ორშაბათი, აპრილი 22, 2024
22 აპრილი, ორშაბათი, 2024

მარიკე ლუკას რეინეველდი – გზა საკუთარი თავისკენ

წიგნები თვითონ მოდიან შენამდე და როგორ მოვლენ, ამასაც თვითონ წყვეტენ. ასეა, სინამდვილეში, წიგნი ირჩევს მკითხველს და არა – მკითხველი წიგნს. ამიტომ ვიდრე მარიკე ლუკას რეინეველდზე მოგითხრობთ, ჯერ ის უნდა მოგიყვეთ, მისმა რომანმა რა უჩვეულოდ მიპოვა:

შაბათი საერთაშორისო სამწერლო პროგრამის მონაწილეებს თავისუფალი დღე გვქონდა (ღონისძიებებისაგან თავისუფალი). პროგრამის კოორდინატორიც შაბათობით ექსკურსიებს გვიწყობდა ხოლმე. როცა კი სადმე ბუნებაში წავუყვანივართ, ლაშქრობაზე ან, მაგალითად, ვაშლის ბაღის ან სხვა ადგილობრივი მეურნეობის სანახავად, მე, როგორც ურბანული გარემოს ადამიანი, შინ ვრჩებოდი. მაგრამ იმ შაბათს, 15 ოქტომბერს, პირველი ჩავქანდი ჩვენი სასტუმროს მისაღებში – ამიშების სოფელი უნდა გვენახა, ქალონა (Kalona).

ამიშებსა და ქოლონაზე სხვა დროს გიამბობთ. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ამიშები ძალზე ჩაკეტილი და კონსერვატორული ქრისტიანული თემია; გარე სამყაროსთან ისინი თითქმის არ ურთიერთობენ.

ქალონაში მოწყობილ მუზეუმში ვისხედით, იმ ოთახში, ამიშური ქვილთის ნიმუშები რომაა გამოფენილი. თუმცა ქვილთის გარდა, კიდევ ბევრი რამეა: საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი და თავად ამიშები, უფრო სწორად, მათი ფერმკრთალი და თვალებგაშეშებული მანეკენები.

სიჩუმეა. მე, გაიათი და კრისტინა ვსხედვართ. მანეკენები გვიყურებენ.

-ცოტა დამზაფვრელია აქაურობა, – გაიათი ამბობს და მე ვეთანხმები.

უცებ კრისტინა მეკითხება:

-უი, ნანა, შენ გეცოდინება, ჰოლანდიელი მწერალია,  შარშანწინ „ბუკერი“ აიღო. სახელი და გვარი დამავიწყდა, მაგრამ… მოკლედ, ისიც ასეთ კონსერვატორულ საზოგადოებაში იზრდებოდა, სოფელში, და გამოიქცა იქიდან. როგორც ვიცი, გოგო იყო, მაგრამ თავს ბიჭად აღიქვამდა და ახლა მიაჩნია, რომ გოგოც არის და ბიჭიც, თუ მხოლოდ ბიჭად მიაჩნია თავი… მოკლედ, წიგნიც მაგაზეა, ფერმაში იზრდება მთავარი პერსონაჟი.

ამ დროისთვის სტუდენტებთან პრეზენტაცია უკვე ჩატარებული მქონდა და მწერლებმაც იცოდნენ, რაზე დავწერე პირველი რომანი. ალბათ, კრისტინამ ამიტომ ჩათვალა, რომ რამე გამეგონა მაინც „ბუკერის“ ჰოლანდიელ ლაურეატზე, მაგრამ არაფერი ვიცოდი და ასეც ვუთხარი. თუმცა აღწერამ დამაინტერესა და ვიფიქრე, აიოვაში დაბრუნებისთანავე ინტერნეტში მომეჩხრიკა (რაც არ მიქნია – გადამავიწყდა).

-ისე, ეგეთი ადამიანისთვის ორმაგად რთულია ასეთ ჩაკეტილ გარემოში ცხოვრება, – შენიშნა გაიათმა.

დავეთანხმეთ.

დრო გავიდა, მე ჩამოვედი და ჩემი მეგობრის ახალგამოცემული წიგნი რომ შემეძინა, გამომცემლობის ვებგვერდზე შევედი. აღმოჩნდა, რომ კალათაში რაღაც მქონია გადანახული. შევამოწმე.

„მძიმეა დღის ბოლო“, მარიკე ლუკას რეინეველდი.

გამახსენდა, რომ ჯერ კიდევ წასვლამდე გადამენახა საყიდლად – პოსტი შემომხვდა მაშინ ფეისბუქზე. მაგრამ ასეთ წიგნებს, სხვის ნაქებს, იშვიათად რომ გავეკარო. წიგნის შერჩევა ჩემთვის პირადი ამბავია, არავინ უნდა ჩაერიოს, არავინ მიმითითოს, რა ვქნა. ამიტომ გადანახვით კი გადავინახე, მაგრამ უფრო ის განცდა მქონდა, ამისი წამკითხავი მე მაინც არა ვარ და იყოს კალათაში, რას მიშლის-მეთქი.

ახლა კი ჩავიკითხე ანოტაცია და უეცრად კრისტინას ნათქვამი გამახსენდა. სასწრაფოდ ვეცი გუგლს.

ეგ იყო.

ასე ვიპოვე მარიკე ლუკას რეინეველდი და მისი ბრწყინვალე წიგნი „მძიმეა დღის ბოლო“ („De avond is ongemak“). უფრო სწორად, მან თავად მიპოვა.

ორიოდე სიტყვა ავტორზე: მარიკე ლუკას რეინეველდის სახელი, თავდაპირველად, მხოლოდ მარიკე იყო. ლუკასი თავად დაირქვა თავის თავში მამაკაცური იდენტობის აღმოჩენის შემდეგ. დღეს სურს, როგორც ბიჭი, ისე აღიქვან და შესაბამისი ნაცვალსახელითაც მოიხსენიონ.

„ვინც თავის გენდერული იდენტობას ეძებს და წვალობს, მინდა ვუთხრა: აუცილებელი არაა, აირჩიოთ რაიმე ერთი. თუმცა თუ აირჩევთ, გახსოვდეთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი არჩევანია,“ – ასე მიიჩნევს თავად[1].

მართლაც, შენზე უკეთ ვინ იცის, ვინა ხარ?

მარიკე ლუკას რეინეველდიც, როგორც ჩვენი თაობის სხვა წარმომადგენლები, აღიარებს, მეტისმეტად დამოკიდებული ვარ სოციალურ ქსელებზეო. მაგალითად, უამრავ ფოტოს დებს ინსტაგრამგვერდზე. მაგრამ ეს მარიკეს ფოტოები არაა, ლუკასის ფოტოებია:

„ლუკასის სერია მაქვს ინსტაგრამზე. ხშირ-ხშირად ვაქვეყნებ მის პორტრეტს და ასე ვარქმევ: ლუკას 0.1, ლუკას 0.2. და ა.შ. ეს ერთგვარი გზაა, ჩემებური გზა, რომ ლუკასს სივრცე შევუქმნა, რომ ჩემში მყოფ ბიჭს გაზრდა და განვითარება ვაცადო.“

„საერთაშორისო ბუკერი“ რეინეველდმა 29 წლისამ მიიღო თავის პირველ რომანში „მძიმეა დღის ბოლო“. მანამდე მხოლოდ ლექსებს წერდა და ორი პოეტური კრებულის ავტორიც იყო. როგორც პოეტს, მას ჰოლანდიაში უკვე კარგად იცნობდნენ, თუმცა მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ის „საერთაშორისო ბუკერის“ პირველი ჰოლანდიელი ლაურეატი გახდებოდა; ამასთან, პირველი არაბინარული ადამიანი, რომელსაც ეს ჯილდო მიენიჭა.

როგორც რეინეველდი აღნიშნავს, რომანი, გარკვეულწილად, ავტობიოგრაფიულია – ძმის გარდაცვალებამ მისცა ბიძგი, დაეწერა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს რომანია და არა – მემუარები. ფიქციური ტექსტია და არა – დოკუმენტური. ამას თავად ავტორიც უსვამს ხაზს.

მთხრობელი ათი წლის იასია. მისი სახელი ჰოლანდიურად „ქურთუკს“ ნიშნავს. ამ კავშირის იდუმალებას იასი თავიდანვე გვიმხელს და თან არც გვიმხელს: „ათი წლისა ვიყავი, რომ ქურთუკს აღარ ვიხდიდი.“ – ამ უჩვეულო ფრაზით იწყება რომანი[2]. ის, რაც მერე ხდება, სავსეა სისასტიკითა და იმგვარი პოეტურობით, როგორც მხოლოდ ბავშვობაში შეიძლება, განიცდებოდეს სამყარო. აი, რამდენიმე მაგალითი:

„მეც ისე ვდგავარ, ვითომ მამასთვის კი არა, მთელი სოფლისთვის ვმღეროდე, ხმა მაქვს კარაქივით რბილი და შაშვის გალობასავით საამო, კარაქში ჩავარდნილი შაშვივითა გალობს მიულდერების გოგოო, – ასე იტყვიან ჩემზე თაყვანისმცემლები.“ (გვ. 122-123)

„[…] მამა იტყვის ხოლმე: „ვისაც მოთმინება ვერ გამოუჩენია, ორმაგად ისჯება მოსმენით“, მერე დაამატებს: „აი, ლინმა იცის თუ იცის ლაილაი, ეგ ქალი იმდენსა ქაქანებს, ყურებს დაგაძრობს.“ წარმომიდგენია, მამა და ქალბატონი ლინი რომ დგანან სოფლის შარაგზაზე ერთმანეთის პირისპირ, უცებ დაუბერავს ქარი და მამას შემოდგომის ფოთლებივით სცვივა ყურები და მომენტალური წებოთი მიხდება მისაწებებელი.“ (გვ. 127)

ასეა, ბავშვობაში სამყარო განუყოფელია, ერთიანი; იმდენად, რომ სხვაობა არ არის სიტყვების პირდაპირ და გადატანით მნიშვნელობას შორის. ამიტომ რომანში იასის თხრობის კიდევ ერთი მახასიათებელი ისაა, მეტაფორის ლიტერარიზაციას რომ უწოდებენ. ოღონდ იასი ამას არამხოლოდ ამბის გადმოცემისას მიმართავს (როგორც ზემოთ მოხმობილ ციტატაში, მამას რომ „შემოდგომის ფოთლებივით სცვივა ყურები“), არამედ მოქმედებისასაც:

„[…] სუფრა რვა საათიდან უკვე გაშლილია, ზოგჯერ დამშეული ვუვლი ხოლმე გარს იმის იმედად, რომ იქნება ჩემმა სულსწრაფობამ ჭერში გაატანოს და ლოგინში იგრძნოს მამამ ნაადრევად შიმშილი.“ (გვ.151)

„რა ბედი მაქვს, დედას რომ თავის დღეში არ ამოუტრიალებია ჩემი ქურთუკის ჯიბეები, თორემ ხომ ნახავდა, რამდენი ხარახურა მაქვს, რომ ვერ ველევი, რას აღარ ვაგროვებ, რომ უფრო და უფრო დავიმძიმო თავი.“ (გვ. 164)

ჭიკარტის ჭიპში ჩარჭობაც იმის ნიშნად, რომ საკუთარი თავისკენ სვლა სურს იასს (როგორც რუკის რომელიმე წერტილში ჩაარჭობენ ხოლმე), ამგვარი ქმედებაა – მეტაფორის გადმოტანა ცხოვრებაში.

რომანში ისიც ნაჩვენებია, როგორ იწყებს იასი თავისი და სხვისი სხეულების აღმოჩენას (რომანის დასასრულს იგი უკვე თორმეტი წლისაა), თუმცა მისი სექსუალობა ჯერ კიდევ ბავშვის სექსუალობაა – გაუცნობიერებელი, დაძაბულობის განმუხტვისა და მარტივი სიამოვნების სურვილი უფრო რომ ამოძრავებს, ვიდრე სხვა სქესის მიმართ ლტოლვა. მაგალითად დათუნიას ამბავიც იკმარებდა (გვ. 69-70), ასევე მონათხრობი იასის დაზე, ჰანაზე (გვ. 286-288). მეტიც, იასი ამ ლტოლვას გაურბის, ნაწილობრივ, გადატანილი ტკივილის გამო:

„[…] მეშინია, იმ დღის როცა სხვა ბიჭებზე დავიწყებ ფიქრს და ჩემი ძმა თავიდან ამომივარდება“. (გვ.91)

უფრო მეტად კი იმიტომ, რომ იმთავითვე სხვაგანაა მისი ბედნიერებაც და თავის რეალიზების გზაც:

„მე არ ვოცნებობ ძუძუებზე, რა უცნაურიც უნდა იყოს ეგ ამბავი. არც ბიჭების ჟინი არა მაქვს, უფრო საკუთარი თავის ინტერესი მაქვს, მაგრამ, შენი „ნოკიასი“ არ იყოს, ასეთი რამე არ უნდა გაამხილო, თორემ ვიღაცა დაუკითხავად შემოგიძვრება სულში.“ (გვ.135)

ერთი სიტყვით, „მძიმეა დღის ბოლო“ არაა წიგნი, რომელიც „გოგოებზე“ ან „გოგოობის გამოცდილებაზე“ გვიამბობს (მიუხედავად იმისა, რომ იასი გოგოა). ის იმ მოუხელთებელი დროის მომხელთებელი ტექსტია, როცა შენს თავს არც გოგოობის და არც ბიჭობის კატეგორიაში არ აქცევ, რადგან სამყარო მთლიანია შენთვის, შენ კი ამის გამო მარტო ხარ. და ამ მარტოობას იღებ, ხვდები, რომ ვერავის აუხსნი.

მარიკე ლუკას რეინეველდი ახლა უტრეხტში ცხოვრობს. ჰყვება, როგორ გაუჭირდათ მშობლებს მისი ბიჭური იდენტობის მიღება, ფიქრობდნენ, ეს ჩემში გოგოს სამუდამოდ ჩაკლავდაო.

მე კი აი, რას ვფიქრობ: ავტორის ბიოგრაფიის ეს დეტალები შემთხვევით რომ არ შემეტყო, მის წიგნს ხელში არ ავიღებდი – ქართული თარგმანის ანოტაცია ხომ მხოლოდ მოკლე შინაარსის გადმოცემითა და იმის აღნიშვნით შემოიფარგლება, რომ ეს არის „ნიდერლანდელი პოეტის პირველი გახმაურებული რომანი, რომელმაც 2020 წელს ბუკერის საერთაშორისო პრემია დაიმსახურა.“

რა თქმა უნდა! „აქილევსის სიმღერაც“ ორი ბიჭის მეგობრობაზე დაწერილი ტექსტია, იუკიო მიშიმას „ნიღბის აღსარება“ კი – „სხვადასხვა სახით გამოვლენილ სექსუალობაზე“, „ნოტრ-დამ-დე-ფლერი“ 16 წლის მოზარდის თვალით დანახულ კრიმინალთა ცხოვრებას აღწერს… – ამ ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შემიძლია.

იმაზეც ვფიქრობ, რა იქნებოდა, მარიკე ლუკას რეინეველდი საქართველოში რომ დაბადებულიყო. არც არაფერი – ლოყაზე მოუთათუნებდნენ ხელს, როგორც „ახალგაზრდა მწერალს“, „დამწყებ რომანისტს“, „დამწყებ ქალ მწერალს“ (ამას გააპროტესტებდა, სავარაუდოდ, მაგრამ ვინ მოუსმენდა) და ა.შ. – ამ ჩამონათვალის გაგრძელებაც უსასრულოდ შემიძლია. ვერავითარ უტრეხტში ის საცხოვრებლად ვერ გადავიდოდა, რადგან ჩვენს ქვეყანაში არ არის უტრეხტი – აქაურობა ერთი ჩაკეტილი ფერმაა, რომელშიც ძნელად თუ ვინმეს ვაცდით, ის იყოს, ვინც სინამდვილეშია. უტრეხტი კი არა, იმის სიმამაცეც არ გვყოფნის, წიგნის ანოტაციაში დავწეროთ, ავტორი ვინაა ან წიგნი რაზეა.

და, რაც მთავარია, ვერ აიღებდა ვერავითარ „ბუკერს“ და თუ აიღებდა, 29 წლის ასაკში ნამდვილად – არა, რადგან ამ წიგნს ქართულად დაწერდა და არა – ჰოლანდიურად, ეს კი ნიშნავს, რომ ის ან რამდენიმე წლის დაგვიანებით და ან საერთოდ არ ითარგმნებოდა ინგლისურად.

მაგრამ მარიკე არ დაბადებულა საქართველოში, ნიდერლანდებში დაიბადა. ამიტომაც შეუძლია, ლუკასიც ერქვას. ამიტომაც შეუძლია, არც ისე მძიმე ჰქონდეს დღის ბოლო…

ვიცი, დაგაინტერესებთ, როგორ გამოიყურება. გიტოვებთ ბობ დილანის ერთ-ერთ სიმღერას მისი შესრულებით ნიდერლანდურ ენაზე:

https://www.youtube.com/watch?v=fegxbbHpIrI

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი