ამ წერილში მკითხველი გაეცნობა ამერიკელ ავტორს ჯოდი ბლანკოს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებში სასკოლო ბულინგის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრია. ეს ქალბატონი დაუღალავად უზიარებს საკუთარ ნეგატიურ სასკოლო გამოცდილებას უამრავ მსმენელს. მას წერენ წერილებს, უსვამენ შეკითხვებს და ისიც დაუღალავად პასუხობს. მაშ ასე:
თქვენი აზრით, გაუარესებულია თუ არა დღეს მდგომარეობა ბულინგის თვალსაზრისით? რას გვეტყვით კიბერბულინგსა და თანამედროვე მობილურ ტელეფონებზე?
შემიძლია ვთქვა, რომ დევნა, ჩაგვრა ჩემი ბავშვობის წლებიდან მოყოლებული პრაქტიკულად არ შეცვლილა (აქ იგულისხმება დაახლოებით ოცდაათწლიანი პერიოდი). ერთი ძირითადი განსხვავება ჩაგვრის ინსტრუმენტებშია. დღეს ისინი გაცილებით დახვეწილი გახდა და ამის გამო ბულინგისგან მიყენებული ზიანიც უფრო მძიმეა. მაგალითად, როდესაც მე სკოლაში ვსწავლობდი, იმისათვის, რომ ვინმეს შესახებ შეთხზული რაიმე ბინძური ჭორი გაევრცელებინათ, საჭირო იყო ამ ყველაფრის ფურცელზე დაწერა და შემდეგ ამ ჩანაწერის გადაცემა ვინმე თანაკლასელისთვის. ის შემდეგ სხვას გადასცემდა და დაახლოებით 30 ადამიანი გაიგებდა ამ „ახალ ამბავს“. საბოლოოდ ფურცელი ქრებოდა. დღეს იმავეს აკეთებენ Facebook-ის საშუალებით, სადაც საშინელი ცილისწამების შემცველ პოსტს წაიკითხავს ასეულობით და შესაძლებელია ათასეულობით ადამიანი, რომელთა ნაწილსაც გაუჩნდება სურვილი დამატებით არანაკლებ უსიამოვნო კომენტარი მიაწეროს შეტყობინებას. იგივე ინფორმაცია შესაძლოა, გადაიგზავნოს სკოლის ელექტრონულ ფოსტაზე, გაკეთდეს ვიდეო და აიტვირთოს YouTube-ზე, რომელზეც თითქმის მთელს მსოფლიოს აქვს წვდომა. ტექსტურ შეტყობინებებს ხომ ერთდროულად უამრავ ადამიანს უგზავნიან. „მესენჯერითაც“ ხომ ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს. ტექნოლოგიები იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ სანამ თქვენ ამ შეკითხვაზე პასუხს კითხულობთ, უკვე იქმნება კიდევ დამატებითი ახალი ხერხი, რომლითაც დიდი „წარმატებით“ გაავრცელებთ ინტერნეტში ნებისმიერ ჭორს. არ დაგავიწყდეთ მშობლები, რომლებიც იმის ნაცვლად, რომ შეაჩერონ საკუთარი შვილების უმსგავსი საქციელი, თავად მონაწილეობენ კიბერდაუნდობლობაში. ჩემი აზრით, უფროსების ასეთი ქცევა მათი მხრიდან ირიბად საკუთარი უბედური ბავშვობისათვის რევანშის აღების მცდელობაა. სამწუხაროდ, მათ ამგვარ უგუნურებას შესაძლოა ძალიან სავალალო შედეგები მოჰყვეს.
ინტერნეტბულინგის კიდევ ერთი პრობლემა – ანონიმურობაა. მოსწავლეებს თავისუფლად შეუძლიათ დაიმალონ გამოგონილი სახელების უკან, რითაც თავს დაიცავენ მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან. სკოლების უმეტესობა ემიჯნება ამ პრობლემას, რადგან მიიჩნევენ, რომ მსგავს დაუნდობელ ქმედებებს მოსწავლეები ძირითადად სახლის კომპიუტერებით სჩადიან და მათი იურისდიქცია ოჯახებზე ვერ გავრცელდება. შესაბამისად, სკოლა უძლურია, ის ვერ დასჯის ბავშვს სკოლის გარეთ ჩადენილი ქმედების გამო.
მაინც რა რჩევას მისცემდით მშობლებსა და სკოლას? როგორ უნდა მოიქცნენ ისინი, რომ კიბერბულინგი დასრულდეს?
ვიცი, ახლა ჩემ მიერ გაცემული პასუხი ბევრ მკითხველს შესაძლოა ცოტა მკვახედ და ზედმეტად კატეგორიულად მოეჩვენოს, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ბავშვისთვის პრივატული სივრცის ქონა უფლება კი არა, პრივილეგიაა. თუ ბავშვი პრივატულობას იყენებს თანაკლასელის დასაჩაგრად, მაშინ ბუნებრივია, რომ მას ეს პრივილეგია უნდა ჩამოერთვას, მანამდე სანამ მოსწავლე არ დაამტკიცებს, რომ დაიმსახურა ჰქონდეს დამოუკიდებლად ციფრული ტექნოლოგიებთან წვდომის პრივილეგია. მიმაჩნია, რომ მშობლებმა პატივი უნდა სცენ შვილების პრივატულ სივრცეს. მაგრამ აქვე მინდა განვმარტო – განაგრძობს ჯოდი ბლანკო – რომ საკუთარი შვილების პატივისცემასა და მათ მიერ სხვა ადამიანების უფლებების დარღვევის წახალისებას შორის დიდი სხვაობაა. ამიტომ, თუ თქვენ მშობელი ხართ, აუცილებლად თვალ-ყური უნდა ადევნოთ იმას, თუ რას საქმიანობენ თქვენი შვილები ინტერნეტსივრცეში. პერიოდულად უნდა შეამოწმოთ შვილების ბრაუზერის ისტორია, განიხილოთ მათთან ერთად საყვარელი საიტები, დაუსვათ შეკითხვები და ეცადოთ, გაერკვეთ შვილების ინტერესებში. სხვადასხვა, თქვენი აზრით, არასასურველი საიტის დაბლოკვა, არ არის გამოსავალი. რატომ? მოგეხსენებათ, რომ ბავშვებს შეუძლიათ მოძებნონ შემოვლითი გზები და მაინც მოახერხონ მშობლების მიერ დაბლოკილ საიტებთან წვდომა. უმჯობესია, ბავშვებს უფლება ჰქონდეთ, სახლში ისარგებლონ ინტერნეტით, სადაც უფროსები შედარებით ადვილად მოახერხებენ შვილების გაკონტროლებას. იმ შემთხვევაში, თუ მშობლები რაიმე პრობლემას აღმოაჩენენ, მაშინვე გულწრფელად და გახსნილად უნდა განიხილონ ეს ყველაფერი შვილებთან ერთად.
არ დაფაროთ საკუთარი ემოციები და გრძნობები. გახსოვდეთ, რომ როდესაც თქვენი შვილი თავად გახდება მშობელი, ის აუცილებლად დააფასებს ბავშვობაში მიღებულ გამოცდილებას და მშობლების გულწრფელობას.
იმავეს ვურჩევ თანატოლების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი ბავშვების მშობლებს. აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება შვილების ინტერნეტაქტივობას. არ უნდა გამოგეპაროთ თქვენი შვილების ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა: სევდა, ბრაზი, დეპრესია, სკოლაში წასვლის შიში. უფროსებმა უნდა შეამოწმონ ბავშვების ელექტრონული ფოსტა. სავარაუდოდ, მშობელს ექნება გარკვეული უხერხულობის მომენტი, მაგრამ მთავარია ბავშვის უსაფრთხოება, მისი ფსიქიკის დაცვა და ზოგ შემთხვევაში შესაძლოა მისი სიცოცხლის გაფრთხილებაც კი.
რა რჩევებს მისცემდით იმ მოზარდებს, რომლებიც კიბერბულინგის მსხვერპლი გახდნენ?
მოზარდებს ვურჩევ – განმარტავს ჯოდი ბლანკო – არავითარ შემთხვევაში არ შეინახოთ საიდუმლოდ თქვენზე ძალადობის თუნდაც მცირე ფაქტიც კი. მიმართეთ დახმარებისთვის უფროსებს, რომლებსაც ენდობით – ესენი შესაძლოა იყვნენ მშობლები, უფროსი და-ძმა, მასწავლებლები, თქვენი მეგობრების მშობლები, ფსიქოლოგები ან სულაც სკოლის ადმინისტრაცია. მთავარია, არ შეგრცხვეთ. არ წაშალოთ თქვენთვის გამოგზავნილი დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი წერილი, გზავნილი, ფოტო, ვიდეო! ყველაფერი, რაც ინტერნეტბულინგს უკავშირდება, უნდა შეინახოთ, რომ როცა საჭირო გახდება დამამტკიცებელი მასალის წარდგენა, ის თქვენს ხელთ იყოს. ეს შეტყობინებები აჩვენეთ უფროსებს და სთხოვეთ მათ, დაგეხმარონ. დაიხსომეთ, თქვენ მარტო არ ხართ. არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც თქვენ ძვირფასი ხართ. ისინი აუცილებლად მოძებნიან გამოსავალს.
ჯოდი ბლანკოს მიმართვა მათ, ვინც ინტერნეტს სხვების დასაჩაგრად იყენებს: „ვთვლი, რომ თქვენ მშვენივრად იცით, რომ არასწორად იქცევით, მაგრამ საკუთარი თავი დაარწმუნეთ, რომ ამაში ცუდი არაფერია, ეს ხომ მხოლოდ უწყინარი ხუმრობაა“. დარწმუნებული ვარ, თქვენი უმეტესობა სულაც არ არის მიდრეკილი ცნობიერად, მიზანმიმართულად იძალადოს თანატოლებზე. მოძალადეების უმრავლესობას ხიბლავს სხვა კლასელებისგან მიღებული გამხნევება, წაქეზება, რაც ხდება მიზეზი იმისა, რომ საერთოდ არ იფიქროს თავისი ქცევების მძიმე შედეგებზე; იმაზე, თუ რას გრძნობს და განიცდის დაჩაგრული თანაკლასელი. კიდევ ერთხელ მინდა, გავაგებინო ბულერ მოზარდებს, რომ დაცინვა, აბუჩად აგდება, გარიყვა სულაც არ არის უწყინარი ხუმრობა. ამან შესაძლოა მთელი ცხოვრება დაუმახინჯოს თქვენს თანატოლს. იქნებ სჯობდეს, უარი თქვათ ბულინგში მონაწილეობაზე. გახდეთ ლიდერი და სხვა ადამიანს მჩაგვრელის ნაცვლად დამხმარედ მოევლინოთ. მესმის ეს შესაძლოა პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ სრულიად შესაძლებელია, მჩაგვრელს დაეხმარონ მშობლები, მასწავლებლები და გააცნობიერებინონ მისი ქცევის დამაზიანებელი შედეგები.
თქვენ გაეცანით ნაწყვეტს ამერიკელი ავტორის Jodee Blanco-ს წიგნიდან „გთხოვთ, შეწყვიტოთ ჩემი დაცინვა“. ავტორი ჩიკაგოში მცხოვრები ქალბატონი, რომელმაც საკუთარ თავზე გადაიტანა სასკოლო ბულინგი, არის არა მხოლოდ ბესბავშოტსელერების ავტორი, არამედ ის ძალზე აქტიურად ეხმარება ანტიბულინგ კამპანიებს. ჯოდი ბლანკო წლების განმავლობაში აქტიურად იბრძვის ამერიკულ სკოლებში სოციალური კლიმატის შესაცვლელად. მან შეიმუშავა სპეციალური პროგრამა, რომელიც სკოლებში ბულინგის თემას ეხება. საერთო ჯამში მან ნახევარ მილიონზე მეტ სკოლის მოსწავლეს, მშობელსა და პედაგოგს მიაწვდინა ხმა და შეძლო აეხსნა, რომ „ბულინგი – სულაც არ არის უწყინარი ხუმრობა“.