ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024
31 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

მითი უდარდელ ბავშვობაზე

გუშინ კლუბში ვუყურეთ დოკუმენტურ ფილმს 11 წლის გოგონაზე, რომელმაც თავისი ნებით აირჩია მონაზვნობა. ოჯახი მშვიდად შეხვდა მის არჩევანს. ღიმილითა და ლოტოსის ყვავილებით მიაცილეს ბუდისტურ ტაძრამდე კლასელებმაც. უზარმაზარ, თეთრ, დამთრგუნველად ლამაზ პაგოდაში გოგონა უსიტყვოდ შეელევა თავის შავსა და პრიალა თმას, შეიმოსება ვარდისფერი და ნარინჯისფერი ტრადიციული სამოსით თავის ტოლებთან ერთად, მაგრამ მალევე ხვდება, რომ მისი ადგილი აქ, ამ აუმღვრეველ სიმშვიდეში, არ არის. თამაში ენატრება, სიმღერა, სახლი, მშობლები…

ბავშვები დაძაბული, გაფაციცებული უყურებდნენ, რას იზამდა გოგონა – გაბედავდა თუ არა თქმას, გაუშვებდნენ თუ არა მონასტრიდან, დააბრუნებდნენ თუ არა მონატრებულ სახლში … გაუშვეს. თან თავისი წილი სიყვარული და სიმშვიდე გაატანეს. ვიგრძენი, როგორ ამოისუნთქეს თანატოლებმა ან ოდნავ დიდებმა აქ, ჩემ გვერდით, გრძელსა და ვიწრო, კომპიუტერებჩამწკრივებულ  საკლასო ოთახში.

ცოტა მოგვიანებით ვიდექით უკვე სახლებში წასასვლელად გამზადებულები, ჩანთებაკიდებულები და მიყვებოდნენ, რა რთული და დატვირთულია მათი დღის რეჟიმი. როგორ უწევთ 7 გაკვეთილის შემდეგ მომდევნო 7 გაკვეთილის მომზადება თავაუღებლად და შეუსვენებლად დაძინებამდე, მიხსნიდნენ, რომ იმიტომ დადიან მასწავლებლებთან ახლა, რათა მერე ისედაც სტრესული აბიტურიენტობა შეიმსუბუქონ; პარალელურად როგორ არიან მასწავლებლების ხათრით „გახლართულები“ რამდენიმე პროექტში და როგორ ესმით მასწავლებლებისაგან მუდმივი წუწუნი მოუცლელობასა და გადატვირთულ რეჟიმზე. მე ვუსმენდი შეშფოთებული და შერცხვენილი ერთდროულად – შიშით  ვიხსენებდი, დამიწუწუნია თუ არა ჩემს უთავბოლო დღეებზე მოსწავლეებთან- მეთქი. თან მანამდეც და შემდეგაც ვმოძღვრავდი, რამდენად მნიშვნელოვანია, კვირაში ერთხელ მაინც ადამიანმა გადადოს გვერდით ყველაფერი და საკუთარ თავს დაუთმოს დრო… ესენი კი გამწარებით მიხსნიდნენ, რომ საკუთარი თავისთვის დასათმობი დრო არა აქვთ, არა აქვთ, არა აქვთ და მორჩა! ჩვენ, მასწავლებლები და მშობლები, არ ვუტოვებთ.

სახლში მოსულს მთელი ქვეყნისთვის საზარელი ამბავი დამხვდა: ჩვენს ქვეყანაში არც ახალი პარკი, არც ლამაზი შადრევანი, არც ბურთით თამაში ყოფილა თურმე უსაფრთხო ბავშვებისთვის… მარიტა დაიღუპა.

თავისით ამოაგდო გონებამ სახურავიდან გადმოფრენილი ლუკა სირაძის სახე, შაქარას სახე მისი საყვარელი მელოდიის ფონზე, დათო სალარიძისა და მამამისის სახეები ერთდროულად, ძალადობის მსხვერპლი 14 წლის თვითმკვლელი გოგონას ამბავი სახის გარეშე… ამ ბავშვების უკან მათი განცდები, დიდი ვნებათაღელვა, გაუსაძლისი ტკივილები დგას და მეორე მხარეს ვდგავართ ჩვენ, ზრდასრულები, მათ წინაშე ჩადენილი შეცდომებით, ან გულგრილობით, ან ვერდათმობილი დროით, რადგან არ გვქონდა მათთვის საკმარისი დრო, სიყვარული და სიფრთხილე… არ გვქონდა, არ გვქონდა, არ გვქონდა და მორჩა!

ცნობილი ფრანგი რეჟისორი, ფრანსუა ტრიუფო, რომელსაც არაერთი ძალიან საინტერესო ფილმი აქვს ბავშვებსა და მათ პრობლემებზე გადაღებული, თავის ერთ-ერთ წერილში წერს: „ცამეტი წლისა მოუთმენლად ველოდი, როდის გავიზრდებოდი, რომ ყველანაირი ცუდი საქციელი დაუსჯელად ჩამედინა. მაშინ დარწმუნებული ვიყავი, მოზარდის ცხოვრება- დანაშაულებისაგან, უფროსისა კი შემთხვევითობებისგან შედგებოდა. თუ ჭურჭლის რეცხვისას თეფში გამიტყდებოდა, ნამსხვრევები მაშინვე უჩუმრად გამქონდა ქუჩაში გადასაყრელად, რომ ამ დანაშაულზე არავის შეეტყო. და იმავე საღამოს მესმოდა ჩემი მშობლების მეგობრების ხალისიანი მონაყოლი იმის შესახებ, როგორ დაეჯახნენ ხეს და მანქანა დაამტვრიეს.  აზრი არც წლების მერე შემიცვლია და როდესაც მესმის, ზრდასრულ ადამიანს როგორ ენატრება ბავშვობა, მგონია, რომ მას, უბრალოდ, ცუდი მეხსიერება აქვს.“  ამ თემას ის არაერთხელ უბრუნდება, რადგან ბავშვებს უტრიალებდა ხშირად, ძალიან ბევრს და სიამოვნებით მუშაობდა მათთან. წერილში „ ფიქრები ბავშვებზე და კინოზე“ უფრო სიღრმისეულად მსჯელობს იმაზე, თუ რატომ არის თავის მოტყუება ბავშვობისთვის ე. წ. ვარდისფერი სათვალეებით ყურება: „ბავშვის გაღიმება ეკრანზე და თამაში მოგებულია. მაგრამ როდესაც ცხოვრებას ვაკვირდებით, უპირველესად თვალში გვხვდება ბავშვის არსების სიმძიმე და სიმძაფრე ზრდასრულთა ცხოვრების ამაოებასთან შედარებით. ვფიქრობ, სიმართლის უფრო მაღალ საფეხურს მივაღწევთ, თუ გადავიღებთ არა მარტო ბავშვების თამაშს, არამედ მათ უსაზღვრო განცდებსაც, რომელთაც არავითარი კავშირი არა აქვთ უფროსების კონფლიქტებთან.“

იმ პრობლემაზე, რომელზეც დიდი ფრანგი რეჟისორი საუბრობს, გენიალურად წერს ჩვენი რეზო ინანიშვილი თავის არაჩვეულებრივ ნოველაში, სათაურით – „განგაში“. ვერცერთი უფროსი ვერ ხვდება, რატომ იქცევა გოგი უცნაურად, რატომ ყვირის ხოლმე გაკვეთილზე, რატომ აღარ სწავლობს… ბოლოს კი თვითონვე უხსნის დედას:

„ -აი, მე ვზივარ მაგიდასთან. ჩემთვის ვარ, ჩემთვის ვდარდობ. ავიხედავ უცებ და მასწავლებლის თვალებშიც სწორედ იმ დარდს დავინახავ, მე რომ მაწვალებს იმ წამს; მასწავლებლის თვალებში უფრო დიდ დარდს, უზარმაზარს, რომელიც ცასაც კი დაფარავს ჩემს წინ… და მევე ვისჯი საკუთარ თავს, ასე რომ ვხედავ რაღაცეებს…

– როგორ ისჯი, რა დარდისთვის?

-კარგი დედა, რა!..ფიქრებში…მივაგორებ დიდ, ჩემზე მაღალ, გუნდასავით რაღაცას, ავხედავ, წინ მიდგას სწორედ ისეთივე მთელი მთა, მთლიანად დაუფარავს ცა, ვდგავარ, აღარ ვიცი, რა ვქნა, როგორც სიზმარში, და … მერე ჩემს თავს მე ვისჯი, რა გინდათ?!“ – ამ სიტყვებში ატევს ბიჭი თავის სადარდებელს, თავის მშფოთვარე დღეებს, ბავშვურ მოუსვენრობას. რეზო ინანიშვილიც, ფრანგი რეჟისორის მსგავსად, არაერთ ნოველაში აკვირდება ბავშვებს, მათ ყოველდღიურობას, პრობლემებს, საფიქრალს და როგორც ჭაში, ისე გვახედებს მკითხველებს სიღრმეში და ცდილობს, სიკამკამესთან ერთად, ბავშვობის სირთულე და სიმძიმეც დაგვანახოს.

აუცილებლად უნდა გავიხსენო არჩილ ქიქოძის რომანიდან „სამხრეთული სპილო“ მონაკვეთი, როცა ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, თაზო, მიწისქვეშაში დაინახავს, როგორ მიჰყავთ პატარა ბიჭი უფროს ბიჭებს, სავარაუდოდ, ე.წ. „ ქუჩური გარჩევისთვის“. შეამჩნევს ამას, არ ჩაერევა და  ეს არჩარევა საბედისწერო აღმოჩნდება, რადგან სახლში მისული ტელევიზორიდან იგებს, რომ სწორედ იქ და იმ დროს, როცა თვითონ გულგრილად ჩაუარა მოზარდებს, მოკლეს 15 წლის ლევანი. თამაზი გრძნობს უდიდეს ტკივილს, სინანულსა და სინდისის ქენჯნას თავისი უმოქმედობის გამო და ისჯის თავს: ზურგს აქცევს საზოგადოებას, საკუთარ საქმეს და ლამის განდეგილის ცხოვრებას არჩევს.

ბავშვებთან დამოკიდებულებასთან დაკავშირებით მახსენდება კიდევ ერთი წიგნი „კოსმოსი“, რომელიც დიახ, კოსმოსს ეხება და არა ბავშვებისა და ზრდასრულების ურთიერთობებს. მაგრამ კარლ სეიგანი – ამერიკელი მეცნიერი, კოსმოსის კვლევის მეცნიერებათა დოქტორი, ასტროფიზიკოსი და მწერალი – ამ ძალიან საინტერესო წიგნში ერთ თავში ბირთვულ საფრთხეებსა და მსოფლიო ომებზე საუბრობს. მოსალოდნელი ომების თემასა და მათი თავიდან აცილების გზებსაც განიხილავს. წერს, რომ აუცილებელია მთავრობები გავანათლოთ, შევისწავლოთ მეცნიერებები და ტექნოლოგიები, რომლებიც კაცობრიობის გადარჩენისთვის საჭირო ინსტრუმენტებსა და შესაძლებლობებს შეგვძენს, გაბედულად უნდა დავუპირისპირდეთ გაბატონებულ დოგმებს… ბოლოს კი საუბრობს ერთ-ერთი მეცნიერის კვლევების შესახებ: „ნეიროფსიქოლოგმა ჯეიმს უ. პრესკოტმა ჩაატარა 400 სხვადასხვა პრეინდუსტრიული საზოგადოების საუცხოო ზოგადკულტურული  სტატისტიკური ანალიზი და აღმოაჩინა, რომ ის სოციუმები, რომლებიც ჩვილი ბავშვებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან, ძალადობისკენ ნაკლებად მიდრეკილნი არიან. იქაც კი, სადაც ჩვილებისადმი შედარებით მშვიდ ემოციებს გამოხატავენ, არამოძალადე ადამიანები იზრდებიან, თუ ახალგაზრდების სექსუალური აქტივობა არ იზღუდება.“ პრესკოტს მიაჩნია, რომ ძალადობისკენ მიდრეკილი საზოგადოებები შედგება ინდივიდებისგან, რომლებსაც ამ ორ კრიტიკულ ასაკში, ჩვილობასა და სიყმაწვილეში, აკლდათ სიყვარული. ასეთ საზოგადოებაში მძლავრობს ძალადობა, ქალების დამცირება, კრიმინალი. კარლ სეიგანი ამ მეცნიერის მოსაზრებას არ იღებს როგორც აქსიომას, მაგრამ აშკარად მიანიშნებს მკითხველს, რომ ომის არიდების ერთ-ერთი და უმნიშვნელოვანესი გზა ბავშვებისა და მოზარდების უპირობო სიყვარულით სიყვარულისთვის აღზრდაა.

ამ წერილით მხოლოდ ის მინდოდა შემეხსენებინა საკუთარი თავისთვის და სხვა ზრდასრულთათვის, რომ ბავშვობა სულაც არ არის მარტივი, ვარდისფერი და საოცნებო ხანა. საზარელი ამბით მოცულ გონებაში კიდევ უამრავი ლიტერატურული თუ ცხოვრებისეული მაგალითი მიტრიალებს, რომლებიც მიმტკიცებს, რომ „დიდობაზე“ ნაკლებად რთული, გასაძლები, მყიფე არც ბავშვად ყოფნაა და ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ გაუძლებენ ამ სიმყიფეს, რამდენად შევაშველებთ  ლამაზ, ფერად  და სიყვარულით სავსე დღეებს.

მართალია, ჩვენთვის ძალიან დიდი ტვირთია გასათავისებლად, მაგრამ უნდა დავიჯეროთ, რომ საბედისწერო „შემთხვევითობას“ შეწირულ, თვითმკვლელ,  ძალადობის მსხვერპლ- თუ მოძალადე ბავშვების გზები მაინც ჩვენამდე მოდის. სანამ საფრთხის პირისპირ აღმოჩნდებიან, მანამ სჭირდებათ დიდი სიყვარული, უსაფრთხო ფიზიკური თუ სულიერი გარემო, ჩვენი ნდობა და აღიარება, თორემ მერე, უფსკრულის პირას, ყველანი ვერ გავხდებით დამჭერები, ვერ გადავარჩენთ. გადარჩენა ხომ გმირობაა და (დევ)გმირები კი, სამწუხაროდ, ცოტანი არიან, ცოტანი არიან, ცოტანი არიან და მორჩა!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  სერბული დღიური

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“