სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

თეთრი სპილო

ძველად ლაოსში, ბირმასა და ტაილანდში თეთრი სპილო სამეფო ფუფუნებისა და ძალაუფლების სიმბოლო იყო. ასეთ სპილოს მხოლოდ ფუფუნებაში უნდა ეცხოვრა, მისი სამუშაოდ გაყვანა და დაღლა არ შეიძლებოდა. ამიტომ, როცა ვინმე დიდგვაროვანი მეფის რისხვას დაიმსახურებდა, მეფე მას თეთრ სპილოს სჩუქნიდა. საჩუქრის ადრესატი სპილოს ვერც გაყიდიდა, ვერც საქმეში გამოიყენებდა. სამაგიეროდ, მეფურად უნდა შეენახა და ასეთი ხარჯით ზოგიერთი ბოლოს კოტრდებოდა კიდეც. სწორედ აქედან მოდის გამოთქმა „თეთრი სპილო“, რაც ძალიან ძვირად ღირებულ და აბსოლუტურად უსარგებლო ნივთს ნიშნავს.

მე-18 საუკუნეში ცნობილ პარიზელ იუველირებს ბომერსა და ბასანჟს სწორედ „თეთრი სპილო“ შერჩათ ხელში. ეს „სპილო“ ბრილიანტის მასიური კოლიე გახლდათ, რომელიც საფრანგეთის მეფის დაკვეთით შექმნეს.

საქმე ასე იყო: 1772 წელს 62 წლის ლუდოვიკო მეთხუთმეტემ ორ იუველირს თავისი საოცნებო ქალისთვის, მადამ დიუბარისთვის, კოლიე შეუკვეთა. მარტო ბრილიანტების მოგროვებას რამდენიმე წელი დასჭირდა. მსხვილი ბრილიანტი 647 იყო, საშუალო და პატარა – გაცილებით მეტი. კოლიე 2 მილიონ ლივრად შეაფასეს, რაც თანამედროვე ფულზე დაახლოებით 14 მილიონი დოლარი გამოდის.

როდესაც კოლიე, ბოლოს და ბოლოს, დასრულდა, ლუდოვიკო მეთხუთმეტე უკვე აღარ იყო ცოცხალი, მადამ დიუბარი სადღაც გააქრეს, ახალ მეფეს ლუდოვიკო მეთექვსმეტეს კი ამ ზღაპრულად ძვირი კოლიეს გაგონებაც არ უნდოდა. არადა, საიუველირო ფირმამ მასში მთელი ქონება ჩადო. ვალები რომ გადაეხადათ, იუველირებმა მარია-ანტუანეტას შესთავაზეს კოლიეს ყიდვა, მაგრამ დედოფალმა იუარა, ჯობს, ქვეყანამ ეს ფული გემების შეძენაში დახარჯოსო. არა, მარია ანტუანეტა სამკაულების მოძულე არ ყოფილა. უბრალოდ, როგორც ისტორიკოსები ვარაუდობენ, ისე სძულდა მადამ დიუბარი, რომ მისთვის დამზადებული კოლიეს ტარებაც კი არ სურდა.

საბრალო იუველირებმა მთელი ევროპა მოიარეს და ყველა მდიდარს შესთავაზეს სამკაული, ფასიც გვარიანად დააკლეს. კინაღამ თურქეთის სულთანს შეაჩეჩეს, მაგრამ გარიგება ჩაიშალა.

1784 წელს პარიზში ახალი ვარსკვლავი, კარდინალ რაგანის ახლობელი, გრაფინია დელამოტ-ვალუა გამოჩნდა. ქალმა ყველა დაარწმუნა, რომ დედოფლის უახლოესი მეგობარი იყო,  თუმცა მოგვიანებით გაირკვა. რომ ცრუობდა. იუველირებმა მისი თაღლითობის შესახებ არაფერი იცოდნენ და მსუყე საკომისიოს სანაცვლოდ სთხოვეს, სამკაული როგორმე დედოფალს შეაჩეჩეო. გრაფინია დათანხმდა და საქმე ისე დახლართა, კოლიე კარდინალ რაგანს ორწლიანი განვადებით შეაძენინა. ყელსაბამი მაშინვე ინგლისში გააქანეს, დაშალეს და ქვები შავი ბაზრის გზას გაუყენეს.

ამის შემდეგ სად გაქრა ბრილიანტები, არავინ იცის. ოფიციალურად არსად გამოჩენილა. ფიქრობენ, რომ ხელახლა დააწახნაგეს და ასე სახეცვლილი გაყიდეს.

მთელი ეს დავიდარაბა კი მხოლოდ და მხოლოდ კრისტალური ნახშირბადის გამო ატყდა. სწორედ იმ ნახშირბადისა, რომელიც მურს, ჭვარტლს და ნახშირს წარმოქმნის.

ალმასებს, რომლებსაც დამუშავებით და დაწახნაგებით ბრილიანტად გარდაქმნიან, სხვადასხვა შეფერილობა აქვს: ნარინჯისფერი, ცისფერი, ვარდისფერი, ყვითელი, ყავისფერი, რძისფერი, ლურჯი, მწვანე, რუხი და შავიც კი. ფერთა სიმრავლე, ერთი მხრივ, მათ კრისტალურ სტრუქტურაში არსებული დეფექტებით, მეორე მხრივ კი ბორის, აზოტისა და ალუმინის ატომებით ნახშირბადის ატომების ჩანაცვლებით აიხსნება. რუხ და შავ ფერს გრაფიტის ჩანართები განაპირობებს.

დაწახნაგებული ალმასი ბრილიანტია, რომელსაც იუველირი სიმეტრიულ ფორმას აძლევს. ბრილიანტს ორი შეთავსებული პირამიდის ფორმა აქვს. ერთი მათგანი წაკვეთილია. გვირგვინისა და პავილიონის წახნაგები რამდენიმე რიგად არის განლაგებული. გავრცელებულია წახნაგთა სამრიგოვანი განლაგება. კლასიკური დაწახნაგების დროს ბრილიანტს 56 გვერდითი წახნაგი აქვს. წახნაგები იმგვარად არის განლაგებული, რომ პარალელურ სხივთა კონა, რომელიც მის ზედაპირს ეცემა, სრულ შინაგან არეკვლას განიცდის და მაღალი დისპერსიის გამო სპექტრის ფერად სხივებად იშლება, ამიტომ არეკლილ სინათლეში ბრილიანტი ნაირფერად ელვარებს. ბრილიანტის მასას კარატებით ზომავენ (1 კარატი – 0,2გ).

ნახშირბადი ბუნებაში გავრცელებულია როგორც მარტივი ნივთიერებების (ალმასი, გრაფიტი), ისე ნაერთების (ნავთობი, ბუნებრივი აირი, ქვანახშირი და სხვა) სახით. დედამიწის ქერქში არსებული ელემენტების საერთო რაოდენობიდან ნახშირბადის წილად მოდის მხოლოდ 0,14%. მიუხედავად ამისა, იგი ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს უმთავრესი შემადგენელი ნაწილია.

ცნობილია ნახშირბადის ხუთი ალოტროპიული მოდიფიკაცია: ალმასი, გრაფიტი, კარბინი, გრაფინი, ფულერენი. ალმასისა და გრაფიტის კრისტალური სტრუქტურა ატომურია, მაგრამ ისინი მესერში ატომების განლაგებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ალმასის კრისტალურ მესერში ნახშირბადის თითოეული ატომი სხვა ატომებთან ახორციელებს ოთხ კოვალენტურ ბმას ტეტრაედრის წვეროების მიმართულებით. ამით აიხსნება ალმასის დიდი სიმაგრე.

გრაფიტში ნახშირბადის ატომები განლაგებულია წესიერი ექვსკუთხედების წვეროებში, რომლებიც შრეებს ქმნიან. მეზობელ პარალელურ შრეებს შორის მანძილი გაცილებით დიდია, ვიდრე ერთსა და იმავე შრეში მეზობელ ატომებს შორის. ეს იწვევს შრეებს შორის კავშირის შესუსტებას, რის გამოც უბრალო მექანიკური ზემოქმედებითაც კი გრაფიტი ადვილად იშლება ფენებად, რომლებიც თავისთავად ძალიან მტკიცეა.

ალმასის სიმკვრივეა 3510კგ/მ3, გრაფიტის სიმკვრივე – 2250კგ/მ3.

ალმასი ელექტრულ დენს და სითბოს არ ატარებს. გრაფიტს ახასიათებს ლითონური ბზინვარება, ელექტრული დენისა და სითბოს კარგი გამტარია. ალმასი ყველა ბუნებრივ ნივთიერებაზე მაგარია, გრაფიტი კი ქაღალდზე სუსტი ხახუნითაც კი იშლება და ტოვებს კვალს. ალმასი და გრაფიტი მაღალ ტემპერატურაზე ურთიერთგარდაიქმნება. გრაფიტი ალმასად გარდაიქმნება 2000 გრადუზე, 100 000 ატმოსფერული წნევის პირობებში, ხოლო ალმასი გრაფიტის სახეს იღებს უჰაეროდ გახურების დროს 1500 გრადუსზე.

ალმასი როგორც განსაკუთრებით მაგარი ნივთიერება გამოიყენება სპეციალური საჭრისებისა და ბურღებისთვის, საავტომობილო და საავიაციო ძრავების დეტალების, ფერადი ლითონებისა და ზემაგარი შენადნობების დასამუშავებლად.

გრაფიტი დიდი რაოდენობით გამოიყენება ელექტროდების, ტიგელების, საპოხი მასალების, საღებავების, ფანქრების დასამზადებლად. მას იყენებენ ბირთვულ რეაქტორებში ნეიტრონების მოძრაობის შესანელებლად.

კოქსი გამოიყენება როგორც აღმდგენი და სათბობი სპეციალური ფოლადების მეტალურგიაში. ხის ნახშირს ფართოდ იყენებენ როგორც საუკეთესო ადსორბენტს, მურს კი – რეზინის მრეწველობაში საბურავებისა და სხვა საგნების დასამზადებლად.

სკანდალი კი კოლიეს გაყიდვიდან ექვსი თვის შემდეგ ატყდა: როდესაც საფასურის მორიგი ნაწილის გადახდის დრო მოვიდა, სასოწარკვეთილი იუველირები თავად დედოფალს ეახლნენ საქმის გასარკვევად. მარია ანტუანეტამ ქოში უკუღმა ყარა, მე არავითარი კოლიე არ მიყიდიაო. დაიჭირეს ყველა, ვინც კი ამ აფიორაში იყო გარეული. გაიმართა დიდი და ხმაურიანი სასამართლო პროცესიც. ხმაურმა დედოფლის რეპუტაცია ძალიან დააზიანა, რადგან ბრბომ მისი მონაწილეობაც დაიჯერა და ქვეყნის ფულის ფლანგვაც. ამ პროცესმა ერთგვარი კატალიზატორის როლი შეასრულა, რომ ამბიდან ორი წლის შემდეგ დედოფალი ეშაფოტზე აეყვანათ. მისი ბოლო სიტყვები იყო:

– მაპატიეთ, უნებურად მომივიდა…

ეს რეპლიკა ჯალათს ეკუთვნოდა, რადგან დედოფალმა შემთხვევით მას ხელზე ფეხი დაადგა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“