წიგნში „მოლა ნასრედინის ოხუნჯობანი“ ერთი ასეთი ამბავია მოთხრობილი: მოლამ თანასოფლელების გაბრიყვება გადაწყვიტა, მიადგა საფიხვნოს და ხმამაღლა გამოაცხადა: სოფლის ბოლოს ფლავს არიგებენო. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო – ტკბილი ფლავი, თანაც უფასოდ! სოფლელებმაც დაჰკრეს ფეხი და ქალიან-კაციანად, დიდ-პატარიანად, თავქუდმოგლეჯილები გაიქცნენ ფლავის საბადოსკენ. მოლა იდგა და გულიანად ხითხითებდა. უცბად ღიმილი სახეზე შეეყინა, მიიხედ-მოიხედა და თავადაც იქით გაქუსლა, საითაც დანარჩენები გარბოდნენ – ეტყობა, მართლა არიგებენ ფლავს, თორემ მთელი სოფელი როგორ გაგიჟდებოდაო.
მოლასა და მისი თანასოფლელების გულუბრყვილობაზე ჩვენც გულიანად ვიცინით, მაგრამ თუ გარშემო ყურადღებით მიმოვიხედავთ, არაერთ ასეთ მაგალითს ვიპოვით. მაგალითად, ოდესღაც ვიღაცამ მოიგონა, ნიუტონს თავზე ვაშლი დაეცა და ამის წყალობით აღმოაჩინა მეცნიერების ერთ-ერთი ფუნდამენტური კანონიო. მოლას ამბისა არ იყოს, ეს ლეგენდაც იმდენმა დაიჯერა, ნიუტონის ვაშლი სამოთხის ვაშლის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაყოფად იქცა.
ვაშლი სერ ისააკ ნიუტონსა და გრავიტაციის კანონთან ერთად პირველად ნიუტონის მეგობარმა და ბიოგრაფმა უილიამ სტიუკლიმ ახსენა 1752 წელს გამოცემულ ბიოგრაფიულ ნაშრომში. ეს წიგნი საუკუნეების განმავლობაში საგულდაგულოდ იყო გადანახული საცავში და მხოლოდ ბრიტანეთის სამეფო აკადემიის 350-ე წლისთავზე, როგორც იტყვიან, ფართო საზოგადოებრივი ინტერესის გამო გამოამზეურეს.
მისი მკვლევრები ამბობენ, რომ ნიუტონი სტიუკლისთან ერთად ხშირად განიხილავდა სხვადასხვა სამეცნიერო თეორიას. ერთხელ მეგობრები ბაღში, ვაშლის ხის ქვეშ ისვენებდნენ და, ტრადიციულად, მეცნიერებაზე საუბრობდნენ. იმ დროისთვის ნიუტონი უკვე იყო დაინტერესებული მსოფლიო მიზიდულობის ფენომენით და აქტიურადაც სწავლობდა მას. სწორედ ამ საუბრის დროს ჩამოვარდა ვაშლი ხიდან, რაც ნიუტონმა გრავიტაციის ილუსტრაციად გამოიყენა და მეგობარს ამ მარტივ მაგალითზე აუხსნა, „რატომ ეშვება ვაშლი ყოველთვის პერპენდიკულარულად დედამიწაზე“. დიახ, სულ ეს იყო და არავითარი „ვაშლის ევრიკა“.
სერ ისააკ ნიუტონმა უდიდესი მემკვიდრეობა დაუტოვა მეცნიერებას. მისი აღმოჩენილი ფუნდამენტური კანონები დღემდე „ცოცხლობს“. მეტიც: არა მარტო ხილული სხეულებისთვის, არამედ ატომებისა და მოლეკულებისთვისაც სამართლიანია. ძნელად მოიძებნება ადამიანი, ნიუტონის კანონები რომ არ გაეგონოს, მაგრამ უმეტესობა მას მხოლოდ „ფიზიკის კანონებად“ აღიქვამს და ამის იქით არ მიდის. არადა ისინი სამყაროს კანონებია და მათი ცოდნით მარტივად დავადგენთ, „ერთი ტანკი ჯობია თუ ორი“.
ნიუტონის მეორე კანონი მარტივი ფორმულით გამოისახება: F=ma, სიტყვიერად კი ვამბობთ, რომ ძალა მასისა და აჩქარების ნამრავლია. უფრო მარტივად კი, თუ გინდა, შნო (ძალა) გქონდეს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ზორბა ხარ თუ ტანმორჩილი, მთავარია, ყოველი მომდევნო ნაბიჯი წინაზე სწრაფად გადადგა.