ორშაბათი, მარტი 4, 2024
4 მარტი, ორშაბათი, 2024

უკუკავშირი განვითარებისთვის

რა ეხმარებათ მოსწავლეებს შედეგების გაუმჯობესებაში?

რა შეიძლება მივიჩნიოთ ქმედით, უტყუარ, მიზანმიმართულ და მხარდამჭერ უკუკავშირად?

ამის „საკვლევად და საჩხრეკად“ კითხვას საკუთარ თავს ვუსვამ:

რა დამხმარებია პროფესიული კუთხით განვითარებაში? კონკრეტული მოცემულობის გაუმჯობესებაში? რა მჭირდება უკეთესი გაკვეთილის ჩასატარებლად?

ერთ-ერთი რამ, რაც ძალიან დამხმარებია უკეთესი შედეგის მიღწევაში არის უკუკავშირი. საქმიანი და ობიექტური.

მამოტივირებელი.

შთამაგონებელი უკუკავშირი, რომელიც სისუსტეებისა და ნაკლის მითითებასთან ერთად მათ აღმოსაფხვრელ გზებსაც მაჩვენებდა.

 

მზაობა, ინტერესი, გამბედაობა

 

ამასთან, საგანგებოდაა აღსანიშნი მზაობა უკუკავშირისთვის. ეს განვითარების გზაზე გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორად მიმაჩნია.

რას ვგულისხმობ?

ვგულისხმობ მზაობას, ინტერესსა და გამბედაობას.

უკუკავშირის მოლოდინი მღელვარე მომენტია. ჩვენ გვინდა, ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაო იყოს უნაკლო. გვაქვს იმედი, რომ შესრულებული დავალება კარგი, ძალიან კარგი, განსაკუთრებულია. შინაგანად გვაქვს მოლოდინი – შეგვაქონ, გვითხრან, „ყოჩაღ!“, დასვან ძახილის ნიშანი და დაგვტოვონ ამ ნეტარ თვითკმაყოფილებაში, მაგრამ ეს არ არის განვითარებისკენ მიმავალ გზაზე საჭირო ნიშნული.

„ყოჩაღ“ და „ყველაფერი საუკეთესოდაა“ – სტაგნაციისკენ, თვითკმაყოფილების ჩიხისკენ უფრო წარგვიძღვება, ამიტომ ვახსენე გამბედაობა.

გამბედაობა – ვიყოთ მზად უკუკავშირისთვის, რომელიც კრიტიკულ შენიშვნებსაც მოიცავს. ინტერესი – კონკრეტულად რა მიაჩნიათ სხვებს (გამოცდილებს) ნაკლებად წარმატებულად, მზაობა – მივიღოთ და გავითავისოთ, გავიაზროთ მიღებული უკუკავშირი. გავითვალისწინოთ/მივიღოთ/დავნერგოთ ან – არც/ან სახეცვლილად – ეს უკვე სიტუაციური „ამოცანაა“.

ატმოსფერო

სკოლაში, რომელშიც ვასწავლი, მასწავლებელთა ურთიერთთანამშრომლობის კულტურა მაღალია. ერთმანეთის გაკვეთილებზე დასწრება, დასწრების შემდეგ შეხვედრა და მეგობრულ გარემოში წარმატების/წარუმატებელი მცდელობების მიმოხილვა, მოსწავლეთა შესაძლებლობების ინდივიდუალური განხილვა, მოსწავლეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დღის, კვირის, სასწავლო სემესტრის, წლის დაგეგმვა სკოლის ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. აქვეა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, სემინარები, კოლეგიის ყოველკვირეული შეხვედრები, რომლებზეც დიდი დრო ეთმობა გამოცდილებების გაზიარებას, პროცესის რეფლექსიას, უკუკავშირს, კომენტარებს.

თანამშრომლობა

არასასკოლო გარემოში, შემოქმედებითი, საინტერესო პროექტის ფარგლებში კოლეგების მცირე ჯგუფში, იგივე ატმოსფეროა. ვმუშაობთ ერთ პროექტზე, სხვადასხვა მიმართულების სპეციალიზაცია გვაქვს, ერთმანეთის ნაშრომის შეფასება-კომენტირება ჩვენი სამუშაოს განუყოფელი შემადგენელია. არ გვავიწყდება კარგის აღნიშვნა და კრიტიკული შენიშვნების ფორმულირება ისე, რომ გამოსწორების, გაუმჯობესების სურვილი აღვუძრათ ერთმანეთს.

ვფიქრობ, ყველა ის მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც ნაყოფიერი, შედეგიანი უკუკავშირისას, განვითარებისა და გაუმჯობესებისკენ მიმართულ შეფასებას უნდა ახლდეს, პირადი გამოცდილების გაზიარებისას უკვე მონიშნულია:

გარემო და ატმოსფერო, რომელიც საუკეთესო ცვლილებების განხორციელებას შეუწყობს ხელს; კეთილგანწყობილი, მეგობრული მხარდამჭერები, რომლებიც მეგზურობას გიწევენ განვითარების გზაზე; საქმიანი, გამოსადეგი უკუკავშირი, რომელიც შეიცავს პრაქტიკულ რჩევებს, ობიექტურ შეფასებას, განმავითარებელ კომენტარებს.

ბლოგის შემდეგ ნაწილში სქემატურად, მოკლე ქვეთავებით გამოვყოფ იმ მნიშვნელოვანს, „სამახსოვროს“, რაც მასწავლებლებს უნდა გვახსოვდეს, როდესაც მოსწავლეებს ვეხმარებით, ვუსწორებთ, ვაფასებთ:

თავდაპირველად განვმარტავ, როგორ მესმის უკუკავშირი სწავლა-სწავლებისას, შეფასება – განვითარებისთვის.

რას ნიშნავს?

უკუკავშირი არის შეფასების გამომხატველი აქტი, რომლის უმთავრესი მიზანია აღძრას სურვილი, მოტივაცია ნაშრომის/შედეგის გასაუმჯობესებლად. ამასთან – მოსწავლეს, რომელსაც ამის სურვილი აღეძრა, მიეწოდოს კონკრეტული რეკომენდაცია, როგორ შეიძლება ამის განხორციელება. განმავითარებელი და პროგრესის ხელშემწყობი ეს აქტი მაშინ იქნება, თუ მოსწავლე მიხვდება, რა ნაკლი აქვს ნამუშევარს და დამოუკიდებლად შეძლებს მიღებულ უკუკავშირზე დაყრდნობით მის აღმოფხვრას ან ივარჯიშებს/დაგეგმავს სამუშაოს, რომელიც დროთა განმავლობაში დაეხმარება, გააუმჯობესოს შედეგი. ასევე მიახვედრებს, რა არის ნაშრომის ძლიერი მხარე. ასევე – მას მიეწოდება სათანადო ნიმუში, სახელმძღვანელო წესები, რომლებიც მეგზურობას გაუწევს განვითარების გზაზე. ამ პროცესში ნამუშევარი არ არის ობიექტი, რომელიც სტატიკურად ფასდება კონკრეტული ქულით. ამ პროცესში ნამუშევარი არის საშუალება, სამარჯვი, რომელიც გაუმჯობესების შესაძლებლობებს აძლევს მსწავლელს.

კარგი უკუკავშირი:

  • ობიექტურ, ნათელ წარმოდგენას უქმნის მოსწავლეს ნამუშევართან დაკავშირებით;
  • აღნიშნავს დადებითს (რას გაუმკლავდა კარგად) და უარყოფითს (სადაა გასაუმჯობესებელი, სად არაა ჯერ მიღწეული სასურველი ხარისხი);
  • სთავაზობს გამოსწორება-გაუმჯობესების გზებს (მითითება წყაროზე, ნიმუში, გასწორებული წინადადება მონიშნული შეცდომიანი წინადადების გვერდით…);
  • არის არა სტანდარტიზებული, არამედ ინდივიდუალური. მორგებული მოსწავლის კონკრეტულ საჭიროებებსა და მოცემულობაზე.

უკუკავშირის სახეები

ზეპირი (ვერბალური), არავერბალური და წერილობითი

ზეპირი კომენტარი მყისიერი რეაქციაა, ძირითადად, საკლასო აქტიურობების დროს გამოიყენება. ძალიან საფრთხილო და კარგად გასავარჯიშებელი უნარია. წამოსროლილი ფრაზა, რომელსაც მასწავლებელმა, შესაძლოა, დიდი ყურადღება არც მიაქციოს, მოსწავლისთვის შეიძლება იქცეს შემაფერხებელ, დამთრგუნველ შეფასებად. ზოგადად, საკლასო მსჯელობის, დისკუსიის დროს მასწავლებელმა თავი უნდა შეიკავოს მოსაზრებების მყისიერი შეფასებისგან. აქ სავსებით საკმარისი შეიძლება აღმოჩნდეს მადლობის გადახდა მოსაზრების გაზიარებისთვის, დამაზუსტებელი კითხვის დასმა, რაც ინტერესს გამოხატავს. დაუშვებელია მოსწავლეს მივახალოთ – არა, არაა სწორი! დაჯექი, უკეთ მოემზადე და მსგავსი. ზეპირი შეფასება ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რაზეც მასწავლებელმა საგულდაგულოდ უნდა იმუშაოს. აქ ფასდაუდებელი იქნება სწორედ დამკვირვებლების, დამსწრეების დახმარება. პროცესში ჩვენ შეიძლება „ენა გაგვექცეს“ ან იმდენად გვქონდეს გამჯდარი რომელიმე ფრაზა, რომ ვერც კი ვამჩნევდეთ. გარედამკვირვებელს არ გაუჭირდება ამის ამოცნობა და ჩვენთვის მითითება.

არავერბალურ შეფასება-უკუკავშირად მიიჩნევენ ჟესტიკულაციას, სახის გამომეტყველებას, სხვა სხეულებრივ-ფიზიკურ გამოვლინებებს, რომლებიც ჩვენს ემოციას, განწყობას ასახავს. აქაც სიფრთხილეა საჭირო. უდიერად ჩაქნეული ხელი როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით, დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს მოსწავლისთვის.

წერითი უკუკავშირის მიწოდებას მასწავლებლები საშინაო წერითი დავალებების რვეულებსა და შემაჯამებელი ტესტების ფურცლებზე ახერხებენ. ეს საკმაოდ ხშირად გამოყენებული და შედეგიანი ფორმაა უკუკავშირისთვის. წერილობით უკუკავშირს ერთგვარი დიალოგის ფუნქცია აქვს. მასწავლებელმა ეს შეიძლება აქციოს საინტერესო აქტივობად – დაუსვას კითხვები მოსწავლეს, დაელოდოს პასუხს წერილობით.

როლების გაცვლა

მასწავლებელს შეუძლია შექმნას სათანადო ატმოსფერო ხარისხიანი, შედეგიანი უკუკავშირისთვის. ამისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ვაჩვენოთ მოსწავლეებს, რომ ჩვენ თავად ვართ მზად სასარგებლო და განმავითარებელი გზავნილებისთვის.

გიკითხავთ მოსწავლეებისთვის, რას ფიქრობენ ისინი სწავლების თქვენს მეთოდსა და სტილზე? რომელი გაკვეთილი ახსოვთ კარგად? რა ეხმარებათ განვითარებაში? რა აფერხებთ? რა არის გაკვეთილსა ან სწავლების მეთოდში ისეთი, რის შეცვლასაც ისურვებდნენ? ბოლოს როდის მიიღეთ უკუკავშირი მოსწავლეებისგან? როგორ ფიქრობთ, რამდენად გულწრფელები იქნებიან თქვენი შეფასებისას მოსწავლეები? რა ფორმით შეიძლება მათგან გულწრფელი, საქმიანი შეფასებების მიღება?

დაუსვით ეს აქტუალური კითხვები საკუთარ თავს. მოსწავლეებს. იწვნიეთ საკუთარ თავზე, როგორია შეფასებები.

ეს სასარგებლო და საჭირო სამუშაოა.

თუ თქვენ არ მიიღებთ არცერთ კრიტიკულ შენიშვნას, ეს არ ნიშნავს, რომ „ყველაფერი გენიალურადაა“ და არაფერი საჭიროებს გაუმჯობესებას.

ასე არ ხდება.

ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეებს არ აქვთ ნდობა, ისინი თავს იკავებენ შეფასებისგან, არ სურთ პოზიციის გაცხადება ან სათანადოდ არ აქვთ განვითარებული კრიტიკული აზროვნების უნარი. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაზე საგულისხმო „შეფასებად” სწორედ ეს უნდა მიიჩნიოთ.

 

რა კარგი იქნება, სკოლებში მოზარდები, ამ ქვეყნის მოქალაქეები, ბავშვობიდან რომ მივაჩვიოთ საინტერესო და განმავითარებელი უკუკავშირის მოსმენას, მოსმენილის ჯეროვნად გაგებასა და გააზრებას, რომ შევქმნათ კეთილგანწყობილი გარემო და ატმოსფერო, დავნერგოთ უკუკავშირი, რეფლექსია, როგორც აუცილებელი „ჰიგიენური პროცედურა“. განმავითარებელი. სასარგებლო. საჭირო.

კრიტიკისა და უკუკავშირის ჯეროვნად მიღება პიროვნული განვითარების გზაზე უმნიშვნელოვანესი უნარია, მის გაცემასაც და მიღებასაც კი ყოველდღიური ვარჯიში სჭირდება.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი