხმარე სასწავლო რესურსის მიმართ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი დამოკიდებულება კინესთეტიკური სწავლის სტილის მქონე მოსწავლეებისთვის, რადგან ყველასთვის ცნობილია თუ რაოდენ დიდი როლი აკისრია თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესში როგორც ვიზუალური რესურსების (ილუსტრაციების, ვიდეოების, სლაიდების და სხვ. დემონსტრირება), ასევე მუსიკისა და აუდიოჩანაწერების გამოყენებას.
- თემატურობა – მცირე საქაღალდეში სხვადასხვა თემების შესახებ ინფორმაციის შეგროვება არც თუ ისე მარტივია. დაწყებით საფეხურზე, პირველ და მეორე კლასებში, ბავშვებისთვის რთული იქნება მისი ასიმილაცია და გაგება, ამიტომ ლაპბუკები ჩვეულებრივ ერთ რომელიმე კონკრეტულ თემას ეძღვნება, მაგალითად, დაწყებით საფეხურზე ეს შეიძლება იყოს ისეთი თემები, როგორიცაა “შემოდგომა”, “ფრინველები”, “ოჯახი”, „სოკოები“, „კოსმოსი“, „ამინდი“, და სხვ. უფრო მაღალ კლასებში (3-6 კალსები), როცა მოსწავლეები თემებს შედარებით სიღრმისეულად სწავლობენ, შესაძლებელია ლეპბუკში უფრო კონკრეტული ქვეტექსტების გაშუქება, მაგალითად, “შემოდგომის ნობათი”, “გადამფრენი ფრინველები”, “ოჯახური დღესასწაულები”, „მზის სისტემის პლანეტები“, „ამინდის ცვლილება“ სხვ.
ასევე განსხვავებული ლეპბუკების გამოყენების მიზნებიც. ესაა როგორც პროექტის განხორციელების პროცესში შესწავლილი მასალის განმტკიცება, ასევე ინფორმაციის შეგროვებისა და სისტემატიზირების შესწავლა, შემოქმედებითობისა და კრეატიულობის განვითარება, პროდუქტის მიმართ მზრუნველობითი დამოკიდებულება, ჯგუფური მუშაობისას კომუნიკაციური უნარების განვითარება და სხვისი შრომის პატივისცემა. ასევე მეტად მნიშვნელოვანია, რომ ლეპბუკების საშუალებით ხდება მოსწავლეებში შემოქმედებითი აქტიურობის სტიმულაცია, მოტივაციის ამაღლება და სწრაფვა ახლის გაგებისა და შემეცნებისკენ.
მოსწავლეებმა ლეპბუკები შეიძლება გამოიყენონ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისას, როგორც დამხმარე რესურსი (მაგალითად, ლეპბუკის თითოეულ უჯრაში შეინახონ ერთი რომელიმე შეფასების ინდიკატორის შესატყვისი მასალა) ან შექმნან, როგორც კომპლექსური დავალების საბოლოო პროდუქტი
ლეპბუკები დანიშნულების მიხედვით შეიძლება იყოს გასართობი (სათამაშო), სასწავლო, მისალოცი, ბიოგრაფიული და სხვ.
გასართობი (სათამაშო) ლეპბუკი გამიზნულია ჯგუფური ან დამოუკიდებელი თამაშისთვის, ამიტომ ძირითადი აქცენტი მასში გადატანილი უნდა იქნეს გართობაზე, ინფორმაციის ადვილად აღქმაზე. ამ ტიპის ლეპბუკში მოძრავი სათამაშო ელემენტების (ფანჯრები, წრეები, გასაწევი ჯიბეები) გარდა, შესაძლებელია დავამატოთ ბარათები ისეთი ლოგიკური თამაშებსითვის, როგორიცაა „გამოიცანი ვინ ვარ?“, „რა ჩავიფიქრე“ და სხვ.
სასწავლო ლეპბუკი არაჩვეულებრივი საშუალებაა ორგანიზებული სასწავლო საქმიანობისთვის და ინდივიდუალური მუშაობისთვის. ამ ტიპის ლეპბუკში შეიძლება მოთავსდეს არა მხოლოდ სასწავლო თამაშები, ინფორმაციული ბარათები, ანდაზები, სტატისტიკური მასალები, თემატური ფოტოები და რუკები, არამედ ასევე სხვა საინტერესო ფაქტებიც, კითხვები და სხვ.
გეოგრაფიული შინაარსის ლეპბუკები
ამრიგად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლეპბუკი წარმოადგენს თემატურ ინტერაქტიურ საქაღალდეს (წიგნს), რომელიც სისტემატიზირებულ და მრავალფეროვან ინფორმაციას მოიცავს.