კვირა, ოქტომბერი 6, 2024
6 ოქტომბერი, კვირა, 2024

ემპათია და კითხვის უნარ-ჩვევები

ძვირფასო მშობლებო/აღმზრდელებო, მინდა გითხრათ, რომ ემოციურად წიგნიერი ბავშვები გაცილებით უფრო გონიერები, კეთილები, ბედნიერები და ოპტიმისტები არიან. ბავშვის მომავალი ცხოვრების წარმატებულად წარმართვისთვის ემოციური ინტელექტის მნიშვნელობა მრავალ ქვეყანაში ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა. ის პატარები, რომელთაც შეუძლიათ გრძნობების არავერბალური სიგნალებით ამოცნობა მეტად გაწონასწორებულები, პოპულარულები, მგრძნობიარეები არიან. ისინი ადვილად ურთიერთობენ თანატოლებთან. ასევე, გაცილებით ჯანმრთელები არიან და კარგი აკადემიური უნარები აქვთ.

მშობლებსაც სჭირდებათ ემპათიის უნარი, რომელიც შვილებთან ურთიერთობების წარმართვაში დაეხმარებათ. ზუსტად, ამ საკითხზე ესაუბრება უფროსებს ამერიკელი ფსიქოლოგი Michele Borba თავისი „ემპათიური ბავშვებით“.

Michele Borba – არის მრავალი წიგნის ავტორი, რომლებიც ბესტსელერებად არის აღიარებული და მათი უმრავლესობა 19 ენაზეა ნათარგმნი. ის არის ექსპერტი ბავშვთა აღზრდის საკითხებში, ყოფილი პედაგოგი, რომელსაც სპეციალური განათლება აქვს მიღებული შშმ ბავშვებთან მუშაობის სფეროში. მან სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტში მიიღო დოქტორის ხარისხი პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში. Michele Borba მთელი მსოფლიოს მასშტაბით კონსულტირებას უწევდა მშობლებსა და პედაგოგებს. მას მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო. ფსიქოლოგი ასევე, ცნობილია, როგორც ახალგაზრდებში ბულინგისა და ძალადობის პრევენციის სპეციალისტი. ის ცხოვრობს კალიფორნიის შტატში მეუღლესთან ერთად, ჰყავს სამი ზრდასრული ვაჟიშვილი.

ამ სტატიაში ემპათიასა და კითხვის უნარებს შორის კავშირზე ვისაუბრებთ, ანუ დაინტერესებული მკითხველი გაიგებს მისთვის უკვე ნაცნობი ავტორის მოსაზრებას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. მშობლების უმრავლესობას ეჭვი არ ეპარება, რომ კითხვა აუმჯობესებს შვილების აკადემიურ შედეგებს. ნაკითხი მოზარდები უკეთეს კოლეჯებში აბარებენ, კარგად სწავლობენ და მომავალში სხვებთან შედარებით უფრო მაღალ ანაზღაურებად სამსახურს შოულობენ. მაგრამ, სავარაუდოდ ბევრმა არ იცის, რომ მკითხველი ბავშვები და მოზარდები უფრო ჭკვიანები და ასევე უფრო მეტად კეთილები ხდებიან! კითხვის სიყვარული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის მკითხველს სიამოვნებას ანიჭებს – დადებითად აისახება მისი მომავალი ცხოვრების ყველა ასპექტზე.

თანამედროვე ციფრული ეპოქა და ცხოვრების აჩქარებული ტემპი, ხელს არ უწყობს ბავშვებში კითხვის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბავშვებს წიგნის კითხვას ელექტრონული მოწყობილობების ყურება, თამაში და მოსმენა ურჩევნიათ. ამას ემატება მშობლების მოუცლელობა, რომლებიც ასევე სულ უფრო მეტად არიან გაჯეტებით მოცული, ვიდრე ბეჭდური პროდუქციით და შვილებს ვეღარ აძლევენ წიგნის კითხვის მაგალითს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ბავშვების სკოლაში, სპორტულ მოედნებსა და სხვა დაწესებულებაში სიარულის გამო გადატვირთულობაა. კვლევებმა აღმოაჩინა, რომ ელექტრონული მოწყობილობებიდან კითხვის პროცესით სიამოვნების მიღება სამჯერ ნაკლებია ნაბეჭდი წიგნების კითხვასთან შედარებით. ასევე, აუცილებელია მასწავლებლებმა, მშობლებმა და აღმზრდელებმა იცოდნენ, რომ სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურის კითხვა ავითარებს წერით უნარებს, მხატვრული ლიტერატურა კი – ემპათიას, თანაგრძნობას, ტოლერანტობას „განსხვავებული“ ადამიანების მიმართ.

ვიმედოვნებ, – განაგრძობს Michele Borba, – ყველა განათლებულ ადამიანს მოეხსენება, რომ ნაწარმოებში კარგად დაწერილი პასაჟი, მკითხველს აიძულებს, დაფიქრდეს, ის აღვიძებს გრძნობებს წიგნის გმირების მიმართ. გადაჰყავს ადამიანი სხვა სამყაროში და პირდაპირი მნიშვნელობით ეხმარება მკითხველს „გონების განათებაში“. ახლა უფროსებს მინდა შევთავაზო ჩემეული ხედვა, როგორ განუვითარონ ბავშვებს კითხვისადმი ინტერესი.

  • სახლში ბევრი წიგნი უნდა იყოს, რათა ბავშვისთვის/მოზარდისთვის შესაძლებელი გახდეს არჩევანის გაკეთება! იკითხეთ წიგნები (ან თუნდაც უსმინეთ აუდიო ვერსიას მანქანაში) მთელმა ოჯახმა ერთად;
  • შეარჩიეთ წიგნები შვილების ინტერესების გათვალისწინებით! თქვენს შვილს ცხოველები უყვარს? შესაბამისი მხატვრული ლიტერატურა შესთავაზეთ. სპორტი იტაცებს? მოგზაურობა? – შეარჩიეთ ამ შინაარსის მხატვრული ლიტერატურა;
  • ბავშვებისთვის შერჩეული წიგნები სასურველია, შეესაბამებოდეს მისი კითხვის უნარის რეალურ დონეს! მხატვრული ნაწარმოების შინაარსი უნდა ასახავდეს ბავშვის ასაკს, იმას, თუ რომელ კლასში სწავლობს და ასევე მისი შემეცნებითი უნარის არსებულ დონეს;
  • ითხოვეთ სპეციალისტების დახმარება! მაგალითისთვის ბიბლიოთეკარებს შეუძლიათ ძალიან ბევრი და სასარგებლო რჩევა მოგცენ;
  • განაგრძეთ ხმამაღალი კითხვა! არ შეწყვიტოთ ბავშვისთვის კითხვა მაშინაც კი, როცა მან უკვე თავად ისწავლა კითხვა. შეარჩიეთ ისეთი წიგნი, რომელიც მეტ-ნაკლებად საინტერესო იქნება მთელი ოჯახისთვის. ბავშვისთვის აუცილებელია, მშობელს წიგნით ხელში ხედავდეს. ეს ხელს შეუწყობს მისი კითხვისადმი სიყვარულის ჩამოყალიბება-განმტკიცებას.

მშობლებსა და აღმზრდელებს შესანიშნავად მოეხსენებათ, რომ – ვკითხულობთ ამერიკელი ავტორის ნაშრომში – ბავშვების რეაქციების წინასწარ გათვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. უფრო ხშირად, ემპათია სპონტანურად იღვიძებს. ამიტომ, თუ თქვენ შეამჩნიეთ, რომ ბავშვი წიგნის (ან თუნდაც ფილმის) შთაბეჭდილების ქვეშ მოექცა, დააფიქსირეთ ეს მომენტი. პატარებისთვის აუცილებელია, ჰქონდეთ ინტერესი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ წიგნების კითხვის ინტერესის განსამტკიცებლად. ამისთვის:

  • გამოყავით დრო კითხვისთვის. ბავშვები ხშირად „წუწუნებენ“, რომ სიამოვნებისთვის კითხვას დროის სიმცირის გამო ვერ ახერხებენ. ამიტომ შვილთან ერთად გადახედეთ მისი დღის გრაფიკს, რათა „აღმოაჩინოთ“ ისეთი საქმიანობა, რომელსაც ადვილად ჩაანაცვლებთ კითხვით. მაგალითად: ვიდეოთამაში, ტელევიზორის ყურება;
  • შეარჩიეთ თქვენი ოჯახისთვის შესაფერისი კითხვის რიტუალი – აივანზე, ბუხართან, ძილის წინ, კვირა დღეს სახლის ეზოში… ამით უფროსები ეუბნებიან ბავშვებს, რომ კითხვა ძალიან „სასიამოვნოა“;
  • ბავშვებში ემპათიის უნარის გამოსამუშავებლად კარგია პერიოდულად ფილმების საოჯახო ჩვენების მოწყობა. ფილმი საგულდაგულოდ უნდა შეირჩეს და აუცილებელია, მშობელმა ის წინასწარ ნახოს;
  • წიგნის კითხვის ან ფილმის ყურებისას შეჩერდით და შვილებს შესთავაზეთ თავად განაგრძონ სიუჟეტი. მოიფიქრონ, როგორ მოიქცეოდა ის, მთავარი გმირის ადგილას რომ ყოფილიყო. ამით ასწავლით ბავშვებს სხვისი თვალსაზრისის გააზრებას, მის მიმართ ემპათიის უნარის გამომუშავებას. როდესაც წიგნის კითხვას (ან ფილმის ყურებას) დაასრულებთ, კენჭი უყარეთ საუკეთესო ვარიანტს;
  • საკუთარ მაგალითზე ასწავლეთ შვილებს გრძნობებზე საუბარი, მათი გაზიარება. როდესაც წიგნს კითხულობთ ან ფილმს უყურებთ, არ მოერიდოთ, საკუთარი ემოციები დაანახოთ ბავშვებს. ამით მათ მეტად დაუახლოვდებით და გულწრფელობასაც ასწავლით. გრძნობებზე საუბარი, მათი განხილვა ხელს უწყობს ბავშვების ემოციური ინტელექტისა და ემპათიის განვითარებას;
  • თუ პატარებს ნახატებიან წიგნს უკითხავთ, კარგი იქნება ჰკითხოთ შვილებს, მათი აზრით, რა ემოციას გამოხატავს ესა თუ ის ილუსტრირებული პერსონაჟი. ბრაზობს? – მართალია. შენ როგორ ფიქრობ? რატომ? ამ პერსონაჟის მიმიკა რას გამოხატავს? პატარას შესთავაზეთ თავადაც გაიმეოროს პერსონაჟის მიმიკა;
  • ბავშვებმა უნდა ისწავლონ ემოციების გარჩევა არა მხოლოდ სახის მიმიკებითა და სხეულის ენით, არამედ ინტონაციითაც. ამიტომ მშობლებმა წიგნები შესაბამისი, მკაფიო გამოთქმით უნდა იკითხონ. ამგვარად პატარები ისწავლიან, რომ ადამიანების ხასიათი შესაძლებელია ხმის ტემბრითაც გამოიხატებოდეს. სცადეთ, ერთი და იგივე ნაწყვეტი წაიკითხოთ განსხვავებული ინტონაციით (მოწყენილობა, სიხარული, დაღლილობა, სევდა ან ბრაზი). შესთავაზეთ ბავშვებს, გამოიცნონ ემოციები ხმის ტემბრითა და ინტონაციით;
  • უსმინეთ აუდიოწიგნებს. ისინი ავითარებენ სმენითი აღქმის უნარს და დიდი ხნის განმავლობაში რჩებიან ბავშვების მეხსიერებაში. ძალიან მოსახერხებელია მსგავსი აქტივობები მაშინ, როდესაც ოჯახის წევრები ავტომობილით მგზავრობენ;
  • ბავშვების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ მას თანატოლები დასცინებენ, თუ წიგნით ხელში დაინახავენ. ამიტომ კარგი იქნება თუ უფროსები მკითხველთა კლუბებს ჩამოაყალიბებენ. კლუბებში შესაძლებელია, გაერთიანდნენ ბავშვები და მშობლები ერთად, რაც უკვე აპრობირებული ხერხია კითხვის სიყვარულის გასაღვივებლად. კლუბის წევრი ბავშვები სიამოვნებით კითხულობენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ამას სხვების „დასახმარებლად“ აკეთებენ;
  • შეგიძლიათ, გამოიყენოთ კიდევ ერთი აქტივობა, – მოუწოდებს მშობლებს Michele Borba და განაგრძობს, – სინქრონული კითხვა, ანუ მშობლებმა და შვილებმა ერთად უნდა წაიკითხონ ერთი და იგივე წიგნი და დროდადრო ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარონ.

ამ სტატიის შესაჯამებლად უნდა ითქვას, რომ წიგნების კითხვა აღვიძებს ბავშვებში ემოციურობასა და ცნობისწადილს, ქმნის სასიამოვნო მოგონებებს და გზას უხსნის უცხო სამყაროების შემეცნებას. კარგი წიგნი გაცილებით მეტად აღვივებს ემპათიას, ჰუმანურ მსოფლხედვას, ვიდრე ნებისმიერი ბრძნული ლექცია. თანამედროვე თაობა უფრო ხშირად მესენჯერში ვირტუალური წერა-კითხვით არის დაკავებული და ძალიან ცოტას კითხულობს. უფროსების ამოცანა უნდა იყოს, შეცვალონ ეს რეალობა, რათა ბავშვებმა შეძლონ ემპათიის უნარის განვითარება, რის შედეგადაც მათ გაუადვილდებათ საკუთარი თავის შემეცნება და უკეთ გაიგებენ სხვა ადამიანების ქცევის მოტივს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“