შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

მშობლობა – სირთულეები და გამოწვევები

ძვირფასო მშობლებო, ჩვენ ახლა ვისაუბრებთ მშობლობის სირთულეებზე. ამ საკითხის შესახებ საკუთარ მოსაზრებას გაგაცნობთ Susan M.Pollak. (ფსიქოლოგი მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით, რომელმაც კერძო პრაქტიკა გაიარა კემბრიჯში (მასაჩუსეტსის შტატი). ის ასევე შეისწავლის იოგას, მედიტაციას და ცდილობს, ფსიქოთერაპია მედიტაციასთან ინტეგრაციაში განიხილოს. სიუზან პოლაკი, ამავდროულად არის ჰარვარდის სამედიცინო სკოლისა და კემბრიჯის ჯანდაცვის ალიანსის შემეცნებისა და ემპათიის ცენტრის თანადამფუძნებელი. 2010-2020 წლებში ის მედიტაციისა და ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის პრეზიდენტი გახლდათ. ფსიქოლოგი მრავალი პოპულარული წიგნის ავტორი და თანაავტორია. მათ შორის არის წიგნი, რომლის სათაურია: „მშობლებო, გამოხატეთ თანაგრძნობა საკუთარი თავის მიმართ: შვილის აღზრდის პროცესში, იზრუნეთ საკუთარ თავზე“. Susan M.Pollak არის ბლოგის ავტორი Psychology Today, სადაც საუბრობს კლინიკურ პრაქტიკაზე, ყოველდღიურ ცხოვრებაზე, აზროვნებასა და შთაგონებაზე. მკითხველს უზიარებს ახალ იდეებსა და მოსაზრებებს).

„მშობლობა ნებისმიერი სქესის, ეროვნების, აღმსარებლობის ადამიანისთვის რთულია – ამბობს ავტორი და განაგრძობს, – რასაც არ უნდა აკეთებდნენ მშობლები, მაინც ეჩვენებათ, რომ ეს საკმარისი არ არის. ამიტომ ისინი ძირითადად თვითგვემაში არიან, შფოთავენ და ნერვიულობენ. ბავშვები მშობლების სულიერ მდგომარეობას სარკისებურად ირეკლავენ. მშობლები განუწყვეტლივ სხვა მშობლებს ადარებენ საკუთარ თავს. როგორ მოახერხოს უფროსმა ამ მოჯადოებულ წრეზე უსაგნო სირბილისგან თავის დაღწევა? შეჩერდით, შეისვენეთ. შეწყვიტეთ საკუთარი თავის მკაცრად განსჯა, დამუნათება, შვილებთან და მეუღლესთან კონფლიქტები. ზიგმუნდ ფროიდს (1856-1939წ. ავსტრიელი ნევროლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი ფსიქოანალიზის ფუძემდებელი) მიაჩნდა, რომ საკუთარ შვილებზე დომინირება ან მათი მოთვინიერება სრულიად უპერსპექტივო საქმიანობაა. მშობლები დაიღალნენ მუდმივად იმაზე ნერვიულობით, როგორ სჯობს შვილების აღზრდა. ფრანგული მოდელია საუკეთესო თუ იაპონური? ან იქნებ სულაც მექსიკური ვამჯობინოთ?

„როგორც დედა, ფსიქოლოგი და ოცდაათწლიანი კლინიკური გამოცდილების მქონე სპეციალისტი – ამბობს Susan M.Pollak – მე თავად მაქვს წაკითხული უამრავი წიგნი ბავშვთა აღზრდის შესახებ. როგორც წესი, წიგნები ასწავლიან მშობლებს, როგორ აღზარდონ მორჩილი, დამჯერი შვილები, რომლებიც შემდგომ სწავლას განაგრძობენ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში, რათა კარგი სამსახური იშოვონ და წარმატებული გახდნენ საკუთარ პროფესიებში. მოკლედ, აქ იმის თქმა მსურს, რომ, სამწუხაროდ, მშობლები იშვიათად აღწევენ სასურველ შედეგებს, მიუხედავად უამრავი პროფესიონალი ფსიქოლოგის, ექიმის, პედაგოგის რჩევა-დარიგებებისა.

მკითხველი, უთუოდ მიხვდა, რომ ეს წიგნი გადაღლილი, გამოფიტული მშობლებისთვისაა. ანუ მათთვის, ვისაც სჭირდება საკუთარი თავისადმი თანაგრძნობის გამოხატვის უნარის განვითარება, რათა შეძლონ მშობლობის სირთულეების წარმატებულად დაძლევა.

მოდით, პირდაპირ პრაქტიკულ სავარჯიშოებზე გადავიდეთ – სთავაზობს შეწუხებულ მშობლებს ავტორი. „იზრუნეთ საკუთარ თავზე“. დასხექით მოხერხებულად, მშვიდად ისუნთქეთ და განეწყვეთ სავარჯიშოს შესასრულებლად. სამწუხაროდ, ზოგჯერ მშობლები იმდენად დატვირთული არიან, რომ „ავიწყდებათ ისუნთქონ“. ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ სუნთქვას, მიაყურადეთ ჩასუნთქვებსა და ამოსუნთქვებს. ღრმად ჩასუნთქვის შემდეგ შეეკითხეთ საკუთარ თავს: „საიდან ვიცი, რომ ვსუნთქავ?“. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ნებისმიერ შეგრძნებას. დაიღალეთ? მოგშივდათ? რა ემოციებს განიცდით? რას გრძნობთ? გაიხსენეთ, როგორი სასიამოვნო შეგრძნება იყო, როდესაც შვილს ხელში არწევდით. ახლა ეცადეთ წარმოიდგინოთ, რომ თქვენი სუნთქვის რიტმი ზუსტად ასევე ნაზად გარწევთ და გეფერებათ თავად თქვენ. ეს შეგრძნება გამშვიდებთ და გაწყნარებთ, რაც იმ მომენტში საყრდენის ფუნქციას ასრულებს. ხუთჯერ მაინც ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ, შეიგრძენით სითბო და სიმშვიდე. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ საკუთარი თავი ზრუნვის, სიკეთის აურით აავსოთ. თქვენ ხომ ძალიან ბევრ ძალას ხარჯავთ შვილების და ზოგადად სხვა ადამიანებზე ზრუნვაში და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაში. ჰოდა, ახლა დროა შეისვენოთ და საკუთარ თავს ჰკითხოთ: „მე თავად რა მჭირდება?“

ჩემ გარშემო ბევრმა გადაღლილმა მშობელმა დაიწყო ამ პრაქტიკის განხორციელება, ზოგიერთმა რამდენიმე კვირაც კი გაქაჩა. მიუხედავად იმ ხარვეზებსა, რომლებიც მშობლებმა დაუშვეს პირველივე უმარტივესი სავარჯიშოს შესრულებისას, მათ მაინც გარკვეული შვება იგრძნეს. „იმდენად არანორმალური რიტმით ვცხოვრობ, რომ ხშირად ჭამა მავიწყდება და შხაპის მიღების დროც კი აღარ მრჩება. მეჩვენება, რომ ჩემი ცხოვრება მხოლოდ ფუჭი ფუსფუსისა და ამაო საქმიანობებისგან შედგება. ჰოდა ახლა ზუსტად ვხვდები ჩემს ბავშვობაში გაგონილ ფრაზის არსს: „თუ დედა ცუდად არის, მაშინ მთელი ოჯახი ავადმყოფობს“. რადგან, თუ მე ვეღარ ვახერხებ ოჯახის წევრების საჭიროებების დაკმაყოფილებას, შვილები და დანარჩენებიც იჩაგრებიან. ახლა გავაცნობიერე, რომ არ არის საჭირო იჯდე და ელოდო, როდის მოვა ვინმე და ეცდება დაგამშვიდოს, დაგეხმაროს. მე თავადაც შემიძლია საკუთარი თავის დახმარება. თითქოს გავთავისუფლდი“. აი, ასე ახსნა ერთ-ერთმა მშობელმა ცვლილება, რომელიც მასში მარტივი სუნთქვითი სავარჯიშოს გარკვეული დროს მანძილზე შესრულებამ გამოიწვია.

მშობლებს, სავარაუდოდ, ეცოდინებათ, რომ არსებობს მრავალი ხერხი, რომლის გამოყენების შედეგად მათ შეუძლიათ საკუთარი თავისადმი თანაგრძნობის, პატივისცემის განცდა გამოიმუშაონ. განსხვავებულ ადამიანებს განსხვავებული მიდგომები სჭირდებათ და ამაში უცნაური არაფერია. ზოგ შემთხვევაში ხანმოკლე, ჩაღრმავებული მსჯელობები ეხმარება მშობელს, დაჯდეს და საკუთარ მოთხოვნებსა და სურვილებზე დაფიქრდეს. ზოგს კოგნიტიური თერაპია და ა.შ.

კიდევ ერთი სავარჯიშო დაღლილი, დაქანცული მშობლებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ, ისწავლონ საკუთარი თავის დანდობა, თანაგრძნობა. რეფლექსია სახელით: „რა მჭირდება?“. გამონახეთ საჭირო დრო დღის ნებისმიერ მონაკვეთში, როდესაც ბავშვებს სძინავთ, ანუ სახლში სიჩუმე და სიმშვიდეა, და იფიქრეთ იმაზე, რა გჭირდებათ. უხმოდ, გულდასმით მოუსმინეთ მოსაზრებებს, რომლებიც თავში მოგივათ. შემდეგ კიდევ ერთხელ ჰკითხეთ საკუთარ თავს: „მართლაც რა მჭირდება?“ რამდენიმე წუთი დაუთმეთ პასუხის მოსმენას, არ განსაჯოთ და არ გააკრიტიკოთ მკაცრად საკუთარი თავი. ჩაიწერეთ ყველა ფიქრი, რომელიც თავში მოგივათ.

მე ძალიან კარგად ვიცი – აზუსტებს ავტორი – რომ მშობლებს გამუდმებით დროის დეფიციტი აქვთ, მათ დღის განმავლობაში ერთი წუთიც კი არ რჩებათ საკუთარ თავზე საფიქრალად და სწორედ ამიტომ არის კარგი ეს პრაქტიკა. ისინი ძალიან ცოტა დროს მოითხოვენ. ერთ ადგილას ერთსა და იმავე პოზაში გაუნძრევლად დგომა დაგჭირდებათ. ეს აქტივობები ადვილად გახდება სრულიად არანორმალური, გიჟური ყოველდღიური რიტმის მქონე მშობლების ყოფა-ცხოვრების ჰარმონიული ნაწილი.

მარტივი და სასიამოვნო პრაქტიკული სავარჯიშო: „პაუზა მშობლებისთვის“. ეს უადვილესი სავარჯიშო ფსიქოლოგებმა შესთავაზეს მშობლებს. რამდენიმეწამიან ჩვეულებრივ, მარტივ შესვენებას, პაუზას შეუძლია შეცვალოს ურთიერთობის ტონი და მიმართულება და ეს უნარ-ჩვევა ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია ოჯახში არსებული ნებისმიერი ურთიერთობისთვის. ამ სავარჯიშოს შესრულება შეუძლიათ მშობლებს მაშინაც კი, როცა ისინი წაკინკლავდნენ და განსაკუთრებულად სჭირდებათ პაუზა. ამგვარად, შეისვენეთ, დასხედით და რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის შემდეგ ეცადეთ დამშვიდდეთ. უბრალოდ ისხექით და უსმინეთ სიჩუმეს. არ არის საჭირო კონფლიქტის ზუსტად ამ წამს გამოსწორება. თუ თავში მუდმივად გიტრიალებთ მეუღლესთან კინკლაობის (ჩხუბის) დეტალები და თავი გტკივათ ან სულაც ძალიან გაბრაზებული ხართ, ნუ ეცდებით ამ განცდის იგნორირებას. აუცილებელია მსგავსი ემოციების განცდა, მათი „გადამუშავება/გადახარშვა“, თუნდაც ძალიან გაგიჭირდეთ. შესაძლებელია საკუთარ თავს გამოუტყდეთ და უთხრათ: „ეს ჩემთვის ძალიან მძიმე და მტკივნეულია“. ახლა სჯობს შეისვენოთ, არაფერი აკეთოთ. არ არის საჭირო თავის დაცვის პოზაში საკუთარი თავის ჩაყენება და არც „მოწინააღმდეგეზე თავდასხმაა აუცილებელი“. მშვიდად ისხექით, შეიგრძენით სიმყარე, ყურადღება მიაქციეთ სხეულებრივ შეგრძნებებს. დაიხსომეთ, რომ რასაც არ უნდა გრძნობდეთ ამ მომენტში, აუცილებლად გაივლის. შეეცადეთ საკუთარი თავის მიმართ გამოავლინოთ ცოტაოდენი სიკეთე. კიდევ რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ, რომ სხეულთან კავშირი შეიგრძნოთ და შინაგანი ბალანსი დაიჭიროთ. სანამ საქმეებს დაუბრუნდებით, დაფიქრდით რა საჭიროება გაქვთ ზუსტად ამ მომენტში. დღის განმავლობაში, როდესაც დაგჭირდებათ დამხმარე/მაშველი რგოლი ან მოვლენების განსხვავებული მხრიდან შეფასება, ყოველთვის შეისვენეთ, რათა არ გაამწვავოთ ოჯახური კონფლიქტი.

მშობლებს – განმარტავს Susan M.Pollak – ვავალებ ყოველდღე დაამკვიდრონ სამწუთიანი პაუზის პრაქტიკა. შედეგად, წყვილები ერთმანეთს შეახსენებენ ხოლმე პაუზის აუცილებლობას იმ დროს, როდესაც რაიმე წინააღმდეგობა გაუჩნდებათ. ხშირად ეს იუმორის ან რაიმე სიახლის საბაბიც ხდება. „როდესაც მშობლები პაუზას აკეთებენ, მათ ზუსტად არ იციან, რა იქნება შემდეგ. მაგრამ ისინი უარს ამბობენ მოძველებულ სტერეოტიპულ ქცევებზე და ახლებურად, კრეატიულად რეაგირებენ საკუთარ საჭიროებებსა და შიშებზე“, – ამბობს კოლეგა ფსიქოლოგი, რომელიც ოჯახურ წყვილებთან აღნიშნულ პრაქტიკულ სავარჯიშოებს ნერგავს.

სტატიის დასასრულ უნდა ითქვას, რომ აქტივობა „პაუზა მშობლებისთვის“ ეხმარება განსხვავებულ სიტუაციებში მყოფ ადამიანებს. მაგალითად: ნინო – მშობელი, რომელსაც თავად ასაკოვანი მამა ჰყავს, ამბობს: მამაჩემი დღეში ასჯერ ერთსა და იმავე კითხვას მისვამს და პაუზის ტექნიკა რომ არა, ყოველდღე წყობიდან გამოსული ყვირილს ავტეხდი და ავადმყოფ მშობელს შეურაცხყოფას მივაყენებდი. სოფო – მშობელი, რომელსაც საკუთარი დედა ამცირებდა შვილების წინაშე და შვილიშვილებს უყვებოდა, როგორი რთული და ცუდი ქცევის ბავშვი იყო მისი შვილი მცირე ასაკში, რამდენი შეცდომა ჰქონდა დაშვებული მოზარდობაში და სხვა მსგავსი, „პაუზის“ ტექნიკის გამოყენება დაეხმარა უკიდურესი ზომისგან, რაც გულისხმობდა შვილებისთვის ბებიასთან შეხვედრის აკრძალვას, რომლის მიღებასაც ის აპირებდა დედაზე შურისძიების მიზნით. გიორგი – ახალგაზრდა მამა ამბობს: ეს ტექნიკა დამეხმარა ჩემი მუდმივად მაკრიტიკებელი სიდედრისთვის საქმე არ გამერჩია და მისთვის „დამსახურებული“ პასუხი არ გამეცა, რაც თავის მხრივ სერიოზულად დააზიანებდა ჩემი და ჩემი მეუღლის ურთიერთობებს“.

იმედი მაქვს, პრაქტიკული სავარჯიშოები, ჩვენს მშობლებსაც დაეხმარება. შემდეგ სტატიაში შემოგთავაზებთ სხვა აქტივობების აღწერას.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი