პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024
11 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

ლიტერატურა, როგორც გზამკვლევი კონფლიქტურ სიტუაციებში

სასკოლო ლიტერატურის კურსში არის ტექსტები, რომლებშიც კონფლიქტური ან ძალადობის შემცველი სიტუაციებია ასახული.

ამგვარი სიტუაციების მონაწილე პერსონაჟთა ხასიათსა და ქცევაზე, მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და დამდგარ შედეგებზე დაკვირვება შეიძლება საინტერესო მსჯელობის საგნად იქცეს.

ამ ბლოგში კონფლიქტის არაძალადობრივი გზით მოგვარებასა და სათანადო ქმედებებს შევეხებით, გზებს, რომელთა მოსწავლეებისთვის გაცნობა ლიტერატურის გაკვეთილებზეა შესაძლებელი თემატური ტექსტების გამოყენებით.

მასწავლებელმა განსახილველად შეიძლება შეარჩიოს მხატვრულ ტექსტში გადმოცემული ნებისმიერი კონფლიქტური სიტუაცია. თუ კონფლიქტი ჩხუბითა და აყალმაყალით, ძალადობით დასრულდა, ისმის კითხვა: როგორ შეიძლებოდა უსიამოვნო შედეგის თავიდან აცილება? რა შეიძლებოდა მოემოქმედებინა გმირს იმისთვის, რომ ფიზიკური შეხლა-შემოხლა აერიდებინა?

საკუთრივ შინაარსობრივი პლასტის გაგება-გააზრების დონის კითხვების დამუშავების შემდეგ სასურველია, წაკითხულის ტრანსფერს (ერთგვარ სიტუაციაში ნასწავლის სხვაგვარ, განსხვავებულ სიტუაციაში გამოყენების სტიმულირებას) შევუწყოთ ხელი. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ, თავიანთ ცხოვრებისეულ სიტუაციებს მოარგონ ნასწავლი და ამ გზაზე ძალიან დაეხმარებათ იმის გაცხადება, რას ფიქრობენ ამა თუ იმ მწვავე საკითხის შესახებ.

ტექსტის შინაარსის გაგებისა და გააზრების შემდეგ სამუშაო ნაბიჯები:

  1. წარმოიდგინე, რომ მოცემული სიტუაცია შენ თვალწინ ხდება.
  • რა გზას გამონახავდი კონფლიქტის არაძალადობრივი გზით მოსაგვარებლად? შენი აზრით, როგორ განვითარდებოდა მოვლენები?
  • რა სახიფათო შედეგები შეიძლება მივიღოთ ძალადობით კონფლიქტური სიტუაციის მოგვარების მცდელობისას?

ამ საკითხებზე მოსაზრების ჩამოყალიბებისა და გამოხატვისთვის მოსწავლეებს გარკვეული დრო უნდა მიეცეთ. ამ ეტაპზე სასურველია მათი დაწყვილება ან დაჯგუფება. ჯგუფში ან მეწყვილესთან მეტად მოსალოდნელია, რომ ისინი ღიად შეძლებენ მოსაზრების გამოხატვას.

ჯგუფსა და წყვილებს მოსაზრებების კლასისთვის გაზიარების საშუალებაც უნდა მიეცეთ. ამისთვის ერთ-ერთმა წევრმა უნდა შეაჯამოს განხილული და კლასის წინაშე წარმოადგინოს.

ამ პროცესს შემაჯამებელი მსჯელობა მოჰყვება.

სამსჯელო თემა (მოცემული თეზისი სანიმუშოა, მასწავლებელს შეუძლია, კლასში ჩატარებულ სამუშაოს მოარგოს სამსჯელო ციტატა):

„უტყვი და უმოქმედო მოწმეების თანხმობით ხდება ამქვეყნად ყველაზე მეტი ბოროტება“ .

  • შენი აზრით, რა იგულისხმება ამ გამოთქმაში?
  • შესწავლილთაგან რომელ ნაწარმოებებს გაიხსენებდი მოსაზრების საილუსტრაციოდ?
  • შენი პირადი ცხოვრებიდან, გამოცდილებიდან თუ შეგიძლია გაიხსენო რაიმე ფაქტი, როდესაც შეესწარი უსიამოვნებას, ძალადობას? რა განცდა დაგეუფლა? რა იფიქრე? რა მოიმოქმედე, თუ მოქმედება გადაწყვიტე?

შემაჯამებელი მსჯელობის წარმართვის პროცესში მასწავლებლის ამოცანაა, შექმნას კეთილგანწყობილი, ღია გარემო. არ არის რეკომენდებული, მან ღიად გამოხატოს საკუთარი პოზიცია, მაგრამ გამოთქმული თვალსაზრისების დამადასტურებელი არგუმენტების დამაჯერებლობის კომენტირება სასურველია. უნდა შეფასდეს არა პოზიცია და თვალსაზრისი, არამედ არგუმენტი, დასაბუთების მცდელობა. ეს მასწავლებელს საშუალებას მისცემს, დააკვირდეს და გააანალიზოს მოსწავლეთა აზროვნება, ხასიათი, ემოციების მართვის უნარი.

საკითხები, რომლებიც მასწავლებელმა უნდა დაამუშაოს:

  • რას ფიქრობენ მოზარდები ძალადობის არაკონფლიქტური გზით მოგვარებაზე?
  • რამდენად ფლობენ ინფორმაციას იმაზე, როგორ უნდა მოიქცნენ არაკონფლიქტურ სიტუაციაში?
  • აღმოჩენილან თუ არა თავად მსგავს ვითარებაში?

 

მნიშვნელოვანი ორიენტირები მასწავლებლისთვის

თითოეულ ადამიანს აქვს ძალა და შესაძლებლობა, სასიკეთო გავლენა მოახდინოს კონკრეტულ სიტუაციაზე, შეცვალოს ის უკეთესობისკენ, დაეხმაროს იმას, ვისაც დახმარება სჭირდება.

ეს მნიშვნელოვანი უნარია.

ისეც ხდება, რომ ადამიანები თვალს ხუჭავენ და გარიდებას, გაცლას, ჩაურევლობას ამჯობინებენ, თუ ძალადობას ან უსიამოვნო სიტუაციას შეესწრნენ.

ჩვენს ყოველდღიურობაში არაერთხელ გავმხდარვართ ან გავხდებით უსიამოვნო ფაქტის შემსწრე. ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ადგილას – ქუჩაში, სკოლაში, ტრანსპორტში. ხშირია ვირტუალური ძალადობის ფაქტები სოციალურ ქსელში.

უტყვი და უმოქმედო მოწმე ისაა, ვინც ასეთ სიტუაციაში უმოქმედობას გადაწყვეტს, არც სიტყვით და არც ქმედებით არ ჩაერევა.

მოვლენების განვითარების ერთი შესაძლებლობაა თანამონაწილეობა.

თანამონაწილე ისაა, ვინც სიტყვით, კომენტარით, შემაგულიანებელი წამოძახილით ან ფიზიკურად მხარს დაუჭერს მოძალადეს და, შესაბამისად, მონაწილეობასაც მიიღებს ძალადობაში.

არიან ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტენ ძალადობის აღკვეთას და ხელს შეუშლიან მოძალადეს, მხარს დაუჭერენ იმას, ვისაც დახმარება სჭირდება.

როგორ შეიძლება ამის გაკეთება?

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია უსაფრთხოებაზე ზრუნვა. საკუთარი უსაფრთხოების დაცვა ნიშნავს კონკრეტულ სიტუაციაზე დაკვირვებით ისე მოქმედებას, რომ საფრთხე არ შეექმნას ჩვენს სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. მაგალითად, ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც მოძალადე ფიზიკურად ძლიერია, შეირაღებულია ან სახიფათოა, პირდაპირი ჩარევა არ ღირს. ასეთ დროს დასახმარებლად უნდა მივმართოთ შესაბამის სამსახურს (112, მასწავლებელი, უფროსი ადამიანი, პოლიციელი…).

ზოგიერთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სიტყვიერი ჩარევა. მოძალადისთვის იმის ხაზგასმით თქმა, რომ მისი საქციელი მიუღებელია (კონკრეტული სახელდება იმისა, რასაც აკეთებს მოძალადე. მაგალითად, „შენ აწვალებ ძაღლს. ასე არ შეიძლება. დაანებე თავი!“. „მე ვხედავ, რასაც აკეთებ და ეს არ არის სწორი. ახლავე შეწყვიტე!“).

თუ ინტერნეტსივრცეში იგდებენ ვინმეს აბუჩად, აქაც მნიშვნელოვანია საკუთარი პოზიციის მტკიცედ, მკაფიოდ გამოხატვა, კომენტარის დატოვება, რომელშიც პირდაპირ იქნება ნათქვამი, რომ ვისიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა, აბუჩად აგდება არ შეიძლება.

მოძალადე, რომელსაც მიუთითებენ, რომ მისი საქციელი მიუღებელია, არ გრძნობს გარემოცვის მხარდაჭერას და მეტად მოსალოდნელია, ძალადობა შეწყვიტოს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“