კვირა, ოქტომბერი 6, 2024
6 ოქტომბერი, კვირა, 2024

სმენა იყოს და გაგონება!

მშობლების უმეტესობას, ჩემი ჩათვლით, სადღაც გულის სიღრმეში ურჩევნია მათი შვილები ახალდალაგებულ სახლს თავდაყირა არ აყენებდნენ, საყვარელი ფილმის ყურებისას არ ხმაურობდნენ, ყოველ დილით სკოლაში წასვლისას შეხსენება არ სჭირდებოდეთ, რომ არ დაიგვიანონ, საკუთარი დღის წესრიგი სამხედრო ოფიცერივით გაწერონ და ნიავივით იქროლონ სახლში, როდესაც ჩვენ უხასიათოდ ვართ ან რაიმე მნიშვნელოვანზე ვფიქრობთ.

კარგი ვარიანტია, თუ რობოტი შვილების შექმნა მასობრივ წარმოებაში ჩაეშვება და ჩვენ მათ შევიძენთ.

ეს, რასაკვირველია, ხუმრობანარევი ირონიით, რადგან ალბათ ყველა ჩვენგანს მოუსმენია ან ერთხელ მაინც უთქვამს ფრაზა შვილებისთვის: „ახლა შეწყვიტეთ ეს ღრიანცელი და რამე საინტერესო გააკეთეთ, მაგალითად, ამბები მოჰყევით ან წიგნი წაიკითხეთ“.

ეს ყველაზე სასაცილო მოწოდებაა მსოფლიოში, იმაზე უფრო სასაცილო, ვიდრე: „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“, ან „გაქრეს ბოროტება!“, ან „შეწყდეს ომები!“ და ასე შემდეგ.

ჩვენ მშობლობისას და ჩვენ ბავშვობისას სხვადასხვანაირი ვართ – ბავშვობაში ვცელქობდით, ვაფუჭებდით ნივთებს, თავდაყირა ვდგებოდით და ასე შევიმეცნებდით სამყაროსაც და თავსაც; მეგობრებთან ერთად წიგნის ერთობლივი კითხვა კი არა, ხეტიალი, მუხლების გადატყავება და ომობანა ან ოჯახობანა გვერჩივნა. ეს ბუნებრივია, ასე იზრდება და ყალიბდება ადამიანი. მაგრამ ჩვენ ვიზრდებით, ყოველდღიური რუტინა გვღლის, ნერვულ სისტემას გვიფუჭებს და ახლა ჩვენ ვხდებით ისინი, ვინც შვილისგან მკაცრ დისციპლინასა და ხშირად მორჩილებასაც კი ითხოვს.

ცხადია, ადამიანი ბავშვობიდან დაისწავლის ხოლმე რაღაცებს და სწორედ პატარაობიდან დასწავლილი ჩვევებითა და წესებით ხელმძღვანელობს ცხოვრების განმავლობაში.

ბავშვი ვალდებულებების შესრულებას უნდა სწავლობდეს. მაგრამ უნდა სწავლობდეს ფრთხილად, აღმზრდელის ზედამხედველობითა და მის მიერ დანერგილი მეთოდით. იმგვარად, რომ უარი არ ეთქვას ბავშვობას და ბავშვი არ იქცეს უბედურ, უსიხარულო ადამიანად, როდესაც გაიზრდება.

როგორ ვასწავლოთ შვილებს გარკვეული ვალდებულებების შესრულება? ამაზე ბევრი მშობელი, ფსიქოლოგი, პედაგოგი ფიქრობს და მუშაობს. ყველას თავისი სტილი და მიდგომა აქვს და ალბათ, ყველა მშობელმა თავად უნდა განსაზღვროს, რომელი მეთოდი მიუსადაგოს პირმშოს. ჩემი მხრივ, შემიძლია, ყველაზე გავრცელებულ ვერსიებზე მოგითხროთ და შესაძლოა, ეს ვინმეს დაეხმაროს.

ზემო აჭარაში სტუმრობისას ერთ შესანიშნავ მრავალშვილიან ოჯახში გავჩერდი, სადაც ოჯახის ყველა წევრი ფუტკარივით ფუსფუსებდა. მაშინ პირველად დავაკვირდი ერთ, ჩემთვის საინტერესო აღმოჩენას, რომელიც, ცხადია, მანამდეც ვიცოდი, მაგრამ ასე ღრმად კი არასოდეს გამიაზრებია. აღმოჩენა კი გავაკეთე მას შემდეგ, რაც ბაბუამ შვილიშვილი შეშის მოსატანად გააგზავნა და ასე უთხრა: დავავალებდი ამ საპასუხისმგებლო საქმეს რომელიმე უფროსს, მაგრამ ჩემი ზურიკო ყველაზე საუკეთესოდ შეასრულებს და მას მინდა ვთხოვო, მოიტანოს რამდენიმე ნაჭერი შეშაო. ბავშვმა თამაში მიატოვა და სიხარულით გავარდა იმ დავალების შესასრულებლად, რომელსაც, სხვა შემთხვევაში, ალბათ ბუზღუნით გააკეთებდა.

როდესაც გვსურს, ბავშვს რაიმე დამოუკიდებელი მოქმედებები ვასწავლოთ (მაგალითად, საკუთარი ტუალეტის მოწესრიგება, კბილების გახეხვა, დამოუკიდებლად ჩაცმა ან სხვა), ამას პირდაპირი დავალებითა და ბრძანების გაცემის ფორმით თუ გავაკეთებთ, შედეგი იქნება ის, რომ შესაძლოა მიზანს მივაღწიოთ, თუმცა სიხარული გაქრება. მაგრამ როგორც კი ბავშვს თავს უფროსად ვაგრძნობინებთ და ავუხსნით, რომ ის უკვე მზადაა ისეთი საპასუხისმგებლო საქმეც კი გააკეთოს, როგორიც კბილების დამოუკიდებლად გამოხეხვაა, ჯერ ერთი, აუცილებლად სიხარულით მოჰკიდებს ხელს ამ საქმეს და თავს ძლევამოსილ ადამიანად იგრძნობს და ეს ზრდასრულობაშიც ძალიან გამოადგება.

ბავშვებს მოსწონთ, როდესაც უფროსები მათ ასაქმებენ. მამაჩემი ამ მეთოდს ისე ოსტატურად და მშვიდი ნერვებით აკეთებს, მშურს ხოლმე. დაიყენებს რომელიმე შვილიშვილს გვერდით და გამოაცხადებს, რომ მისი დახმარების გარეშე მე ეს საქმე არ გამოუვა, ამიტომ სხვები ხელს ნუ შეუშლიან. მერე კი გრძელდება: „ქანჩი მომაწოდე, ბიბი!“, „აბა, ნახე კარგადაა გადაჭერილი ონკანი?“, „ხელსაწყოები შენებურად კოხტად ჩაალაგე“ და ასე შემდეგ.

ბავშვისთვის დირექტივების მიცემა, როგორც წესი, უხასიათობის დროს გამოგვდის: „აბა, ახლა დროზე მიალაგე, რაც აურიე!“ და პატარა ამას სასჯელად აღიქვამს. ამიტომ, აუცილებლად აპროტესტებს. ბოლოს ეს ამბავი ჩემს უმცროს შვილთან მოვსინჯე და ისეთი ამბავი დამატეხა თავს, მივხვდი, ისევ ძველ მეთოდს უნდა დავბრუნებოდი. ძველი მეთოდი კი ასეთია: მართა, თქვენთან გამომაგზავნეს, რომ სამსახურს ეძებთ, მართალია? (მართა ალღოს უღებს თამაშს და იფერებს, „დიახ, გისმენთ!“), დამლაგებელს ვეძებ. ერთი ცელქი გოგოს მიყრილ-მოყრილი ნივთების მისალაგებლად. „დიახ, დიახ! მე ვმუშაობ დამლაგებლად!“ (უკვე მზადაა ყველაფერი მოაწესრიგოს). მაშინ, ხელფასზეც მოვილაპარაკოთ? რამდენი ეღირება ეს საქმე? (მართა, სანამ პატარა იყო, გაუგებარ რიცხვებს ამბობდა, ვთქვათ, ერთი მილიონი ან სამი თეთრი, მე ვთანხმდებოდი), „ხუთი ლარი!“ (მტკიცედ ამბობს ის). კარგი, იყოს ხუთი ლარი, ვეუბნები მე, ვიღებ ფურცელს, ზედ ვაწერ „ხუთი ლარი!“ და ვთავაზობ წაიკითხოს, შეცდომით ხომ არ დამიწერია.

თხუთმეტ წუთში ვაღწევ იმ მიზანს, რომელსაც ჩემს ჯიუტ გოგონასთან ორსაათიანი კამათის შემდეგაც ვერ მივაღწევდი.

მინახავს მშობლები, რომლებიც წუწუნებენ, რომ მათი შვილები ექვსი წლისები არიან და დამოუკიდებლად ჩაცმა ჯერ კიდევ არ იციან.

როდის და როგორ უნდა ესწავლათ, თუ მათ ნაცვლად ყოველთვის ჩვენ აკეთებდნენ ამას?

პატარებს ყველაფერი პატარა ასაკიდან უნდა დავასწავლოთ (არ ვგულისხმობ ასაკთან შეუფერებელ საქმეებს). პირობითად, ვთხოვოთ, გაიხადოს ტანსაცმელი ან ჩაიცვას, როგორც მოახერხებს, ამის შემდეგ კი დავეხმარებით. ეს მარტივი მოქმედებები ორ მნიშვნელოვან ამბავს შეიცავს – ისინი ივითარებენ ინიციატივიანობას და თან გრძნობენ, რომ მათზე მზრუნველი ადამიანი ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს. მშობელი თუ სწორად განსაზღვრავს, რის ჩაცმა შეუძლია მის შვილს და ყოველთვის მისცემს ამის საშუალებას (მაგალითად, ტრუსების, მაისურის) და სწორად ჩაცმისას შექებას და ტაშსაც არ დაიშურებს, პატარა უფრო რთულ დავალებებსაც ხალისით შეასრულებს. ეს რჩევა უფრო დედებს ეხებათ, ორი მიზეზის გამო, ისინი მეტ დროს ატარებენ შვილებთან და ბუნებრივად უფრო მეტად მზრუნველი არიან, ვიდრე მამები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში ვერ ითავისებენ, რომ მათი როლი შვილის აღზრდაში ზუსტად ისეთივეა, როგორიც დედისა.

ახლა ზოზინა ბავშვებზეც უნდა ვთქვათ.

სტატისტიკა არ მიწარმოებია, მაგრამ გუმანი მეუბნება, რომ ამ ტექსტის მკითხველი მშობლიდან ყოველი მესამე მაინც დამეთანხმება, რომ ბავშვებს დილით ადგომა, მოწესრიგება, საუზმე და სკოლაში წასვლა ესიკვდილებათ. მშობელმა უნდა უჩიჩინოს, ეწუწუნოს, ეჩხუბოს, რომ მიზანს მიაღწიოს და ეს მეორდება ყოველდღე, დაუსრულებლად. სულ ვფიქრობდი ხოლმე, როგორ ახერხებენ ბავშვები, რომლებიც სკოლის წინ ცხოვრობენ, მუდმივად დაიგვიანონ სკოლაში, ხოლო ისინი, ვისაც ფეხით 3-4 კილომეტრის გავლა უწევთ, მუდამ დროულად მოდიან? მიზეზი რამდენიმეა. მათზე არ შევჩერდები, არც იმ მიზეზზე, ცალკე დასაწერი ამბავი რომაა და სკოლის დაწყების საათს ეხება, მთავარ სათქმელს გავაგრძელებ და ვიტყვი, რომ ჩიჩინითა და შეგონებით მიზანს ვერ მივაღწევთ. ჩვენ დილიდან გაღიზიანებულები ვიქნებით, შვილები კი უფრო და უფრო გაჯიუტდებიან ან საბოლოოდ დაკარგავენ ინიციატივიანობას და მიეჩვევიან იმას, რომ ისინი ვიღაცის ბრძანებას უნდა დაემორჩილონ.

ხშირად, მშობლები საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირების მიზნით, პატარებზე მუდმივ კონტროლს ვამყარებთ და ამ ჩიჩინით „ეს გააკეთე, ის გააკეთე, ეს რანაირად გააკეთე!“ პატარებს ვთრგუნავთ და ვაჩვევთ სრულ მორჩილებას. ამას, ვერც ჩვენ ვაცნობიერებთ და ვერც ისინი. ვერ ვაცნობიერებთ იმასაც, რომ ჩიჩინისა და მუდმივი მითითებების უკან სხვა ფაქტორები მოქმედებს – სამსახურში ვიღაც მჩაგრავს და „ჯავრს სუსტზე ვიყრი“, ძალაუფლების მოყვარული კაცი ან ქალი ვარ და მიყვარს მბრძანებლობა (განსაკუთრებით ყურადსაღებია ეს მომენტი დედებისთვის, რათა ვაჟებში სრულად არ ჩაკლან ინიციატივა და ძლიერი ხასიათი), სულსწრაფი ვარ და ყველაფერი მაშინვე მინდა ან სულაც, ჩემი ნარცისული წარმოსახული საკუთარი თავის ანარეკლს ვხედავ შვილში და ვთხოვ ისეთი იყოს, როგორი იდეალურიც წარმომიდგენია.

სამხედრო წესრიგით გაზრდილი ბავშვი იქნება დათრგუნული, შეშინებული და სხვის აზრზე დამოკიდებული, ვისაც დღეს თქვენ მართავთ საკუთარი ძალაუფლებით და ხვალ ვინმე ძალაუფლებადელეგირებული დაუპირებს მართოს (ამ შედეგს ხშირად მშობლები საკუთარ სიცოცხლეშივე ხედავენ). ბავშვი ზოზინა არ იბადება, ეს მისი რეაქციაა რაღაც გამაღიზიანებელზე. ეს რომ გავაცნობიეროთ, დავაკვირდეთ, როგორ მუშაობს ეს მექანიზმი ჩვენთან, ზრდასრულებთან: სადაც გვაქებენ, გვაგულიანებენ, მხარს გვიჭერენ, შეცდომებზე მიგვითითებენ, მაგრამ გვერდშიც გვიდგანან, როგორი ანთებული ვართ და სადაც მუდმივი კონტროლი, უჟმურობა, ინიციატივების ჩახშობა და გამუდმებული ჩიჩინია, ხშირად პროტესტის ნიშნადაც კი ვაშავებთ.

ადამიანი თავისუფალი სულით იბადება. დრო, გარემო, აღზრდის სტილი აყალიბებს მას ისეთად, როგორიცაა. ცხადია, პიროვნული ფაქტორებიც მუშაობს, ერთს რომ უფრო დაუმორჩილებელი ხასიათი აქვს, მეორე ბევრად დამყოლია ხოლმე; ერთი რომ ბრძოლისუნარიანია, მეორე ადვილად ნებდება და ასე შემდეგ. მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ხანდახან შვილს უბრალოდ უნდა მისცეს ნება, შეცდომა დაუშვას. ტალახშიც უნდა ამოიგანგლოს პატარა და მუხლებიც გადაიტყავოს, მეგობარშიც შეცდეს და სათამაშოც შეიძლება წაართვას თანატოლმა, ამით ქვეყანა არ დაიქცევა. მთავარი მომხდარის სწორად გადახარშვა და მონელებაა.

მშობელი ხშირად წუხს, რომ მისი შვილი უცხვირპიროდ ელაპარაკება სტუმარს, არ უღიმის და არ ესალმება. ამის გამო უყვირის და ათასგვარ შემაგონებელ/შემაღონებელ რამეს ეუბნება ხოლმე. კარგ მანერებს ადამიანს გამოცდილება ისედაც გამოუმუშავებს. თუ ჩვენ სიყვარულს ვასწავლით პატარას, ის გამარჯობის თქმასაც ისწავლის და არც ვინმეს დაუშავებს რამეს. ის, რომ პატარა ვიღაცას შეიძლება არ მიესალმოს და თქვენ ზურგს უკან დაიმალოს, მისი კი არა, შესაძლოა თქვენი ბრალია, რადგან ოდესღაც ნამეტანი დემონსტრაციულად წარუდგინეთ საზოგადოებას და ახლა უბრალოდ მორცხვობს. მშობელმა თუ შვილი, როგორც რაღაც იშვიათი ყვავილივით არ წარმოიდგინა, რომელსაც დიდი დაკვირვება და სიბრძნე სჭირდება, რომ გაიხაროს, შორს ვერ წავა. ის, რომ ვარდი ადვილად ხარობს ერთგან, არ ნიშნავს, რომ უდაბურ მიწაზეც ადვილად გაიხარებს და არც ბევრი წყლის დასხმაა საჭირო, რადგან „ასეა დადგენილი“.

მშობლობასაც დასწავლა სჭირდება. სულ მეფიქრება, აი, შევქმნით ხოლმე ოჯახებს და გვგონია, რომ რასაც ვაკეთებთ, კარგია, „განა ჩემს მშობელსაც თავისმა მშობელმა არ ასწავლა?“. მაგრამ არის კი ასე? იქნებ ჩემი ოჯახური წესები მოძველდა და რაღაც გადასახედია, იქნებ უკეთესი რამ შემიძლია ვისწავლო? იქნებ ჩემი შეცდომების გამო თავის დასჯას უნდა შევეშვა და უბრალოდ ვთქვა, რომ აი, დღეიდან რაღაცას შევცვლი და ახლებურად მივუდგები შვილთან ურთიერთობებს?

მთავარი და ყველაზე რთული წესი მაინც ის მგონია, რომ ოჯახის წევრებს ერთმანეთი უბრალოდ და უპირობოდ უნდა უყვარდეთ. მოსიყვარულე ოჯახში გაზრდილ შვილს სამხედრო წესრიგი არაფერში სჭირდება. ვინც გიყვარს, მისი დაფასება ისედაც ჰაერივით გჭირდება და დღეს თუ არა ხვალ მიხვდები, რომ დედა რომ ნაკლებად დაიღალოს, ამისთვის შესაძლოა შენც უფრო მეტად უნდა გაისარჯო.

თუ პატარა ხედავს, რომ რომელიმე მშობელი ტანსაცმელს არ ალაგებს, არასოდეს რეცხავს ჭურჭელს, არასოდეს ამზადებს საჭმელს და ყველაფერი ეს ერთი ადამიანის გასაკეთებელია, ბუნებრივია, თავადაც გაუჩნდება აზრი, რომ ეს არც მას ევალება.

მშობელს არ უნდა შეეშინდეს შვილის ქცევის და არ უნდა ჩათვალოს, რომ დედამიწა დაიქცა, თუ რაღაც ისე არაა, როგორც წარმოედგინა. როგორც უკვე ვთქვი, ყველაფერი დასწავლადია და ხანდახან წვრთნაც საკმარისია, თუ ადამიანს კომპლექსურად განვიხილავთ და გავიაზრებთ, რომ ჩვენი შვილის შეცდომებში ლომის წილი ჩვენ გვეკუთვნის.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“