სახელგანთქმული საბავშვო მწერალი იოჰანა შპირი ციურიხის ტბის თავზე, პატარა სოფელ ჰირცელში დაიბადა, საიდანაც შვეიცარიის ალპების მშვენიერი ხედი იშლებოდა. 1880 წელს, 53 წლის ასაკში იოჰანამ „ჰაიდი” გამოაქვეყნა. წიგნი ძალიან პოპულარული გახდა, გერმანულიდან ინგლისურად ითარგმნა და ინგლისშიც და ამერიკაშიც ბავშვების საყვარელ წიგნად იქცა. „ჰაიდი” 50-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი და დღესაც ერთ-ერთი საბავშვო ბესტსელერია. ავტორმა საკუთარი ნაწარმოები ასე დაახასიათა: „ეს წიგნი განკუთვნილია ბავშვებისთვის და მათთვის, ვისაც ბავშვები უყვარს”.
„ჰაიდი” საკმაოდ დიდხანს იდო ჩემი შვილების წიგნების თაროზე, რადგან თითქოს სიტყვის უთქმელად შევთანხმდით, რომ 7 წლის გოგონასთვის ადრე იქნებოდა მისი წაკითხვა. ერთ დღესაც, როდესაც ჩემს პირველკლასელ შვილს საზაფხულო არდადეგები დაეწყო და სახლში მოწყენილმა აღარ იცოდა, რა ეკეთებინა, გადავწყვიტეთ საზაფხულო საკითხავი შეგვერჩია ჩვენი ბიბლიოთეკიდან. „ჰაიდის” ორი დღის განმავლობაში ვკითხულობდით თითქმის შეუსვენებლად და ანასტასიაც მთხოვდა სხვა საქმეებისკენ არც კი გამეხედა, სანამ წიგნს არ დავასრულებდით. კითხვისას ხან ცრემლები გვცვიოდა და ხან კი გული სიხარულით გვევსებოდა. ლიტერატურა ხომ ამგვარ მოულოდნელ სიხარულს ხშირად გვჩუქნის მკითხველებს, დაუვიწყარს ხდის თითოეულ ფურცელს. ამიტომ კარგი წიგნის აღმოჩენა, გამართლებაც არის და დღესასწაულიც, რომელიც შეგვიძლია სხვებსაც გავუზიაროთ. ამან გადამაწყვეტინა ცოტა რამ თქვენც გიამბოთ „ჰაიდიზე”.
გაიცანი „ჰაიდის” სამყარო
იწყებ „ჰაიდის” კითხვას და შენ ირგვლივ არსებული სამყარო ივსება მაღალი მთის მწვერვალებიდან მონაბერი ჰაერით, საითაც ახლა თმახუჭუჭა და ვარდისფერლოყება, ობოლი გოგონა ჰაიდი მიაბიჯებს თავის დეიდა დეტესთან ერთად. კითხულობ და სულს ითქვამ, ხედავ ბებერ ნაძვებს, ჩამავალ მზეს და დახარბებული ცდილობ, ყველაფერი შეისრუტო. დეიდა და ჰაიდი ელმის მთის მწვერვალზე უნდა მოხვდნენ ჰაიდის პაპასთან, ელმელი ძიას ქოხში, რათა ჰაიდი პაპასთან დარჩეს საცხოვრებლად. ელმის მთის მწვერვალს მზის უხვი სხივები ეფინება და სანაქებო ხედები იშლება – შიშველი, ციცაბო მწვერვალები, რომლებსაც მზე ოქროსფრად აბრწყინებს. მინდვრებში ცისფერი და ყვითელი ყვავილები ციალებენ, აქვეა წითელი ფურისულები, ცისფერი ასისთავები და ყვითელი კრაზანები. დღისით კი ბებერი არწივები დაფრინავენ და უცნაურ ამბებს დაჰყივიან ქოხის მცხოვრებ ბინადრებს.
გაიცანი ელმელი ძია
ელმის მთაზე ასული ჰაიდის პაპა ქოხის წინ ძელსკამზე ჯდება. ელმის მთაზე მცხოვრები მარტოკაცი, სოფლიდან გარიყული, შეუვალი და ჯიბრიანი მოხუცია, რომელმაც თავი მკაცრ მწვერვალს შეაფარა, თანასოფლელების გულგრილობას რომ დამალვოდა. პაპა ქოხის წინ ზის, ჩიბუხს აბოლებს, ხელებით მუხლებს დაყრდნობია, გრძელი, თეთრი წვერი და ბუჩქა წარბები აქვს. ჩიბუხიდან კვამლის ვეება ბოლქვებს უშვებს და მწვერვალებს გაჰყურებს. ელმის მთაზე პაპასა და შვილიშვილის ნამდვილი ცხოვრება იწყება, სიყვარულით და ზრუნვით გაჯერებული.
დაათვალიერე ჰაიდის და პაპას ქოხი
შედიხარ ქოხში და ერთადერთი დიდი ოთახია. ოთახის შუაგულში მაგიდა დგას, მაგიდასთან ერთი სკამი და პაპას საწოლია; ერთ კუთხეში ბუხარია და შიგ დაკიდებული ჩაიდანი. თახჩაში პაპას ნივთები ალაგია, ერთ თაროზე პაპას ტანსაცმელი, მეორე თაროზე შაშხი, ყველი და მრგვალი პურები. ღამით ქარი ქოხს აზანზარებს. ქოხის კოჭები ჭრიალებს და ჭრაჭუნებს. ელმის მთის ბებერი ნაძვის ტოტები გაშმაგებით ეხეთქებიან ერთმანეთს და დღისით კი ცა ახლად გარეცხილივით კრიალებს.
ხომ არ მოგინდათ ერთხელ მაინც ელმის მთაზე ღამის გათევა?
ადი, სხვენში!
ქოხში, პაპას საწოლის პირდაპირ კიბეა, რომელიც სხვენში ადის. პაპას გაცნობის შემდეგ ჰაიდიც სხვენის კიბეს მიუყვება და ახალი, ტკბილსურნელოვანი თივით მოფენილ სივრცეში ხვდება. სხვენს ერთი ფანჯარა აქვს, მრგვალი ფორმის, საიდანაც უმშვენიერესი ხეობა მოჩანს. სხვენი ამიერიდან ჰაიდის საძინებელი ხდება.
ელმის ქოხის მენიუ
ელმელი პაპას თხების, გედიასა და დათვიასგან მოწველილი ცხელი რძე;
შემწვარი, ოქროსფრად დაბრაწული ყველი;
პაპას გამომცხვარი მრგვალი პური;
პაპას მიერ გამოყვანილი ვარდისფერი ლორი.
სიტყვები ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად ელმის მთიდან:
თახჩა, კარდალა, არვე, ირაო, მჭახე, აბგა, ქერქეტა, ბაგა, ჯარა, დართვა, დარაბა, უჯანო, მოქურუხებული, შალითა, ჩაჩი, კოფო, ფორანი, უბრად.
ვერც წარმოვიდგენდი ასეთი საოცარი წიგნი თუ იქნებოდაო – მითხრა წიგნის დასრულების შემდეგ ანასტასიამ. მაშინ გადავწყვიტე მცირე შთაბეჭდილებები თქვენთვისაც გამეზიარებინა წიგნზე, რომელსაც სული აქვს, სუნთქავს და კეთილ ფიქრებს აღგვიძრავს. მართალია, ჩვენს სამყაროში ბევრი საბავშვო წიგნი არსებობს, მაგრამ ცოტაა გამორჩეული. „ჰაიდი” კი ნამდვილად იმ რჩეულ, კეთილ წიგნებს შორისაა, რომელიც გვიტოვებს საფიქრალს თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაზე.
ვფიქრობ, ჰაიდის მხატვრული სახე დაუვიწყარი გახდება პატარა მკითხველისთვის და მას უფროსი მკითხველებიც შეიყვარებენ. ჰაიდის პერსონაჟი კეთილი, მგრძნობიარე და მოსიყვარულე გოგონაა, რომელიც მის ირგვლივ მცხოვრები ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის. ჰაიდი ინტუიციით გრძნობს, ვის სჭირდება ყველაზე მეტად მხარდაჭერა, ვის უნდა უთხრას კეთილი სიტყვები, ვის უნდა გაუყოს საგზალი და როგორ ანუგეშოს გაჭირვებაში მყოფი. ისიც უშურველად ასხივებს სიკეთეს, ანათებს გასაჭირში მყოფი ადამიანების ცხოვრებას, იყვარებს მათ და აბედნიერებს. როგორ ახერხებს ამას? ნეტავ, საიდან აქვს სიკეთის ასეთი დიდი მარაგები, რომელიც ყველას ჰყოფნის? ალბათ, სიყვარულის ძალით.
ცდუნება დიდია თხების სარდალ პეტერზე, მის დიდედოზე, ფრანკფურტში მცხოვრებ კლარა ზეზემანზე, ბატონ ზეზემანზე, კლარას ბებიკოზე, ფროილაინ როტენმაიერზე, მსახურ სებასტიანზე, მოახლე ტინეტზე და კეთილ ფრანკფურტელ ექიმზეც მოგიყვეთ, მაგრამ, ვფიქრობ, დანარჩენი თავად უნდა წაიკითხოთ.
მშობლებო და მასწავლებლებო, წაიკითხეთ „ჰაიდი” თქვენს შვილებთან და მოსწავლეებთან ერთად, რადგან წიგნი სავსეა ისეთი ღირებული თემებით, რომელზე მსჯელობა ბავშვებთან ყოველთვის დროული და საჭიროა. სიკეთის კეთება, გარიყული ადამიანის საჩვენოსკენ შემობრუნება და დიდი მადლიერება, ეს ფასეულობები არასდროს ძველდება. „ჰაიდიც” ასეთ მარადიულ ღირებულებებზე დაწერილი ტექსტია, რომელიც ათბობს ბავშვების და უფროსების გულებსაც და აფიქრებს, თუ რამხელა სიხარულის მინიჭება შეგვიძლია ერთმანეთისთვის.