ორშაბათი, აპრილი 22, 2024
22 აპრილი, ორშაბათი, 2024

მარტის ამბებიდან 

ფანჯარა გამოვაღე და უცებ, უცნაური და მოულოდნელი აწყვეტით შემოვარდა გაზაფხულის სუნი – განა ფეხაკრეფით, როგორც სხვა ახლო გაზაფხულებისას სჩვეოდა ხოლმე. ასეთი დაძგერება უხსოვარ დროში მახსოვს ხოლმე, მარტის პროლოგისას აივანზე როცა გავდიოდი, ჯერაც ზამთრის განცდით ნაკარნახევი ტანსაცმლით და უცებ რაღაც დაგაბზრიალებდა – ვწევარ ახლა და თვალდახუჭული საკუთარ ბავშვობას ვსუნთქავ.

ერთმა საყვარელმა გოგონამ, მარტის მიტინგზე გამოსვლისას, უფრო ღელვის გამო, ასე მოგვმართა: ,,მე ვარ ქართველი, ამასადამე, მე ვარ ევროპელიო!” და მე ეს გოგონა მილიონჯერ მირჩევნია იმ ადამიანებს, რომლებიც გამართულად ამბობენ ,,მაშასადამე” და მერე სიტყვები კრემლისკენ ეპარებათ. ეპარებათ მტრისგან სატყუარად შემოგდებული წყობით: არც ევროპა გვინდა და არც რუსეთი! ეს ფორმულა გულზე მჯიღის საცემადაა მოგონილი შესაბამის ლაბორატორიებში და სინამდვილეში ისეთ საქართველოს ნიშნავს, მტერს რომ უნდა. არ არსებობს სამყარო კავშირის გარეშე და ამ კავშირებს კულტურების და ღირებულების თანხვედრა განაპირობებს. თაობას, რომელიც 2007 წელს ოთხი წლისა იყო, ვერაფერს წამოაძახებ. ამ თაობას გვერდით უნდა დაუდგე და არა პლაკატებზე ორთოგრაფია უსწორო. მე მათთან ვარ. დიახ, მე ვარ ქართველი და ამასადამე, მე ვარ ევროპელი.

პასუხი საკუთარ თავს უნდა მოვთხოვთ – ყველგან და ყოველთვის.

იმაზე წუწუნი რომ ხალხი ბნელია და ბლა-ბლა-ბლა, როგორც ბებიაჩემი იტყოდა – გრამოფონშია. უკანასკნელ ოც წელიწადში, ჩვენ, ვინც ვფიქრობთ, რომ საქართველოს ბუნებრივი ადგილი ევროპაა და ევროპული ღირებულებები, ბევრი რამ დავაკელით. შევწყვიტეთ ან შევასუსტეთ ორი უმთავრესი რამ, რაც განმანათლებლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:

1) მისიონერობა ანუ განსხვავებულთან ლაპარაკი 2) კითხვის დასმა საკუთარ თავთან ან სხვისი შენიშვნის მიღება – განვითარების აუცილებელი პირობა. და დაიბადნენ სტერილური მოლიბერალო პროლეკულტელები, კლასიკური სასარგებლო იდიოტების მომცრო კასტა, რომლებიც გაზეპირებული ფრაზებით დარბიან სოციალური ქსელის კედლიდან კედელზე და ხან თავისიანს და ხან სხვისიანს რაღაც დოგმებით ამუნათებენ.

ერთხელ დავწერე და გავიმეორებ: ძვირფასო და ყოვლადშესანიშნავო მეგობრებო, თქვენ გგონიათ რომ აი, გუშინ რომ სოფელში ვიყავი, მაგალითად – გიორგეთში ან ხვალ რომ წავალ – მაგალითადვე – საკურცე – მცხოვრები ადამიანები, ყოველდღიური ფიქრით, მაინცდამაინც ვინმეს დაჩაგვრას მიესწრაფვიან – არა, რა თქმა უნდა. ამ ხალხის დილაც და საღამოც – ყოველდღიური შრომაა, თავჩახრილი შრომა და ღიღინი. გადარჩენის და იმედის საქმე.

მაგრამ ისინი ჩვენ არ გვიცნობენ. ვარსებობთ და არც. თითქოს პარალელური სამყაროებია და რა გასაკვირია, რომ ის რაც უცხოა, მერე მტრულდება კიდეც – თუ ვინმე მონდომებულის მხრიდან, ამის ,,სურვილი” დაიბადა.

ბევრი თქვენგანისთვის ქართული სოფლები ხევის ტრაფარეტით იწყება და შორაპნის წარწერით მთავრდება – ბათუმისკენ მიმავალ გზაზე. ზოგიერთი, უფრო მონდომებული, მანქანას სოფლის სკოლის შენობის შესასვლელთან გააჩერებთ, ფეხსაცმელზე ტალახი რომ არ წაგეცხოთ, საათიან ტრენინგს – ,,არა ძალადობას” და ,,დიდება თანასწორობას” ჩააბულბულებთ, ოღონდ იქ შეკრებილ ხალხს კი არა, საკუთარ თავს ელაპარაკებით. მერე ხელს არ იბანთ ,,იქაური” საპნით, ძროხისსუნიანის დანაბანიაო (გგონიათ, ვიტყუები? – ვინც შეძლებთ, ცხადია, პიროვნების დასახელების გარეშე – ჩადით ხულოში და რომელიმე სოფლის მცხოვრები მოგიყვებათ) და იკითხავთ: ,,სადმე ახლოს ცოტა ისეთი, ნორმალური სასტუმრო არ არის, რომ დაძინება შევძლო?”

ამ ქვეყანას ერთმანეთთან ლაპარაკი გადაარჩენს. ერთმანეთში უკეთესის ძებნა, ადამიანის ძებნა და განვითარება. გრძელი ამბავია? ,,მაი, როის იქნება?” იქნება. თუ ოდესმე ავიწყებთ. უნდა დაველოდოთ? არა, უნდა ვიმოქმედოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი