„ნებისმიერი სიტყვის ზუსტი მნიშვნელობა განისაზღვრება იმ გარემოებებით, რომლებშიც ისინი წარმოითქვა. ამრიგად, თითოეული სიტყვის სალექსიკონო მნიშვნელობა ჭეშმარიტი აზრის მხოლოდ ჩონჩხია.
სიტყვის აზრი ყოველი გამოყენებისას რაღაცით განსხვავებული და ახალია, მეტყველების სწრაფმავალ და მარად ცვალებად ნაკადში მისი ჩონჩხი კონკრეტული მნიშვნელობის ცოცხალი ხორცით იმოსება“.
გასეტი, „ენა. შესავალი ახალ ლინგვისტიკაში“
ერთი აზრის გამოხატვა იმდენნაირი შინაარსით შეიძლება, რამდენი ადამიანიც არის ამქვეყნად. თითოეული მათგანი ერთსა და იმავე აზრს სხვადასხვა დროს და სხვადასხვა განწყობაზე სრულიად სხვადასხვანაირად გამოხატავს. შეიძლება ითქვას, რომ ლექსიკონებში სიტყვებს ზუსტი მნიშვნელობები არ აქვთ, რადგან სიტყვის მნიშვნელობა მთელი წინადადებისა და კონტექსტის გათვალისწინებით დგინდება. აზრის ფორმირებაში მონაწილეობენ ის ობიექტებიც კი, რომლებსაც, ერთი შეხედვით, მეტყველებასთან არაფერი აკავშირებთ. მაგალითად, შეყვარებული ვაჟი გოგონას სიყვარულს უხსნის ვარსკვლავიან ღამეში, ან წვიმაში, ან თოვაში… ვარსკვლავები, ღამე, მთვარე, წვიმა, თოვა არაპირდაპირ მონაწილეობენ ცოცხალი კომუნიკაციის პროცესში.
„ენა გამოთქმის განუსაზღვრელი შესაძლებლობებითაა სავსე, ამიტომ მეტყველება შედგება არა მხოლოდ იმისგან, რასაც თავისთავად ამბობს, არამედ ამ შესაძლებლობების აქტუალიზაციისგან, გამოთქვას რამე მთელი სიტუაციის მნიშვნელობის გაცნობიერებით. წარმოგიდგენიათ? – სიტყვა როგორც ასეთი სხვაგვარად რომ ვთქვათ, როცა ის თავის ძირითად როლს ასრულებს – გამოითქმის, გარდუვალად ერწყმის მთელ სიტუაციას, საგნებსა და ადამიანებს, ანუ ყოველივე იმას, რაც თავისთავად უტყვია. სიტყვა თავისთავად ძალზე ცოტას ნიშნავს, მისი როლი ზემოქმედების მოხდენაა, როგორც უძლიერესი დეტონატორისა, რომელიც გამაყრუებელი გრუხუნით აფეთქებს ყველა დანარჩენის კვაზისიტყვიერ მუხტს“ (გასეტი, „ენა. შესავალი ახალ ლინგვისტიკაში“, გვ.. 25, თარგმნა გია ჯოხაძემ).
სწორედ ამიტომ არ არსებობს ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი წესები, რომელთა მიხედვითაც სიტყვას/ფრაზას „სტატუსი“ განსაზღვრული აქვს და გარდაუვლად პოზიტიურად ან ნეგატიურად მოქმედებს მსმენელზე. მნიშვნელოვანია კონტექსტის მიხედვით იმ შინაარსის გააზრება, რომლითაც განსაზღვრულ იდეას/აზრს გამოვხატავთ.
ეფექტური კომუნიკაცია გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ინფორმაციის გაცვლა. თქვენ უნდა გაიგოთ ის ემოციები და ზრახვები, რომლებიც ინფორმაციის მიღმაა. ამგვარი კომუნიკაცია კი შემოქმედებითობას მოითხოვს. საერთოდ უნდა დავივიწყოთ ტრაფარეტული სიტყვები და ფრაზები; შემოქმედებითობა ნიშნავს, რომ რაღაც, რაც ერთხელ გავაკეთეთ წარმატებით, მეორედ აღარ უნდა გავიმეოროთ.
ანდრეა გარდნერს აქვს ძალიან საინტერესო წიგნი: „Change Your Words, Change Your World“. ამ წიგნის სარეკლამო რგოლმა მილიონობით მაყურებლის გული დაიპყრო. ალბათ ყველას გახსოვთ ეს სიუჟეტი: ქუჩაში მათხოვარი მოწყალებას ითხოვს; გვერდით უდევს წარწერა: „უსინათლო ვარ, გთხოვთ, დამეხმაროთ“. გამვლელები თითქმის არ აქცევენ ყურადღებას ბრმას და კანტიკუნტად თუ ეხმარებიან. ერთი ქალბატონი მათხოვართან ჩერდება, იღებს მის ტრაფარეტს და მეორე მხარეს აწერს: „რა მშვენიერი დღეა, მე კი მას ვერ ვხედავ“.
ხედავთ განსხვავებას ამ ორ წინადადებას შორის? პირველ შემთხვევაში ემოციურად გაცვეთილი ფრაზა: ბრმა ვარ, – არაფერს ეუბნება გამვლელებს, მეორე შემთხვევაში კი წინადადებას სევდიანი ემოცია ახლავს, რაც უსინათლოს მიმართ თანაგრძნობას იწვევს. შეიცვალა მხოლოდ სიტყვები და შეიცვალა დამოკიდებულებაც. ტრაფარეტულის ადგილი შემოქმედებითმა დაიკავა.
ამ ამბავს გაგრძელებაც აქვს. მეორე სარეკლამო რგოლი კიდევ უფრო შთამბეჭდავია.
ახალგაზრდა ყოველ დილით იღვიძებს მაღვიძარას ხმაზე: „სამსახურში წასვლის დროა! სამსახურში წასვლის დროა!“ ასე გადის მთელი კვირა. ერთხელაც ის გადააწყდება ზემოთ აღწერილ ვიდეოს, სიტყვების შეცვლის იდეა ძალიან მოეწონება და მაშინვე ცვლის მაღვიძარას ზარს ახალი სიტყვებით: „ცვლილებების დროა! ცვლილებების დროა!“ ეს სიტყვები მასზე მაგიურად მოქმედებს და ის ენერგიულად იწყებს დღეს!
თქვენ რა ტექსტს ჩაწერდით თქვენი მაღვიძარასთვის?
აქვე გთავაზობთ სახალისო აქტივობას თქვენი მოსწავლეებისთვის: ჩამოაწერინეთ მათ ყველა ნეგატიური ფრაზა, რომელიც წარმოუთქვამთ. მაგალითად:
მე ხომ ბედი არა მაქვს;
ამ ქვეყანაში პატრონი თუ არ გყავს, არაფერი გეშველება;
რაც არ უნდა მოვინდომო, არ მიმართლებს;
ფული რომ მქონდეს, ბიზნესს დავიწყებდი;
ჩემმა შეყვარებულმა ისევ მიმატოვა, –
და ასე შემდეგ.
ჩამოწერეთ ეს ფრაზები ფურცელზე და ჩაყარეთ ყუთში. შემდეგ სათითაოდ გამოიძახეთ მოსწავლეები, ააღებინეთ რამდენიმე წინადადება, სთხოვეთ, ნეგატიური ფრაზები პოზიტიურით შეცვალონ და როგორც კი გონებაში მსგავსი ტრაფარეტი წამოუტივტივდებათ, მაშინვე ჩაანაცვლონ შეცვლილი პოზიტიური აფირმაციით, მერე კი დააკვირდნენ, როგორ შეიცვლება ცხოვრება სიტყვებთან ერთად.
დასკვნისთვის:
- პოზიტიური სიტყვები და ემოციები თვითდაპროგრამებაა!
- როგორც მეტყველებთ, ისეთი ხდებით!
- თქვენ ხართ ის, როგორც ლაპარაკობთ!
თუ გსურთ, ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიოთ, პირველი, რასაც უნდა დაეუფლოთ, ადამიანებთან კომუნიკაციის უნარია. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რასაც საკუთარ თავს ეუბნებით. ეს მიზნის მიღწევასა და თქვენი ცხოვრების გაუმჯობესებაში გეხმარებათ. ზოგჯერ სრულიად უმნიშვნელო ცვლილებაც კი გამონათქვამს/ფრაზას უფრო ეფექტურს ხდის.
3 რჩევა, რომლებიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის:
- ფრაზა, რომელიც სამუდამოდ უნდა წაიშალოს გონებიდან, ესაა: მინდა, მაგრამ… ანდრეა გარდნერს მიაჩნია, რომ კავშირი „მაგრამ“ მაშინვე წარმოშობს უხილავ ბარიერს თქვენს ქვეცნობიერში, ეს კი მომავალში ხელს შეგიშლით ჩანაფიქრის განხორციელებაში. უმჯობესია, ჩაანაცვლოთ ის „და“ კავშირით, რომელიც „აიძულებს“ ტვინს, პრობლემის გადაჭრაზე იმუშაოს. მაგალითად, შეადარეთ ერთმანეთს შემდეგი ფრაზები: „მინდა დავიკლო, მაგრამ მძულს ვარჯიში“ და „მინდა დავიკლო და მძულს ვარჯიში“. პირველი ფრაზა მოკლებულია ოპტიმიზმს, მეორე კი ამ პრობლემის გადაჭრისკენ გიბიძგებთ.
- მოერიდეთ სიტყვას „უნდა“: „ეს უნდა გააკეთო, ეს უნდა შეიყვარო, ეს უნდა ისწავლო, ეს უნდა წაიკითხო…“ მხოლოდ ასეთი ფრაზებიც კი საკმარისია, რომ სხეულის პროტესტი გამოიწვიოს და არ აქვს მნიშვნელობა, რაზეა საუბარი.
- ფრაზა, რომელიც უნდა ამოიღოთ ლექსიკონიდან, არის: „არ დაგავიწყდეს!“ ჩვენი არაცნობიერი საერთოდ არ რეაგირებს სიტყვაზე „არა“ და ხშირად მოგვიწევს გახსენება: ნეტავი რა არ უნდა დაგვიწყებოდა? J ნაცვლად ამისა, გამოიყენეთ მარტივი ფრაზა: „დაიმახსოვრე!“ ამ ორ ფრაზას შორის მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და სემანტიკური სხვაობაა!
აირჩიეთ პოზიტიური რწმუნებები, გაიღიმეთ და სამყაროც გაგიღიმებთ!