ხუთშაბათი, ივლისი 25, 2024
25 ივლისი, ხუთშაბათი, 2024

FoMO-ს სინდრომი სოცმედიაში

თანამედროვე სამყაროში კომუნიკაციის მნიშვნელოვანმა ნაწილმა სოციალურ ქსელებში კარგა ხნის წინ გადაინაცვლა. სოცპლატფორმებს მთლიანად აქვთ დაპყრობილი ჩვენი გონება. მათ გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგვიდგენია. წლებია სოცქესლების „ლაიქები“ ერთმანეთის მოწონების, სიმპათიის, თანაგრძნობის, თანამოაზრეობის გამოხატვის ყველაზე სწრაფი გზად რჩება, ბევრისთვის კი – აკვიატებულ იდეადაც, როდესაც ვირტუალური აუდიტორიის მხრიდან გამოხმაურების ნაკლებობა სასოწარკვეთას და თვითშეფასების დაქვეითებასაც იწვევს.

ჟადსონ ბრუერი, ავტორი წიგნისა „დამოკიდებული ტვინი“, ამ ყველაფერს ასე აღწერს – ტვინი ეჩვევა „სიამოვნების ჰორმონების“ სწრაფ მიღებას და ადამიანს აღარ სურს მეტი ძალისხმევა დახარჯოს სხვა სიხარულის განსაცდელად. ამ პრობლემის გადასაჭრელად ზოგიერთმა ადამიანმა (ნამდვილი, დიაგნოზირებული დამოკიდებულებით) უნდა მიმართოს სპეციალისტებს, რადგან თვითონ აღარ შეუძლია მოჯადოებული წრიდან გამოსვლა და ცხოვრებით სხვაგვარად ტკბობა.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ საგანგაშოა, თუკი მომხმარებელი, რა ასაკისაც არ უნდა იყოს ის, ერთი საათის განმავლობაში „ოფლაინ“ ვერ ჩერდება, გამუდმებით ამოწმებს რამდენი „გული“ და „ლაიქი“ მოუტანა ახალმა პოსტმა ან ფოტომ. ასეთი მიჯაჭვულობა დამოკიდებულებაა, თუმცა როგორც ქცევა და ოფიციალური სამედიცინო დიაგნოზი, ის ჯერჯერობით აღიარებული არაა, ანუ სამედიცინო ტერმინი „სოციალური მედიაზე დამოკიდებულება“ არ არსებობს. საქმე ისაა, რომ დამოკიდებულების ნებისმიერ ფორმას მკაფიო სამედიცინო აღწერა უნდა ჰქონდეს, რომელიც დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაშია დაფიქსირდება, ვთქვათ, ჩამოთვლილი ფსიქიკური და ქცევითი აშლილობებით, მისთვის დამახასიათებელი მარკერებით. შესაბამის ჩამონათვალში არაქიმიური დამოკიდებულებები მოიცავს მხოლოდ ონლაინ თამაშებზე დამოკიდებულებას აზარტული ელემენტებით. სოციალური ქსელები, გაჯეტები კი ამ სიაში არ შედის.

მიუხედავად ამისა, სოციალურ ქსელებზე ემოციური დამოკიდებულება არანაკლებ ყურადღებას მოითხოვს, ვიდრე ნიკოტინზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებულება, რადგან მასაც აქვს გავლენა ინდივიდის ქცევასა და მდგომარეობაზე. დამოკიდებულ ადამიანს, რომელიც დროის უმეტეს ნაწილს სოციალურ მედიაში ატარებს, „ლაიქებისა“ და კომენტარების გარეშე უფუჭდება განწყობა, ის ადვილად ღიზიანდება და ცუდად აკონტროლებს საკუთარ ემოციებს. მიაჩნია, რომ არ განიცდის ცოცხალი კომუნიკაციის დეფიციტს, სინამდვილეში კი, უმეტეს შემთხვევაში წყვეტს დაინტერესებას ადამიანებით, რომლებიც „ოფლაინ“ არიან.

სოციალურ ქსელებში „ლაიქის“ ღილაკის ერთ-ერთი შემქმნელი ჯასტინ როზენშტეინი დღემდე ნანობს თავის გამოგონებას. „ადამიანები ხშირად ქმნიან რაღაცებს საუკეთესო განზრახვებით, მაგრამ შემდეგ გაუთვალისწინებელ შედეგებს აწყდებიან”, – ამბობს ის ერთ-ერთ ინტერვიუში. ამასობაში თანამედროვე ადამიანი სულ უფრო მეტი ინფორმაციის გამტარი ხდება. ამას მოაქვს მთელი რიგი შედეგები: დაღლილობა, ემოციური გადაწვა, სხვასთან დატოლება, საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილება.

ბევრი მოზარდისთვის „ლაიქი“ „მოწონების ვალუტაა“. მისთვის ასეთი ტიპის კომუნიკაცია და შეფასება შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს. მან შეიძლება დააიგნოროს ზრდასრული ადამიანის რეაქცია მის პოსტზე, მაგრამ ვერ დააიგნორებს თანატოლის რეაქციას. ბავშვმა, რომელმაც გაარკვია, როგორ მუშაობს სოციალური ქსელის სისტემა და რაღაც მიზეზით უცბად შეწყვეტა „ლაიქების“ მიღება, შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ის მოკვეთეს თავისი ჯგუფიდან/საზოგადოებიდან ან რაღაცის გამო დაისაჯა. გამოდის, რომ ამ შემთხვევაში უკვე საუბარია არა იმდენად სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებაზე, არამედ კომუნიკაციაზე და თანატოლებთან ურთიერთობაზე. მეორე მხრივ, დღევანდელი მოზარდისთვის მესინჯერითა და სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვა იგივეა, რაც ჩვენთვის სასკოლო შესვენების დროს თანაკლასელებთან ურთიერთობისა და სკოლის შემდეგ მეგობრებთან სეირნობის აკრძალვა იყო. სამყარო იცვლება და მასთან ერთად იცვლება კომუნიკაციის გარემო.

თუმცა, თანამედროვე სოციალური ქსელი „ლაიქების“ დარიგებების გარეშეც საკმაოდ მიმზიდველია. მაგალითად, „ახალი ამბების“ გაცნობისას ერთი საათი ისე გაიქროლებს, რომ ამას ვერც ვგრძნობთ. გაოცებულები ვრჩებით, როგორ გვეპარება დრო „სქროლვაში“. სოციალური ქსელების ინტერფეისი კი ისეა შექმნილი, რომ ადამიანმა იქ რაც შეიძლება მეტი დრო დაჰყოს. რაც უფრო მეტ სათავისო კონტენტს ხედავს მომხმარებელი, მით უფრო მეტს აძლევს სოციალური ქსელი. ნანახი ასტიმულირებს ტვინის იმ უბნებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან წამიერ სიამოვნებაზე. თუმცა დროთა განმავლობაში დოფამინი სწრაფად გამომუშავებას წყვეტს და სქროლვაში ჩვენც სულ უფრო მეტი დრო გვეხარჯება. ვითარდება დამოკიდებულება (იხილეთ Netflix-ის დოკუმენტური ფილმი „სოციალური დილემა“).

ამ თვალსაზრისით, ბავშვებს, უფროსებთან შედარებით მეტად გაუმართლათ: მათი კონცენტრაციის უნარი საკმარისად განვითარებული არაა, მათ უჭირს ერთ აქტივობაზე დიდხანს კონცენტრირება. ამიტომ ისინი ძალიან დიდ დროს არ ატარებენ სოციალურ ქსელებში. მაგრამ ინტერფეისის დიზაინერები ეძებენ სხვადასხვა გზებს მათ შესანარჩუნებლად. ბავშვებისთვის განკუთვნილი ვიდეოები უფრო ფერადი ხდება, მათ უფრო ხმამაღალი ხმა ედება მოულოდნელი სპეცეფექტებით. შეერთებულ შტატებში ამ პრობლემის საკანონმდებლო დონეზე მოგვარებაზე უკვე ფიქრობენ, რათა პატარა იუზერების აპლიკაციებში შეტყუება აიკრძალოს. მათი მიზანია, ბავშვებისა და მოზარდების დაცვა მარკეტოლოგების გავლენისგან და იმ დროის შემცირება, რასაც ისინი გაჯეტებზე ხარჯავენ. ფაქტია, რომ დამოკიდებულების ნებისმიერი ფორმის მსგავსად, სოციალურ მედიაზე დამოკიდებულება ჩვენს ძირითად საქმიანობას თავის კვალს ატყობს, ზრდასრული ადამიანი არ კონცენტრირდება სამუშაოზე, ბავშვი – სწავლაზე ან აქტიურ დასვენებაზე.

კიდევ ერთი გავრცელებული საფრთხე, რომელსაც აწყდებიან სოციალური ქსელებით გატაცებული ადამიანები, FoMO-ს მდგომარეობაა, სინდრომი – რაღაც საინტერესოს, მნიშვნელოვნის გამოტოვების შიში. ეს სინდრომი დაახლოებით ერთნაირი სიხშირით გვხვდება როგორც კაცებში, ასევე ქალებსა და მოზარდებში. მაგალითად, სანამ მოზარდი სახლში ზის და მეცადინეობს, მისი მეგობრები რაღაც პოსტებს აქვეყნებენ. ის ხედავს ამას და იწყებს ნერვიულობას, რომ მოვლენებს ჩამორჩა. მრავალი თვალსაზრისით, ეს სინდრომი შურის მსგავსია – ჩვეულებრივი გაღიზიანების განცდა სხვისი წარმატების ხილვით, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არის შემაწუხებელი განცდა, რომ შენ განიცდი რაღაც დანაკლისს და აქედან გამომდინარე, მუდმივად აკონტროლებ ტელეფონს.

მკვლევართა დაკვირვებით, მარტოობისა და გაღიზიანების განცდა უფრო მზარდია სოციალური ქსელების პასიურ მომხმარებლებში, მათ შორის, ვინც უბრალოდ აკვირდება სხვის ცხოვრებას კომენტარებში, განხილვებში კი დიდად არ მონაწილეობს. როდესაც ტელეფონზე შემოდის შეტყობინება სოციალურ ქსელებში ვიღაცის ახალი პოსტის შესახებ, FoMO-ს მქონე ადამიანები განიცდიან იმედგაცრუების უფრო ძლიერ გრძნობას – „ცხოვრება გადის, მე კი ამ დროს სად ვარ…“.

ბავშვებში FoMO იწვევს მზარდ დეპრესიას. ცხოვრება რომ მიქრის, ეს განსაკუთრებით უსიამოვნო განცდაა მოზარდებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ სოციალიზაციას.

სოციალურ მოწონებაზე დამოკიდებულებამ, FoMO-სინდრომთან ერთად, ასევე შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შფოთვითი მდგომარეობა. როდესაც ბავშვები ხედავენ ფოტოებზე ლამაზ ცხოვრებას, ეს მათზე ძლიერ გავლენას ახდენს. ისინი ვერ ეგუებიან იმ ფაქტს, რომ მათ გარშემო ყველაფერი ისე არ არის „როგორც უნდა იყოს“, რომ ისინი და მშობლები სხვანაირად ცხოვრობენ.

თავის კვლევაში, სან დიეგოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა ჯინ ტვენგემ დაასკვნა, რომ მერვეკლასელებს, რომლებიც აქტიურად იყენებენ სოციალურ მედიას, დეპრესიის განვითარების 27%-ით მაღალი რისკი აქვთ, ვიდრე მათ, ვინც ნაკლებად არის შეპყრობილი ონლაინკონტენტით.

როგორ გავუმკლავდეთ FoMO-სინდრომს? ჯერ ერთი, უნდა ვიზრუნოთ სოციალური მედიის ჰიგიენაზე, დავიტოვოთ მხოლოდ სასარგებლო და სასიამოვნო კონტენტი, გავაუქმოთ ხელმოწერა ყველა დანარჩენთან.

ფსიქოლოგები ასევე გვირჩევენ, ვიპოვოთ მეტი შთამაგონებელი და საინტერესო ამბების გვერდები და მოვერიდოთ ჯგუფებს, სადაც ადამიანები მხოლოდ იმაზე საუბრობენ, რამდენად საოცარია მათი ცხოვრება.

კარგი გამოსავალია, ინტერნეტში გატარებული დროის გაკონტროლება, უფრო უკეთესი რადიკალური ვარიანტი კი სოციალური ქსელების გარკვეული დროით მიტოვებაა, სხვა გასართობზე გადართვა.

სოციალური ქსელების ნაცვლად მოზარდებს შეგვიძლია შევთავაზოთ დღიურის წარმოება, სადაც ისინი თავიანთ აზრებსა და ემოციებს მოინიშნავენ. ქაღალდზე წერა იმითაა მოგებიანი, რომ ქაღალდი მეტად იტანს გულწრფელობას, ინტიმს, ვიდრე იმავე აზრების სოციალურ ქსელში გამოფენას. ეს მეთოდი დაეხმარება მოზარდებს უკეთ შეიცნონ თავი და გრძნობები, მეტად ისიამოვნონ მცირე გამარჯვებებით ვინმესთვის მათი მნიშვნელობის დამტკიცების გარეშე.

შეგვიძლია მადლიერების პრაქტიკის გამოყენება, ეს პრაქტიკა ბოლო წლებში სულ უფრო გავრცელებული გახდა. ბევრად უკეთესია ყურადღება მიაქციოთ კარგს, ვიდრე ვიფიქროთ ცუდზე. როცა სხვისი ბედნიერება შეგვიპყრობს, გავიხსენოთ, რომ გვაქვს სახლი, გვყავს მშობლები, ვართ ჯანმრთელი. მადლიერება შეიძლება დაიწეროს ქაღალდზე ან გამოითქვას როგორც მანტრა – განაცხადის მეთოდს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია მხოლოდ კარგზე ფოკუსირება.

FoMO-ს შეიძლება უკვე ეწოდოს XXI საუკუნის „ჭირი“. ერთი შეხედვით, ეს სინდრომი შეიძლება ვინმეს პატარა პრობლემად მოეჩვენოს, მაგრამ დროთა განმავლობაში ძლივს შესამჩნევი შური აკვიატებად გადაიქცევა და სერიოზულად აისახება ცხოვრების ხარისხზე. ტელეფონის შემოწმების მუდმივი სურვილი, ნერვიულობა, დეპრესია, ყურადღების და ძილის გაუარესება შეიძლება გახდეს თქვენი ერთგული თანამგზავრი დიდი ხნის განმავლობაში.

 

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

წყარო: https://www.verywellmind.com/how-to-cope-with-fomo-4174664

https://fomo.com/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“