„-ხინკალი თუ გიყვარს შენ?
-კი ბატონო, ოღონდ გააჩნია გაკეთებულს.
-რა არის იცი კაცო, მე პირადად ხინკალმა ერთ აღმოჩენამდე მიმიყვანა.
-აღმოჩენამდე?
-ნიუტონის კანონია? (იცინის გერასიმე)
-არა, არა, კუჭის კანონია ეს.
გერასიმეს უკვირს…
-ხინკალი, გერასიმე, რაც უფრო გშია, სანატრელია უფრო. ჰოდა, შეხვალ სახინკლეში რამდენიმე ჯეელი, დგახარ რიგში, მაგრამ ჯერ სხვებისთვის გამოაქვთ. ნერწყვი გეძალება და შენატრი იმათ. მოაღწევს ბოლო როგორც იქნება შენი რიგი და მოგაწვდის, მაგრამ რას მოგაწვდის მეხინკლე იგი… ცხელს, აორთქლებულს, ჯადოსნურ ლანგარს. სულ ციმ-ციმ მოგაქვს და მრგვალ მაგიდას წრეს შემოარტყავთ ფეხზე დამდგარნი. შემდეგ, თქვენს შორის ყველაზე დადებითი პიროვნება მეზობლებისგან შავ წიწაკას იმათხოვრებს და მოაყრის, მაგრამ რას მოაყრის…ჰო, ჰოჰოჰო, მწვავეს, მადიანს, ველურს.
-კარგი ხარ, კარგი, ეპასუხება ყურებამდე გაცინებული გერასიმე.
-მაგრამ, რად გინდა, ცხელია ხინკალი, ცხელი… მერე შე კაცო, აიღე ფრთხილად, შეუბერე სული, კარგად, დაკვირვებით, შიგ ცენტრში უბერე…მერე ფრთხილად მოკბიჩე პატარაზე და ახლა იქ ჩაბერე ოხშივარში…ოჰ! ზედ ცხვირ-პირზე გელამუნება და შეიწოვე მერე ეს გულ-ბოღ დამთუთქავი წვენი. მერე, რომ აგრილდება პატარაზე ღეჭე, ყლაპე და იფიქრე, უჰ, ამის გამკეთებელი, უჰჰჰჰ….
მერე ცოტა ხანში სუნთქვა, რომ გაგიჭირდება, იფიქრებ, ე ბიჭო, იქნება მეყო?…არა, იქითაც დასწვდი კიდევ, დააყოლე ქაფქაფა ლუდი, ყელს ვერ ჩაგისველებს, თუ რა? ახლა, იქეთას შეხედე, ხედავ როგორ გეხვეწევა შემჭამეო, ნუ ეტყვი უარს.
-რა იყო, სუნთქვა მაგრად გიჭირს არა? რა მოხდა შე კაცო, სირბილით და მუშაობით ხომ არ დაღლილხარ და ბოლოს იმ კანონს მაინც აღმოაჩენ, დანაყრებისგან, რომ დაუძლურდები, მოფომფლოვდები, თვალზე რული ჩამოგაწვება, გუნებაში ბუნდოვნად იგრძნობ, რომ ისევ ის ბითური ხარ, რაც მანამდე იყავი, ხინკლის ჭამამდე.
კუჭის კანონია ეს.“
დიალოგი იცანით, არა? შეუდარებელი ეროსი მანჯგალაძე და გოგი გეგეჭკორი, სატელევიზიო ტელესპეკტაკლიდან, რომელიც გურამ დოჩანაშვილის დაუვიწყარი ნაწარმოების მიხედვითაა დადგმული.
თუ კარგად ჩაუკვირდებით, აქ ხინკალზე მხოლოდ საუბარია, თორემ ხინკლის იქეთ სხვა რამეა გასაგებ-დასამახსოვრები, რომ კუჭის კანონის აყოლა არადსროს იქნება კარგი საქმე.
თუმცა, აქ ეს დიალოგი სხვა მიზნისთვის მინდა გამოვიყენო და არასწორ კვებით წყვილებს დავუკავშირო. ანუ, ისეთ საკვებ პროდუქტებს, რომლებიც უგემრიელეს ტანდემს ქმნიან, კუჭის კანონს ამართლებენ, მაგრამ ჩუმად, შეპარვით ორგანიზმს ანგრევენ.
პირველი მათგანი ცილა და ნახშირწყალი იქნება ერთად. ანუ, ხინკალი, სადაც ხორცი და ცომია. აქვე მიამატეთ ყველანაირი ხორციანი ღვეზელი, ხორცი და კართოფილი, ხორცი და პური და ა.შ. და ა.შ.
ახლა, სავარაუდოდ, ჩემი ერთი სტუდენტივით წამოიძახებთ:
-მოიცა, მოიცა, ახლა თქვენ, რომ კაცმა გისმინოთ, ხინკალი ვეღარ უნდა ვჭამოთო.
დიახ, ასეთი გულწრფელი რეაქცია ჰქონდა, შესავალი კურსის ერთ სტუდენტ ბიჭს ჩემი ლექციის ერთ თემაზე, რომელიც ჯანსაღ კვებას ეხებოდა და იქვე გამოაცხადა, რომ ხინკლის დათმობას არ აპირებდა.
არც მე ვაპირებ!
ოღონდ, მე იშვიათად ვჭამ. თქვენ?
მოდით, ვნახოთ, რა ხდება ქიმიურ დონეზე.
იმაზე, მგონი უკვე შეთანხმებულები ვართ, რომ ჩვენი ორგანიზმი ერთი დიდი ქიმიური ქარხანაა, რომელიც ამუშავებს იმას, რასაც ჩვენ მივაწვდით, ანუ, რასაც გეახლებით.
საჭმლის მონელება პირის ღრუდან იწყება. აქ მოხვედრილ საკვებზე ნერწყვში არსებული ფერმენტები მოქმედებენ- ალფა და ბეტა ამილაზები და ენის ლიპაზა. პირველი ორი ნახშირწყლების გახლეჩით არიან დაკავებულნი, მეორე ტრიაცილგლიცეროლებზე ანუ ცხიმზე ზემოქმედებს.
გამოდის, რომ პირის ღრუში მხოლოდ ნახშირწყალი და ცხიმი მოინელება. ისიც, ძალიან მცირე რაოდენობით, რადგან საკვები პირის ღრუში მცირე დროით რჩება. ამიტომაც არის, რომ საკვები კარგად უნდა დაიღეჭოს. ამით, მასზე ნერწყვში არსებული ფერმენტების ზემოქმედებას ვახანგრძლივებთ და ასევე ვზრდით ფერმენტების და საკვების შეხების ზედაპირს, რომ მასზე ეფექტურად იმოქმედონ სხვა ფერმენტებმაც.
ნერწყვის pH ტუტეა, სწორედ ასეთ გარემოში არიან ზემოთ დასახელებული ფერმენტები აქტიური.
შემდეგ, საკვებს ვყლაპავთ და ის კუჭისკენ მიემართება. კუჭის წვენის pH მჟავაა, ამიტომ მართალია, ნერწყვი მუდმივად გადადის კუჭში, მაგრამ იქ მჟავა გარემოში ტუტე გარემოს ნერწყვის ფერმენტები აქტივობას კარგავენ. კუჭის წვენის ფერმენტები კი მხოლოდ ცილებზე მოქმედებენ. ანუ, კუჭში მხოლოდ ცილა მოინელება.
კუჭის შემდეგ არის თორმეტგოჯა ნაწლავი, სადაც ცხიმების, ცილების, ნახშირწყლების, ნუკლეინის მჟავების გადასამუშავებელი ფერმენტები გვაქვს. უკვე ფაქტიურად მონელებული საკვები გადადის წვრილ ნაწლავში, სადაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნივთიერებების შეწოვა ხდება. დარჩენილი მასა კი მსხვილ და სწორ ნაწლავებში გადადის, რათა ორგანიზმი დატოვოს.
ეს საჭმლის მონელების ქიმიზმის უმოკლესი და უმარტივესი ვერსიაა, რაც ახლა ამ ფორმატისთვის საკმარისია. თუმცა, ამ მოკლე ვერსიიდანაც შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ თუ ადამიანი ერთად მიირთმევს ცილას და ნახშირწყალს, მაგ. ხინკალს, მაშინ პირის ღრუში სულ ოდნავ გადამუშავებული ცომი, ანუ ნახშირწყალი ცილასთან ანუ ხორცთან ერთად გადაინაცვლებს კუჭში, სადაც გაჩერდება ერთი ან რამდენიმე საათი (ხორცს გააჩნია), სანამ ცილა გადამუშავდება და შემდეგ რაღაც დონეზე გადამუშავებულ ხორცთან (ცილასთან) ერთად გადაისროლება თორმეტგოჯაში. აქ კვლავ ტუტე გარემოა და ნახშირწყლების მომნელებელი ფერმენტების ჯგუფიც გახლავთ, მაგრამ სამწუხაროდ ნახშირწყლები უკვე ადუღებული სახით მოხვდება თორმეტგოჯაში. კუჭის წვენის მჟავა გარემო ნახშირწყლების დუღილის პროცესს გამოიწვევს. შედეგი ის იქნება, რომ ნახშირწყლოვანი საკვები დადებით თვისებებს კარგავს (ორგანიზმი მისგან ვერაფერს იღებს). თუმცა, ორგანიზმს ამ მდუღარე მასის გადამუშავება მაინც უწევს, რაზეც დამატებითი ენერგია და რესურსი იხარჯება.
ჩვენ რას ვგრძნობთ ამ დროს?
ვიბერებით და ვბუყბუყებთ.
ეს სავარაუდოდ, სწორედ ის მდგომარეობაა, „დანაყრებისგან, რომ დაუძლურდები, მოფომფლოვდები, თვალზე რული ჩამოგაწვება, გუნებაში ბუნდოვნად იგრძნობ, რომ ისევ ის ბითური ხარ, რაც მანამდე იყავი, ხინკლის ჭამამდე“.
…არაფერი აღარ მინდა. არ არის საჭირო… კარგი, რაკი არ იშლით, დიდი ტორტი, რამდენიმე კოლოფი ორცხობილა, შოკოლადის მთა და კანფეტების დიდი პარკი ჩემს გუნებაზე მოსაყვანად საკმარისი იქნება…
ასე მე კი არა, მსოფლიოში ყველაზე სიმპათიური, ზომიერად ფერ-ხორციანი, ჯან-ღონით სავსე, ტანადი და მოწიფული მამაკაცი კარლსონი ამბობდა. თუმცა, ცოდვა გამხელილი სჯობს და ტორტის ნაჭრები და ფუმფულა კრემიანი ნამცხვრები ზოგჯერ მეც მიყვარს. უფრო სწორედ, მუდამ მიყვარს, მაგრამ ძალიან ვცდილობ მხოლოდ ზოგჯერ მივირთვა.
მათში შემდეგი წყვილი-სწრაფი რაფინირებული ნახშირწყალი და ცხიმი იმალება. თანაც უმეტეს მათგანში ე.წ. არასწორი ანუ ტრანს-ცხიმები და ფქვილია. ამას დამატებული შაქრის დიდი დოზა და მუდმივი/ხშირი მოხმარების ფონზე ორგანიზმში ანთებითი პროცესების წახალისება (აქ ვგულისხმობ, რომ თუ სადმე მიმდინარეობს ანთებითი პროცესი, მისთვის ეს წყვილი, კარგი საწვავი მასალაა რადგან ცხიმოვანი ქსოვილის სიჭარბე ფაქტიურად მუდმივ ანთებით პროცესებს ნიშნავს), კუჭქვეშა ჯირკვლის პრობლემები, ზედმეტი წონა და ა.შ. ასევე, პრობლემა შეექმნება ნაწლავის მიკროფლორას, შესაბამისად ჩვენს იმუნიტეტსაც.
…და ისევ შეგვიძლია ვიკამათოთ და მერე რაო?
არც არაფერიო (აქ წითელ ლოყება საყვარელ ღიმილუკას დავსვამდი), კვებაში მეც თქვენსავით ვცოდავ თქო, მაგრამ ზოგად სტატისტიკას, რომ გადავხედოთ ჩვენს გარშემო არის უამრავი-ამოკვეთილი ნაღვლის ბუშტი, ვარიკოზი, ინსულტი, ინფარქტი, სიმსივნური წარმონაქმნები, შაქრიანი დიაბეტი, მაღალი წნევა და აღარ განვაგრძობ…
ეს ყველაფერი კი „კუჭის კანონის“ მოქმედების შედეგია.