ოთხშაბათი, ოქტომბერი 16, 2024
16 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

როგორ ვესაუბროთ ბავშვებს

რამდენიმე დღის წინ ორ ქალბატონს შორის საინტერესო და საყურადღებო დიალოგის უნებლიე მოწმე გავხდი – „არ ვიცი როგორ მოვიქცე, რა მოვუხერხო ჩემს პატარას. ჯერ მხოლოდ ხუთი წლისაა და მის გამოსაყვანად საბავშვო ბაღში მისული ყოველ დღე საყვედურებს ვიღებ. რამდენს ველაპარაკები, ჭკუას ვარიგებ, რამდენჯერმე დავსაჯე კიდეც, მაგრამ არაფერი მოქმედებს. საუბრისას ვამჩნევ, რომ ის საერთოდ არ მისმენს და ორი წუთის შემდეგ აღარც კი ახსოვს რა ვუთხარი. მეგონა მეხსიერების პრობლემა ჰქონდა, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ბევრი რამ, რაც მისთვის სარგებლის მომტანია, საკმაოდ დიდხანს ახსოვს და არ ივიწყებს; ჭკუის დარიგების დროს კი ერთი სული აქვს საუბარი დავამთავრო, რომ ის აკეთოს, რაც მას სურს“ – ვერ მალავდა თავის გულისტკივილს ხუთი წლის ნინის დედა. „მე კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში ვარ. ჩემი გიო მეშვიდე კლასშია და საერთოდ გაურბის ჩემთან საუბარს. თუ მოვახერხე და ვაიძულე მოსმენა, ვგრძნობ, რომ გონებით სხვაგანაა და ჩემი არცერთი სიტყვა არ ესმის. ორი დღის წინ საერთოდ გამომიცხადა, რომ დაიღალა ჩემი ამდენი ჭკუისდამრიგებლური საუბრებით. უკვე აღარ ვიცი როგორ მოვიქცე“.

მართალია ბავშვის ქცევა, უპირველეს ყოვლისა, მისი ასაკობრივი თავისებურებებით არის განპირობებული, მაგრამ მოსმენასთან დაკავშირებულ პრობლემებს შეიძლება ნებისმიერი ასაკის ბავშვთნ ურთიერთობისას წავაწყდეთ. ხშირია შემთხვევა, როცა რამდენჯერმე გვიწევს განმეორება, რათა ბავშვმა მოისმინოს და გააკეთოს ის, რასაც ვთხოვთ. ეს ძალიან ღლის და სასოწარკვეთილებაში აგდებს მშობლებს.

რეკომენდაციები – რა გავაკეთოთ, რომ ბავშვმა მოგვისმინოს. როგორ ვესაუბროთ მას, რომ გაიგოს და გაითვალისწინოს ჩვენი ნათქვამი:

  • საუბრისას აუცილებლად დავამყაროთ მხედველობითი კონტაქტი ბავშვთან, ვუყუროთ მას თვალებში. თუ ამის საჭიროება იქნება, „დავეშვათ მის დონეზე“, ჩავჯდეთ, რომ ჩვენი თვალები ერთ დონეზე იყოს;
  • მიმართვისას აუცილებლად გამოვიყენოთ სახელი. ეს ბავშვს ჩვენს მიმართ მეტ ნდობას და პატივისცემას გაუჩენს;
  • ვესაუბროთ მარტივად, მოკლედ და გარკვევით. ჩვენ მიერ გამოყენებული ფრაზები, სიტყვები, წინადადებები უნდა იყოს მოკლე და გასაგები. რაც უფრო მეტს ვილაპარაკებთ, რაც უფრო მეტ სიტყვას გამოვიყენებთ საუბრისას, მით ნაკლები იქნება იმის ალბათობა, რომ ბავშვი მოგვისმენს; ველაპარაკოთ ისე, როგორც ის ლაპარაკობს;
  • ვთხოვოთ ბავშვს გაიმეოროს ჩვენი თხოვნა ან დავალება;
  • ვთხოვოთ ისე, რომ ბავშვმა ვერ შეძლოს უარის თქმა, შევთავაზოთ ისეთი რამ, რომელზეც უარს ვერ იტყვის – „ჩაიცვი, რომ წახვიდე სათამაშოდ“; „დაალაგე სათამაშოები, რომ ეზოში გავიდეთ სასეირნოდ“;
  • უარი ვთქვათ ყვირილზე და ხმააწეული ტონით საუბარზე, თუ გვინდა, რომ ბავშვმა მოგვისმინოს და გაითვალისწინოს ჩვენი რჩევები. პატივისცემა და მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვისთვის ნებისმიერ ასაკში. ძნელი იქნება ისეთი ადამიანის მოძებნა, რომელსაც ერთხელ მაინც არ აუწევია ხმისთვის ბავშვთან ურთიერთობისას. თუმცა, თვითკონტროლის, თავშეკავების და გამძლეობის გავარჯიშებით შესაძლებელი იქნება უარი ვთქვათ ხმააწეული ტონით საუბარზე, რადგანაც წყნარი, მშვიდი ხმა უფრო ძლიერ მოქმედებს ბავშვზე, ვიდრე ყვირილი. რაც უფრო ხმამაღლა ლაპარაკობს ბავშვი, მით უფრო მშვიდად უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ. საჭირო შემთხვევაში გამოვიყენოთ ფრაზები: „მე მესმის შენი“, ან „როგორ შემიძლია დაგეხმარო?“
  • ნუ დავიზარებთ გავუმეოროთ ბავშვს ჩვენი თხოვნა რამდენჯერმე. პატარებს უჭირთ ყველაფრის ერთდროულად დამახსოვრება. ასაკის მატებასთან ერთად ნაკლებად დაგვჭირდება ნათქვამის განმეორება;
  • დავუსვათ ბავშვს შეკითხვები ასაკის მიხედვით. სამი წლის ასაკის ყველა ბავშვს არ შეუძლია უპასუხოს შეკითხვას: „რატომ გააკეთე ეს?“ უკეთესია ვუთხრათ: „მოდი ვისაუბროთ იმის შესახებ, რაც გააკეთე“;
  • მივცეთ კონკრეტული მითითებები. მოვერიდოთ ორაზროვანი ფრაზების გამოყენებას. ნუ გვექნება იმის იმედი, რომ ბავშვი შეძლებს ჩვენი აზრების წაკითხვას;
  • ატირებული, ისტერიკაში მყოფი, გაღიზიანებული ბავშვი ჯერ დავამშვიდოთ და შემდეგ ვესაუბროთ, ავუხსნათ, რაც გვსურს, რასაც მოვითხოვთ მისგან;
  • ნებისმიერ აღმზრდელს სურს, რომ ბავშვმა ისწავლოს სიტყვების – „გთხოვ“ და „მადლობა“ – საუბრისას გამოყენება. თუ ბავშვს ვთხოვთ, რომ გვითხრას  ეს სიტყვები, გამოვიყენოთ ისინი თავად ჩვენ ბავშვთან საუბრისას;
  • რაიმეზე უარის თქმის შემთხვევაში შევთავაზოთ ალტერნატიული ვარიანტი – „შენ ჯერ ვერ შეძლებ პარკში მარტო წასვლას, მაგრამ შეგიძლია მეგობრებთან ერთად თამაში მეზობელ ეზოში“;
  • გულჩათხრობილ, საკუთარ თავში ჩაკეტილ ბავშვებთან საუბრისას განსაკუთრებით მოვერიდოთ დახურული კითხვების გამოყენებას, რომელზეც შეიძლება პასუხის მხოლოდ ორი ვარიანტის – „კი“ ან „არა“ – მიღება. ნაცვლად „შენ კარგად გაატარე დღე საბავშვო ბაღში?“, უკეთესია ვკითხოთ „რა მოგეწონა დღეს ყველაზე მეტად საბავშვო ბაღში?“
  • თუ ბავშვს ვერ შევაცვლევინეთ აზრი, ვერ გადავარწმუნეთ, შევინარჩუნოთ სიმშვდე, ნუ შევიცვლით ტონს; დამაჯერებელი ტონით ვუთხრათ: „მე არ შევიცვლი ჩემს აზრს ამის შესახებ, ბოდიში“. ეს ბევრად უკეთესად იმოქმედებს ბავშვზე, ვიდრე მკვეთრი ტონით ნათქვამი – „საუბარი დასრულდა“;
  • ბავშვთან საუბრისას ნაკლებად გამოვიყენოთ სიტყვა „არა“, მოვერიდოთ პირდაპირ უარის თქმას. რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგვეჩვენოს სწორედ ხშირად გამოყენებული „არა“ უბიძგებს ბავშვს მოითხოვოს რაც მას სურს კიდევ უფრო მეტი შემართებით. მაგრამ, თუ ჩვენ ვუპასუხებთ – „შეიძლება“, ან დავპირდებით, რომ ვიფიქრებთ, პატარა ბევრად უფრო მშვიდად აღიქვამს სიტუაციას და მორჩილად ელოდება გადაწყვეტილებას. თუმცა, თუ ის რაიმე ისეთს ითხოვს, რისი შესრულებაც ერთმნიშვნელოვნად არ შეიძლება, ავუხსნათ თუ რატომაა ეს შეუძლებელი. ამასთან, შევთავაზოთ ალტერნატივა. მუდმივი უარი ძირს უთხრის ნდობას და შეიძლება ბავშვთან გაუცხოების წინაპირობაც გახდეს;
  • ნუ მოგვერიდება ბოდიში მოვუხადოთ ბავშვს, თუ შემთხვევით უსამართლობა გამოვიჩინეთ მის მიმართ და არასწორად მოვექეცით. ბოდიში ძალიან დაგვეხმარება ბავშვთან საუბრის მშვიდად წარმართვაში. მას ეცოდინება, რომ ჩვენ სანდო ადამიანი ვართ და ყოველთვის ობიექტურად ვაფასებთ სიტუაციას. ბავშვის პიროვნების პატივისცემა ხდება ნდობით განმსჭვალული ურთიერთობის გასაღები, ურთიერთობის, როცა ბავშვი გვისმენს და ესმის ჩვენი, იღებს და პატივს სცემს ჩვენს აზრს;
  • დავეხმაროთ ბავშვს გაერკვეს საკუთარ გრძნობებში, ამისათვის უბრალოდ მოვუსმინოთ მას, ნუ შევაწყვეტინებთ საუბარს, პერიოდულად გამოვიყენოთ ფრაზები: “დიახ”, „გასაგებია“. დაველოდოთ სანამ იტყვის ყველაფერს, რაც სურს. შემდეგ შევეცადოთ დავასახელოთ მისი გრძნობები და დავადასტუროთ მათი არსებობა: „ოჰ, ამან შენ ალბათ ძალიან გაგაბრაზა“, ან „ბრაზობ ამაზე?“ ეს მარტივი ფრაზები დაეხმარება ბავშვს დამშვიდდეს და გააგრძელოს საუბარი პრობლემის შესახებ. თუ ჩვენ არ თანავუგრძნობთ მას, ის მოტყუებულად იგრძნობს თავს, დაკარგავს ჩვენს ნდობას და საკუთარი პრობლემების ჩვენთვის გაზიარებას;
  • საუბრის პროცესში ნუ დავუსვამთ ბავშვს ძალიან ბევრ შეკითხვას. გაუთავებელი შეკითხვებით მობეზრებული ბავშვი ნებისმიერ დიალოგს აღიქვამს, როგორც ზეწოლას, მის პირად სივრცეში შეჭრის მცდელობას და დაიწყებს თავის დაცვას, უარს იტყვის შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე, ჩაიკეტება საკუთარ თავში და არანაირ რჩევას არ მიიღებს ჩვენგან როგორი სწორიც არ უნდა იყოს ის. მივცეთ ბავშვს საშუალება გაიაზროს როგორ მოიქცეს. ასეთ შემთხვევაში უფრო მეტია შანსი თავად მოგვმართოს,  რომ განიხილოს ჩვენთან საკუთარი პრობლემა და გაარკვიოს, გვკითხოს, თუ რამდენად სწორად იქცევა. გვახსოვდეს, რომ დუმილი ხანდახან ყველანაირ საუბარზე, ყველანაირ მზრუნველობაზე უკეთესია.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ ბავშვთან ეფექტიანი საუბრის ძირითადი ხერხი იმისათვის, რომ მან მოგვისმინოს და გაგვიგოს, სიკეთე და სიყვარულია. ვიყოთ ბავშვის მეგობარი, მოვუსმინოთ მას და ისიც აუცილებლად მოგვისმენს და გაგვიგებს ჩვენ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“