სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მომავლის სამინისტრო

საქართველოში მიაჩნიათ, რომ ბევრი სამინისტრო არ გვჭირდება. რიგი მოქალაქეები ფიქრობენ, რომ რამდენიმე უმსხვილესი სამთავრობო უწყებითაც ადვილად გავალთ ფონს. სამინისტროთა რაოდენობის ზრდა მათთვის არაეფექტიანი ბიუროკრატიისა და კორუფციის გაძლიერებასთან ასოცირდება. „მცირე მთავრობის“ მომხრეები ამტკიცებენ, რომ ახალი სამინისტროს შექმნა ასობით ახალ უფუნქციო თანამშრომელსა და დამატებითი ხარჯების წყალში გადაყრას ნიშნავს.

საქართველოს შემთხვევაში შეიძლება ისინი მართლებიც იყვნენ, მაგრამ დემოკრატიულ სახელმწიფოებში არ ანაღვლებთ, ათი მინისტრი ეყოლებათ კაბინეტში თუ ოცი. დასავლეთ ევროპულ საზოგადოებაში სამინისტროთა მუშაობის ხარისხი და მუშაობის შედეგები უფრო მნიშვნელოვანია. თუ უწყება ადეკვატური დაფინანსებით კონკრეტულ დარგში ქვეყნისთვის საჭირო საქმეს გააკეთებს, რატომ არ უნდა ჰქონდეს მის ხელმძღვანელს მინისტრის სტატუსი და შესაბამისი პოლიტიკური წონა?! მსგავსი მიდგომა დასავლეთ ევროპის მთავრობებში არაერთი საინტერესო და გასაოცარი სტრუქტურის წარმოშობას განაპირობებს.

1999 წელს დიდ ბრიტანეთში „დევოლუციის“ პროცესი დაიწყო, რაც შოტლანდიაში, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში ადგილობრივი პარლამენტების, წარმომადგენლობითი ორგანოების დაფუძნების წინაპირობა გახდა. დიდი ბრიტანეთის მხარეების მიერ ადგილობრივი კრებების არჩევას რეგიონული მთავრობების ჩამოყალიბებაც მოჰყვა. შედეგად, შოტლანდიელებს, ირლანდიელებსა და უელსელებს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ სპეციალიზებული სახელმწიფო დაწესებულებების, სამინისტროების შექმნის პრივილეგიაც მიენიჭათ.

2015 წელს უელსის პარლამენტმა დაამტკიცა „მომავალ თაობათა კეთილდღეობის აქტი“, რომლის მიზანიც გახლდათ მომავალი თაობების სოციალური, კულტურული, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის აუცილებელი სამართლებრივი რეგულაციებისა და პოლიტიკური ვალდებულებების სისტემის შექმნა. აქტი უელსის სახელმწიფო უწყებებს აიძულებს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს იფიქრონ იმაზე, თუ რა შედეგები ექნება გადადგმულ ნაბიჯს მომავალი თაობებისთვის. აქტის აღსრულებაზე ზედამხედველობის მიზნით უელსის მთავრობამ მომავალი თაობების კომისარიც კი დანიშნა.

მაშასადამე, უელსის მთავრობის შემადგენლობაში შეიძლება გადააწყდეთ თანამდებობის პირს, რომლის პირდაპირი მოვალეობაა დაიცვას და წარმოადგინოს ჯერ არდაბადებული ადამიანების ინტერესები. წარმოიდგინეთ, რა ძნელია იყო იმ ადამიანთა კომისარი, რომლებიც არ ლაპარაკობენ, არ გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებებს და საჭიროების შემთხვევაში არ შეუძლიათ შენი ზურგის გამაგრება. მიუხედავად ამისა, უელსის კაბინეტმა მაინც მიიღო არაორდინარული გადაწყვეტილება.

ალბათ, ბევრს დაგაინტერესებთ, თუ რას საქმიანობს მომავალი თაობების კომისარი დიდი ბრიტანეთის ყველაზე პატარა მხარის მინისტრთა საბჭოში?

მისი პირველი და მთავარი მოვალეობაა მთავრობის წევრებთან, საზოგადოებასთან და აკადემიურ წრეებთან კონსულტაციების საფუძველზე გამოკვეთოს საკითხები და გამოწვევები, რომლებიც ყველაზე მეტ საფრთხეს შეიძლება უქმნიდნენ მომავალი თაობების კეთილდღეობას. მაგალითად, უელსში იციან, რომ ორი-სამი ათწლეულის შემდეგ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების შედეგად შეიძლება სამუშაო ადგილების 35-40% გაქრეს. დასაბუთებული პროგნოზის არსებობის მიუხედავად, არავინ ფიქრობს როგორ შეიძლება შეივსოს სამუშაო ადგილების დეფიციტი. ეს საკითხი საზოგადოების ფიქრის საგანი არ არის, კომისრის მიზანი კი გახლავთ სამუშაო ადგილების შესაძლო გაქრობის შესახებ დისკუსიები მრავალი წლით ადრე დაიწყოს და საზოგადოება მომავლის გამოწვევებზე დააფიქროს.

კომისრის კიდევ ერთი მოვალეობაა გამოკვეთილი პრობლემების მოგვარების მიზნით მხარი დაუჭიროს შესაბამისი ინსტიტუტების საქმიანობას, იშრომოს მათთან ერთად. მაგალითად, კვლევები ცხადყოფენ, რომ მომავალში ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. თუმცა, სიცოცხლის ხანგრძლივობის მატება არ გულისხმობს სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებასაც. მეცნიერებს წინასწარ შეუძლიათ თქვან, თუ რომელი დაავადებების აფეთქებაა მოსალოდნელი დროთა განმავლობაში. მომავალი თაობების კომისარი ცდილობს ხელი შეუწყოს აღნიშნული დაავადებების კვლევას, დაგეგმოს პრევენციული ღონისძიებები, იზრუნოს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაზე და ა.შ.

უელსში განსაკუთრებით აფასებენ მომავალ თაობათა კომისრის რჩევებსა და რეკომენდაციებს. ქვეყანაში ვერც ერთი დიდი საინვესტიციო პროექტი და გიგანტური მშენებლობა ვერ განხორციელდება მომავლის კომისართან კონსულტაციების გარეშე. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ დიდი ბრიტანეთის დასავლეთ პროვინციაში დაგეგმილი გახლდათ მრავალკილომეტრიანი ბეტონის გზის მშენებლობა. ეკონომისტებს უმძიმესი არგუმენტებით ამტკიცებდნენ, რომ მშენებლობა უპირობოდ წაახალისებდა ეკონომიკურ აქტივობას, უზრუნველყოფდა რეგიონში ეკონომიკის ზრდას. პარალელურად, გარემოსდამცველები და კლიმატის აქტივისტები მიანიშნებდნენ, რომ გზის მშენებლობა გაანადგურებდა უელსის ერთ-ერთ უძველეს არხთა სისტემასა და მასთან დაკავშირებულ ბიომრავალფეროვნებას, რაც მომავალში კლიმატის ცვლილების შედეგების წინააღმდეგ ბრძოლაში პრობლემა შეიძლება გამხდარიყო. კომისარმა დიდ ხანს იბრძოლა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის. ის ეკონომიკური ბლოკის მინისტრებსა და ინვესტორებს მომავალი თაობებზე ბიომრავალფეროვნების შემცირების ნეგატიურ შედეგებზე ეკამათებოდა. საბოლოოდ, მთავრობა იძულებული გახდა კომისრის რეკომენდაცია გაეთვალისწინებინა.

დღეს, ჩვენ ხელთ არსებული რესურსები მხოლოდ ჩვენ არ გვეკუთვნის. რესურსები სამართლიანად მხოლოდ დღეს მცხოვრებ ადამიანებს შორის არ უნდა გავანაწილოთ. ჩვენი სიმდიდრე მომავალი თაობების საკუთრებაცაა და ისინიც იმსახურებენ წილს საერთო კეთილდღეობაში. შეიძლება საქართველოში ცალკე სამინისტროს შექმნის იდეა სამართლიანად ჩაგვითვალონ სიგიჟედ, მაგრამ უელსური მიდგომის, პრინციპის გაზიარება აუცილებელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“